ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2024
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016543
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკი ბერიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2024 წლის 21 მარტი
დაბა ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის „ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის“ დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური
1. ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების და საშტატო ნუსხის შესაბამისად ასეთია:
ა) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - I რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში –სამსახურის უფროსი);
ბ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - II რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – განყოფილების უფროსი);
გ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ბავშვის უფლებათა დაცვის კოორდინატორი (შემდგომში – უფროსი სპეციალისტი);
დ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ბავშვის უფლებათა დაცვის ინსპექტორი;
ე) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ბავშვის უფლებათა დაცვის სოციალური მუშაკი;
ვ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ფსიქოლოგი.
2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,“საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის დებულების, ამ დებულების, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის (თანამდებობრივი ინსტრუქცია) და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს განყოფილების უფროსი ან მერიის სხვა მოხელე.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეებისაგან.
6. განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქცია).
7. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის, მობილობის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
8. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი ნორმების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული და საკუთარი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელებისათვის დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელებას და კოორდინაციას.
ბ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების და საგარანტიო წერილების პროექტების მომზადებას, მოქალაქეებთან და სხვა უწყებებთან მიმოწერას.
გ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ. ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ„ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილება და მისი ფუნქციები
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მეორადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის დადგენის წესების საფუძველზე.
განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
3. განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი’ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. განყოფილება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში, საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ მიზნებისათვის ატარებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს:
ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;
გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;
დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;
ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;
თ) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას;
ი) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობის / მზრუნველობის დაწესების / მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას, მეურვის / მზრუნველის / მხარდამჭერის საქმიანობის ზედამხედველობას, სამეურვეო / სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას;
ლ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას;
მ) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას;
ნ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;
ო) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24-საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას;
პ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას;
ჟ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;
რ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას;
ს) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონიტორინგს;
ტ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;
უ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;
ფ) ბავშვის 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის (მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით;
ღ) სამეურვეო/სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას;
ყ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას.
5. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას;
6. განყოფილება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და მის რეალიზებას. ამ პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
გ) სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას. ამ სფეროებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას. ამ სფეროებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
7. განყოფილების საქმიანობის პრინციპები:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს.
ბ) განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.
გ) განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ, სულ მცირე: ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.
დ) განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების და პროცედურების დაცვით.
ე) განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის საქმიანობა ეფუძნება ოთხი თვალის პრინციპს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას ან მიღებული გადაწყვეტილების სულ მცირე ორი თანამშრომლის მიერ დადასტურებას.
ვ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას ბავშვის მხარდაჭერის კერძო დაწესებულებების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე.
8. განყოფილების საქმიანობის ხელმისაწვდომობა
8.1. განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის მიმართვა;
ბ) მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ან ანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია;
გ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება;
დ) უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები;
ე) მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ.პედაგოგები, მშობლები) შეხვედრების შედეგად გამოვლენილი შემთხვევები.
8.2. განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს შესაბამის სევრვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში (ორშაბათი - პარასკევი) და სამუშაო საათებში (9:00 – 18:00 საათი).
8.3. ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე.
9. განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია
9.1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.
9.2 განყოფილების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.
9.3. თუკი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ პუნქტის 9.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე.
9.4. განყოფილების მიერ ამ პუნქტის 9.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე.
9.5. თუკი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
9.6. განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება:
ა) თუკი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროება,
ბ) თუკი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებას ან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
გ) როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ პუნქტის 9.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
10. განყოფილების საქმისწარმოების ერთიანი სისტემა
ა) განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.
ბ) ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
გ) ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელში თავს იყრის ინფორმაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე, მის მიმართ განხორციელებულ დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და შედეგების პერიოდულ მონიტორინგზე.
დ) უფლებამოსილი პირების მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელით სარგებლობა ხდება ბავშვის პერონალური მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ის შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაში ჩართული სუბიექტების მიერ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.
ე) ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელის შექმნის, ფუნქციონირების და ინფორმაციით სარგებლობის წესებს ადგენს დებულება „ბავშვთა დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის შესახებ“.
ვ) ინფორმაციის გაცვლის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ქსელით სარგებლობის უფლების ფარგლები განისაზღვრება მასში ჩართულ სუბიექტებს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურის უფლებები და მოვალებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღოს მისი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლოს მისი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, შინაგანაწესით და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად, სრულყოფილად შეასრულოს სამუშაოთა აღწერილობებით განსაზღვრული მოვალეობები, აგრეთვე უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) იმუშაოს საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
დ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
მუხლი 6🔗.
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.