“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟOრიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2005 წლის 1 ოქტომბრის №57 ტყიბულის, №79 ბათუმის, №81 ქობულეთის, №5 ისნის და №82 შUახევის საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელი ხელახალი და შუალედური არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზრვრის თაობაზე"
მიღების თარიღი 09.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №5/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.007.619
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 10/08/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟOრიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2005 წლის 1 ოქტომბრის №57 ტყიბულის, №79 ბათუმის, №81 ქობულეთის, №5 ისნის და №82 შUახევის საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელი ხელახალი და შუალედური არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზრვრის თაობაზე"
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5/2005
2005 წლის 8 აგვისტო
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული 2005 წლის 1 ოქტომბრის №57 ტყიბულის, №79 ბათუმის, №81 ქობულეთის, №5 ისნის და №82 შუახევის საარჩევნო ოლქებში ჩასატარებელი ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის კენჭისყრის დღის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. საარჩევნო უბნის გახსნა და ფუნქციათა გადანაწილება კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებლებს შორის.
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე, რაც გახსნისთანავე უნდა ეცნობოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო კენჭისყრა იწყება 8 საათზე. უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით (წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი) ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებლებს შორის გამოავლენს:
ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;
ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა ერთ წვერს ყოველი 500 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
გ) კომისიის წევრს, რომელიც ხელმოწერით დაამოწმებს საარჩევნო ბიულეტენს, გასცემს სპეციალურ კონვერტს, სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს მას და ასევე შევსებულ საარჩევნო ბიულეტენს და მოახდენს ამომრჩეველთა მარკირებას;
დ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ ერთ კომისიის წევრს.
2. წილისყრის ჩატარებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი და ხსნის მას. ამის შემდეგ ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. კომისიის ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
3. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს ჩანაწერთა წიგნში (დროის მითითებით). თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელ ფუნქციებზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი შეიცვლება წილისყრით გამოვლენილი დამკვირვებლით. თუ ეს რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქცია გადაეცემა წილისყრით გამოვლენილ ერთ-ერთ დამკვირვებელს. თუ ეს რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის მდივანი შეასრულებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიები შეიძლება გადანაწილდეს რეგისტრატორებს შორის. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებლებიდან წილისყრით გამოავლინოს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი პირი. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ასევე კომისიის წევრის სხვა რომელიმე ფუნქციის შემსრულებელი გამოავლინოს წილისყრით საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებლებიდან, მათივე სურვილით.
მუხლი 2🔗.
ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) კენჭისყრის ოთახში შესვლამდე ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;
ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მისცემენ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომერი, რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს) და ამომრჩეველთა სიაში მოწმობის (ან პასპორტის) ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში;
დ) რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში ხელმოწერის შემდეგ, ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად დადგენილი წესით.
ე) ბიულეტენის შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა;
ვ) დაკეცილი ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას მდგარ მაგიდასთან, სადაც სპეციალური ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი ამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერის არსებობას და მისი არსებობის შემთხვევაში საკუთარი ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს, ამომრჩეველს მისცემს იმავე ბეჭდით დამოწმებულ სპეციალურ კონვერტს და განახორციელებს მის მარკირებას. მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, გადაკეცოს დამოწმებული ბიულეტენი და მოათავსოს იგი სპეციალურ კონვერტში; კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას დამოწმებული ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;
ზ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
თ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი დამკვირვებელი, რომელსაც უფლება აქვს იმყოფებოდეს შესაბამის საარჩევნო უბანზე. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;
ი) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ქავთარაძე
კომისიის მდივანი გ. ჩალაგაშვილი