ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№38650/18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის გადაწყვეტილება

საქმე „გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N 38650/18)

სტრასბურგი

2023 წლის 15 ივნისი

მუხლი 2 (მატერიალური და საპროცესო) (+ მუხლი 14) • დისკრიმინაცია • პოზიტიური ვალდებულებები • ადეკვატური პრევენციული ზომის მიუღებლობა მომჩივნის ქალიშვილის დასაცავად ოჯახში ძალადობისგან, რაც მისი სიკვდილით დასრულდა, და სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების ეფექტურად გამოუძიებლობა • გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხის სისტემური მოუგვარებლობის ფონი • სიკვდილზე რეაგირების თვალსაზრისით სისხლის სამართლის მექანიზმების არასრული გამოყენება • გენდერული მოტივით მკვლელობის შესაძლებლობის განუხილველობა, ოჯახში ძალადობისა და სიკვდილისწინა სხეულის დაზიანებების ბევრი წინა ინციდენტის მიუხედავად🔗

ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

საქმეზე „გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

კარლო რანზონი, თავმჯდომარე,მარტიშ მიტსი,სტეფანი მოურუ-ვიქსტრომი,ლადო ჭანტურია,მარია ელოსეგი,კატერინა შიმაჩკოვა,მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებელი,გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N 38650/18) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შემოტანილია სასამართლოში „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, უკრაინის მოქალაქის, ქ-ნი ალბინა გაიდუკევიჩის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ, 2018 წლის 9 აგვისტოს;

გადაწყვეტილება საჩივრის შესახებ ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“);

მხარეთა მოსაზრებები;

ფაქტი, რომ უკრაინის მთავრობამ არ გამოთქვა სურვილი ჩარეულიყო მოცემულ საქმეში (კონვენციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი და სასამართლოს რეგლამენტის 44-ე წესის 1(a)-ელი პუნქტი);

2023 წლის 4 აპრილისა და 16 მაისის დახურული თათბირების შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით იქნა მიღებული:

შესავალი

1. საჩივარი ეხება იმას, რომ სავარაუდოდ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ვერ დაიცვეს მომჩივნის ქალიშვილი, ა.ლ., ოჯახში ძალადობისგან, რაც მისი სიკვდილით დასრულდა. მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარი კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებზე დაყრდნობით, ცალკე, და ასევე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

ფაქტობრივი გარემოებები

2. მომჩივანი დაიბადა 1968 წელს და ცხოვრობს თბილისში. მას წარმოადგენდნენ ქ-ნი თ. დეკანოსიძე, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში, და ქ-ნი ჯ. ევანსი, ქ-ნი ჯ. გავრონი, ქ-ნი ჯ. სოიერი, ბ-ნი პ. ლიჩი, ქ-ნი კ. ლევინი და ქ-ნი რ. რემეზაიტი, ადვოკატები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ლონდონში.

3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია მომჩივნის ქალიშვილის სიკვდილი

5. მომჩივნის ქალიშვილი, ა.ლ., დაიბადა 1993 წლის 23 ივლისს. 2012 წელს მან დაიწყო შეხვედრა გ.კ.-სთან და მალევე ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, თბილისში. 2013 წლის იანვარში მათ შვილი შეეძინათ. საქმის მასალების მიხედვით, მათ ურთიერთობას აფუჭებდა მუდმივი ჩხუბი, რომელიც უკავშირდებოდა გ.კ.-ს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და მის მიერ ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებას, ასევე ფინანსურ პრობლემებსა და მის ძალადობრივ ქცევას. 2016 წელს მათ შეწყვიტეს ერთად ცხოვრება და ა.ლ. და მისი ვაჟი საცხოვრებლად გადავიდნენ ა.ლ.-ს ნათლიასთან. ამავდროულად, საქმის მასალების მიხედვით, ა.ლ. რეგულარულ კავშირს ინარჩუნებდა გ.კ.-სთან და აძლევდა მას შვილის ნახვის უფლებას მისსავე სახლში.

ა.ლ.-ს საჩივრები პოლიციაში გ.კ.-სთან დაკავშირებით

6. ა.ლ.-ს გარდაცვალებამდე ოთხი წლის განმავლობაში, ამ უკანასკნელმა მინიმუმ თექვსმეტჯერ გამოიძახა პოლიცია გ.კ.-ს ძალადობრივი ქცევას გამო.

7. 2013 წლის 6 თებერვალს ა.ლ.-მ დარეკა საგანგებო დახმარების სამსახურში და განაცხადა, რომ გ.კ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი. ა.ლ.-ს დაკითხვის შემდეგ, პოლიციელმა გ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გასცა. შემაკავებელი ორდერი იმავე დღეს დაადასტურა თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი თვის ვადით. გ.კ.-ს აეკრძალა ა.ლ.-თან მიახლოება.

8. 2013 წლის 7 მაისს ა.ლ.-მ კვლავ გამოიძახა საგანგებო დახმარების სამსახური, განაცხადა რა, რომ გ.კ. ფიზიკურად გაუსწორდა მას და არ აძლევდა შვილთან ერთად ბინიდან გასვლის უფლებას. როდესაც პატრული მივიდა შემთხვევის ადგილზე, ა.ლ.-მ უარყო მასზე ძალადობის შემთხვევა და განაცხადა, რომ გ.კ. მას უბრალოდ არ აძლევდა წასვლის საშუალებას. პოლიციამ შეადგინა შემთხვევის ოქმი და წავიდა.

9. 2013 წლის 12 ივნისს ა.ლ.-მ დარეკა საგანგებო დახმარების სამსახურში და ითხოვა დახმარება გ.კ.-სთან ჩხუბის გამო, თუმცა მალევე მან ისევ დარეკა და თქვა, რომ ჩხუბი დასრულდა და პოლიციის მისვლა არ იყო საჭირო.

10. 2013 წლის 28 სექტემბერს მოხდა მორიგი „საოჯახო დავა“. ა.ლ.-ს მიერ დახმარების გამოძახების საპასუხოდ, ადგილზე გაიგზავნა საპატრულო ეკიპაჟი. პოლიციის შესაბამისი ოქმის თანახმად, პოლიციელების მისვლისას, ა.ლ.-მ უარი თქვა თანამშრომლობაზე.

11. 2013 წლის 3 ოქტომბერს ა.ლ.-მ დარეკა საგანგებო დახმარების სამსახურში და დახმარება ითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ მან ისევ დარეკა და განაცხადა, რომ გ.კ.-სთან ჩხუბი დასრულდა და პოლიციის ჩარევა არ იყო საჭირო. მეორე დღეს, 2013 წლის 4 ოქტომბერს, ა.ლ.-მ კვლავ გამოიძახა პოლიცია. გ.კ. დააკავეს პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა). იმავე დღეს გ.კ.-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა და მის მიმართ გაიცა გაფრთხილება.

12. მეორე დღეს, 2013 წლის 10 ნოემბერს, ა.ლ.-მ კვლავ გამოიძახა პოლიცია. როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მან უთხრა, რომ გ.კ. მას ავიწროებდა, თუმცა უკვე წავიდა. ამის შემდეგ პოლიციაც წავიდა.

13. 2013 წლის 8 დეკემბერს ა.ლ.-მ გამოიძახა პოლიცია დასახმარებლად „საოჯახო დავის“ გამო. ცოტა ხნის შემდეგ მან ისევ დარეკა და თქვა, რომ გ.კ. წავიდა და მას აღარ სჭირდებოდა პოლიციის დახმარება.

14. 2013 წლის 18 დეკემბერს პოლიცია კვლავ გამოიძახეს მათ ბინაში. ა.ლ.-მ განაცხადა, რომ გ.კ. ნასვამი იყო და უნდოდა, რომ ის წასულიყო. პოლიციამ გ.კ.-ს ბინა დაატოვებინა, ხოლო შემაკავებელი ორდერის გაცემა არ მომხდარა.

15. 2014 წლის 21 აპრილს ა.ლ.-მ დახმარებისთვის დარეკა პოლიციაში. როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მან შესჩივლა, რომ გ.კ. ნასვამ მდგომარეობაში აკაკუნებდა მის კარზე და არ აძინებდა. პოლიციის მოთხოვნით გ.კ.-მ ადგილი დატოვა. შემაკავებელი ორდერის გაცემა არ მომხდარა.

16. 2014 წლის 5 ივლისს, პოლიციისთვის შეტყობინებული მორიგი ძალადობრივი ინციდენტის საპასუხოდ, პოლიციელმა გ.კ.-ს მიმართ ახალი შემაკავებელი ორდერი გასცა. 2014 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა შემაკავებელი ორდერი, რითაც აუკრძალა გ.კ.-ს ა.ლ.-თან დაკავშირება და მიახლოება ოცდახუთი დღის განმავლობაში. ამავდროულად, გ.კ. გაასამართლეს პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

17. 2014 წლის 6 დეკემბერს ა.ლ.-მ კვლავ გამოიძახა პოლიცია. როდესაც საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე მივიდა, ა.ლ.-მ პოლიციელებს უთხრა, რომ ძალადობრივი ინციდენტი არ მომხდარა და მას უბრალოდ სურდა ბინის მშვიდად დატოვება. პოლიციელებმა აცნობეს ა.ლ.-ს ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. ა.ლ.-მ უარი თქვა გ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემაზე. პოლიციამ შემთხვევის ოქმი შეადგინა და წავიდა.

18. 2015 წლის 16 იანვარს ა.ლ.-ს მიერ დახმარების გამოძახების საპასუხოდ ადგილზე გაიგზავნა საპატრულო ეკიპაჟი. ა.ლ.-მ განაცხადა, რომ გ.კ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გ.კ.-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 17 იანვარს დაადასტურა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებობდა იმის საკმარისი მტკიცებულება, რომ ა.ლ.-ს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გ.კ. და, აქედან გამომდინარე, ის საჭიროებდა დაცვას ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. გ.კ.-ს აეკრძალა ა.ლ.-სთან მიახლოება ხუთი დღის განმავლობაში. ამავე ინციდენტთან დაკავშირებით გ.კ. გაასამართლეს პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის1261 მუხლის საფუძველზე (ოჯახში ძალადობა, ციტირებული 43-ე პუნქტში ქვემოთ). 2015 წლის 19 თებერვალს გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. გ.კ.-ს და ა.ლ.-ს ჩვენებების საფუძველზე გამოძიებამ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ.კ.-მ „მსუბუქად“ გააწნა სილა სახეში ა.ლ.-ს, დარტყმა იყო უმნიშვნელო, არ გამოუწვევია ფიზიკური ტკივილი, და რომ ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო სისტემატური.

19. 2015 წლის 21 ნოემბერს პოლიცია კვლავ გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე ა.ლ.-მ განაცხადა, რომ ჩხუბი ჰქონდა გ.კ.-თან. შემთხვევის ოქმის თანახმად, ა.ლ.-ს შემაკავებელი ორდერის გაცემა არ მოუთხოვია და პოლიციამ შემთხვევის ადგილი დატოვა.

20. 2016 წლის 15 ოქტომბერს ა.ლ.-მ დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ კამათი ჰქონდა გ.კ.-სთან. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, მათ გ.კ. წასული დახვდათ. ა.ლ.-მ პოლიციელებს უთხრა, რომ გ.კ.-მ მას შეურაცხყოფა მიაყენა და წავიდა. შედგენილ იქნა შემთხვევის ოქმი.

21. მეორე დღეს, 2016 წლის 16 ოქტომბერს, ა.ლ.-მ კვლავ გამოიძახა პოლიცია. ის ამტკიცებდა, რომ ის ნათესავის სახლში იმყოფებოდა, გ.კ. კი მივიდა და დაჟინებით მოითხოვდა მის ნახვას. შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლისას მათ გ.კ. წასული დახვდათ. შედგენილ იქნა შემთხვევის ოქმი, ა.ლ.-ს კი შემაკავებელი ორდერის გაცემა არ მოუთხოვია.

მომჩივნის მიერ მიღებული სამართლებრივი ზომები მისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ

22. 2017 წლის 19 თებერვალს მომჩივნის ქალიშვილი გ.კ.-ის ბინის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დედის გარდაცვალების დროს მათი შვილიც ბინაში იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება გ.კ.-ს წინააღმდეგ

23. იმავე დღეს, ა.ლ.-ს გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის საფუძველზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა, ციტირებული 42-ე პუნქტში ქვემოთ). პოლიციამ, რომელიც მეზობლებმა გამოიძახეს, დაათვალიერა და შეაფასა შემთხვევის ადგილი, ფოტოების გადაღებისა და ცხედრისა და ლიგატურის გატანის შემდეგ. ადგილის მოკვლევის შესაბამისი ოქმის მიხედვით, ცხედარს კისრისა და შუბლის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა.

24. მეორე დღეს, დაკითხვისას, გ.კ.-მ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ა.ლ. მის სახლში 2017 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე მივიდა. მათ იჩხუბეს, ჩხუბი გამწვავდა და ა.ლ.-მ მას ხატი ესროლა, მან კი საპასუხოდ სილა გააწნა ა.ლ.-ს. შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ის დასაძინებლად წავიდა. მას შუაღამისას გაეღვიძა და შენიშნა, რომ ა.ლ. არსად ჩანდა. მისი ძებნის დროს გ.კ. შევიდა სააბაზანოში, სადაც დაინახა ის ყელზე მობმული თოკით. თოკის მეორე ბოლო საშრობის მილზე იყო მიბმული. გ.კ.-მ დანით გადაჭრა თოკი და ა.ლ.-ს ცხედარი ჩამოხსნა. მეორე დღეს, მისი მეორე დაკითხვის დროს, გ.კ.-მ დაადასტურა მოვლენების მისეული ვერსია და დაამატა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს, ჩხუბის დროს, ა.ლ.-მ მას მუშტი დაარტყა სახეში, მან კი ა.ლ.-ს მარცხენა ლოყაზე სილა გააწნა.

25. 2017 წლის 19-24 თებერვალს ბევრი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის მეზობლები, რომლებმაც ნახეს ა.ლ.-ს ცხედარი და პოლიცია გამოიძახეს. მათ განაცხადეს, რომ დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გ.კ.-ს ბინიდან ყვირილი შემოესმათ. ისინი მაშინვე მივიდნენ იქ და აბაზანაში შესვლისას დაინახეს იატაკზე მწოლიარე ა.ლ., რომელსაც გ.კ. კარდიოპულმონარულ რეანიმაციას უტარებდა.

26. 2017 წლის 22 თებერვალს ა.ლ.-ს დეიდამ მისწერა პოლიციას და მიაწოდა ინფორმაცია მისი დისშვილისა და გ.კ.-ს ძალადობრივი ურთიერთობის შესახებ. ა.ლ.-ს სახეზე აღმოჩენილი მრავლობითი დაზიანებების გათვალისწინებით, მან მოითხოვა ყოვლისმომცველი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

27. 2017 წლის 21 აპრილს გაიცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ა.ლ. გარდაცვლილი იყო ასფიქსიით. დასკვნის თანახმად, ა.ლ.-ს ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა მრავლობითი დაზიანებები სხეულსა და სახეზე, მათ შორის ლიგატურის ნიშნები კისრის ზედა არეში, სისხლნაჟღენთები და გახეხილი ადგილები შუბლზე, ცხვირზე, მარჯვენა საფეთქლისა და თვალის არეში, ასევე ზედა და ქვედა კიდურებზე. დასკვნის თანახმად, ა.ლ.-სთვის დაზიანებები შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო ბასრი მყარი საგნით, სხვადასხვა თარიღში. დაზიანებები სახეზე, ასევე მარჯვენა მაჯაზე, ორი გახეხილი ადგილი მარჯვენა მუხლზე და ორი სისხლნაჟღენთი წვივზე იყო ახალი. მათ არანაირი მიზეზობრივი კავშირი არ ჰქონდათ ა.ლ.-ს სიკვდილთან.

28. 2017 წლის 23 ივნისს მომჩივანმა მოსთხოვა ბრალდების მხარეს დანაშაულის გადაკვალიფიცირება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილზე მითითებით (იხ. ციტირებული 41-ე პუნქტში ქვემოთ) ამტკიცებდა, რომ დანაშაულის შესაძლო დისკრიმინაციული და გენდერული მოტივი იყო გამოტოვებული. ის ასევე ამტკიცებდა, რომ გამოვლენილი მრავლობითი, სიკვდილამდე მიყენებული სხეულის დაზიანებების გათვალისწინებით, საქმე ეხებოდა მისი ქალიშვილის გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის მცდელობას. მომჩივნის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

29. 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო გ.კ. დამამძიმებელ გარემოებებში თვითმკვლელობამდე მიყვანაში (ოჯახის წევრის მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგად) და მას სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 18 თებერვლის ღამეს გ.კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა.ლ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო თავის არეში. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ა.ლ.-ზე სისტემატურად ხორციელდებოდა ოჯახში ძალადობა და ყოველივე ამან ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მომჩივანმა მოსთხოვა ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, დავობდა რა, რომ გამოტოვებული იყო დისკრიმინაციული მოტივი, რომელიც თან სდევდა გ.კ.-ს მოქმედებებს და წარმოადგენდა დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად. ბრალდების მხარემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

30. გ.კ.-ს სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა მის მიერ 2018 წლის 28 ნოემბერს გამოტანილი მსჯავრდება. 2019 წლის 9 ივლისს, უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გ.კ.-ს სააპელაციო საჩივარი სამართლის ნორმებზე დაყრდნობით იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მისი მსჯავრდება (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი) შეცვლილიყო ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი). უზენაესმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ იმ ღამეს, როდესაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ინციდენტს, გ.კ.-მ სხეულის დაზიანებები მიაყენა ა.ლ.-ს. თუმცა, მან მიიჩნია, რომ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ გასტოლებოდა იმ კონკრეტულ ფიზიკურ ან მორალურ ტკივილს, რომელსაც შეეძლო ა.ლ. თვითმკვლელობამდე მიეყვანა. უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნის ქალიშვილის მიმართ წარსულში განხორციელებული ძალადობის შემთხვევები შეუსაბამო იყო განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის, ვინაიდან ის ეხებოდა მხოლოდ 2017 წლის 18 თებერვალს მომხდარ ოჯახში ძალადობის სავარაუდო შემთხვევას. ბრალდების გადაკვალიფიცირების შედეგად, გ.კ.-ს თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ერთ წლამდე და ის გათავისუფლებულ იქნა სასამართლო განხილვის შემდეგ.

სისხლისსამართლებრივი საჩივარი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ

31. 2018 წლის 22 მაისს მომჩივანმა საჩივარი შეიტანა მთავარ პროკურატურაში და მოითხოვა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისმა თანამშრომლებმა ვერ დაიცვეს მისი ქალიშვილის სიცოცხლე და სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭეს ოჯახში ძალადობის შესახებ განმეორებად შეტყობინებებს.

32. 2018 წლის 3 ივლისს პროკურატურის ორგანოებმა გახსნეს სისხლის სამართლის საქმე პოლიციის წინააღმდეგ, დაუდევრობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული). 2018 წლის 27 ნოემბერს, გამოიკითხა მომჩივანი, რომელმაც მოუთხრო პროკურატურის ორგანოებს მის ქალიშვილთან გ.კ.-ს ძალადობრივი ურთიერთობის მთელი ისტორია.

33. 2019 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში, პროკურატურამ გამოჰკითხა 20 პოლიციელი, რომელთაც ჰქონდათ ინფორმაცია ან რომლებიც უშუალოდ ჩაერივნენ ა.ლ.-ს მიმართ ჩადენილი სავარაუდო შეურაცხყოფის სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის 2013 წლის 6 მარტს, 2013 წლის 10 ნოემბერს და 2015 წლის 21 ნოემბერს. უმეტესობა მათგანის ჩვენებების თანახმად, ინციდენტები არ იყო განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი ხასიათის და ა.ლ.-ს სათანადოდ მიეწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობით დაზარალებულთათვის განკუთვნილი თავშესაფრებისა და სხვა ზომების შესახებ, რომელთა მიღებაც მას შეეძლო.

34. 2021 წლის 21 და 22 დეკემბერს გამოიკითხა სამი პოლიციელი 2016 წლის 16 ოქტომბრის ინციდენტთან დაკავშირებით.

35. სხვადასხვა თარიღებში მომჩივანი მიმართავდა პროკურატურას კითხვით, იყო თუ არა რაიმე წინსვლა გამოძიებაში. პასუხად, საქმის მწარმოებელმა პროკურორმა აცნობა მას, რომ პოლიციის დაუდევრობის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა არავის მიმართ არ იყო ბრალი წაყენებული, და მოცემული მომენტისთვის მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება საჭირო არ იყო. მომჩივანს არ მიუღია პასუხი მის მიერ პროკურორების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე.

36. საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება კვლავ მიმდინარეობს.

სამოქალაქო სარჩელები სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ

37. 2018 წლის 29 მაისს მომჩივანმა უჩივლა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად იმის გამო, რომ მათ ვერ დაიცვეს მისი ქალიშვილის სიცოცხლე, და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის (დაახლოებით 30 000 ევრო) ოდენობით. საქმეზე Opuz v. Turkey (no. 33401/02, §§ 128-30, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2009 წ.) მითითებით, ის აცხადებდა, რომ იმით, რომ ვერ დაიცვეს მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან, შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინეს მისი, როგორც ქალის დისკრიმინაცია. 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის (დაახლოებით 8 000 ევრო) ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი შესაბამისი პოლიციელების უმოქმედობასა და ა.ლ.-ს სიკვდილს შორის. 2013 წლის 6 თებერვლის, 2014 წლის 6 ივლისისა და 2015 წლის 17 იანვრის ინციდენტებზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციამ გ.კ.-ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერები, რომლებიც შემდგომში დაადასტურეს სასამართლოებმა და რომლებიც უკრძალავდნენ გ.კ.-ს ა.ლ.-სთან მიახლოებას, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მათ ვერ მიიღეს სწრაფი და ეფექტური ზომები ა.ლ.-ს მიმართ ოჯახში ძალადობის შესაჩერებლად.

38. 2020 წლის 12 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის ოდენობა 50 000 ლარამდე (დაახლოებით 15 900 ევრო) გაზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალის დადგენის გარდა, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვერც პროკურატურამ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულებები მომჩივნის ქალიშვილის მიმართ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმის ნაცვლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოეთხოვა ინფორმაცია გ.კ.-ს მიერ ადრე ჩადენილი ძალადობის ინციდენტების შესახებ, ინფორმაციის არარსებობის ფონზე და განგრძობადი ოჯახში ძალადობის სრული სურათის დადგენის გარეშე, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ა.ლ.-ს მიმართ, 2015 წლის 19 თებერვალს შესაბამისმა პროკურორმა უბრალოდ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება სავარაუდო ოჯახში ძალადობის დანაშაულზე.

39. 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2022 წლის 14 აპრილს, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაასრულა საქმის წარმოება. ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის ა.ლ.-ს მიერ პოლიციის თექვსმეტჯერ გამოძახების, გ.კ.-ს მიმართ გაცემული სამი შემაკავებელი ორდერის და გ.კ.-ს მიმართ დაწყებული, მაგრამ სწრაფად შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის წარმოების გათვალისწინებით, რომლითაც დადგინდა, რომ გ.კ.-მ სილა გააწნა ა.ლ.-ს, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ მომჩივნის ქალიშვილის უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალური და უშუალო საფრთხის არსებობის შესახებ. უზენაესი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ადეკვატურად იყვნენ აღჭურვილნი იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ ან სულ მცირე შეემსუბუქებინათ ტრაგიკული შედეგი, მათ არ იმოქმედეს სათანადო გულისხმიერებით მომჩივნის ქალიშვილის მიმართ გენდერული ძალადობის შესაჩერებლად. უზენაესი სასამართლო ასევე დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული 50 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას.

სახალხო დამცველის ანგარიში და თანმდევი რეკომენდაცია

40. 2017 წლის 27 დეკემბერს, გააანალიზა რა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის სავარაუდო შემთხვევების, მათ შორის ა.ლ.-სთან დაკავშირებული შემთხვევების, განხილვის წესი, სახალხო დამცველმა გამოსცა ანგარიში, რომელშიც იდენტიფიცირებული იყო სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები და წარმოდგენილი იყო რიგი რეკომენდაციები შესაბამისი ძირითადი ორგანოების მიმართ. ძირითად ნაკლოვანებებს შორის სახალხო დამცველმა აღნიშნა შემდეგი: არ ხორციელდებოდა სავარაუდო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შემდგომი მონიტორინგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ატყობინებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ და არ სთხოვდა მას დაზარალებულთა დახმარებას, საგანგებო დახმარების სამსახური არ აანალიზებდა ოჯახში ძალადობის შესახებ ანგარიშებს, სხვა საკითხებთან ერთად, ძალადობის გაგრძელების რისკის დადგენის მიზნით, და არ შეიმუშავებდა ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებს დაზარალებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ შორის, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეექმნა სისტემა, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა შემაკავებელი ორდერების აღსრულებას, მოემზადებინა სახელმძღვანელო მითითებები ოჯახში ძალადობის შემთხვევებში რისკების შეფასებასთან და თითოეულ ასეთ შემთხვევაში ძალადობის აღმოფხვრის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, და გაეანალიზებინა ოჯახში ძალადობის სავარაუდო შემთხვევების შესახებ საგანგებო დახმარების სამსახურებისგან მიღებული ინფორმაცია.

შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა

41. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 3.1 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაცია, მათ შორის, გენდერული ნიშნით ითვლებოდა მიკერძოებულ მოტივად და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად, რაც განაპირობებდა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას, ვიდრე გათვალისწინებული იყო იგივე დანაშაულის ჩადენისთვის ასეთი დისკრიმინაციული მოტივების გარეშე.

42. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, იმ დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანა, რომელიც განმარტებული იყო როგორც „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით“, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

43. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი კრძალავდა ოჯახში ძალადობის დანაშაულს და შემდეგნაირად განსაზღვრავდა მას: „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“. ოჯახში ძალადობის დანაშაული ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. იგივე დანაშაული, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, როგორიცაა, არაერთგზის, ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით. აღნიშნული დებულების მიზნებისთვის, ოჯახის წევრად ითვლებოდა ყოფილი მეუღლე და ასევე ის წევრები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

44. სხვა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო მასალები საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ამომწურავად არის შეჯამებული სასამართლოს გადაწყვეტილების 25-ე-მე-40 პუნქტებში საქმეზე Tkhelidze v. Georgia (no. 33056/17, 2021 წლის 8 ივლისი).

45. 2022 წელს გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ თავის უახლეს შეფასების ანგარიშში, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა“(GREVIO) დიდი შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში გავრცელებული იყო სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამომძიებლების და სხვა პირების მხრიდან და ეს ხშირად წარმოადგენდა მართლმსაჯულების მიღწევის მნიშვნელოვან ბარიერს გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთათვის (GREVIO/Inf(2022)28). ანგარიში მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო უფრო სწრაფი და სათანადო რეაგირება პროკურატურის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე...“, და პროფესიული ტრენინგების ჩატარებისკენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის იმ დამოკიდებულებების, რწმენებისა და პრაქტიკის დასაძლევად, რომლებიც აფერხებს პოლიციის ეფექტიან რეაგირებას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი“ (GREVIO) ასევე სთავაზობდა სახელმწიფოს, რომ „მიიღოს მყისიერი ზომები, რათა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებში დანიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელები შეესაბამებოდეს დანაშაულის სიმძიმეს და ჰქონდეს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების ფუნქცია “. შეფასების ანგარიშში ასევე აღნიშნული იყო, რომ დამამძიმებელი გარემოებების სრული სპექტრი ხშირად არ იყო გათვალისწინებული და ხდებოდა სასჯელის შემსუბუქება. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი“ (GREVIO) მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეღო შესაბამისი ზომები, რათა „ყველა დამამძიმებელი გარემოება ... პრაქტიკაში ეფექტიანად იყოს გამოყენებული სასამართლოს მიერ“.

სამართალი

კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების სავარაუდო დარღვევა

46. კონვენციის მე-2, მე-3 და მე-14 მუხლებზე დაყრდნობით, მომჩივანი ჩიოდა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ვერ დაიცვეს მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან და არ ჩაატარეს იმ გარემოებების ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება, რომლებმაც განაპირობა მისი სიკვდილი.

47. თავისი პრეცედენტული სამართლისა და მომჩივნის საჩივრების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით საქმის ფაქტობრივი გარემოებების შემფასებელი, მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში წამოჭრილი საკითხები განხილული უნდა იქნეს მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური პოზიტიური და პროცედურული ნაწილების ჭრილში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (შედარებისთვის იხ. საქმე Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, § 104, 2021 წლის 15 ივნისი; ასევე საქმე A and B v. Georgia, no. 73975/16, § 32, 2022 წლის 10 თებერვალი). აღნიშნული დებულებების შესაბამის ნაწილებში ვკითხულობთ:

მუხლი 2🔗

„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ...“

მუხლი 14🔗

„ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სქესის... თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.“

მისაღებობა

მხარეთა არგუმენტები

48. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა დაკარგა დაზარალებულის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მიზნებისთვის, გ.კ.-ს წინააღმდეგ განხორციელებული სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ განხორციელებული სამოქალაქო სამართალწარმოების გათვალისწინებით. მთავრობა დამატებით ამტკიცებდა, რომ საჩივარი იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა პოლიციის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, იყო მიუღებელი, რადგან მისი შეტანა სასამართლოში არ მომხდარა ექვსი თვის ვადაში. მათი თქმით, მომჩივანმა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი საჩივარი შეიტანა მისი ქალიშვილის სიკვდილიდან თხუთმეტი თვის შემდეგ, დროულად მოქმედების „სათანადო გულისხმიერების“ მოთხოვნის გაუთვალისწინებლად. გარდა ამისა, მომჩივანი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ გამოძიება იყო არაადეკვატური. ასეთ ვითარებაში, პროცესისადმი მომჩივნის უნდობლობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო, რომ მას საჩივარი უფრო ადრე შეეტანა სასამართლოში. ალტერნატიული არგუმენტის სახით მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ საჩივარი ნაადრევი იყო, რადგან სასამართლოში მისი შეტანის დროისათვის შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება პოლიციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. დაბოლოს, მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე იყო მიუღებელი, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო, რადგან მომჩივანს არ შეუტანია დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საჩივარი 2014 წლის 2 მაისის დისკრიმინაციის კანონის შესაბამისად.

49. მომჩივანი არ ეთანხმებოდა მთავრობის პრეტენზიას ratione personae (სუბიექტთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით), ამტკიცებდა რა, რომ მის მიერ სხვადასხვა სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას შედეგად არ მოჰყოლია არც კონვენციით გათვალისწინებული მისი უფლებების დარღვევის საკმარისად აღიარება და არც საკმარისი კომპენსაცია. ის აცხადებდა, რომ მისი საჩივრები არსობრივად უკავშირდებოდა სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობას, რამაც ხელი შეუწყო ოჯახში ძალადობის გაგრძელებას და საბოლოოდ მისი ქალიშვილის სიკვდილს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობამ და მისმა არაეფექტურობამ გაათავისუფლა ის სადავო გამოძიების შედეგის ლოდინის გაგრძელების ვალდებულებისგან. რაც შეეხება დისკრიმინაციის შესახებ კანონს, მან არ გამოიყენა ეს სამართლებრივი დაცვის საშუალება, ვინაიდან ის იყო შეუსაბამო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საკითხებთან მიმართებით.

სასამართლოს შეფასება

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.კ.-სა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სისხლისსამართლებრივ საჩივრებში მომჩივანი მუდმივად აყენებდა დისკრიმინაციის საკითხს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ორგანოებს უნდა განეხილათ მომჩივნის საჩივრის ეს ასპექტი მის ბრალდებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში. მომჩივანს არ ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტურობაში, რადგან მოპყრობა, რომელსაც მისი ბრალდება ეხებოდა, ისჯება შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, მისი სამართლებრივი კლასიფიკაცია კი დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე. ამგვარად, სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, მომჩივანი არ იყო ვალდებული მიემართა სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებისთვის (იხ. საქმე Mikeladze and Others v. Georgia, no. 54217/16, § 52, 2021 წლის 16 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით, და საქმე Alković v. Montenegro, no. 66895/10, § 53, 2017 წლის 5 დეკემბერი).

51. სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საჩივრის შეტანის თვალსაზრისით მომჩივნის სათანადო გულისხმიერების შესახებ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მომჩივანმა დაგვიანებით შეიტანა დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი საჩივარი ამასთან დაკავშირებით. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს დაგვიანება არ არის გადამწყვეტი განსახილველ საქმეში, ვინაიდან მომჩივნის ქალიშვილის სიკვდილის გამომწვევი გარემოებების სისხლის სამართლის გამოძიება უკვე მიმდინარეობდა და შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ იმის მტკიცებულება, რომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება ა.ლ.-ს მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის განგრძობად შემთხვევებზე იყო ნაკლოვანი. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს მთავრობის არგუმენტს საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაბამისი სისხლის სამართლის გამოძიება იყო ეფექტური კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის, და იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება პროკურატურის ორგანოებთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნებით, მას შეჰქონდა სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნები უფრო ეფექტური შედეგის მიღების იმედით და, ამავდროულად, არც ერთ ეტაპზე არ ავლენდა საქმის წარმოების მიმართ ინტერესის დაკარგვას (შედარებისთვის იხ. საქმე Cerf v. Turkey, no. 12938/07, §§ 62-64, 2016 წლის 3 მაისი, საქმე Manukyan v. Georgia (გადაწყვეტილება), no. 53073/07, § 30, 2012 წლის 9 ოქტომბერი, და საქმე Akhvlediani and Others v. Georgia (გადაწყვეტილება), no. 22026/10, § 25, 2013 წლის 9 აპრილი). ასეთ გარემოებებში და გამოძიების მიმდინარეობის გათვალისწინებით, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ მომჩივანმა ვერ შეასრულა სათანადო გულისხმიერების გამოჩენის ვალდებულება (ამასთან დაკავშირებით იხ. საქმე Gablishvili and Others v. Georgia, no. 7088/11, § 50, 2019 წლის 21 თებერვალი; ასევე იხ. საქმე Mikeladze and Others, ციტირებული ზემოთ, § 51).

52. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მომჩივნის მიერ დაზარალებულის სტატუსის შესაძლო დაკარგვის საკითხი სხვადასხვა ადგილობრივი სამართალწარმოების შედეგების საფუძველზე მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი საჩივრების არსთან ისევე, როგორც მთავრობის შუამდგომლობა მიუღებლობის მოთხოვნით, რომელიც ეფუძნება საჩივრის ნაადრეობას. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ეს ორი საკითხი გაერთიანდეს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივრის არსებით მხარესთან კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე A and B v. Georgia, შემდგომი მითითებებით). სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტის მნიშვნელობით და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

არსებითი მხარე

მხარეთა არგუმენტები

53. მომჩივანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა იცოდნენ, რომ ა.ლ. საფრთხეში იყო მის მიმართ გ.კ.-ს ძალადობრივი ქცევის გამო, მათ ვერ დაიცვეს ა.ლ. ოჯახში ძალადობის განგრძობადი შემთხვევებისგან, რომელიც მისი სიკვდილით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილის საქმე იყო საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ ხელისუფლების ორგანოების დისკრიმინაციული პასიურობისა და მათ მიერ ამ პრობლემასთან გამკლავების სისტემური მარცხის აშკარა გამოვლინება. მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ პოლიციისა და პროკურატურის არაადეკვატური და დისკრიმინაციული რეაგირება გ.კ.-ს ძალადობრივ ქცევაზე, მათ მიერ იმ გარემოებების გამოუძიებლობასთან ერთად, რომლებმაც ხელი შეუწყო ა.ლ.-ს სიკვდილს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა ამ საქმეში ჩართულ სამართალდამცავებს იმის გამო, რომ მათ ვერ დაიცვეს ა.ლ.-ს სიცოცხლე, წარმოადგენდა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობის ძირითად ნაწილს კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების თანახმად.

54. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ გ.კ.-ს საქციელის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ შეესაბამებოდა კონვენციის შესაბამის სტანდარტებს, რადგან, საბოლოო ჯამში, არ მოხდა მისი მსჯავრდება ა.ლ.-ს განგრძობადი შეურაცხყოფისა და საბოლოოდ მისი სიკვდილის გამო. გამოძიების მოქმედების ფარგლები თავიდანვე ვიწრო იყო, რადგან ა.ლ.-ს გარდაცვალების შესაძლო მიზეზად ფემიციდი არასდროს ყოფილა განხილული. გ.კ.-ს შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი იყო უგულებელყოფილი ისევე, როგორც სხვადასხვა დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა დანაშაული ჩადენილი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით. 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ წლების განმავლობაში მიყენებული შეურაცხყოფა ა.ლ.-ს გარდაცვალების ღამეს ოჯახში ძალადობის განცალკევებულ შემთხვევამდე დაიყვანა.

55. მთავრობა ამტკიცებდა, რომ გ.კ.-ს მსჯავრდება წარმოადგენდა ა.ლ.-ს სიკვდილის ეფექტური გამოძიების უშუალო შედეგს. მომჩივანმა ასევე მიიღო სათანადო კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების მარცხი სრულად იქნა აღიარებული ეროვნული საქალაქო სასამართლოების მიერ. ასეთ ვითარებაში და იმის გათვალისწინებით, რომ გულგრილობის ბრალდებით დაწყებულ იქნა სისხლის სამართლის გამოძიება პოლიციის წინააღმდეგ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სრულად შეასრულეს პროცედურული ვალდებულებები. პოლიციის წინააღმდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით, საქმის შესაბამის მასალაზე დაყრდნობით, მთავრობამ დამატებით აღნიშნა, რომ გამოძიება ჩატარდა დამოუკიდებელი ორგანოების მიერ, ყოვლისმომცველად და ადეკვატურად.

56. რაც შეეხება მატერიალურ პოზიტიურ ვალდებულებებს, მთავრობამ განაცხადა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მითითებით მთავრობა ასევე აცხადებდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა აღიარეს და მოახდინეს კონვენციის შესაბამისი დარღვევებისთვის ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს შეფასება

ზოგადი პრინციპები

57. კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით ოპერატიული აღკვეთის ღონისძიებების გატარების პოზიტიური ვალდებულება იმ პირის დასაცავად, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება სხვა პირის მხრიდან ძალადობის გამო, პირველად ფორმულირებულ იქნა საქმეში Osman v. the United Kingdom (1998 წლის 28 ოქტომბერი, §§ 115-16, განჩინებებისა და გადაწყვეტილებების ანგარიშები, 1998-VIII). აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების სირთულეების, ადამიანის ქცევის არაპროგნოზირებადობისა და იმ ოპერატიული არჩევანის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაკეთდეს პრიორიტეტებისა და რესურსების თვალსაზრისით, პოზიტიური ვალდებულების ფარგლები გაგებული უნდა იყოს ისე, რომ არ დააკისროს შეუძლებელი ან არათანაზომიერი ტვირთი შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს. თუმცა, თუ შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა იციან ან მათ უნდა სცოდნოდათ მესამე მხარის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად იდენტიფიცირებული პირის ან პირების სიცოცხლისთვის რეალური და პირდაპირი საფრთხის არსებობის შესახებ, მათ უნდა მიიღონ ზომები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რომლებიც გონივრული განსჯის საფუძველზე შეიძლება მოსალოდნელი იყოს ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ ვალდებულებების ფარგლები და შინაარსი ოჯახში ძალადობის კონტექსტში დაზუსტებულია საქმეში Kurt (ციტირებული ზემოთ, §§ 157-89 და 190) და ბოლო პერიოდში შეჯამებულია საქმეში Y and Others v. Bulgaria (No. 9077/18, § 89, 2022 წლის 22 მარტი) შემდეგნაირად:

(ა) შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე;

(ბ) როდესაც შესაბამისი ხელისუფლების ორგანოებისთვის ცნობილი გახდება ასეთი ბრალდებების შესახებ, მათ უნდა შეამოწმონ, ემუქრება თუ არა რეალური და პირდაპირი საფრთხე ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირებული მსხვერპლის ან მსხვერპლთა სიცოცხლეს, ავტონომიური, პროაქტიული და ყოვლისმომცველი ლეტალური საფრთხის შეფასების განხორციელებით. მათ უნდა შეაფასონ, თუ რამდენად რეალური და პირდაპირია საფრთხე ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით;

(გ) თუ საფრთხის შეფასებით გამოვლინდება სიცოცხლისთვის რეალური და პირდაპირი საფრთხის არსებობა, ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ოპერატიული პრევენციული და დამცავი ზომები ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები უნდა იყოს ადეკვატური და შეფასებული საფრთხის დონის თანაზომიერი.

58. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოჯახში ძალადობის თითოეული შემთხვევის ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებების არსებით ელემენტს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად (იხ. უახლესი წყაროს სახით საქმე Tunikova and Others v. Russia, nos. 55974/16 და 3 სხვა საქმე, § 114, 2021 წლის 14 დეკემბერი). მისი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და ყოვლისმომცველი; ეს მოთხოვნები ვრცელდება მთელ სამართალწარმოებაზე, საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპის ჩათვლით (იხ. საქმე M.A. v. Slovenia, no. 3400/07, § 48, 2015 წლის 15 იანვარი, და საქმე Kosteckas v. Lithuania, no. 960/13, § 41, 2017 წლის 13 ივნისი). შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის სასამართლო მტკიცებულებების, დასაცავად. განსაკუთრებული გულისხმიერებაა საჭირო ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართებით და ოჯახში ძალადობის სპეციფიკა გასათვალისწინებელია შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას. სახელმწიფოს მიერ გამოძიების ჩატარების ვალდებულება ვერ შესრულდება, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვა მხოლოდ თეორიულად იარსებებს; უპირველეს ყოვლისა, ის ასევე ეფექტურად უნდა მუშაობდეს პრაქტიკაშიც, ეს კი მოითხოვს საქმის სწრაფად განხილვას ზედმეტი შეფერხებების გარეშე (იხ. საქმე Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51 და 168, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2009 წ., საქმე T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, § 46, 2014 წლის 28 იანვარი, და საქმე Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106 და 129, 2017 წლის 2 მარტი). ეფექტურობის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული სასამართლო ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განწყობილი საიმისოდ, რომ დაუშვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების დაუსჯელობა. ეს აუცილებელია კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ძალადობის აქტების შემწყნარებლობის ან მათში ფარული მორიგების თავიდან ასაცილებლად (იხ. საქმე Okkalı v. Turkey, no. 52067/99, § 65, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2006‑XII (ამონარიდები)).

59. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალების დაცვას ოჯახში ძალადობისგან, ეს არღვევს კანონის წინაშე მათი თანაბარი დაცვის უფლებას, და რომ ეს არ უნდა იყოს წინასწარგანზრახული (შესაბამისი ზოგადი პრინციპებისთვის იხ. საქმე Y and Others, ციტირებული ზემოთ, § 122).

ზემოთ აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ

პროცედურული ვალდებულებები და დაზარალებულის სტატუსი

60. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის შესაბამისად აქვს ორი მხარე: პირველი ის, რომ მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შესაძლო დაუდევრობის საქმეზე იყო ნაკლოვანი, და მეორე ის, რომ გ.კ.-ს წინააღმდეგ ჩატარებული გამოძიება, მის მიერ მომჩივნის ქალიშვილის უწყვეტ შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით, იყო არაადეკვატური. სასამართლო რიგრიგობით განიხილავს ამ მხარეებს.

61. სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სასამართლო იმეორებს, რომ საქმეებში, რომლებიც ეხება სახელმწიფო თანამდებობის პირების შესაძლო პასუხისმგებლობას მათი სავარაუდო დაუდევრობის შედეგად გამოწვეული სიკვდილის გამო, მე-2 მუხლით დაწესებული ვალდებულება ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნის შესახებ არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფას ყველა შემთხვევაში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Kotilainen and Others v. Finland, no. 62439/12, § 91, 2020 წლის 17 სექტემბერი). თუმცა, შეიძლება არსებობდეს განსაკუთრებული გარემოებები, როდესაც მხოლოდ ეფექტურ სისხლის სამართლის გამოძიებას შეუძლია დააკმაყოფილოს მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური პროცედურული ვალდებულების მოთხოვნა. ასეთი გარემოებები შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ისეთი ქცევის გამო სიცოცხლის მოსპობის ან სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, რომელიც სცილდება არასწორი მსჯელობის ან გაუფრთხილებლობის ფარგლებს. როდესაც დგინდება, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების ან ორგანოების გულგრილობა სცილდება არასწორი მსჯელობის ან გაუფრთხილებლობის ფარგლებს იმ მხრივ, რომ სრულად აცნობიერებენ რა აღნიშნულის სავარაუდო შედეგებს და უგულებელყოფენ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ისინი არ იღებენ აუცილებელ და საკმარის ზომებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ის ფაქტი, რომ სიცოცხლის საფრთხეში ჩამყენებელ პირებს არ წარედგინებათ ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ან მათ მიმართ არ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, შეიძლება წარმოადგენდეს მე-2 მუხლის დარღვევას, მიუხედავად სხვა სახის სამართლებრივი დაცვის საშუალებისა, რომელიც პირს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით (იხ. საქმე Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 59, 2021 წლის 8 ივლისი, შემდგომი მითითებებით; ასევე იხ. საქმეM.H. and Others v. Croatia, nos. 15670/18 და 43115/18, § 135, 2021 წლის 18 ნოემბერი, შემდგომი მითითებებით).

62. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საჩივრის არსი არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა და დაუდევრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ოჯახში ძალადობის ესკალაცია, რაც დასრულდა ა.ლ.-ს სიკვდილით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის წინა საქმეებში მან მიიჩნია, რომ მათი განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობდა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის გამოძიების პოზიტიური ვალდებულება (იხ. საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 60, რომელშიც სასამართლომ მიუთითა საფრთხის მაღალ დონეზე, რომლის წინაშეც იდგა მსხვერპლი და რომლის შესახებაც ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო პოლიციისთვის, და საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, §§ 43 და 45, რომელშიც სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოძალადე იყო პოლიციელი და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები შესაძლოა წინააღმდეგობას არ უწევდნენ მის მოქმედებებს ან მფარველობდნენ მას). ზემოხსენებულ საქმეებსა და წინამდებარე საქმეს შორის გარკვეული ფაქტობრივი განსხვავებების მიუხედავად, მომჩივნის ბრალდებების ხასიათის და იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ ძალადობა მოხსენებული იყო მთავარ სისტემურ პრობლემად, რომელიც არ იყო ადეკვატურად გადაჭრილი სახელმწიფოს მიერ მოცემულ დროს (იხ. საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 56), სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში არსებობდა, სულ მცირე, საკმარისი მტკიცებულება დაუდევრობის ბრალდებით საქმის აღძვრისთვის, რომელიც სცილდებოდა მხოლოდ არასწორი მსჯელობის ან გაუფრთხილებლობის ფარგლებს და საჭიროებდა სისხლის სამართლის გამოძიების ჩატარებას (იქვე, § 59, და საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 43). მთავრობა არ ამტკიცებდა, რომ არ იყო საჭირო გამოძიება სახელმწიფო თანამდებობის პირების შესაძლო დაუდევრობის საქმეზე და, მართლაც, ასეთი გამოძიება დაწყებულ იქნა. სასამართლო შესაბამისად განიხილავს აღნიშნული გამოძიების ეფექტურობას.

63. თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების დაწყებიდან თითქმის ხუთი წელია გასული, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დაუდევრობის ბრალდებით მიმდინარე გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე არც ერთი საგამოძიებო ღონისძიება არ განხორციელებულა. სასამართლო იმეორებს, რომ საქმის წარმოების გაჭიანურება მტკიცედ მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის ნაკლოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არღვევს მოპასუხე სახელმწიფოზე კონვენციით ნაკისრ პოზიტიურ ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო წარმოადგენს ძალზედ დამაჯერებელ და სარწმუნო მიზეზებს საქმის წარმოების ხანგრძლივობის გასამართლებლად (იხ. საქმე Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, § 80, 2018 წლის 17 ივლისი). ეს განსაკუთრებით ასეა, თუ საქმის წარმოება ეხება სამართალდამცავი ორგანოების შესაძლო პასუხისმგებლობას. განსახილველ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი გაჭიანურების დასაბუთება.

64. რაც შეეხება გამოძიების არსს, სასამართლო შეშფოთებით აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო საკმარისად არ ეცადა, რომ დაედგინა პოლიციელების პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მათ სავარაუდოდ ვერ შეძლეს სათანადო რეაგირების მოხდენა ა.ლ.-ს სიკვდილამდე მომხდარ გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალ ინციდენტზე, მაშინაც კი, როდესაც ამავდროულად ეს პასუხისმგებლობა დადგენილ და აღიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოების მიერ. მომჩივნის საჩივრის ნაწილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა პროკურორების უმოქმედობას, უპასუხოდ დარჩა (შედარებისთვის იხ. საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, §§ 24-25 და 44). მომჩივანმა არაერთხელ მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსგან მისი სისხლისსამართლებრივი საჩივრების ამ ასპექტთან დაკავშირებით (იხ. 35-ე პუნქტი ზემოთ). გარდა ამისა, არ ჩატარებულა დისციპლინური მოკვლევა პოლიციის სავარაუდო უმოქმედობასთან დაკავშირებით. საქმის შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, ნიშნების არსებობის, რომლებიც მიუთითებს შესაძლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე, რაც, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც განაპირობებს ა.ლ.-ის საჩივრებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების არასაკმარის რეაგირებას (ამასთან დაკავშირებით, იხ. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის“ (GREVIO) შეფასების ანგარიში, რომელიც ციტირებულია 45-ე პუნქტში ზემოთ) და იმ ფაქტის, რომ სამი შემაკავებელი ორდერის და ძალადობის განგრძობადი ინციდენტების მიუხედავად, მათ ვერ დაიწყეს სათანადო გამოძიება ოჯახში ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებით (იხ. მე-18 პუნქტი ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ლ.-ს საჩივრების გათვალისწინებით, არსებობდა მნიშვნელოვანი გამოძიების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა პოლიციისა და პროკურორების რეაგირების და მათი უმოქმედობის საქმეზე, რომელიც შესაძლოა მოტივირებული ყოფილიყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციით (შედარებისთვის იხ. საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, §§ 51 და 60).

65. ამგვარ ვითარებაში სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ მომჩივანმა წარმატებით გამოიყენა სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება, მიაღწია რა სახელმწიფოს მხრიდან დაუდევრობის აღიარებას და საჩივრის სამართლიან დაკმაყოფილებას მისი ქალიშვილის მიმართ განხორციელებული განგრძობადი ძალადობისა და საბოლოოდ მისი სიკვდილით გამოწვეული ტანჯვისთვის. ოჯახში ძალადობის სხვა საქმეში საქართველოს წინააღმდეგ სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ დადებითი ასპექტი იყო ის, რომ ეროვნულმა საქალაქო სასამართლოებმა აღიარეს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მიიღეს ზომები, რომლებიც მიმართული იქნებოდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დასრულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისკენ (იხ. საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 45). თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ზემოთ აღნიშნულ საქმეში, წინამდებარე საქმეშიც საქალაქო სასამართლოებს არ განუხილავთ, შეიძლებოდა თუ არა რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების ოფიციალური შემწყნარებლობა განპირობებული ყოფილიყო იმავე გენდერული მიკერძოებით. გარდა ამისა, და ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად, მომჩივნისთვის ფინანსური კომპენსაციის სახით მიღწეული დადებითი შედეგის მიუხედავად, სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების სარგებლის გარეშე მის სამოქალაქო სარჩელს ვერ ექნებოდა შედეგი შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

66. რაც შეეხება მომჩივნის საჩივრის მეორე ასპექტს, რომელიც ეხება გ.კ.-ს ბრალდებასა და მსჯავრდებას, სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ა.ლ.-ს თვითმკვლელობა ნაჩქარევად აღიარა ხელისუფლებამ ა.ლ.-ს გარდაცვალების მიზეზად გამოძიების პირველივე დღეს, სხვა ვერსიის განხილვის გარეშე (იხ. 23-ე პუნქტი ზემოთ, ხოლო შედარებისთვის იხ. საქმე Durmaz v. Turkey, no. 3621/07, §§ 56-58, 2014 წლის 13 ნოემბერი). მოვლენების ამგვარი აღწერა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნებოდა გ.კ.-ს განცხადებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს მიუკერძოებელ მოწმედ. ა.ლ.-ს სხეულსა და სახეზე აღმოჩენილი მრავლობითი დაზიანებებისა და ოჯახში ძალადობის მრავალი წინა შემთხვევის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს არ მოუკვლევიათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მათ საქმე ჰქონოდათ გენდერული მოტივით მკვლელობის პოტენციურ საქმესთან. მოწმეთა პირველადი გამოკითხვისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ბრალდებების გამოვლენის შემდეგ, გამოძიებამ აშკარად ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება ამ ინფორმაციაზე და ვერ მიიღო შესაბამისი ზომები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გამოსავლენად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ლ.-ს გარდაცვალების გარემოებები, რომლებიც წარმოადგენდა გენდერული ნიშნით ძალადობის მახასიათებლებს, უნდა ყოფილიყო იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ საგამოძიებო ორგანოებს განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეხდინათ რეაგირება საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებისას. თუმცა გამოძიების ფარგლებში არ მომხდარა ოჯახში ძალადობის წინა შემთხვევებისა და დანაშაულის ჩადენაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო როლის გამოკვლევა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ინციდენტი ან სიკვდილი შეიძლება იყოს გენდერული ნიშნით მოტივირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძიების შემართებით წარმართვა (იხ. საქმე Tërshana v. Albania, no. 48756/14, § 160, 2020 წლის 4 აგვისტო).

67. რაც შეეხება გ.კ.-ს სასამართლო პროცესს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის გაასამართლეს ოჯახში ძალადობის ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით და უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობა, რომელიც ა.ლ.-მ სიკვდილამდე გადაიტანა (იხ. 39-ე პუნქტი ზემოთ). აქედან გამომდინარე, სავარაუდო ოჯახში ძალადობის ყველა წინა შემთხვევა უბრალოდ დარჩა რეაგირების გარეშე. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა იშვიათად არის ერთჯერადი შემთხვევა; ის ჩვეულებრივ მოიცავს ოჯახის წევრის ან პარტნიორის მიმართ განხორციელებულ ერთობლივ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ შეურაცხყოფას, რომელიც სცილდება ცალკეული შემთხვევის გარემოებებს (იხ. საქმე Volodina v. Russia, no. 41261/17, § 71, 2019 წლის 9 ივლისი). ძალადობის თანმიმდევრული ეპიზოდების განმეორება პირად ურთიერთობებში ან „დახურულ კარს მიღმა“ წარმოადგენს ოჯახში ძალადობის კონკრეტულ კონტექსტსა და დინამიკას (იქვე, § 86, ასევე იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, § 164). ამგვარად, სასამართლომ უკვე აღიარა, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც უწყვეტი დანაშაულის კონკრეტული ფორმა, რომელიც ხასიათდება ქცევის განმეორებადობით (იხ. საქმე Rohlena v. the Czech Republic [GC], no. 59552/08, § 72, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015 წ., და საქმე Valiulienė v. Lithuania, no. 33234/07, § 68, 2013 წლის 26 მარტი), რომელშიც თითოეული ინციდენტი წარმოადგენს უფრო ფართო სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს. სასამართლო ვერ ხედავს, თუ როგორ შეიძლება შეესაბამებოდეს უზენაესი სასამართლოს მიდგომა ზემოთ ხსენებულ პრეცედენტულ სამართალს.

68. გარდა ამისა, გ.კ.-ს სასამართლო პროცესისა და მსჯავრდების ფარგლებში არ მომხდარა დანაშაულის ჩადენაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო როლის გამოკვლევა (ამასთან დაკავშირებით იხ. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის“ (GREVIO) შეფასების ანგარიში, რომელიც ციტირებულია 45-ე პუნქტში ზემოთ) და, დამამძიმებელი გარემოების არარსებობის გამო, მას მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

69. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში, განსაკუთრებით იმ ნაკლოვანების გათვალისწინებით, რომლითაც გამოყენებულ იქნა სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ა.ლ.-ს გარდაცვალებაზე რეაგირებისთვის, და მიუხედავად საქალაქო სასამართლოების მიერ სახელმწიფოს დაუდევრობის აღიარებისა, რაც ქებას იმსახურებს, და მიყენებული ტანჯვისთვის დაკისრებული კომპენსაციის სამართლიანი ოდენობისა (შედარებისთვის იხ. საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 46), მომჩივანმა შეინარჩუნა დაზარალებულის სტატუსი კონვენციის 34-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (იხ. 49-ე პუნქტი), და რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას პროცედურულ ნაწილში, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

მატერიალური პოზიტიური ვალდებულებები

70. ა.ლ.-ს გარდაცვალებამდე დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის პოლიციამ მისგან მიიღო თექვსმეტი ზარი გადაუდებელი დახმარების თხოვნით (იხ. მე-6-21-ე პუნქტები ზემოთ) და აღნიშნულთან დაკავშირებით გ.კ.-ს მიმართ გაცემულ იქნა სამი შემაკავებელი ორდერი (იხ. მე-7, მე-16 და მე-18 პუნქტები ზემოთ). ვინაიდან გადაუდებელი დახმარების თხოვნით პოლიციის გამოძახება ხდებოდა ა.ლ.-ს მიმართ ოჯახში ძალადობის სადავო მტკიცებებთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოების რეაგირება მათზე უნდა შეფასდეს 2013 წლის 6 თებერვლიდან, იმ თარიღიდან, როდესაც ა.ლ. პირველად დაუკავშირდა მათ ამ საკითხის თაობაზე (იხ. საქმე Halime Kılıç v. Turkey, no. 63034/11, § 93, 2016 წლის 28 ივნისი, საქმე Talpis, ციტირებული ზემოთ, § 111, და საქმე Y and Others, ციტირებული ზემოთ, § 90).

71. რაც შეეხება იმას, მოჰყვა თუ არა შესაბამისი ორგანოების მყისიერი რეაგირება სავარაუდო ძალადობის სხვადასხვა ინციდენტს, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ცამეტ შემთხვევაში პოლიციამ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის გაგზავნით. სამჯერ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლებიც, როგორც ჩანს, გ.კ.-ს არ დაურღვევია. თუმცა, სულ მცირე სამ შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების თხოვნით პოლიციის გამოძახებიდან ცოტა ხანში ა.ლ.-მ გააუქმა დახმარების მოთხოვნა და პოლიციამაც აღარ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობის გამო, საკანონმდებლო ბაზა საშუალებას უნდა აძლევდეს შესაბამის ორგანოებს, რომ გამოიძიონ ოჯახში ძალადობის შემთხვევები საკუთარი ინიციატივით, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. ამრიგად, თუ პირი არ შეიტანს სისხლისსამართლებრივ საჩივარს ან შემდგომში უკან გამოითხოვს მას, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ ან განაგრძონ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სავარაუდო დამნაშავის წინააღმდეგ, ან არ უნდა გაათავისუფლოს ისინი სათანადო გადაწყვეტის პოვნის მიზნით სიტუაციის სიმძიმის შეფასების ვალდებულებისგან (იხ. საქმე Levchuk v. Ukraine, no. 17496/19, § 87, 2020 წლის 3 სექტემბერი; ასევე იხ. საქმე Volodina, ციტირებული ზემოთ, § 99). ამ კონტექსტში, სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაასკვნეს, პროკურატურამ სათანადოდ არ გამოიძია ოჯახში ძალადობის ბრალდებები 2015 წლის ნოემბერში (იხ. მე-18და 39-ე პუნქტები ზემოთ). სასამართლოს აზრით, ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებმა არ იმოქმედეს სწრაფად და სათანადო გულისხმიერებით, მათ ხელი შეუწყვეს დაუსჯელობის მდგომარეობის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა გ.კ.-ს მიერ ძალადობრივი ქმედებების განმეორებას ა.ლ.-ს წინააღმდეგ (იხ. საქმე Talpis, ციტირებული ზემოთ, § 117, შემდგომი მითითებებით).

72. რაც შეეხება საფრთხის შეფასების ხარისხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ მომჩივნის ქალიშვილი, როგორც ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, შემდგომი ძალადობის რეალური და პირდაპირი საფრთხისგან და, ამ თვალსაზრისით, მათ რეგულარულად უნდა ჩაეტარებინათ საფრთხის შეფასება, როგორც კონვენციით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების განუყოფელი ნაწილი (მე-2 მუხლისა და ლეტალური საფრთხის შეფასების კონტექსტში იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, § 190), ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტის (იხ. საქმე Volodina, ციტირებული ზემოთ, § 86) და მისი განმეორებადი ხასიათის სათანადოდ გათვალისწინებით). სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის დინამიკა სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების მიერ ძალადობის შემდგომი ესკალაციის რისკის შეფასებისას, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგაც კი (იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, § 175). ამ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სავარაუდო ოჯახში ძალადობის თექვსმეტი ზემოაღნიშნული შემთხვევის დროს, თბილისის პოლიციას არ უცდია გ.კ.-ს საქციელის გაანალიზება იმ კუთხით, თუ რის მომასწავებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მისი მომავალი მოქმედებების თვალსაზრისით (შედარებისთვის იხ. საქმე Opuz, ციტირებული ზემოთ, § 147). იმ სამი შემთხვევის გარდა, როდესაც გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, როგორც ჩანს, რომელიმე სხვა სავარაუდო ძალადობის ინციდენტს არ მოჰყოლია რაიმე ფორმის მოქმედება პოლიციის მხრიდან და პოლიციას არც კი გაუკეთებია საბაზისო ჩანაწერები, საიდანაც გამოჩნდებოდა, რომ განხორციელდა საფრთხის შეფასება (იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, § 174), და არ უცნობებია ა.ლ.-თვის ასეთი შეფასების შედეგების შესახებ (იქვე). როგორც ჩანს, მათ მხოლოდ აღელვებდათ ცალკეული ინციდენტების სიმძიმის საკითხი და ყურადღება არ მიუქცევიათ ოჯახში ძალადობის კონკრეტული კონტექსტისა და დინამიკისთვის (იხ. საქმე Levchuk, ციტირებული ზემოთ, §§ 80 და 86; ასევე იხ. საქმე Landi v. Italy, no. 10929/19, §§ 88-90, 2022 წლის 7 აპრილი). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ რაიმე ფორმის საფრთხის შეფასება განხორციელდა, თუნდაც არაფორმალურად, ზოგიერთ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში ის არ იყო ავტონომიური, პროაქტიული ან ყოვლისმომცველი, როგორც საჭირო იყო (იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, §§ 169-74). საფრთხის შეფასების ამ ნაკლოვანი სისტემის, უფრო სწორად კი, მისი არარსებობის, პირდაპირი შედეგი, როგორც ეს ასევე აღნიშნა სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში (იხ. მე-40 პუნქტი ზემოთ), იყო ის, რომ პოლიციამ ვერ შეაფასა ვითარება მთლიანობაში, რის შედეგადაც 2015 წლის 16 იანვარს დაწყებული ოჯახში ძალადობის გამოძიება შეწყდა (იხ. მე-18 პუნქტი ზემოთ; ასევე იხ. საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 54). როგორც შემდგომში საქალაქო სასამართლოებმა დაასკვნეს ამასთან დაკავშირებით, იმის ნაცვლად, რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია ა.ლ.-სა და გ.კ.-ს შორის ძალადობრივი ურთიერთობის მთელი ისტორიის შესახებ, ეწარმოებინათ ყველა გამოძახების სათანადო ჩანაწერები და ანალიზი, შესაბამისმა ორგანოებმა უბრალოდ ამჯობინეს გაეკეთებინათ დასკვნა, რომ ერთი სილის გაწვნა არ იყო საკმარისად სერიოზული იმისთვის, რომ ეს ოჯახში ძალადობის დანაშაულად ჩაეთვალათ (იხ. 38-ე-39-ე პუნქტები ზემოთ).

73. რაც შეეხება საკითხს, იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ თუ არა შესაბამის ორგანოებს, რომ ა.ლ.-ს სიცოცხლეს რეალური და პირდაპირი საფრთხე ემუქრებოდა, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ დაეთანხმოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში გამოტანილ დასკვნას, რომ შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ ან მათ უნდა სცოდნოდათ ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ (იხ. 39-ე პუნქტი ზემოთ). შესაბამის ორგანოებს რომ ჩაეტარებინათ ერთობლივად ყველა ინციდენტის საფრთხის სათანადო შეფასება, ისინი სავარაუდოდ დაასკვნიდნენ, რომ გ.კ. რეალურ და პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ა.ლ.-ს, ვინაიდან ეს ცნებები გაგებული უნდა იქნეს ოჯახში ძალადობის კონტექსტში (იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, §§ 175-76; შედარებისთვის იხ. საქმე Tkhelidze, ციტირებული ზემოთ, § 53, და საქმე Tërshana, ციტირებული ზემოთ, § 151). დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ შემთხვევაში საკმარისად სარწმუნოდ მიიჩნია ა.ლ.-ს ბრალდებები 2013 წლის 6 თებერვალს, 2014 წლის 5 ივლისსა და 2015 წლის 16 იანვარს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ გამოეცა შემაკავებელი ორდერები გ.კ.-ს მიმართ. (იხ. მე-7, მე-16, და მე-18 პუნქტები ზემოთ). თუმცა, როგორც ჩანს, იმ პირებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ა.ლ.-ს საჩივრების საქმეს, არ ჰქონდათ გავლილი სპეციალური მომზადება ოჯახში ძალადობის დინამიკის საკითხებში, როგორც ამას სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს და რომლის მნიშვნელობაც აღიარებულია სასამართლოს მიერ (იხ. საქმე Kurt, ციტირებული ზემოთ, § 172).

74. რაც შეეხება იმას, მიიღეს თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა ადეკვატური პრევენციული ზომები მოცემულ გარემოებებში, მომჩივნის ქალიშვილის დასაცავად გატარებული ერთადერთი ოპერატიული ღონისძიება იყო სამი შემაკავებელი ორდერის გამოცემა გ.კ.-ს მიმართ. თუმცა, როგორც ეროვნულმა საქალაქო სასამართლოებმა დაადგინეს, ეს არ იყო საკმარისი. მართლაც, როგორც უზენაესმა სასამართლომ თავის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებაში დაადგინა, პოლიციამ და პროკურატურის ორგანოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, მათ შორის იმით, რომ არ დაიწყეს სათანადო სისხლის სამართლის გამოძიება იმ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეზე, რომელსაც ა.ლ. წლების განმავლობაში განიცდიდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის პირდაპირი შედეგი კი, როგორც უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, იყო ა.ლ.-ს სიკვდილი. სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოების ნაკლოვანი რეაგირება განსახილველ საქმეზე განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც აღნიშნული ფასდება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, პრევენციისა და შეჩერების თვალსაზრისით საქართველოს შესაბამისი ორგანოების დოკუმენტირებული და განმეორებითი მარცხის შესაბამის ეროვნულ კონტექსტში (იხ. საქმეები Tkhelidze, §§ 56-57, და A and B v. Georgia, § 49, ორივე ციტირებული ზემოთ).

75. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მისი მატერიალური პოზიტიური ვალდებულებები მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

76. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“

ზიანი

77. მომჩივანმა მოითხოვა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მან ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს მითითება მიეცა მოპასუხე სახელმწიფოსთვის, რომ საჭირო იყო შემდეგი ოთხი ძირითადი ზომის მიღება: (i) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში შიდა განხილვისა და ანგარიშვალდებულების ავტომატური მექანიზმების ჩამოყალიბება; (ii) ოჯახში ძალადობასა და სხვა სახის გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებული ქალების სიკვდილის ყველა შემთხვევის, როგორც შესაძლო ფემიციდის, გამოძიება; (iii) ლეტალობის საფრთხის ყოვლისმომცველი შეფასების ჩატარების უზრუნველყოფა; და (iv) ფემიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებისთვის სამართლის პოვნის უზრუნველყოფა.

78. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ სასამართლო დაადგენდა, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, მას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებით უკვე დადგენილი იყო მომჩივნისთვის 50 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

79. სასამართლო ადასტურებს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის კომპენსაციაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოების ფარგლებში დადგენილი მომჩივნისთვის გადასახდელი კომპენსაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დაადგინოს მისთვის 20 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ამ ნაწილში (შედარებისთვის იხ. საქმე Tkhelidze, § 65, და საქმე A and B v. Georgia, § 53,ორივე ციტირებული ზემოთ).

80. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას მოპასუხე სახელმწიფოსთვის დამატებითი ზომების მიღების თაობაზე მითითების მიცემის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, განსახილველ საქმეში მოპასუხე სახელმწიფომ თავად უნდა აირჩიოს მის შიდასახელმწიფოებრივ მართლწესრიგში გამოსაყენებელი ზუსტი საშუალებები კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის ბრალდებათა კუთხით სამართალდამცავი ორგანოების დისკრიმინაციული პასიურობის პრობლემასთან დაკავშირებით (იხ. საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 54, შემდგომი მითითებებით).

ხარჯები და დანახარჯები

81. მომჩივანი ითხოვდა 7 575 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 8 700 ევრო) ლონდონში მოღვაწე მისი ორი წარმომადგენლის (ქ-ნი კ. ლევინისა და ქ-ნი ჯ. გავრონის), „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან“, იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოების ფარგლებში. ის ასევე ითხოვდა დაახლოებით 3 900 ევროს სხვადასხვა ადმინისტრაციული და თარგმნის ხარჯების ასანაზღაურებლად. მან წარმოადგინა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ასლი, რითაც ადასტურებდა, რომ მას ეკისრებოდა სამართლებრივი ვალდებულება გადაეხადა მომსახურების ღირებულება ადვოკატებისთვის 150 ფუნტი სტერლინგის საათობრივი განაკვეთის მიხედვით, და ასევე აენაზღაურებინა ნებისმიერი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელიც მათ სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში გასწიეს. ხელშეკრულებას დამატებით თან ერთვოდა ორივე ადვოკატის ნამუშევარი საათების აღრიცხვის ცხრილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ნამუშევარი საათების რაოდენობა და შესრულებული სამუშაოს ხასიათი, და სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტები ადმინისტრაციულ და თარგმნის ხარჯებთან დაკავშირებით.

82. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ შესაბამისი ხარჯები მართლაც იქნა გაღებული და რომ ისინი აუცილებელი და რაოდენობრივად გონივრული იყო.

83. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ნაჩვენები იქნება, რომ ეს ხარჯები და დანახარჯები რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული და არის რაოდენობრივად გონივრული. მის ხელთ არსებული დოკუმენტებისა და ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაადგინოს მომჩივნისთვის 12 600 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა, რასაც დაემატება ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს ამ ნაწილში.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1. აერთიანებს მომჩივნის დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხს საქმის არსებითი მხარესთან და არ აკმაყოფილებს მას.

2. აცხადებს საჩივარს მისაღებად.

3. ადგენს, რომ მომჩივანს შეუძლია განაცხადოს, რომ არის დაზარალებული 34-ე მუხლის თანახმად, და რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის დარღვევას, მატერიალურ პოზიტიურ და პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.

4. ადგენს:

(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც წინამდებარე გადაწყვეტილება გახდება საბოლოო კონვენციის 44‑ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაუხდის მომჩივანს შემდეგი თანხები, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) EUR 20 000 (ოცი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

(ii) EUR 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;

(ბ) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ „ევროპის ცენტრალური ბანკის“ ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი.

5. უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 15 ივნისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

ვიქტორ სოლოვეიჩიკი                                              კარლო რანზონი
სექციის განმწესრიგებელი                                        თავმჯდომარე