„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოხელეთა ატესტაციის შესახებ“

მიღების თარიღი 28.09.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №29/კს §3
სარეგისტრაციო კოდი 002201200.00.3.000384
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 05/10/1998
matsne.gov.ge 1,046 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოხელეთა ატესტაციის შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება № 29/კს §3 1998 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი „ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოხელეთა ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 84-ე მუხლის გ) პუნქტის თანახმად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: 1.1. „მოხელეთა ატესტაციის შესახებ“ დებულება (დანართი №1). 1.2. „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის“ დებულება (დანართი №2). 2. ჩატარდეს 1998 წლის 10 ოქტომბრიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოხელეთა ატესტაცია. 3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.                                                                                                               ა. ჯორბენაძე დანართი №1 დებულება მოხელეთა ატესტაციის შესახებ შესავალი მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს კადრების კვალიფიკაციის მუდმივ ზრდასა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარებას, წარმოადგენს ატესტაცია. ატესტაცია ტარდება სამუშაოს აღწერილობაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ფაქტორების მიხედვით. მოხელეთა შეფასების ობიექტური შედეგები საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილებები. ატესტაციის ცნება ატესტაციის ძირითადი ამოცანაა განსაზღვროს ჯანდაცვის სამინიტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადი თვისებების დაკავებულ (ან დასაკებელ) თანამდებობასთან წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეები 1. ატესტაციას ექვემდებარება: – მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); – მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; – რეზერვში ჩარიცხული პირი; – კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: – მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; – მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით; ატესტაციის პროცესი სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს ატესტაციის ჩატარების დროს. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას მომავალ წელს ექვემდებარება. მოხელეთა ატესტაცია გულისხმობს იმის დადგენას, თუ რამდენად შეესაბამება საატესტაციო პერიოდის განმავლობაში მოხელის საქმიანობა თანამდებობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ამ მიზნით უნდა გაანალიზდეს, მიღწეული იქნა თუ არა ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომლებიც დასმული იყო საატესტაციო პერიოდის განმავლობაში. აღნიშნული მოსაზრების გამო მოხელეთა ატესტაცია ტარდება მათთან კომისიის წევრების გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების ჩატარების თარიღის შესახებ მოხელეები აღნიშნულ თარიღამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. მოხელესთან გასაუბრების დროს კომისიის წევრებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოხელის მუშაობის შესახებ მისი უშუალო ხელმძღვანელების დასკვნები. გასაუბრება უნდა წარიმართოს შემდეგი ძირითადი ფაქტორების შესაფასებლად: პროფესიული თვისებები: – ანალიზის უნარი – მოვლენათა ანალიზი და მათი შემადგენელ ნაწილებად დანაწევრება; შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით რაციონალური შეფასებების შედეგად დასკვნების გაკეთება; კომუნიკაბელურობა ფასდება, თუ რამდენად შესწევს გარკვევით და ზუსტად, ამასთან წერითი და სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი; – სტრატეგიული ხედვა – ანალიზდება, თუ რამდენად ფართო შეხედულებები ვლინდება და რა დონეზე აღიქმება მათი გრძელვადიანი ზემოქმედება ცალკეულ მოვლენასთან და ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით. მართვის უნარი: – ლიდერობა – ამ ასპექტის ანალიზისას ფასდება თანამდებობაზე მომუშავე (ან მისაღები) პირის მიერ სხვათა მოტივირების უნარი სამუშაო მიზნების მისაღწევად; – დაგეგმვა და ორგანიზაცია – ფასდება საქმიანობისა და რესურსების ორგანიზების უნარი; განიხილება აგრეთვე თუ საქმიანობის ორგანიზებისას რამდენად ზუსტად არის გათვალისწინებული დროის ფაქტორი; – ხარისხზე ორიენტაცია – მიზნებისა და სტანდარტების ცოდნა; სტანდარტების შესრულებაზე ორიენტირებისა და მუშაობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის უნარი. პიროვნული თვისებები: – განიხილება თანამდებობრივი ურთიერთობის ელემენტები და გუნდური მუშაობის უნარი; – ფასდება სტრესული სიტუაციის შემთხვევაში ეფექტიანი სამუშაო ქმედების შენარჩუნების უნარი; – პიროვნული მოტივაციის შესაფასებლად უნდა გაანალიზდეს თუ რამდენად განწყობილია პიროვნება სამუშაო მიზნების მისაღწევად და დასმული ამოცანების შესასრულებლად; – მოხელის ატესტაციის დროს უნდა შეფასდეს, თუ რამდენად გამოყენებულია პრაქტიკაში მისი ცოდნა და უნარი. აქცენტი უნდა გაკეთდეს ცოდნისა და უნარის სამუშაო მიზნების მისაღწევად სრულად რეალიზების შეფასებაზე. ატესტაციის შედეგად შემაჯამებელი დასკვნა შესაძლებელია შემდეგი ხასიათისა იყოს: – მოხელის მუშაობის ეფექტიანობა, საატესტაციო პერიოდის განმავლობაში, მაღალია და სრულად აკმაყოფილებს თანამდებობის მოთხოვნებს: – მოხელის მუშაობის შედეგები შეესაბამება თანამდებობის მოთხოვნებს, როგორც წესი, სამუშაო მიზნები და დასმული ამოცანები მიიღწევა; – შედეგები ნაწილობრივ არ შეესაბამება თანამდებობის მოთხოვნებს და საჭიროებს გაუმჯობესებას, რაც ნიშნავს, რომ მუშაობის ზოგიერთი ასპექტი მოითხოვს კორექციას (დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს); – მოხელის საქმიანობის შედეგები და თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისადმი დამოკიდებულება არ არის დამაკმაყოფილებელი (დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს). ატესტაციის შედეგები ფორმდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. დანართი №2 საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 იანვრის №7 განკარგულებით დამტკიცებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელწმიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნების წარდგენა. მუხლი 3🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ; ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 2. ატესტირებას არ ექვემდებარება; ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. მუხლი 4🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახელწმიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება ატესტირებას მომავალ წელს. მუხლი 5🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. სახელმწიფო დაწესებულებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 3. როგორც წესი, დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომიის თავმჯდომარედ ინიშნება ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. მუხლი 6🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის დანიშვნის წესი კომისიის წევრს ნიშნავს თავმჯდომარე: ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და პროფესიული დონის გათვალისწინებით: ბ) ზემდგომი დაწესებულების მოხელეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები ინიშნებიან შესაბამისი დაწესებულების ან გაერთიანების წინადადებით; გ) მეცნიერები და დამოუკიდებელი სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით. მუხლი 8🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს აქვს უფლება თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა. მუხლი 9🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში მოწვეულ იმ წევრთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან მოცემული დაწესებულების თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად და განისაზღვრება დადებული შრომითი ხელშეკრულებით.