„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 13.09.2022
ძალაში შესვლა 25.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
ნომერი №24-56
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016770
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2024
matsne.gov.ge 2,251 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2022 მიღება
25.03.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 24.12.2019 ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 26.08.2011 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 22.08.2023 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 26.11.1998 აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 31.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა, გააძლიერონ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის და გააღრმავონ ურთიერთგაგება, დარწმუნებულნი არიან რა, რომ კულტურული გაცვლა ხელს უწყობს ხალხთა შორის თანამშრომლობას, ისევე როგორც სხვა ხალხების კულტურის, ინტელექტუალური საქმიანობისა და ცხოვრების წესის გაცნობიერებას, იხსენებენ რა, ორივე ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეულ ისტორიულ წვლილს და აცნობიერებენ რა, რომ კულტურული ობიექტების მოვლა და შენარჩუნება სავალდებულო ამოცანაა, გამოთქვამენ რა სურვილს, ორივე ქვეყნის ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობები გააფართოვონ ყველა სფეროში, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან, გაიღრმავონ ცოდნა მეორე ქვეყნის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის შესახებ, და გააღრმავონ თანამშრომლობა ყველა სფეროში და ყველა დონეზე. მუხლი 2🔗 კულტურული გაცვლა ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი შესაძლებლობების და რესურსების ფარგლებში იღებენ საჭირო ზომებს მეორე ქვეყნის ხელოვნების, ლიტერატურისა და მსგავსი სფეროების უკეთესად შესასწავლად, და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან ერთმანეთს, განსაკუთრებით: 1. ხელოვანებისა და ანსამბლების გასტროლების მოწყობაში და კონცერტების, თეატრალური წარმოდგენების და სხვა მხატვრული ღონისძიებების ორგანიზებაში. 2. გამოფენების, ლექციების და კითხვის ღონისძიების მოწყობაში. 3. კულტურის სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით ლიტერატურის, მუსიკის, საშემსრულებლო და სახვითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტების, ერთობლივი კონფერენციებისა და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში, რომელთა მიზანია თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. 4. გამომცემლობების, ბიბლიოთეკების, არქივების და მუზეუმების სფეროში კონტაქტების ხელშეწყობაში და სპეციალისტებისა და მასალების გაცვლაში. 5. მხატვრული, სამეცნიერო, აკადემიური და დარგობრივი ლიტერატურის თარგმნაში. მუხლი 3🔗 კულტურისა და ენების ცოდნის პოპულარიზაცია (1) ხელშემკვრელი მხარეები ცდილობენ ყველა დაინტერესებული პირისთვის მეორე ქვეყნის ენის, კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ეს ასევე ეხება ეროვნულ უმცირესობებთან კულტურულ გაცვლას. ხელშემკვრელი მხარეები შეძლებისდაგვარად მხარს უჭერენ შესაბამის სახელმწიფო და კერძო ინიციატივებსა და ინსტიტუტებს. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ 1995 წლის 1 თებერვლის კონვენციისა და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ხელმოწერილი სხვა შესაბამისი ხელშეკრულებების ფარგლებში არსებული მხარეთა პოტენციური ვალდებულებები ხელუხლებელი რჩება. (2) ხელშემკვრელი მხარეები, მათი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, საშუალებას მისცემენ და გაუადვილებენ მათ ქვეყანაში მეორე მხარის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას და ამასთან მიმართებაში შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ ადგილობრივ ინიციატივებს და ინსტიტუტებს. ეს განსაკუთრებით ეხება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ზრდასრულთა საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარტნიორი მხარის ენის ცოდნის გავრცელებას. ენის ცოდნის ხელშეწყობის ზომებს განსაკუთრებით წარმოადგენს: 1. პედაგოგების, ლექტორების, დარგის მრჩევლების და განათლების სფეროს სხვა ექსპერტების შუამდგომლობა და მივლინება. 2. სახელმძღვანელოების და სასწავლო მასალების გამოყოფა და თანამშრომლობა მათ განვითარებაში. 3. მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობა მეორე მხარის მიერ ორგანიზებულ საბაზისო და შემდგომი სწავლების კურსებში, ისევე, როგორც ენის სწავლების მეთოდებისა და ინსტრუმენტების აქტუალური განვითარების შესახებ გამოცდილების გაზიარება. 4. სამაუწყებლო და ტელემედიის სამსახურების შემოთავაზებების გამოყენება პარტნიორი მხარის ენის სწავლების, სწავლისა და გავრცელების. (3) ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღწეულ იქნეს მათ სახელმძღვანელოებში მეორე ქვეყნის ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის ასახვა, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას. მუხლი 4🔗 თანამშრომლობა განათლების სფეროში ხელშემკვრელი მხარეები შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობენ ყოვლისმომცველ თანამშრომლობას განათლების ყველა დარგში, მათ შორის, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, კვლევით ინსტიტუტებსა და აკადემიურ და სამეცნიერო ორგანიზაციებში, არასასკოლო პროფესიული განათლების და ზრდასრულთა შემდგომი განათლების ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, სასკოლო და პროფესიული განათლების ადმინისტრაციებში, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ ადმინისტრაციებში, ბიბლიოთეკებსა და არქივებში. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სტუდენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლის დამთავრების ატესტატი, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის საჭირო პროცედურაში. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ ქვეყნებში, შესაბამის ინსტიტუტებს ამხნევებენ, რომ მათ: 1. ითანამშრომლონ ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. 2. ხელი შეუწყონ ურთიერთობებს ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს შორის. 3. ხელი შეუწყონ დელეგაციებისა და კერძო პირების მივლინებას მეორე ქვეყანაში  ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. 4. ხელი შეუწყონ პედაგოგიური და დიდაქტიკური ლიტერატურის, სასწავლო, სადემონსტრაციო და საინფორმაციო მასალებისა და ფილმების გაცვლას სწავლებისა და კვლევების მიზნით, ისევე როგორც შესაბამისი დარგობრივი გამოფენების ორგანიზებას. 5. შეძლებისდაგვარად გააადვილონ არქივების, ბიბლიოთეკების და სხვა მსგავსი ინსტიტუტების ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყონ ურთიერთგაზიარებას კვლევების, დოკუმენტაციისა და ასევე საარქივო რეპროდუქციების სფეროში. მუხლი 5🔗 აკადემიური გაცვლა 1. ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან, ხელი შეუწყონ მეცნიერების, მასწავლებლების და ინსტრუქტორების, დოქტორანტებისა და სტუდენტების და უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვა სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას საინფორმაციო, სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობისთვის. 2. ხელშემკვრელი მხარეები მათი შესაძლებლობების ფარგლებში გამოუყოფენ მეორე ქვეყნის სტუდენტებს და მეცნიერებს საგანმანათლებლო, საკვალიფიკაციო და კვლევით სტიპენდიებს. მიიღებენ სხვა შესაბამის დამატებით ზომებს აკადემიური გაცვლების მხარდასაჭერად, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის მარტივი და სწრაფი პროცედურების გამოყენების და მასპინძელ ქვეყანაში ყოფნის პირობების გამარტივების გზით. 3. ხელშემკვრელი მხარეები აღიარებენ უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას 1997 წლის 11 აპრილის ლისაბონის კონვენციისა და ბოლონიის პროცესის შესაბამისად. 4. ხელშემკვრელი მხარეები ითანამშრომლობენ ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემის საკითხზე. მუხლი 6🔗 კინო და მედია კინოს, სამაუწყებლო და ტელემედიის სფეროში ხელშემკვრელი მხარეები მათი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში ხელს უწყობენ თანამშრომლობას შესაბამის ინსტიტუტებს შორის თავიანთ ქვეყნებში, ასევე ფილმების და სხვა აუდიოვიზუალური მასალის წარმოებასა და გაცვლას, რაც შეიძლება ემსახურებოდეს ამ შეთანხმების მიზნებს. ისინი ხელს შეუწყობენ წიგნებისა და გამომცემლობის სფეროში თანამშრომლობას. მუხლი 7🔗 ახალგაზრდები ხელშემკვრელი მხარეები ისწრაფვიან, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს, ასევე თანამშრომლობას ახალგაზრდების საქმიანობაში, არაფორმალური განათლების და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის სფეროში. მუხლი 8🔗 სპორტი ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ თავიანთ ქვეყნებში ოლიმპიურ მოძრაობებსა და სპორტის ფედერაციებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ათლეტების, მწვრთნელების, სპორტსმენთა დელეგაციების, სპეციალისტებისა და ექსპერტების გაცვლების ხელშესაწყობად და სპორტული განათლების სფეროში ახალი იდეებისა და მიღწევების გაზიარების მიზნით. მუხლი 9🔗 ძეგლების მოვლა ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობენ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოვლის სფეროებში მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, შესწავლისა და მართვის უახლესი მეთოდოლოგიის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მონაწილეობა და გაძლიერებული ურთიერთთანამშრომლობა. მუხლი 10🔗 კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნება და დაცვა (1) ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ომის შედეგად დაკარგული ან უკანონოდ გადაადგილებული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ახლა იმყოფება მათ ტერიტორიაზე, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან მფლობელის სამართალმემკვიდრეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. (2) ისინი აცხადებენ, რომ მათი მიზანია თანამშრომლობის გაფართოება კულტურული მემკვიდრეობით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ისინი არ დაიშურებენ ძალისხმევას, თავიანთი თანხმობა აისახოს შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებში, მათ შორის „კულტურულ ფასეულობათა უკანონო იმპორტის, ექსპორტის და მათზე საკუთრების უფლების გადაცემის აკრძალვისა და აღკვეთის ზომების შესახებ“ 1970 წლის 14 ნოემბრის კონვენციაში, და მათ შესრულებაში. მუხლი 11🔗 მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ხელშემკვრელი მხარეები თავიანთ ტერიტორიებზე მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები ან შესაბამისი წარმომავლობის, აძლევენ მათი ენის, კულტურის, ტრადიციების და რელიგიის შენარჩუნების შესაძლებლობას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ ცენტრებში. ხელშემკვრელი მხარეები ხელს უწყობენ და აიოლებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ეხმარება ამ პირებსა და მათ ორგანიზაციებს. მიუხედავად ამისა, ისინი სათანადოდ ითვალისწინებენ ამ ადამიანების ინტერესებს საერთო დახმარების პროგრამების ფარგლებში. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უნდა ექვემდებარებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 12🔗 არასამთავრობო ორგანიზაციები ხელშემკვრელი მხარეები თანამშრომლობის მიზნით უზრუნველყოფენ პირდაპირ კავშირს საზოგადოებრივ ჯგუფებს და ასოციაციებს შორის, როგორიცაა, პროფესიული კავშირები, ეკლესიები და რელიგიური საზოგადოებები, ეროვნული უმცირესობები და ფონდები. ისინი ამხნევებენ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ პროექტები, რომლებიც ემსახურება ამ შეთანხმების მიზნებს. მუხლი 13🔗 თანამშრომლობა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე ხელშემკვრელი მხარეები ამარტივებენ და ახალისებენ პარტნიორულ თანამშრომლობას რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე. მუხლი 14🔗 კულტურის დაწესებულებები და ექსპერტები (1) ხელშემკვრელი მხარეები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხელს უწყობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის კულტურული დაწესებულებების შექმნასა და ფუნქციონირებას თავიანთ ქვეყნებში. (2) ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კულტურულ დაწესებულებებს წარმოადგენს კულტურული ინსტიტუტები, უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, ასევე მასწავლებელთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ზრდასრულთა განათლების, ან პროფესიული მომზადების და გადამზადების დაწესებულებები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები ან სხვა დაწესებულებები, რომლებიც მთლიანად ან ძირითადად ფინანსდება სახელმწიფო სახსრებიდან. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას, გოეთეს ინსტიტუტს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს (DAAD) და საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალურ უწყებას (ZfA). (3) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კულტურის დაწესებულებებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეების მიერ ოფიციალური დავალებებით მივლინებული სპეციალისტების სტატუსი – განსაკუთრებით ინიციატივის „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) და იუნესკოსთვის გერმანული კომისიის საერთაშორისო კულტურული ნებაყოფლობითი სამსახურის (Kulturweit) მრჩევლებისა და მასწავლებლების სტატუსი – რეგულირდება წინამდებარე შეთანხმების დანართით. აღნიშნული დანართი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 15🔗 კონსულტაციები კულტურის სფეროში ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლები, საჭიროებისამებრ ან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე, შერეული კომისიის სახით მონაცვლეობით შეიკრიბებიან საქართველოში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული გაცვლების შესაჯამებლად და რეკომენდაციებისა და შემდგომი კულტურული თანამშრომლობის პროგრამების შესამუშავებლად. მუხლი 16🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით. მუხლი 17🔗 ცვლილებების შეტანა წინამდებარე შეთანხმების დებულებები შეიძლება შესწორდეს და შეიცვალოს ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთთანხმობით ცალკე დოკუმენტის სახით, რომელიც ძალაში შევა იმავე წესით, როგორც წინამდებარე შეთანხმება. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 18🔗 ძალაში შესვლა (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა ხელშემკვრელი მხარეები შესაბამისი ნოტით აცნობებენ ერთმანეთს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. გადამწყვეტია ბოლო შეტყობინების მიღების დღე. (2) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ 1993 წლის 25 ივნისის შეთანხმება აღარ იმოქმედებს დროებითი გამოყენების წესით. (3) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობას შორის 1973 წლის 19 მაისის შეთანხმება კულტურული თანამშრომლობის შესახებ წყვეტს მოქმედებას საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მიმართებაში. მუხლი 19🔗 მოქმედების ვადა და შეწყვეტა წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხუთი წლის ვადით. ამის შემდეგ ის გაგრძელდება შემდგომი ხუთ-ხუთი წლის პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით ექვსი თვით ადრე არ აცნობებს, მოქმედების შესაბამისი ვადის გასვლისას შეთანხმების მოშლის შესახებ. მუხლი 20🔗 რეგისტრაცია გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმების გაეროს სამდივნოში რეგისტრაციის ინიცირებას, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ ახდენს საქართველოს მთავრობა. მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება რეგისტრაციის შესახებ და გადაეცემა გაეროს რეგისტრაციის ნომერი, როდესაც რეგისტრაცია დადასტურდება გაეროს სამდივნოს მიერ. შესრულებულია, ქ. ბერლინში, 2022 წლის 13 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების  დანართი 1. (1) წინამდებარე დანართის დებულებები ვრცელდება კულტურულ დაწესებულებებზე და მივლინებულ სპეციალისტებზე, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლში. (2) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის მივლინებული სპეციალისტები არიან ის სპეციალისტები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარეების მიერ ოფიციალური დავალებით წარგზავნილ იქნენ კულტურის, მეცნიერებისა და პედაგოგიკის დარგებში, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული. (3) მივლინებული სპეციალისტების რაოდენობა პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს იმ მიზანს, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი კულტურული დაწესებულება. 2. (1) მიმღებ სახელმწიფოში შესვლამდე ბინადრობის ნებართვა ვიზის სახით მოთხოვნილი უნდა იყოს მიმღები სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობაში. ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია მიმღებ სახელმწიფოში. (2) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოები განაცხადის საფუძველზე უფასოდ გასცემენ ბინადრობის ნებართვას მივლინებული სპეციალისტებისთვის და ერთ ოჯახში მცხოვრები მათი ოჯახის წევრებისთვის მოქმედი საკანონმდებლო დებულებების შესაბამისად. აღნიშნულ ნებართვებს უნდა ჰქონდეთ მრავალჯერადი შესვლა-გამოსვლის უფლება მათი მოქმედების პერიოდში. ბინადრობის ნებართვა მივლინებულ სპეციალისტებს უნდა აძლევდეს იმ კულტურულ დაწესებულებებში მუშაობის უფლებას, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლითაა განსაზღვრული. (3) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის ოჯახის წევრი არის მეუღლე, შვილი, მივლინებული სპეციალისტის მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირი და პირი, რომლის მიმართაც მივლინებულ სპეციალისტს შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვს რჩენის ვალდებულება, ასევე რეგისტრირებული პარტნიორი. 3. (1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები მივლინებულ სპეციალისტებს და მათი ოჯახის წევრებს ათავისუფლებენ საბაჟო გადასახადისაგან და იმპორტისა და რეექსპორტის სხვა გადასახდელებისგან მათ მფლობელობაში არსებულ შემდეგ ნივთებთან მიმართებაში: ა)  საყოფაცხოვრებო ნივთები (მათ შორის, პირადი ავტომობილები), თუ ისინი საცხოვრებლად გადასვლამდე მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენებოდა და მიმღებ ქვეყანაში ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის მიღებიდან თორმეტი თვის განმავლობაში გაშვებულია გადასახადებიდან თავისუფალ მიმოქცევაში საბოლოო გამოყენებისთვის; ბ) მგზავრობის პერიოდში წამლის ტრანსპორტირება მგზავრის პირადი გამოყენებისთვის; გ)  ფოსტის საშუალებით იმპორტირებული პირადი სარგებლობის ნივთები და საჩუქრები, მიმღებ ქვეყანაში მოქმედი რაოდენობისა და ღირებულების ზღვარის ფარგლებში. (2) გადასახდელებისგან გათავისუფლების მიუხედავად, იმპორტისა და რეექსპორტის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული აკრძალვები და შეზღუდვები. (3) განბაჟების გარეშე იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა ან სხვაგვარად გასხვისება მიმღებ ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ თორმეტი თვის გასვლის ან იმპორტის გადასახდელების გადახდის შემდეგ. 4. ხელშემკვრელი მხარეები ეხმარებიან მივლინებულ სპეციალისტებს და მათი ოჯახის წევრებს იმპორტირებული ავტომობილების რეგისტრაციის საქმეში. 5. ხელშემკვრელი მხარეები მივლინებულ სპეციალისტებს და მათი ოჯახის წევრებს ანიჭებენ შეუზღუდავი გადაადგილების თავისუფლებას მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ შესრულებულია ამ დანართის მე-2 პუნქტის (1) ქვეპუნქტში აღნიშნული პირობები. 6. მივლინებული სპეციალისტების ხელფასები და თანამდებობრივი სარგოს დაბეგვრის საკითხი რეგულირდება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოქმედი შეთანხმებით და ასევე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი დებულებების შესაბამისად. 7. მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში მივლინებულ სპეციალისტებს და მათი ოჯახის წევრებს ენიჭებათ: ა)  რეპატრიაციის იგივე შეღავათები ეროვნული და საერთაშორისო კრიზისის დროს, როგორც ორივე ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს უცხოელ სპეციალისტებს მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა დებულებების შესაბამისად; ბ) ზოგადი საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებები საზოგადოებრივი არეულობის დროს მათი ქონების დაზიანების ან დაკარგვისას. 8. (1) კულტურის დაწესებულებებს შეუძლიათ მივლინებულ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი კადრების დასაქმება. ადგილობრივი კადრები შეიძლება იყვნენ წარმგზავნი სახელმწიფოს, მიმღები სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეები. (2) ადგილობრივი კადრების შემთხვევაში მუშაობის დაწყების უფლება, სამუშაო ურთიერთობა და სხვა სამუშაო პირობები რეგულირდება მიმღებ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9.  (1) ხელშემკვრელი მხარეები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ათავისუფლებენ კულტურის დაწესებულებებს, ნაცვალგების პრინციპით, მათი საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობის იმპორტისა და რეექსპორტის საბაჟო გადასახადისა და სხვა გადასახდელებისგან. (2) განბაჟების გარეშე იმპორტირებული ნივთების გაყიდვა ან სხვაგვარად გასხვისება მიმღებ ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ იმპორტის გადასახდელების გადახდის შემდეგ ან მიმღებ ქვეყანაში ამ ნივთების გასხვისებაზე მოქმედი დებულებების პირობების შესრულების შემდეგ. 10.   მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ხელშემკვრელი მხარეები გასცემენ შემდეგ საგადასახადო შეღავათებს: ა) ნაცვალგების პირობით იმ პირდაპირი გადასახადებისგან გათავისუფლება, როგორც სახელმწიფო (ფედერაციისა და ფედერალური მხარეების), ასევე ადგილობრივი გადასახადებისგან, რომლებსაც ექვემდებარება აღნიშნული დაწესებულებების მიერ მიწის ნაკვეთების სასყიდლიანი ან უსასყიდლო შეძენა; ბ) დამატებული ღირებულების საგადასახადო შეღავათები მეორე ხელშემკვრელი მხარის კულტურის დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურებისთვის. 11. (1) ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ კულტურის დაწესებულებების მოქმედების თავისუფლებას. მათ შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ სამინისტროებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, საზოგადოებებს, ასოციაციებს და კერძო პირებს. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და თავიანთი მოვალეობების შესაბამისად, კულტურის დაწესებულებებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშების გახსნა და საბანკო ოპერაციების განხორციელება. (2) თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუშვებს კულტურის დაწესებულებების და მათი ღონისძიებების შეუზღუდავ საჯარო ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს მათ ჩვეულ ფუნქციონირებას. ღონისძიებებს, რომელსაც კულტურის დაწესებულებები გამართავენ, შეიძლება დაესწრონ ის პირებიც, რომლებიც არ არიან ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები. (3) კულტურული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული მხატვრული და სალექციო ღონისძიებები ასევე შეიძლება იყოს განხორციელებული ისეთი პირების მიერ, რომლებიც არ არიან ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, თუ ისინი აკმაყოფილებენ მიმღებ სახელმწიფოში შესვლისა და ყოფნის პირობებს. 12. ადმინისტრაციული ხასიათის შეღავათები, თუ ამის საჭიროება არსებობს, შეიძლება დარეგულირდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის ცალკე შეთანხმების სახით ნოტების გაცვლის გზით, თითოეულ ქვეყანაში მოქმედი პირობების გათვალისწინებით.