1. მგზავრი, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით (შემდგომში  –  ავტობუსი) მგზავრობისას, ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობისთვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა, შეინახოს ელექტრონული გადახდის საშუალება  მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს ის თანამშრომელს მოთხოვნისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. მგზავრობის ღირებულების ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის (სამგზავრო ბილეთის შეძენის) შესამოწმებლად თანამშრომელი უფლებამოსილია, მგზავრს ავტობუსში ან ავტობუსიდან ჩასვლისას მოსთხოვოს შესაბამისი ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა და დააფიქსიროს იგი ელექტრონული მოწყობილობით, რის თაობაზეც ვალდებულია აცნობოს მგზავრს.

4. ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენის შემთხვევაში, თანამშრომელი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ამოწმებს მგზავრის მიერ ელექტრონული გადახდის საშუალების მეშვეობით მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდის განხორციელებას, მგზავრობისთვის დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით.

5. თუ მგზავრმა თანამშრომელს მოთხოვნისთანავე ვერ წარუდგინა ელექტრონული გადახდის საშუალება ან/და ელექტრონული გადახდის საშუალების სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე გადამოწმებით არ დადასტურდა მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა (მგზავრობისთვის დაწესებული შეღავათების გათვალისწინებით) და მგზავრს აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ან არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები პირის შესახებ ან/და არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა და როდესაც თანამშრომელი თვლის, რომ სამართალდარღვევა არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანამშრომელი უფლებამოსილია სამართალდამრღვევი ჩამოიყვანოს ავტობუსის გაჩერებაზე, შეუდგინოს საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

6. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები პირის შესახებ, თანამშრომელმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ავსებს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II საჯარიმო ქვითრის ყუა.

8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება თანამშრომელთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

11. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის:

ა) I ნაწილს ავსებს თანამშრომელი;

ბ) I ნაწილის:

ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;

ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი);

ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ავტობუსის მარშრუტის ნომერი, ავტობუსის სახელმწიფო ნომერი, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი);

ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ჯარიმის ოდენობა;

ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;

ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა.

12.   საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული  უფლებები და მოვალეობები:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“

მოქალაქეს მიეცა განმარტება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან), ხოლო შემდგომ - სასამართლოში ამავე კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად.

ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

14. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე ხელს აწერენ ეს პირებიც.

15. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

16. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ  სამართალდამრღვევს სურს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №4).

17. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი ითვლება ჩაბარებულად.

18. II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის – საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

19. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში, ხოლო ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.

20. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ