„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 23.08.2022
ძალაში შესვლა 14.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №23-4
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016775
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2024
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| შეთანხმება | შეთანხმება |
| საქართველოს მთავრობის სახელით | მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით |
| ზაზა გაბუნია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელფი | მარსელო ლუის ებრარდ კასაუბანი საგარეო საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობას და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ძირითადი შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის, ხელოვნების, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს მთავრობა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,
სურთ რა, დაამყარონ და გააძლიერონ თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის;
სწამთ რა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებას;
აღიარებენ რა იმ მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, აღიარებენ კონკრეტული თანამშრომლობის პროგრამების შესრულებისა და განათლებისა და კულტურის სფეროში გაცვლების საჭიროებას, ახალი საერთაშორისო განვითარებების დინამიკის ფარგლებში;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
წინამდებარე შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეთა შორის თანამშრომლობას განათლებისა და კულტურის სფეროებში, იმ საქმიანობის განხორციელების მეშვეობით, რომელიც წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ცოდნის გაღრმავებაში, იმ საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, საერთაშორისო შეთანხმებებითა და მხარეთა სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულების დაცვის გზით.
მუხლი II
მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთ ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებს შორის თანამშრომლობას ექსპერტთა, პუბლიკაციებისა და მასალის გაცვლისა და შემდგომი ერთობლივი თანამშრომლობის პროექტების შემუშავების გზით.
მუხლი III
მხარეები ითანამშრომლებენ უმაღლესი განათლების სფეროში, თითოეული მხარის საგანმანათლებლო სისტემების სფეროში ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით და წაახალისებენ თავიანთ უმაღლეს საგანმანათლებლო, კულტურულ და კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას კონკრეტული შეთანხმებების, თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობისა და ექსპერტთა გაცვლის მიზნით.
მუხლი IV
მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტთა გაცვლას სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მეშვეობით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე.
მუხლი V
1. მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის.
2. მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას ახალგაზრდობის სფეროში და ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამების, კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების, ასევე, ექსპერტების, კვლევებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
3. მხარეები ხელს შეუწყობენ ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები წაახალისებენ ეროვნულ დონეზე ერთობლივი პროგრამების შემუშავებას, ექსპერტებთან, მწვრთნელებთან და ახალგაზრდობის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებთან ერთად.
4. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის, შეხვედრების, კონფერენციების, სასწავლო ვიზიტების და სხვა საქმიანობების განვითარებას. მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას ახალგაზრდულ სფეროში მოქმედ სტრუქტურებს შორის.
მუხლი VI
1. მხარეები წაახალისებენ ერთმანეთის ენის, ლიტერატურისა და, ზოგადად, კულტურის შესწავლას.
2. მხარეები განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდობას გააცნოს ორივე ქვეყნის ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტული პოტენციალი.
მუხლი VII
მხარეები წაახალისებენ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლას და სხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით.
მუხლი VIII
მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობის კავშირებს თავიანთ ეროვნულ საარქივო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, ფოტოგრაფიულ ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებს შორის და წაახალისებენ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის გავრცელებასა და შენარჩუნებას, ასევე, უზრუნველყოფენ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, თავიანთი სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად.
მუხლი IX
მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ამოწურავენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლო საშუალებას თითოეული მხარის ტერიტორიიდან უკანონოდ გატანილი დაცული კულტურული საკუთრების დაბრუნების ან რესტიტუციის მიზნით, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და იმ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების თანახმად, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი X
მხარეები ხელს შეუწყობენ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ლიტერატურული პროცესის განვითარებისკენ, მწერალთა ურთიერთგაცვლის, წიგნის ბაზრობებზე, შეხვედრებში მონაწილეობის, თარგმანის და ერთობლივი საგამომცემლო პროექტების განხორციელების გზით. მხარეები ასევე ეცდებიან გააღრმავონ კავშირები თავიანთ გამომცემლობებს შორის ლიტერატურული პროცესის განვითარების მიზნით.
მუხლი XI
1. მხარეები წაახალისებენ საავტორო და სხვა უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, თავიანთი შესაბამისი ეროვნული სისტემების აღნიშნულ სფეროებში ურთიერთაღიარების მიზნით.
2. მხარეები სათანადოდ დაიცავენ ლიტერატურულ, დიდაქტიკურ, სამეცნიერო ან მხატვრულ ნაწარმოებებს და უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელ ზომასა და პროცედურების განხორციელებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი კანონების დაცვის მიზნით, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და იმ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი XII
მხარეები ხელს შეუწყობენ კინემატოგრაფიის სფეროში კოპროდუქციის განვითარებას, ფილმების ურთიერთგაცვლას, მოქმედ კინემატოგრაფისტებს, ექსპერტებსა და ტექნიკოსებს შორის შეხვედრებს, ასევე, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, მათ მონაწილეობას ორივე ქვეყნის კინოფესტივალებში.
მუხლი XIII
მხარეები წაახალისებენ ინფორმაციის გაცვლას კულტურული ინდუსტრიების შესახებ და ამ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მუხლი XIV
მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ კომპეტენტურ დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელების მიზნით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილთან მიმართებით, განსაკუთრებული ყურადღებით ქალებზე, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ხანდაზმულებსა და მკვიდრ მოსახლეობაზე.
მუხლი XV
1. მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ორივე ქვეყნის იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოხუცთათვის უზრუნველყონ საგანმანათლებლო, კულტურული, დასვენებისა და რეკრეაციული მომსახურებები.
2. მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას თავიანთ შესაბამის დაწესებულებებს შორის ახალგაზრდობის, რეკრეაციის, ფიზიკური განათლებისა და სპორტის საკითხებზე.
3. მხარეები წაახალისებენ დელეგაციების, გუნდების, სპორტსმენების, მწვრთნელების, ფიზიკური აღზრდის და სპორტის სფეროს სპეციალისტების, ასევე, სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ისინი ხელს შეუწყობენ ერთობლივი საწარმოების დაარსებას და სპორტული ინვენტარისა და აღჭურვილობის გაცვლას.
მუხლი XVI
1. წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად, მხარეები საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივად შეიმუშავებენ ორწლიან ან სამწლიან პროგრამებს, ორივე ქვეყნის პრიორიტეტების გათვალისწინებით, განათლების, კულტურისა და სოციალური განვითარების სფეროებში თავიანთი გეგმებისა და სტრატეგიების საფუძველზე.
2. თითოეული პროგრამა უნდა აზუსტებდეს პროექტის კონკრეტულ მიზანს, თანამშრომლობის ფორმებს, დაფინანსების წყაროებსა და ტექნიკურ რესურსებს, სამუშაო გრაფიკებსა და პროექტების განხორციელების სფეროებს. მათ ასევე უნდა მიუთითონ ვალდებულებები, თითოეული მხარის ფინანსური ვალდებულებების ჩათვლით.
3. პროგრამა შეფასდება პერიოდულად, ამ ხელშეკრულების XVIII მუხლით გათვალისწინებული მაკოორდინირებელი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი XVII
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, განათლების და კულტურის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობა შესაძლოა, განხორციელდეს შემდეგი ფორმით:
კვლევითი პროგრამების ერთობლივი და კოორდინირებული განხორციელების ხელშეწყობა;
პირდაპირი თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმების ხელშეწყობა ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;
კონგრესების, კონფერენციების, სემინარების, აკადემიური და სხვა ერთობლივი საქმიანობების ორგანიზების წახალისება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის რეგიონული და ადგილობრივი ახალგაზრდული დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ექსპერტები, წარმომადგენლები;
ექსპერტების, პროფესორების, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის ხელშეწყობა;
ნაცვალგების პრინციპზე, გამოკვლეულ იქნეს შესაძლებლობები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე;
მხარეების მიერ თანამშრომლობა მხარეების ქვეყანაში მიღებული ხარისხის, სერტიფიკატებისა და სასწავლო პროცესის აღიარების თაობაზე;
მწერლების, ხელოვანების, სოლისტებისა და მხატვრული ჯგუფების, ასევე, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში ექსპერტების უზრუნველყოფა და მიღება მხატვრული განათლების გამოცდილების გაცვლის მიზნით;
ორივე ქვეყანაში გამართულ კულტურულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალებში, ასევე, წიგნის ბაზრობებსა და ლიტერატურულ შეხვედრებში მონაწილოების მიღება;
ერთი მხარის ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლის გამოფენების ორგანიზება და პრეზენტაცია მეორე ქვეყანაში;
თითოეული ქვეყნის ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნა და ერთობლივი გამოცემა;
კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო მასალების უზრუნველყოფა ან მიღება;
საგანმანათლებლო და კულტურული გამოყენებისთვის გამიზნული აუდიო-ვიზუალური მასალებისა და რადიო და სატელევიზიო პროგრამების მიწოდება ან მიღება;
ფილმებისა და მსგავსი მასალების უზრუნველყოფა თითოეული ქვეყნის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის;
საგანმანათლებლო მიზნებით სპორტული მასალების უზრუნველყოფა;
საინფორმაციო, ბიბლიოგრაფიული და დოკუმენტური მასალის უზრუნველყოფა/მიღება განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში;
განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება მესამე ქვეყნებში და
ნებისმიერი სხვა ფორმის საქმიანობის განხორციელება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი XVIII
1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის შემდგომი ქმედებების განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება შერეული კომისია განათლებისა და კულტურის საკითხებზე. აღნიშნული კომისიის საქმიანობის კოორდინაცია განხორციელდება შესაბამისი საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ, შედგება ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან და შეიკრიბება, მონაცვლეობით, საქართველოსა და მექსიკის შეერთებულ შტატებში, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მხარეებს შორის შეთანხმებულ დღეს. შერეული კომისიის ფუნქციებია:
განათლების, კულტურის, ხელოვნების, ახალგაზრდობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, როგორც პრიორიტეტულ სფეროებში კონკრეტული თანამშრომლობის პროექტების სავარაუდო განხორციელების შეფასება და განსაზღვრა;
განათლების, კულტურის, ხელოვნების, ახალგაზრდობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის პროგრამების ანალიზი, მიმოხილვა, დამტკიცება, მონიტორინგი და შეფასება;
წინამდებარე შეთანხმების სათანადო ფუნქციონირების კონტროლი, ასევე, შეთანხმებული პროექტების შესრულება, მათი დასრულების მიზნით საშუალებების მოძიება მათი მოქმედების პერიოდის განმავლობაში;
იმ ადმინისტრაციული და ფინანსური პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზება, რაც შესაძლოა, წამოიჭრას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას, და
მხარეებისათვის საჭირო რეკომენდაციების წარდგენა.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მეორე მხარეს წარუდგინოს კონკრეტული თანამშრომლობის პროექტი განათლების, კულტურის, ხელოვნების, ახალგაზრდობის, ფიზიკური აღზრდის და სპორტისა და სხვა მსგავს სფეროებში შერეული კომისიის მიერ აღნიშნული პროექტების შესწავლისა და შემდგომი დამტკიცების მიზნით.
მუხლი XIX
წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით შეიძლება მოითხოვონ ფინანსური დახმარება გარე წყაროებიდან, როგორიცაა, საერთაშორისო ორგანიზაციები და მესამე ქვეყნები.
მუხლი XX
მონაწილეების მობილობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც არიან ჩართულები წინამდებარე შეთანხმებიდან წარმოქმნილი თანამშრომლობის პროგრამებში, განისაზღვრება მხარეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად და თანხმდება დამოუკიდებლად. ასეთი მონაწილეები დაექვემდებარებიან მიმღები ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას და დატოვებენ მიმღებ ქვეყანას მისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი XXI
თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეები უზრუნველყოფენ ყველა ადმინისტრაციული, საგადასახადო და საბაჟო პირობების შესრულებას, რაც აუცილებელია პროექტის შესრულებისათვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების მათ ტერიტორიაზე შემოტანისა და გატანისთვის.
მუხლი XXII
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა ან/და კონსულტაციების გზით.
მუხლი XXIII
მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს შეტანილი ცვლილებები და დამატებები. ისინი გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, და ძალაში შევა XXIV მუხლის დებულებათა შესაბამისად.
მუხლი XXIV
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი (5) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება იგივე პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისთვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.
თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ იქონიებს შეთანხმების ძალაში ყოფნის განმავლობაში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების დასრულებაზე.
ხელმოწერილია ქ. მეხიკოში, ორი ათას ოცდაორი წლის ოცდასამ აგვისტოს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე; ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობის
სახელით
ზაზა გაბუნია
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელფი
მარსელო ლუის ებრარდ კასაუბანი
საგარეო საქმეთა მინისტრი