საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №49/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016835
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ სეკიურიტიზაციის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№49/04
2024 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-16 პუნქტების, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 21 პუნქტის, 311 მუხლის მე-2 პუნქტისა და 312 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი (შემდგომში – წესი) გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) საფუძველზე ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებისას.
2. ეროვნული ბანკის მიერ საბროკერო კომპანიისათვის ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყება საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცედურა.
3. ლიკვიდაცია არის პროცესი, რომლის მიზანია საბროკერო კომპანიის აქტივების რეალიზაცია და საბროკერო კომპანიის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ლიკვიდაციის მიმდინარეობას აკონტროლებს ეროვნული ბანკი.
4. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს აქტის გამოცემიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
6. საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს ამ საბროკერო კომპანიასთან დაკავშირებული პირი.
7. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების, აგრეთვე ლიკვიდატორის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეროვნული ბანკის მიერ იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის.
მუხლი 2🔗. ლიკვიდაციის პროცესის თავისებურებები
1. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ ბანკის ლიკვიდატორმა უნდა აწარმოოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობა.
2. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საბროკერო კომპანიის მიმართ მიმდინარე იძულებითი აღსრულება.
3. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ერთ-ერთ კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში გაიხსნება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) და მოხდება კომერციულ ბანკებში/მიკრობანკებში ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სუბიექტის ყველა არსებული ანგარიშის დაბლოკვა, რის შემდეგაც თანხები აკუმულირდება სალიკვიდაციო ანგარიშზე. ამ ანგარიშის მეშვეობით მოხდება ანგარიშსწორება.
4. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ანაზღაურდება საბროკერო კომპანიის სალიკვიდაციო ანგარიშიდან.
5. ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია.
6. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე, ფულადი საშუალებებისა და მატერიალური აქტივების დაცვის მიზნით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია, დალუქოს და აღრიცხოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის დოკუმენტაცია, შენობა-ნაგებობები და სხვა ძირითადი საშუალებები.
7. საბროკერო კომპანიის სალიკვიდაციო მასა შედგება სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის საბროკერო კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან. სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც საბროკერო კომპანიის საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია ფლობს, როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე კანონის 312 მუხლის მე-3 პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები.
8. ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეძენილი ქონება შედის საბროკერო კომპანიის აქტივებში და ექვემდებარება რეალიზაციას ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.
9. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების დღიდან იურიდიულ პირს ეკრძალება ამ ლიცენზიით განსაზღვრული ყოველგვარი საქმიანობა და ის ვალდებულია, უმოკლეს ვადაში შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა/ვალდებულება.
10. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
11. თუ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო ისეთი საბროკერო კომპანიის მიმართ, რომელსაც ფილიალები ან/და შვილობილი საწარმოები აქვს საზღვარგარეთ, ეროვნული ბანკი შეტყობინებას უგზავნის იმ ქვეყნის ზედამხედველ ორგანოებს, სადაც მდებარეობს ფილიალი ან/და შვილობილი საწარმო.
მუხლი 3🔗. ლიკვიდატორის შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმები
1. ლიკვიდატორის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელი სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.
3. პირს ეკრძალება იყოს საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან/და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
4. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია.
5. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
6. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე საბროკერო კომპანიაში.
7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის თანამშრომელია. შრომით ხელშეკრულებაში განისაზღვრება ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურების ოდენობა.
მუხლი 4🔗. ლიკვიდატორის უფლებები
1. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელ ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორზე გადადის საბროკერო კომპანიის ყველა ორგანოს (მათ შორის აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საბროკერო კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
2. საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ საბროკერო კომპანიის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ დადებული გარიგებები ბათილია.
3. ლიკვიდატორს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით, უფლება აქვს:
ა) წარმართოს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქმეები, დაამთავროს სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები. საჭიროების შემთხვევაში, საბროკერო კომპანიის სახელით დადოს ახალი გარიგებები;
ბ) დანიშვნის დღიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე, შეწყვიტოს ნებისმიერი გარიგება, მათ შორის:
ბ.ა) საბროკერო კომპანიის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;
ბ.ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც საბროკერო კომპანია მონაწილეობდა;
ბ.გ) საბროკერო კომპანიის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს, რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ საბროკერო კომპანია საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლების გამოყენებას აპირებს, არ აქვს მოთხოვნა საიჯარო გადასახდელზე, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას;
გ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში საბროკერო კომპანიის სახელით განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საბროკერო კომპანიასთან დაკავშირებულმა პირმა ამ საბროკერო კომპანიის ხარჯზე მიიღო ქონებრივი სარგებელი ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც საბროკერო კომპანიას ან/და მის კრედიტორებს ზიანი;
დ) გაატაროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის კრედიტორთა და სხვა ფინანსური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
4. მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორს უფლება აქვს:
ა) გახსნას სალიკვიდაციო ანგარიშები კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში სხვადასხვა ვალუტით;
ბ) დროებით არ დახუროს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშები;
გ) მიიღოს სესხი კომერციული ბანკებისგან ან/და მიკრობანკებისგან;
დ) გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ან სხვა პირს აქტივების მოთხოვნის უფლება;
ე) აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით;
ვ) ორგანიზება გაუწიოს მესამე პირებისათვის ვალდებულებათა გადაცემას;
ზ) შექმნას სალიკვიდაციო კომისია.
5. საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საბროკერო კომპანიის აქტივები (გარდა კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს აქტივების რეალიზაციის სხვა ფორმა.
6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივების ან/და ვალდებულებების მესამე პირისთვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ სუბიექტს გადასცემს ამ აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. მიმღები სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. ლიკვიდატორის ვალდებულებები
1. ლიკვიდატორი მის მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორმა პროცესის წარმოებისას უნდა იმოქმედოს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად, იგი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე ადამიანს. მოვალეობათა არასათანადო შესრულების შემთხვევაში ლიკვიდატორი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საბროკერო კომპანიის დროებითი ან ყოფილი ლიკვიდატორები/ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გადააბარონ საბროკერო კომპანიის საქმეები ლიკვიდატორს ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში, ხოლო ლიკვიდატორმა, თავის მხრივ, მისი დანიშვნის დღიდან უნდა აღწეროს და გადაიბაროს საბროკერო კომპანიის საქმეები ყოფილი ლიკვიდატორებისგან/ხელმძღვანელებისგან ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადებში.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები თავს აარიდებენ საბროკერო კომპანიის საქმეების გადაბარებას, ლიკვიდატორმა უნდა აღწეროს და შეადგინოს საქმეთა ინვენტარიზაციის აქტი, რომელსაც ადასტურებს სალიკვიდაციო კომისია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამავდროულად, მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.
4. ლიკვიდატორი ვალდებულია, საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 10 (ათ) სამუშაო დღეში:
ა) გაუგზავნოს შეტყობინებები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს (მათ შორის, ცენტრალურ დეპოზიტარს, კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებს), რომლებთანაც, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, განთავსებულია საბროკერო კომპანიის საკუთარი ან/და კლიენტების სასარგებლოდ საბროკერო კომპანიის მფლობელობაში არსებული აქტივები, რათა მათ ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ განკარგონ ეს აქტივები. ასეთი შეტყობინება ფინანსურ ინსტიტუტს უნდა გაეგზავნოს ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ ლიკვიდატორისათვის საბროკერო კომპანიის საკუთარი ან/და მისი კლიენტების სასარგებლოდ საბროკერო კომპანიის მფლობელობაში არსებული სხვა აქტივების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა მოგვიანებით;
ბ) აცნობოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდინარე ლიკვიდაციის შესახებ, რათა ლიკვიდატორის გარეშე არ მოხდეს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და სხვ.) განკარგვა;
გ) გაუგზავნოს შეტყობინებები საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს ყოფილ წევრს/წევრებს ყველა ბეჭდისა და შტამპის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
დ) გამოაქვეყნოს განცხადება ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს უფლება აქვთ არაუგვიანეს ამ განცხადების განმეორებით გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინონ ლიკვიდატორს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.
5. ლიკვიდატორმა უნდა გაანადგუროს საბროკერო კომპანიის ყველა ბეჭედი და შტამპი და შესაბამისი განადგურების აქტი წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორმა ამავდროულად უნდა უზრუნველყოს ლიკვიდატორის ბეჭდისა და შტამპის დამზადება.
6. საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის დროულად და სწორად წარმართვის მიზნით ლიკვიდატორი ვალდებულია:
ა) აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა-ანგარიშგება სწორი საბუღალტრო ჩანაწერების განხორციელებით;
ბ) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეადგინოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის საწყისი ბალანსი არსებული ყოველდღიური საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე და წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
გ) დანიშვნიდან ორ თვეში დაუბრუნოს კლიენტებს მათ სასარგებლოდ საბროკერო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივი, ამ აქტივების შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტში გადატანით, რომელსაც ლიკვიდატორი შეარჩევს;
დ) დანიშვნიდან სამი თვის განმავლობაში განახორციელოს საბროკერო კომპანიის ყველა აქტივისა და ვალდებულების ინვენტარიზაცია და აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში – მათი აუდიტორული შეფასება;
ე) დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შეადგინოს საბროკერო კომპანიის აქტივ-პასივების დაზუსტებული ნუსხა (ბალანსი);
ვ) უზრუნველყოს საბროკერო კომპანიის მიმართ კრედიტორთა მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება;
ზ) საბროკერო კომპანიის ქონების მითვისების ან გაფლანგვის ფაქტების ან/და სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენისთანავე შეატყობინოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც საქმეები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით;
თ) გაასაჩივროს ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილება, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის ქონების დაყადაღების ან რეალიზაციის შესახებ, რომელიც შეიძლება არახელსაყრელი იყოს კრედიტორთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის;
ი) წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
კ) დადგენილი პერიოდულობით ან მოთხოვნისთანავე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი;
ლ) საბროკერო კომპანიის გადახდისუუნარობის ფაქტის გამოვლენისთანავე მოამზადოს მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს;
მ) საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ეროვნულ ბანკს მოუკითხავი თანხების ანგარიშის გახსნის მოთხოვნით;
ნ) ეროვნულ ბანკს გადასცეს მოუკითხავი ფულადი სახსრები (არსებობის შემთხვევაში), რომელიც ირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, ასევე, გადასცეს დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ო) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს საბროკერო კომპანიის კრედიტორთა კუთვნილი ფულადი სახსრების დაბრუნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მაქსიმალურად და დროულად დაკმაყოფილებას, მათ შორის, მოვალეების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით;
პ) დაიცვას ეთიკის ნორმები და მოეპყროს საბროკერო კომპანიის კლიენტებს კეთილსინდისიერად.
7. ლიკვიდაციის პროცესში საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორის გათავისუფლების შემთხვევაში, იგი ვალდებულია ახალ ლიკვიდატორს ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ბეჭდით დადასტურებული აქტის საფუძველზე გადააბაროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის საქმეები.
მუხლი 6🔗. ლიკვიდატორის პასუხისმგებლობა
1. ლიკვიდატორი პასუხისმგებელია:
ა) საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით ლიკვიდაციის პროცესის წარმართვისათვის, ასევე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ღონისძიებების განზრახ გაჭიანურებისათვის;
ბ) თავისი საქმიანობის პერიოდში ნებისმიერი პირის, მათ შორის, საბროკერო კომპანიის ყოფილი ლიკვიდატორების ან/და ხელმძღვანელი პირების მიერ საბროკერო კომპანიის აქტივების მითვისების ან/და გაფლანგვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საქმეების შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაუცემლობისათვის;
გ) კომერციული ბანკებისგან და მიკრობანკებისგან მიღებული სესხის, ასევე, სხვა ეკვივალენტური ფორმით მესამე პირის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების არამიზნობრივად გამოყენებისათვის;
დ) ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის აღრიცხვა-ანგარიშგებებში საბუღალტრო ჩანაწერებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უტყუარობისა და სიზუსტისათვის;
ე) საბროკერო კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ არასწორი ინფორმაციის მომზადებისა და წარდგენისათვის;
ვ) ფინანსური დარღვევებისათვის;
ზ) მსესხებლებისა და სხვა დებიტორების მიერ დავალიანების დაუფარაობის შემთხვევაში, თანხის ამოღების მიზნით სასამართლოში სარჩელის შეუტანლობისათვის;
თ) საბროკერო კომპანიის კლიენტებთან არაეთიკური მოქცევისათვის.
2. ლიკვიდატორს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებში დაიცვას ლიკვიდატორის ინტერესები, რაც შეიძლება გამოიხატოს ლიკვიდატორის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ლიკვიდატორის ინტერესების დასაცავად, თუ აღნიშნული ლიკვიდატორის მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება განპირობებული იყო სამსახურებრივი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებით. ეს პუნქტი ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.
მუხლი 7🔗. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის კლიენტების აქტივების გადატანა, რესტიტუცია
1. ლიკვიდატორი ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის კლიენტების აქტივების გადატანის მიზნით ერთდროულად მიმართავს საქართველოში მოქმედ ყველა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს და ცენტრალურ დეპოზიტარს. ამ მიზნით შესაბამის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან ცენტრალურ დეპოზიტარს ლიკვიდატორი შეარჩევს.
2. კლიენტების აქტივების გადატანისას, ლიკვიდატორი მიმღებ სუბიექტს გადასცემს ამ აქტივებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. მიმღები სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს გადაცემული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
3. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებსაც საბროკერო კომპანია თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით აღრიცხვისთვის იყენებს, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი საბროკერო კომპანიის კლიენტების ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, რესტიტუციაზე კლიენტების მოთხოვნები ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით ვრცელდება აგრეთვე იდენტური კლასის იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანია ფლობს თავის სასარგებლოდ.
4. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტთა აქტივების ერთობლივი აღრიცხვისთვის გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, ეს აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების პროპორციულად განაწილდება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. კრედიტორთა დაკმაყოფილება
1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 312 მუხლით გათვალისწინებული წესითა და რიგითობით.
2. მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს კლიენტი.
3. იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა ოდენობა აღემატება 1500 ლარს, ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ლიკვიდატორი ვალდებულია გადაამოწმოს, შეყვანილი ხომ არ არის პირი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში.
5. ლიკვიდაციის დასრულებამდე კრედიტორის მიერ ფულად სახსრებზე მოთხოვნის წარუდგენლობისას ან/და იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ვერ წარადგენს ლიკვიდატორის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და ის არ არის დაკავშირებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ან/და ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებულ ქვეყნებთან, სალიკვიდაციო მასაში არსებული მოუკითხავი ფულადი სახსრები ლიკვიდატორის მიერ გადაირიცხება ეროვნულ ბანკში გახსნილ მოუკითხავი თანხების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში ან ეროვნული ბანკის სარეზერვო ვალუტებში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოუკითხავი თანხების ანგარიშიდან ეროვნული ბანკის მიერ ფულადი სახსრების კლიენტისათვის გადარიცხვის ხარჯებს გაიღებს კრედიტორი.
მუხლი 9🔗. მოუკითხავი თანხების დაბრუნება
1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბროკერო კომპანიის კრედიტორი თანხის დაბრუნების მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთხოვნის შინაარსი და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ან/და ლიკვიდირებული იმ საბროკერო კომპანიის დასახელება, რომლის მიმართაც კრედიტორს ჰქონდა მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიერ გაცემულ და დამოწმებულ საბანკო რეკვიზიტებთან ერთად უნდა დაერთოს, ასევე:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების უფლებამონაცვლე პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული ამონაწერი და იურიდიული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო განცხადების იმ პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ დასტურდება ამონაწერის საფუძველზე, ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ეკვივალენტური დოკუმენტები.
3. განცხადებისათვის დართული საბანკო რეკვიზიტები უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს და კრედიტორი/საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ექცეოდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნების/პირების ნუსხაში, ამასთან, წარმოდგენილი საბანკო რეკვიზიტები არ უნდა ეკუთვნოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 დეკემბრის №240/04 ბრძანებით განსაზღვრულ ქვეყნებში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს/მიკრობანკს.
4. ეროვნული ბანკი კრედიტორის განცხადებას განიხილავს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
5. თუ კრედიტორის განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამება საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას მოუკითხავი თანხების დაბრუნების თაობაზე იმ მოცულობით, რაც მითითებულია ლიკვიდატორის მიერ გადაცემულ მონაცემებში.
6. თუ კრედიტორის განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან განცხადებაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ მონაცემებს, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ და აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს განმცხადებელს მიზეზების მითითებით.
მუხლი 10🔗. ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის ქონების/აქტივების საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ფორმით ჩატარების პროცედურა
1. ლიკვიდატორი უფლებამოსილია, საბროკერო კომპანიის ქონება/აქტივები საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდოს აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში საბროკერო კომპანიის კუთვნილი ფიქსირებული ქონების/აქტივების აუქციონი წარიმართება აუქციონის სისტემის – www.eauction.ge-ის პროცედურისა და შემდეგი პირობების დაცვით:
ა) საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების დროს ადგენს ლიკვიდატორი, რომელიც ასევე განსაზღვრავს გასაყიდი ქონების/აქტივის ფასს, ბეს ოდენობასა და საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ბიჯებს. ლიკვიდატორი www.eauction.ge ვებგვერდზე განათავსებს სარეალიზაციო ქონების/აქტივების მოკლე აღწერას. აუქციონი მიმდინარეობს 10 კალენდარული დღის განმავლობაში;
ბ) ლიკვიდატორი განცხადების პროექტს საჯარო (ელექტრონული) აუქციონის ჩატარების შესახებ, შესათანხმებლად, აუქციონის ჩატარებამდე სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე წარუდგენს ეროვნულ ბანკს;
გ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე შეძენილი ქონების/აქტივის საფასურის გადახდის შემდეგ უფლებამოსილ პირთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება;
დ) საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გამარჯვებულს ქონების/აქტივის მიმართ შეუძლია გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლებები მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ე) თუ პირველი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს არ მოხდება საწყის ფასში ქონების/აქტივის რეალიზაცია, მაშინ ლიკვიდატორი ნიშნავს განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონს, პირველი აუქციონის დანიშვნისათვის გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. განმეორებით საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ქონების/აქტივის სარეალიზაციო საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში;
ვ) თუ განმეორებითი საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე ვერ მოხერხდა ქონების/აქტივის რეალიზაცია საწყისი ფასის არანაკლებ 75%-ის ფარგლებში, შემდეგ საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე სარეალიზაციო ქონების/აქტივის საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს პირველი აუქციონის საწყისის ფასის არანაკლებ 50%-ის ფარგლებში.
2. საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გასაყიდი ქონება/აქტივი შეფასებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების გარდა, საბროკერო კომპანიის კრედიტორთა ინტერესების გათვალისწინებით, ლიკვიდატორი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აქტივების რეალიზაციის მიზნით საჯარო (ელექტრონული) აუქციონი ჩაატაროს დამატებით.
4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ის ქონება/აქტივები, რომელთა რეალიზაციაც არ განხორციელდა არც ერთი საჯარო (ელექტრონული) აუქციონის დროს და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია ნულოვანი ღირებულების მქონედ, ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისი გატარებების მეშვეობით ჩამოწეროს საბალანსო უწყისიდან.
5. ამ წესის საფუძველზე შემძენის საკუთრებაში საბროკერო კომპანიის ქონების/აქტივის გადასვლის შედეგად მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება.
მუხლი 11🔗. საბროკერო კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადება
1. საბროკერო კომპანია გადახდისუუნარო შეიძლება გახდეს როგორც საბროკერო კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, ისე ლიკვიდაციის პროცესის დროს.
2. საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:
ა) თუ საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით;
ბ) საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა.
3. ლიცენზიის მოქმედების პერიოდში საბროკერო კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აუქმებს საბროკერო კომპანიის ლიცენზიას და იწყებს ლიკვიდაციის პროცესს ამ წესის შესაბამისად.
4. ლიკვიდაციის პროცესის დროს საბროკერო კომპანია ეროვნულმა ბანკმა გადახდისუუნაროდ შეიძლება გამოაცხადოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.
5. საბროკერო კომპანიის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით. აღნიშნული განკარგულება ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
მუხლი 12🔗. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება
1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის კლიენტების აქტივების სხვა ფინანსურ ინსტიტუტში (ინსტიტუტებში) გადატანის ხანგრძლივობით, აგრეთვე საბროკერო კომპანიის ვალდებულებების დაფარვის ხანგრძლივობით, რაც დამოკიდებულია საბროკერო კომპანიის აქტივების რეალიზაციისა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმეები, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) სრულადაა დაფარული საბროკერო კომპანიის მიმართ არსებული ყველა კრედიტორული მოთხოვნა;
ბ) საბროკერო კომპანიას ერიცხება დაუფარავი მოთხოვნები, მაგრამ აღარ აქვს აქტივები ასეთი მოთხოვნების დასაფარად;
გ) უნდა განხორციელდეს გარდაქმნა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
3. საბროკერო კომპანიას აქტივები აღარ აქვს, თუ:
ა) რეალიზებულია (ამოღებულია) ყველა აქტივი;
ბ) არარეალიზებული აქტივების საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) დარჩენილი აქტივების ამოღება შეუძლებელია იმის გამო, რომ მათი მფლობელები გაკოტრებული არიან ან არ გააჩნიათ რეალიზებადი ქონება.
4. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ლიკვიდატორი ადგენს საბროკერო კომპანიის სალიკვიდაციო აქტს, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ რეალიზებული ყველა აქტივის შესახებ, მათი რეალიზაციის საბოლოო ფასის ჩვენებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ საბროკერო კომპანიის ყველა არარეალიზებული აქტივის შეფასებას, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ აქტივის საბაზრო (სარეალიზაციო) ღირებულება ნულის ტოლია;
გ) საბროკერო კომპანიის მიმართ დავალიანების მქონე იურიდიული თუ ფიზიკური პირის გაკოტრების დამადასტურებელ სასამართლო გადაწყვეტილებას;
დ) ინფორმაციას კრედიტორთა მოთხოვნის დაფარვის შესახებ;
ე) ინფორმაციას ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ყველა სხვა ღონისძიების შესახებ.
5. საბროკერო კომპანიის ლიკვიდატორი თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით დადასტურებული საბროკერო კომპანიის სალიკვიდაციო აქტს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს ეროვნულ ბანკს.
6. სალიკვიდაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე ლიკვიდატორი ვალდებულია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგუროს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის ბეჭედი და შტამპი, რაზეც ფორმდება განადგურების აქტი. აღნიშნული აქტი ლიკვიდატორის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მიერ უნდა იქნეს ხელმოწერილი.
7. განადგურების აქტის ერთი ეგზემპლარი, განადგურებული (ნაწილებად დაჭრილი) ბეჭდებისა და შტამპების ეტიკეტებთან, თაბახის ფურცელზე დატანილი ბეჭდისა და შტამპების ნიმუშებთან ერთად, ინახება ეროვნულ ბანკში, მეორე ეგზემპლარი კი გადაეცემა ლიკვიდატორს.
8. ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
9. საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სამეწარმეო რეესტრიდან ამოღების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურით გარდაქმნისას, რა შემთხვევაშიც საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით.
10. თუ ლიკვიდაციის დასრულებისას, საბროკერო კომპანიას სრულად აქვს დაფარული ვალდებულებები და დარჩა აქტივები, ლიკვიდატორი ამ აქტივებს საბროკერო კომპანიის პარტნიორებს/აქციონერებს გადასცემს მათთან შეთანხმებით და სათანადოდ გაფორმებული გადაცემის აქტით.
11. გამონაკლის შემთხვევებში, ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და გარდაიქმნას სხვა ტიპის საქმიანობის საზოგადოებად ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით.
12. ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვამდე, საბროკერო კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება გარდაქმნასთან დაკავშირებით უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ. მას თან უნდა დაერთოს სალიკვიდაციო აქტი. საქმიანობის საგნის შეცვლა საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს საბროკერო კომპანიის ვალდებულებების შესრულებას. ასეთ შემთხვევაში საჭიროა საბროკერო კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა დარჩენილი კრედიტორის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. თუ ვალდებულებები გასტუმრებულია, საქმიანობის საგნის შეცვლისთვის საჭიროა მხოლოდ საბროკერო კომპანიის აქციონერთა/პარტნიორების გადაწყვეტილება. გარდაქმნის შემდგომ იგი აღარ ექვემდებარება კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს.
13. საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის შემდგომ აღმოჩენილი აქტივის რეალიზაცია და ამოღებული თანხების განაწილება საბროკერო კომპანიის დარჩენილ კრედიტორებზე განხორციელდება კანონის 312 მუხლის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
მუხლი 13🔗. ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯი
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საბროკერო კომპანიას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გასცეს თანხა საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად, რომელიც დაკმაყოფილდება კანონის 312 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიკვიდატორმა წერილობით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. ლიკვიდატორმა დეტალურად უნდა აღწეროს საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დაასაბუთოს, რომ საბროკერო კომპანიას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად და შეუძლებელია ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ასევე, მიუთითოს ამ წესის დანართი №1-ით დამტკიცებული იმ ხარჯების სრული ჩამონათვალი, რომელთა დასაფარადაც მიიმართება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხა.
3. ლიკვიდატორი პირველ ეტაპზე უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული პირველი ეტაპის ხარჯები. თუ ლიკვიდაციის პროცესში წარმოიშვა მეორე ეტაპის ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის შეუფერხებელი წარმართვისთვის, ლიკვიდატორი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
4. ეროვნული ბანკი აფასებს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ განცხადებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯის დასაფარად თანხის გაცემაზე, თუ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს ან თანხის გაცემაზე უარის შესახებ.
5. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებიც მითითებულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ლიკვიდატორი ვალდებულია, ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული თანხის გამოყენების თაობაზე.
მუხლი 14🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს:
ა) ნებისმიერ დროს შეამოწმოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანია;
ბ) გაათავისუფლოს ლიკვიდატორი და მის ნაცვლად დანიშნოს სხვა პირი;
გ) შეამოწმოს ლიკვიდატორის საქმიანობა;
დ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის მსვლელობის შესახებ;
ე) მოითხოვოს ლიკვიდატორის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიების შეჩერება ან გაუქმება, თუ იგი ეწინააღდეგება კრედიტორთა ფულადი სახსრების მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინტერესებს.
2. თუ ლიკვიდაციის პროცესში ლიკვიდატორის მიერ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლიკვიდატორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე არსებულ ლიკვიდატორს უწყდება უფლებამოსილება.
3. ეროვნული ბანკი ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიმართავს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, მათ შორის, ჩადენილი დარღვევის სერიოზულობის გათვალისწინებით, საქმეს გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს.
დანართი №1
I ეტაპის ხარჯები:
ლიკვიდატორის ბეჭდის დამზადება;
ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) ლიკვიდაციაში
მყოფი საბროკერო კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
ცნობები სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ლიკვიდაციაში მყოფი საბროკერო კომპანიის უძრავი
ქონებისა და სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ;
სსიპ –
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კრედიტორთა ვალდებულებების დაზუსტების თაობაზე
განცხადების გამოქვეყნება;
თარჯიმნის, ნოტარიუსის, ტრანსპორტირების ხარჯი;
ბუღალტრის ხელფასი (დარიცხული ) მინიმუმ 3 თვის;
იჯარის ხარჯი –
მინიმუმ 3 თვის;
კომუნალური გადასახადები 3 თვის;
ფოსტის მომსახურება.
II ეტაპის ხარჯები:
უძრავი/მოძრავი ქონების და არამატერიალური აქტივის შეფასება;
სსიპ –
აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადასახდელი თანხა (იმ შემთხვევაში, თუ აღსრულებას გადაეცემა
სესხი, წინასწარ უნდა ჩაერიცხოს მოთხოვნილი თანხის –
სასამართლოთი დაკისრებული თანხის 2%);
სასამართლო ბაჟი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებზე (მოთხოვნილი თანხის) (შეიძლება გადავადდეს)
გადახდის დაკისრება მოხდება საქმის წაგების შემთხვევაში));
საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე მონაწილეობის გადასახადი;
საჯარო (ელექტრონულ) აუქციონზე გაყიდული ქონების გადასახადი (ქონების გაყიდვის ხარჯის %);
ლიკვიდაციაში მყოფი საბროკერო კომპანიის დოკუმენტების დაარქივება –
აუცილებლობის ან/და
მიზანშეწონილობის შემთხვევაში;
სხვა ხარჯი.