ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის გადაწყვეტილება
საქმე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N 53974/15)
სტრასბურგი
2023 წლის 2 ნოემბერი
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:
სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,ლადო ჭანტურია,მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,გაითვალისწინა რა:
საჩივარი (N 53974/15) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2015 წლის 10 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქემ, ბ-ნმა გიორგი ოქროპირიძემ (შემდგომში „მომჩივანი“), დაბადებული 1989 წელს, რომელსაც წარმოადგენდა ბ-ნი ბ. ბოჭორიშვილი, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს თბილისში;
გადაწყვეტილება, ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრების შესახებ, რომლებიც ეხებოდა მომჩივნის სავარაუდო თვითნებურ დაპატიმრებას და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;
მხარეთა მოსაზრებები;
მთავრობისთვის მიცემული ინფორმაცია, რომ საქმე გადაეცა კომიტეტს;
2023 წლის 5 ოქტომბრის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
საქმის არსი
1. საჩივარი, რომელიც შეტანილია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ეხება მომჩივნის სავარაუდო უკანონო და თვითნებურ წინასწარ პატიმრობას.
2. 2014 წლის 12 სექტემბერს მომჩივანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში (შემდგომში „პირველი სისხლის სამართლის საქმე“). 2014 წლის 13 სექტემბერს ის მოთავსებული იქნა წინასწარ პატიმრობაში, წინასწარი პატიმრობისთვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადით, რომელიც გადიოდა 2015 წლის 11 ივნისს.
3. 2015 წლის 9 ივნისს მომჩივანი პატიმრობაში დატოვეს ახალი ბრალდებით ცრუ ბრალდებების გაკეთების შესახებ (შემდგომში „მეორე სისხლის სამართლის საქმე“). მეორე სისხლის სამართლის საქმე ეხებოდა მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2014 წლის სექტემბერში, როდესაც მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას ციხეში ცუდად ეპყრობოდნენ. მრავალი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემდეგ საქმის მწარმოებელმა პროკურორმა გადაწყვიტა, არ გაეგრძელებინა გამოძიება, მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო. შესაბამისი გამოძიება შეწყვეტილი იქნა 2014 წლის 13 ოქტომბერს, რათა ხელახლა გახსნილიყო 2015 წლის 6 ივნისს. საქმის ხელახლა გახსნის მიზეზი, რომელიც მითითებული იყო დადგენილებაში ბრალდების შესახებ, იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის მტკიცებები სავარაუდო ცუდი მოპყრობის შესახებ საფუძვლიანად იქნა გამოძიებული, გამოძიებას გამორჩა, გამოეძიებინა, ჩაიდინა თუ არა მომჩივანმა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც უკავშირდება ცრუ ბრალდებებს.
4. მომჩივანმა გაასაჩივრა მისი წინასწარი პატიმრობა მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ამტკიცებდა რა, რომ გამოძიების ხელახალი გახსნის ერთადერთი მიზეზი, მისი დახურვიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, იყო მისი გათავისუფლების თავიდან აცილება მისი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, პირველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობის პერიოდი, რომლის ბრძანებაც გაიცა მეორე სისხლის სამართლის საქმეში, აჭარბებდა ასეთი პატიმრობისთვის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ცხრათვიან ვადას, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და კონსტიტუციის მე-18 მუხლით. 2015 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მომჩივნის წინასწარი პატიმრობის შესახებ.
5. 2015 წლის 29 ივლისსა და 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყო მომჩივნის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ. მან დაადგინა, რომ ცხრათვიანი პერიოდი ითვლებოდა ცალკე თითოეული სისხლის სამართალწარმოებისთვის და, რომ არსებობდა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, რომლებიც ასაბუთებდა მომჩივნის პატიმრობის გაგრძელებას მეორე სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის.
6. იმავდროულად, 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე Giorgi Ugulava v. the Parliament of Georgia და დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნორმატიული შინაარსი“, რომელიც შეიძლება გაგებული იქნეს, როგორც ცხრათვიანი ვადის ცალკე განმეორებითი შეფარდების ნებართვის მიცემა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, თვითნებობის წინააღმდეგ რაიმე გარანტიის გარეშე, იყო არაკონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ცხრათვიანი პერიოდის გაანგარიშება, პრინციპში, შეიძლებოდა ცალ-ცალკე სისხლის სამართლის საქმისწარმოების თითოეული ეტაპისთვის, იმ პირობით, რომ ბრალდებულ პირს, რომელსაც უკვე ბრალად ედებოდა ერთი დანაშაული, კვლავ წაუყენებდნენ ბრალს სხვა დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა მას შემდეგ, რაც მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე იქნა გამოყენებული თავდაპირველ ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი აზრით, ის, რასაც კონსტიტუცია კანონგარეშედ აცხადებდა, იყო პირისთვის ბრალის წაყენებისას წინასწარ განზრახული დაყოვნება ან „თანამიმდევრული“ წინასწარი პატიმრობის დაგვიანებული შეფარდება, რათა გახანგრძლივებულიყო წინასწარი პატიმრობის მთლიანი პერიოდი თითოეული თანამიმდევრულად წაყენებული ბრალისთვის (იხ. საქმე Ugulava v. Georgia, no. 5432/15, §§ 47‑48, 2023 წლის 9 თებერვალი).
7. მომჩივნის წინასწარი პატიმრობა დასრულდა 2015 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისი მსჯავრდებით მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, პირველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და მისთვის 20-წლიანი პატიმრობის მისჯით.
8. 2017 წლის 10 ნოემბერს მომჩივანი გაამართლეს მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. მისი გამართლება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 23 აპრილსა და შესაბამისად, 7 ნოემბერს.
სასამართლოს შეფასება
კონვენციის მე-5(1) მუხლის სავარაუდო დარღვევა
9. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასეთი პატიმრობისთვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის – ცხრა თვის – გასვლის შემდეგ, იყო უკანონო და თვითნებური. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
10. შესაბამისი ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკავშირდება კონვენციის მე-5(1) მუხლს, შეჯამებული იქნა საქმეში Merabishvili v. Georgia ([GC], no. 72508/13, §§ 181-86 და 22-25, 2017 წლის 28 ნოემბერი; ასევე იხ. საქმე Magnitskiy and Others v. Russia, nos. 32631/09 და 53799/12, §§ 198-200, 2019 წლის 27 აგვისტო).
11. უგულავას საქმეში (ციტირებული ზემოთ, §§ 77-83) განიხილა რა სასამართლომ იდენტური საჩივარი, დაადგინა კონვენციის მე-5(1) მუხლის დარღვევა. სასამართლო მიიჩნევს, რომ უგულავას საქმეში არსებული მისი ანალიზი ასევე ეხება წინამდებარე საჩივარს და ვერ ხედავს განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზს. კერძოდ, მომჩივნის წინასწარი პატიმრობა ორ ცალკე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით აღემატებოდა კანონით დადგენილ მაქსიმალურ, ცხრათვიან ვადას და საერთო ჯამში მან წინასწარ პატიმრობაში გაატარა 15 თვე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრობლემურია დრო და გარემოებები, როცა მომჩივნის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე ხელახლა გაიხსნა და მისი მეორე წინასწარი პატიმრობა მოთხოვნილი იქნა 2015 წლის 9 ივნისს, პირველ სისხლის სამართლის საქმეში კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის გასვლამდე (2015 წლის 11 ივნისი) სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე. თუნდაც ვივარაუდოთ, რომ მეორე სისხლის სამართლის გამოძიება კეთილსინდისიერად გაიხსნა ხელახლა, მაინც გაურკვეველია – და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა ამ გაურკვევლობას ამყარებს – თუ რატომ იქნა დაწესებული წინასწარი პატიმრობა, თუ საქმეში მთავარი მტკიცებულებები შეგროვებული იქნა ჯერ კიდევ 2014 წელს. ზემოაღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე Giorgi Ugulava v. the Parliament of Georgia 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განხილული შესაბამისი შიდა კანონმდებლობის (იხ. საქმე Ugulava, ციტირებული ზემოთ, §§ 47-48), აგრეთვე, სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იქვე, §§ 77-83), სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა 2015 წლის 11 ივნისიდან 26 დეკემბრამდე არღვევდა კონვენციის მე-5(1) მუხლს, ვინაიდან ხელისუფლების ორგანოები მოქმედებდნენ ისე, რომ ვერ იცავდნენ მას თვითნებობისგან.
კონვენციის მე-5 მუხლის სხვა სავარაუდო დარღვევები
12. მომჩივანი ასევე ჩიოდა კონვენციის მე-5(3) მუხლის შესაბამისად, რომ 2015 წლის 29 ივლისისა და 18 სექტემბრის დაპატიმრების ბრძანებებში არ იყო მითითებული შესაბამისი და საკმარისი საფუძველი და რომ მისი წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრელი იყო იმის გამო, რომ არც თავდაპირველი დაპატიმრების ბრძანება და არც წინასწარი პატიმრობის დამადასტურებელ შემდგომ გადაწყვეტილებებში მითითებული იყო დასრულების თარიღი. საქმის გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, აგრეთვე, 2015 წლის 11 ივნისიდან 26 დეკემბრამდე მომჩივნის წინასწარი პატიმრობის თვითნებური ხასიათის შესახებ უკვე მიღწეული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი განიხილოს მომჩივნის დანარჩენი ბრალდებები კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად (იხ. საქმე Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 156, ECHR 2014).
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
13. განმცხადებელმა მოითხოვა 100,000 ევრო (ასი ათასი ევრო) მატერიალურ და მორალურ ზიანთან დაკავშირებით და 12,000 ქართული ლარი შიდა სასამართლოებისა და სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.
14. მთავრობამ განაცხადა, რომ პრეტენზიები მატერიალურ და არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო, ხოლო ხარჯებისა და დანახარჯების მოთხოვნა არ იყო გამყარებული საჭირო დოკუმენტებით.
15. სასამართლო ვერ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევებსა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე ის უარყოფს ამ მოთხოვნას. მეორე მხრივ, ის აკუთვნებს მომჩივანს 1 800 (სამიათას ექვსასი) ევროს (EUR) მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
16. მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მოაკუთვნოს 1 500 ევრო ხარჯების დასაფარად ყველა მიმართულებით და აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
17. სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ საურავის განაკვეთი განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთით, რომელსაც უნდა დაემატოს სამი საპროცენტო პუნქტი.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5(1) მუხლის დარღვევას;
3. ადგენს რომ არ არის აუცილებელი საჩივრის მისაღებობისა და მომჩივნის დანარჩენი პრეტენზიების არსებითი მხარის განხილვა კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით;
4. ადგენს,რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) EUR 1 800 (ათას რვაასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივნებს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
(ii) EUR 1 500 (ათას ხუთასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ „ევროპის ცენტრალური ბანკის“ ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2023 წლის 2 ნოემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მარტინა კელერი სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე