გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10639-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №330210324009177987

საქმე №2/10639-24

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

2024 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ალექსანდრე გზირიშვილი

განმცხადებელი – შპს „თერმა იმპორტი“

წარმომადგენელი/დირექტორი – მამუკა ჯიბუტი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „თერმა იმპორტის“ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „თერმა იმპორტის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „თერმა იმპორტის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, შპს „თერმა იმპორტის“ წარმოდგენილ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომელიც მხარის მიერ 2024 წლის 20 მაისის განცხადებით იქნა აღმოფხვრილი.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 2012 წლიდან და ურთიერთდაკავშირებულ კომპანიასთან (შპს „თერმა მექანიკალი“) ერთად მოღვაწეობს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სფეროში – შპს „თერმა იმპორტი“ საცალო გაყიდვებში, ხოლო შპს „თერმა მექანიკალი“ კი კორპორატიულ გაყიდვებში. დაფუძნების დღიდან – 2015 წლის ჩათვლით, შპს „თერმა იმპორტი“ მუშაობდა კონსიგნაციაზე და ახდენდა სხვა კომპანიების მიერ შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციას. ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია ოპერირებდა ნულოვანი მოგების პირობებში და გენერირებული შემოსავლებით ახერხებდა მხოლოდ საოპერაციო საქმიანობიდან წარმოშობილი ხარჯების დაფინანსებას. 2015 წლის სექტემბრამდე, კომპანიის დამფუძნებელს და 100%-ანი წილის მფლობელს წარმოვადგენდი მხოლოდ მე – მამუკა ჯიბუტი, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, ხოლო 2016 წლიდან ორივე კომპანიის წილში, 13%-ანი და 22%-ანი წილობრივი მონაწილეობით, შემოვიდა პარტნიორი-დამფუძნებელი, რომელთან ერთადაც გადაწყდა, რომ კომპანიას თვითონ შემოეტანა გათბობის ქვაბები და სხვა საჭირო მასალები, თუმცა, ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო და იმის გამო, რომ იმ ეტაპზე სტარტაპი არ დაგვიფინანსეს ბანკებმა, იძულებული გავხდით მიგვემართა კერძო გამსესხებლებისათვის და ამ გზით მოზიდული თანხებით შემოგვეტანა გათბობის ქვაბები და სხვა მასალები, კერძოდ, გათბობის ქვაბების ბრენდი NAVIEN და დამხმარე მასალების ბრენდი IVAR.

იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით მიღებული თანხით ბიზნესის წარმოება გარკვეულ რისკებთნ იყო დაკავშირებული, კომპანიის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე და ასევე იმ იმედით, რომ შპს „თერმა მექანიკალი“ უკვე არსებობდა კორპორატიულ ბაზარზე და შეკვეთებსაც იღებდა და ასრულებდა, მაინც დავიწყეთ ქვაბების ბიზნესის განხორციელება. აღნიშნული ქვაბები წარმომავლობით კორეულია, ამიტომ შეკვეთის განთავსებიდან თბილისში ჩამოსვლამდე ვადა სამ თვემდე გრძელდება, ხოლო იმისათვის, რომ წყვეტა არ გვქონოდა საწყობში საჭირო იყო სამი კონტეინერის თანხა, რომელიც დაახლოებით 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა. რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო და ამ თანხის მოძიებას თავდაპირველ ეტაპზე ვერ ვახერხებდით, ამიტომ ხშირად წყვეტებიც გვქონდა მიწოდების პროცესში. თუმცა, რამდენიმე წელში შევძელით აღნიშნული ქვაბების პოპულარიზაცია ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, საკმაო ხარჯებთან იყო დაკავშირებული და საჭიროებდა შემდგომ კაპიტალდაბანდებებს: რეკლამის ხარჯი, ბონუსი რეალიზაციიდან გამყიდველს, საშუამავლო გადასახადი, გაშვება-გამართვის და საგარანტიო მომსახურების ხარჯი და ა.შ. ამ ხარჯებს ემატებოდა კერძო გამსესხებლებისგან მოზიდული თანხის პროცენტი და აღნიშნული ხარჯების ჯამი, ხშირ შემთხვევაში, აღემატებოდა ფასნამატს და შესაბამისად, საოპერაციო საქმიანობა იყო ზარალიანი, ამიტომაც ქვაბების ბიზნესი იყო მუდმივ დოტაციაზე შპს „თერმა მექანიკალის“ მხრიდან.

კომპანიის ფინანსური პრობლემების და გადახდისუუნარობის წინაშე აღმოჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად ასევე მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ 2016 წლიდან 2021 წლამდე კომპანიამ ისარგებლა არაერთი საბანკო/არასაბანკო ინსტიტუტის მოსახურებით: კერძო მევახშეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „კრედიტორი“ და „კრედო“, ტერაბანკი, თანადაფინანსების ფონდი Gazelle Finance LLC და ბოლოს საქართველოს ბანკი. ყველაზე მძიმე Gazelle Finance LLC-სთან ურთიერთობა აღმოჩნდა, გამომდინარე იქედან, რომ ამ ორგანიზაციას საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა და ასევე პროცენტთან ერთად კომპანიის ბრუნვიდან 3%-საც იღებდა. აღნიშნული კაბალური პირობებისგან თავის დასაღწევად 2020 წელს, გადავწყვიტეთ სესხის პორტირება და საკრედიტო ხაზის გახსნა (შპს „თერმა მექანიკალის“ თანამსესხებლობისა და ზემოთ აღნიშნული პარტნიორის მიერ პირადი ქონების უზრუნველყოფით დატვირთვის პირობებში) მოგვეხდინა საქართველოს ბანკში, რასაც Gazelle Finance LLC-ს მხრიდან მოჰყვა წინსწრების საკომისიოს, მომავალში მისაღები შემოსავლისა და, დარიცხული პროცენტის სახით 92000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის მოთხოვნა, რაც სრულად დაიკმაყოფილა.

ფინანსური სირთულეების შემდეგი ეტაპი დაიწყო 2020 წლიდან, ვინაიდან, პანდემიის პირველ წლებში შპს „თერმა მექანიკალის“ საქმიანობაც შეჩერდა და გადაულახავი პრობლემების წინაშე დადგა შპს „თერმა იმპორტიც“. თუმცა მაინც ვცდილობდით ქვაბების ბიზნესის გადარჩენას და საქმიანობას მეტნაკლებად ვაგრძელებდით, თუმცა 2021 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება გაზზე მომუშავე აგრეგატების ევროკავშირის მიერ აუცილებელი სერტიფიცირების შესახებ. აღნიშნულმა დადგენილებამ სრულად გააჩერა შპს „თერმა იმპორტის“ ქვაბების ბიზნესი და, შედეგად, 2022 წელს კომპანია აღმოჩნდა საქართველოს ბანკის საკმაოდ მოცულობითი სესხის და გაჩერებული ქვაბების ბიზნესის წინაშე. ამასთან, 2021 წელსვე, ზემოთ აღნიშნულმა სირთულეებმა, კომპანია იძულებული გახადა, ეზრუნა დამატებითი სახსრების მოძიებაზე და ერთადერთ გამოსავლად მივიჩნიეთ შპს „თერმა მექანიკალიდან“ სესხის მიღება, ვინაიდან, ამ ორი კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად ურთიერთდმოკიდებულია ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, თერმა მექანიკალისთვისაც მნიშვნელოვანი იყო თერმა იმპორტის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. კერძოდ, ურთერთდამოკიდებულება მდგომარეობდა იმაში, რომ როგორც აღინიშნა, ამ კომპანიებს განაწილებული ჰქონდათ ბაზარი – შპს „თერმა იმპორტი“ ითვისებდა ინდივიდუალური დაკვეთების სეგმენტს, ხოლო შპს „თერმა მექანიკალი“ – კორპორატიულს, შესაბამისად, ახალი მომხმარებლებისა და კლიენტების მოძიება-მოზიდვის პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ორივე კომპანიის ერთობლივი მუშაობა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე, ოპერირების შეფერხებამ გამოიწვია მუდმივი კონფლიქტები დამკვეთებთან, დაუგროვდა ვადამოსული კრედიტორული ვალდებულებები მომწოდებლების, პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, კომპანია თვლის, რომ დგას გადახდისუუნარობის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ აიღო სესხები დაკავშირებული პირებისგან და სხვა წყაროებითაც ეცადა საოპერაციო პროცესის გადარჩენასა და კრიტიკული კრედიტორული ვალდებულებების შესრულებას და მაქსიმალურად ცდილობს მოემსახუროს ყველა დავალიანებას და მართოს პროცესი კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით, კრედიტორთა სიმრავლიდან და დავალიანების მოცულობიდან გამომდინარე, ამ დრომდე ვერ ახერხებს ვალდებულებათა მართვას.

ამრიგად, კომპანიის რთული ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირის სტატუსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ვადასტურებთ, რომ წინამდებარე განცხადების წარდგენის მომენტისთვის კომპანიას არ ჰყავს უზრუნველყოფილი კრედიტორები (ბანკის სესხი ურუნველყოფილია მესამე პირის ქონებით) და ასევე მის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ამასთან, 2024 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, კომპანიის სრული დავალიანება შეადგენს 2 078 795 ლარს. ამ ვალდებულების აბსოლუტური უმრავლესობა (99.9%) ვადამოსულია განცხადების შეტანის მომენტისთვის. შპს „თერმა იმპორტს“ გააჩნია ვალდებულება არაერთი მომწოდებლის, დაკავშირებული საწარმოს, ფინანსური ინსტიტუტის და სხვა მომსახურების გამწევი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რაც დასტურდება განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით (საბალანსო უწყისი, მოგება ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი (დანართი №1, დანართი №2, დანართი №3), კრედიტორთა ჩამონათვალი დანართი №4), ასევე საქმეზე დართული ფინანსთა სამინისტროს შემსავლების სამსახურის შედარების აქტი დანართი №5) მიუთითებს, რომ კომპანიას საგადასახადო ვალდებულება არ გააჩნია. ამასთან, მოვალეს არ გააჩნია უზრუნველყოფილი ვალდებულებები (ბანკის სესხი უზრუნველყოფილია მესამე პირის ქონებით).

წინამდებარე განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციაში კომპანია წარმოადგენს დეტალურ ინფორმაციას მოგება-ზარალისა და ბალანსის შესახებ, რომელიც ასახავს საწარმოს შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებას. ხოლო წარმოდგენილი ცნობა აქტივებზე შეიცავს ინფორმაციას კომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების (დანართი №6), დებიტორული მოთხოვნებისა (დანართი №7) და სხვა აქტივების შესახებ.

განმცხადებლის განმარტებით ყოველივე ზემოთ აღნიშნული ცხადყოფს კომპანიის გადახდისუუნარობას და რომ მოვალეს, კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო, არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და აქედან გამომდინარე წარმოდგენილი განცხადება სრულად შეესაბამება რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ გადახდისუუნარობის პრეზუმფციას.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „თერმა იმპორტის“ წარმომადგენლის/დირექტორის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თერმა იმპორტის“ განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. შპს „თერმა იმპორტის“ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

3. შპს „თერმა იმპორტის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ირაკლი გაფრინდაშვილი (ტელ: 599 55 75 56), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.

10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე                                                                        ალექსანდრე გზირიშვილი