“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის №70 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.060.000.22.030.007.762
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №129
2005 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის №70 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 11 მაისის №70 ბრძანებაში (სსმ III, 19.05.2005 წ., №61, მუხ. 650) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი;
ბ) დებულების მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საკონსულოსამართლებრივი სამმართველო;
ბ) საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო;
გ) საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო;
დ) სავიზო სამმართველო;
ე) სავიზო ინფორმაციის სამმართველო;
ვ) ზოგად საკონსულო საკითხთა სამმართველო.
მუხლი 13
საკონსულო-სამართლებრივი სამმართველო ახორციელებს:
ა) საკონსულო სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;
ბ) საკონსულო სფეროში არსებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით წინადადებების შემუშავებას;
გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთოებების სახელშეკრულებო, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სრულყოფას საზღვარგარეთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
დ) საკონსულო სამართლის სფეროში შემავალ ნორმატიულ აქტებზე დასკვნების მომზადებას;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და დახურვის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ვ) საპატიო კონსულთა საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ზ) საკონსულო პატენტის მომზადებას;
თ) საკონსულო ეგზეკვატურის მომზადებას;
ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევასა და მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიწოდებას;
კ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღებას;
ლ) ექსტრადაციისა და მსჯავრდებულების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას.
მუხლი 14
საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო ახორციელებს:
ა) წინადადებების შემუშავებას საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს საპატიო კონსულთა საქმიანობის, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-ანალიზსა და აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო დასკვნის სისტემატურ მომზადებას;
გ) საქართველოს საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
დ) საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას;
ე) სავიზო საკითხების შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების ანალიზს;
ვ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად საინფორმაციო მასალისა და წინადადებების მომზადებას;
ზ) საკონსულო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს მიერთების შესახებ წინადადებების მომზადებას;
თ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლასა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობას;
ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნასა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლასა და რეკომენდაციების მომზადებას;
კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარება-გაღრმავების სფეროში საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მუშაობის ანალიზსა და მათი სრულყოფისათვის წინადადებათა მომზადებას;
ლ) უცხო ქვეყანაში, სადაც არ არის დაარსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა ოპერატიულ და კვალიფიციურ მოგვარებას.
მუხლი 15
საპასპორტო და მოქალაქეობის საკითხთა სამმართველო ახორციელებს:
ა) საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღებას;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტების, სამგზავრო დოკუმენტებისა და პირადობის მოწმობების გაცემაში, პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელებაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარებას;
გ) საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემას, ჩამორთმევას, შენახვას, მათში ცვლილებების შეტანასა და გაუქმებას.
მუხლი 16
სავიზო სამმართველო ახორციელებს:
ა) საქართველოში მყოფ უცხოელთათვის ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათ გაუქმებას, ასევე საქართველოს საკონსულო-სავიზო პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემის კონტროლს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში საქართველოს ვიზების გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და გაუქმებას;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა სავიზო საქმიანობის ზოგად კოორდინაციას;
დ) საქართველოს სავიზო ეტიკეტების, ანკეტებისა და სხვა სავიზო დოკუმენტაციის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;
ე) საქართველოში უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად შესაბამის უწყებებთან დადგენილი წესით თანამშრომლობას;
ვ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ინფორმირებას იმ პირთა შესახებ, რომელთაც ეკრძალებათ საქართველოში შემოსვლა.“;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები:
„მუხლი 161
სავიზო ინფორმაციის სამმართველო ახორციელებს:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს;
ბ) საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;
გ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციებისა და საჯარო მოხელეთა სავიზო უზრუნველყოფას;
დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, ასევე მძიმე ავადმყოფი ახლო ნათესავის მოსანახულებლად ან გარდაცვლილი ახლო ნათესავის გადმოსასვენელად მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;
ე) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ საერთაშო-რისო სამეცნიერო კონფერენციებზე, სემინარებზე, კუტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას;
ზ) სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფას.
მუხლი 162.
ზოგად საკონსულო საკითხთა სამმართველო ახორციელებს:
ა) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების ან სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციას;
ბ) საქართველოსა და უცხო ქვეყნის უწყებებიდან დოკუმენტების გამოთხოვას;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში, გადმოსვენების ორგანიზებაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარებას;
დ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისათვის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვისას დახმარების აღმოჩენას;
ე) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებას;
ვ) მოქალაქეთა იმ კერძო წერილებზე მუშაობას, რაც შეეხება საზღვარგარეთ მათი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფას”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
ს. ზურაბიშვილი