ბიუჯეტში გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადაუხდელი თანხების დასაფარავად საწარმოთა და ორგანიზაციათა სადეპოზიტო ანგარიშებიდან და მენარჩენე საწარმოთა დებიტორებისაგან კუთვნილი თანხების უდავო წესით ჩამოწერის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 27.02.1995
გამომცემი ორგანო სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №03-I-I
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(3).00.000000
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 20/09/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ბიუჯეტში გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადაუხდელი თანხების დასაფარავად საწარმოთა და ორგანიზაციათა სადეპოზიტო ანგარიშებიდან და მენარჩენე საწარმოთა დებიტორებისაგან კუთვნილი თანხების უდავო წესით ჩამოწერის შესახებ
საქართველო რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის
ერთობლივი ბრძანება №03-I-I , №08-1-06, №300116/45
1995 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ბიუჯეტში გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადაუხდელი თანხების დასაფარავად საწარმოთა და ორგანიზაციათა სადეპოზიტო ანგარიშებიდან და მენარჩენე საწარმოთა დებიტორებისაგან კუთვნილი თანხების უდავო წესით ჩამოწერის შესახებ
„რესპუბლიკაში საგადასამხდელო დისციპლინის განმტკიცების, ანგარიშსწორების მოწესრიგებისა და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 სექტმბრის №287 ბრძანებულების მე-4 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ბიუჯეტთან დროული ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოთა და ორგანიზაციათა სადეპოზიტო ანგარიშებზე სახსრების არსებობისას საგადასახადო ოორგანოები მათ წარუდგენენ მოთხოვნას სადეპოზიტო ანგარიშიდან ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების გადატანის თაობაზე. ამ მოთხოვნის 10 კალენდარული დღის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოები ახდენენ სადეპოზიტო ანგარიშებიდან სახსრების ჩამოწერას. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ ბიუჯეტის კუთვნილი სახსრების ამოღების მენარჩენე საწარმოთა და ორგანიზაციათა დებიტორებისაგან და გარანტიის მიმცემი ორგანიზაციებისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი აწესებენ საწარმოთა და ორგანიზაციათა სადეპოზიტო ანგარიშებიდან და მენარჩენე საწარმოთა დებიტორებისაგან კუთვნილი თანხების უდავო წესით ჩამოწერის შემდეგ წესს:
1. სადეპოზიტო ანგარიშებზე სახსრების არსებობისას საგადასახადო ორგანოები საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს წარუდგენენ წერილობით მოთხოვნას სადეპოზიტო ანგარიშიდან ანგარიშისწორების ანგარიშზე სახსრების გადატანის შესახებ. საგადასახადო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საწარმოები და ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამისი საბანკო დაწესებულებების წინაშე დასვან საკითხი სადეპოზიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და ბანკისათვის გადაცემული სახსრების აღნიშნულ ვადაში უკან დაბრუნების შესახებ. ამასთან ერთად საწარმოები და ორგანიზაციები საბანკო დაწესებულებებს წარუდგენენ საგადასახადო ორგანოების მოთხოვნას სადეპოზიტო ანგარიშიდან ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების გადატანის თაობაზე.
სადეპოზიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღეს საბანკო დაწესებულებები მოქმედი წესის შესაბამისად ახდენენ სადეპოზიტო სახსრების გადარიცხვას საწარმოთა ანგარიშსწორების ანგარიშზე.
2. სადეპოზიტო ანგარიშიდან ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების გადატანის შესახებ საგადასახადო ორგანოების წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექცია წარუდგენს საინკასო დავალებებს / განკარგულებას/ სადეპოზიტო ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერის შესახებ შესაბამის საბანკო დაწესებულებას. სადეპოზიტო ანგარიშზე წარდგენილ საინკასო დავალებაში / განკარგულებაში/ აუცილებელია მიეთითოს ტექსტში „გადაიხდევინება ნარჩენი /ჯარიმა, საურავი/ ------------------------------- / გადასახადის სახეობა და ანგარიში, სადაც ჩაირიცხება/-------------------------/ რომელი პერიოდისათვის/, სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის №287 ბრძანებულების შესაბამისად“.
3. საგადასახადო ორგანიებიდან მიღებული საინკასო დავალდების /განკარგულების/ საფუძველზე საბანკო დაწესებულება არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღეს ახდენს სადეპოზიტო ანგარიშიდან ბიუჯეტში თანხების გადარიცხვას.
4. სადეპოზიტო ანგარიშიდან სახსრების ჩამოწერაზე საგადასახადო ორგანოების მიერ საინკასო დავალების /განკარგულების/ წარდგენა ითვლება საწარმოს ინიციატივით სადეპოზიტო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტად.
5. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოდან მიღებული საინკასო დავალებების/ განკარგულებების/ რეგისტრაციას რწმუნებული ბანკები ახდენენ სპეციალურ ჟურნალში მათი მიღების დღეს, რომელშიც აღინიშნება დავალების /განკარგულების / ნომერი და თარიღი, ბანკის მიერ მისი მიღების თარიღი, თანხა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომელმაც წარადგინა დავალება /განკარგულება/. ჟურნალში ჩანაწერის ვიზირებას ახდენს რწმუნებული ბანკის მთავარი ბუღალტერი ან მისი მოადგილე.
6. სადეპოზიტო და სავალუტო ანგარიშებზე სახსრების უკმარისობისას ან არარსებობისას ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებების შესრულების მიზნით ან საგადასახადო ორგანოების ახდენენ მენარჩენე საწარმოთა დებიტორებიდან და გარანტიის მიმცემი ორგანიზაციებიდან თანხების უდავო წესით ჩამოწერას.
7. საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ ბიუჯეტის წინაშე დავალიანება /შემდგომში მენარჩენე-საწარმო/, საგადასახადო ორგანოების მოთხოვნით მათ წარუდგენენ ბალანსზე რიცხულ დებიტორ-საწარმოთა სიას /ჩამონათვალს/ დებიტორული დავალიანების თანხების, დავალიანების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის თარიღისა და ნომრის, დებიტორ საწარმოთა ანგარიშსწორების ანგარიშისა და მისი მომსახურე ბანკის დასახელების, ადგილმდებარეობისა და საკორესპონდენტო ანგარიშის ჩვენებით.
დებიტორ-საწარმოთა ჩამონათვალთან ერთად მენარჩენე - საწარმო საგადასახადო ინსპექციას წარუდგენს განცხადებას ბიუჯეტში ნარჩენი გადასახადების დებიტორებისაგან ჩამოწერის შესახებ. განცხადებას ხელს აწერს საწარმოს /ორგანიზაციის, დაწესებულების/ ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი.
8. საგადასახადო ინსპექციაში დებიტორ-საწარმოთა ჩამონათვალისა და განაცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს მენარჩენე-საწარმო დებიტორ-საწარმოს უგზავნის შეტყობინებას ბიუჯეტის დავალიანების დასაფარავად დებტორული დავალიანების მიმართვის შესახებ. შეტყობინებაში აუცილებელია მიეთითოს დებიტორული დავალიანების თანხა და იმ დოკუმენტების თარიღი და ნომერი, რომლის მიხედვითაც წარმოშობილია დებიტორული დავალიანება.
შეტყობინებას ხელს აწერს საწარმოს /ორგანიზაციის, დაწესებულების/ ხელმძღვანელი და მთავარი ბღალტერი. შეტყობინების ერთი ეგზემპლიარი წარედგინება სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას.
9. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნით საჭიროების შემთხვევაში მენარჩენე-საწარმოები წარადგენენ დებიტორული დავალიანების შესახებ შდარების აქტს ან მის შემცვლელ სხვა დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნება, როგორც მენარჩენე-საწარმოს ისე დებიტორ-საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ.
10. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია მიღებული მასალების საფუძველზე გამოწერს საინკასო დავალებას /განკარგულებას/ დებიტორ - საწარმოსაგან მენარჩენე-საწარმოს კუთვნილი თანხების უდავო წესით ჩამოწერის შესახებ მხოლოდ იმ თანხების ფარგლებში, რაც საკმარისია ბიუჯეტის წინაშე დავალიანების დასაფარავად, მაგრამ არაუმეტეს დებიტორული დავალიანების თანხისა.
საინკასო დავალებაში /განკარგულებაში/ აუცილებელია მიეთითოს შემდეგი შინაარსის ტექსტში „გადაიხდევინება ნარჩენი /ჯარიმა, საურავი/ -----------------------/ გადასახადის სახეობა და ანგარიში სადაც ჩაირიცხება /-------------------------/ რომელი პერიოდისათვის/ ------------------------------ / მენარჩენე-საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების დასახელება/ ბალანსზე რიცხული დებიტორული დავალიანების ანგარიშში, მევალე საწარმოს 199 წელს № განაცხადების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 1 სექტემბრის №287 ბრძანებულების შესაბამისად“.
11. სახელმწიფო საგადასახადო ინსექცია საკუთარი საშუალებებით უზრუნველყოფს საინკასო დავალების /განკარგულების/ ყველა ეგზემლიარის დებიტორი-საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში ჩაბარებას, რომელიც მათ წარადგენს დებიტორ-საწარმოს მომსახურე ბანკში.
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები /როგორც მენარჩენე-საწარმოს, ისე დებიტორ-საწარმოს ადგილმდებარეობის მიხედვით /ახდენენ აღნიშნული საინკასო დავალებების / განკარგულებების / ცალკე აღრიცხვას.
12. იმ შემთხვევაში, როცა მენარჩენე-საწარმო უარს აცხადებს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას წარუდგინოს განცხადება ბიუჯეტში ნარჩენი გადასახდელების დებიტოორებისაგან ჩამოწერის შესახებ, მაშინ საგადასახადო ინსპექცია დებიტორ-საწარმოთა წარდგენილი ჩამონათვალის მიხედვით სათანადო საკითხების დამატებით შემოწმებით თვითონ განსაზღვრავს დებიტორული დავალიანების რეალობას, საჭიროების მიხედვით ახდენს დებიტორ-საწარმოსთან სათანადო შედარებას, ადგენს მის გადახდისუნარიოანობას და ახდენს დებიტორული დავალიანების თანხების ჩამოწერას მე-10 პუნქტში გათვალისწინებული წესის შესაბამისად რის შესახებაც ატყობინებს მენარჩენე-საწარმოს.
13. საგადასახადო ორგანოსა და დებიტორ-საწარმოს შორის თანხების ჩამოწერასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტა ხდება მოქმედი წესის შესაბამისად.
14. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოდან მიღებული საინკასო დავალების /განკარგულების/ რეგისტრაცია რწმუნებული ბანკების მიერ ხდება ამ მითითებების მე -5 პუნქტის შესაბამისად.
15. ბიუჯეტის დავალიანების დასაფარავად დებიტორული დავალიანების თანხების ჩამოწერით სახსრების ბიუჯეტში ჩარიცხვიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღეს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია ამის შესახებ წერილობით აცნობებს მენარჩენე-საწარმოს და ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ახდენს სათანადო ჩანაწერს მენარჩენე საწარმოს პირად ბარათზე.
ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებისა და ანგარიშსწორების ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მენარჩენე საწარმო და დებიტორი საწარმო ახდენენ სათანადო ჩანაწერებს ბუღალტრულ აღრიცხვაში.
16. რწმუნებული ბანკები ზემოაღნიშნული მოთხოვნების თავისდროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებენ „საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
საქ. რესპუბლიკის საქ. რესპუბლიკის საქ. რესპუბლიკის
სახელმწიფო საგადასახადო ფინანსთა მინისტრის ეროვნული ბანკის
ინსპექციის უფორისის მოადგილე ვიცე-პრეზიდენტი
მოადგილე
თ. დვალი გ. ერქომაიშვილი გ. ჯიღაური