მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№194
სარეგისტრაციო კოდი
200180000.10.003.024588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №194

2024 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 145-ე ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი შესაძ­ლებელია, ჩამოიწეროს შესაბამისი პირის (შემდგომში − პირი) განცხადების  საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

 

მუხლი 2. გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის  ჩამოწერის წესი

პირის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ორგანო ახორციელებს პირისთვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის (შემდგომში − მოსაკრებელი) გადაუხდელი ოდენობისა  და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის ჩამოწერას, თუ პირს 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამასთან, კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;

ბ) პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ უსარგებლია აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოუსხამს მიწისქვეშა მტკნარი წყალი.

 

მუხლი 3. გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის შესახებ განცხადების წარდგენა

1. პირი განცხადებას გადაუხდელი მოსაკრებლისა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის შესახებ წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. განცხადება წარმოადგენს პირის მოთხოვნას გადაუხდელი  მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის შესახებ და უნდა ასახავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)  პირის და­სა­ხე­ლე­ბას, სა­იდ­ენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მერს ან სახელს, გვარსა და პი­რად ნო­მერს, ასევე იურ­იდ­ი­ულ/ფაქ­ტობ­რივ მი­სა­მართსა და ტელე­ფო­ნის ნომერს;

ბ) მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემული ლიცენზიის (რომლის საფუძველზეც წარმოშობილია მოსაკრებელი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი) ნომერსა და გაცემის თარიღს;  

გ) პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენის თარიღის მდგომარეობით არსებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ოდენობას, რომელიც წარმოიშვა იმ ლიცენზიის საფუძველზე, რომლითაც გადამხდელს არ უსარგებლია, მტკნარი წყლის ჩამოსხმა არ განხორციელებულა.

3. ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ/ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას.

4. ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ლიცენზიის გამცემი ორგანოსათვის წარდგენილი შესაბამისი განცხადება.

5. საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან 10 სა­მუ­შაო დღის ვადა­ში ამოწმებს გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ამ წე­სით დად­გე­ნილ მოთხოვნებთან.

6. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო პირს განუსაზღვრავს ხარვეზს და მისი აღმოფხვრის ვადას არაუმეტეს 10 დღისა. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს განცხადებაზე უარის თქმის საფუძველს.

7. საგადასახადო ორგანო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, პირს მოსთხო­ვოს დამატებითი დოკუმენტა­ცი­ის წარ­დ­გე­ნა. პირი ვალ­დე­ბუ­ლია საგადასახადო ორგანოს მი­ერ გან­საზ­ღვ­რულ ვა­და­ში წა­რად­გი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

8. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო წერილობით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო), ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების დადასტურების, ასევე საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.

9. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო შესაბამის ინფორმაციას წერილობით წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიმართვიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

 

მუხლი 4. გადაწყვეტილების მიღება გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის შესახებ

1. საგადასახადო ორგანო, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან პასუხის მიღების შემდეგ, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის თქმის შესახებ.

2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება პირს.

3. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების თარიღის მდგომარეობით მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავი არ წარმოადგენს აღიარებულ დავალიანებას, საგადასახადო ორგანო მიმართავს პირს დავალიანების აღიარების მიზნით განცხადების წარდგენის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავი ჩამოწერას ექვემდებარება დავალიანების აღიარების შემდეგ.

 

მუხლი 5. გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა

1. გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერა (შემცირება) პირის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში − აქტი) საფუძველზე.

2. აქტით განისაზღვრება თარიღი, რომლის მდგომარეობითაც არსებული  გადაუხდელი მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავი ექვემდებარება ჩამოწერას, აგრეთვე ჩამოსაწერი დავალიანების თანხის (მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავი) ოდენობა.

3. ჩამოწერას ექვემდებარება აქტის შედგენის თარიღის მდგომარეობით გადაუხდელი მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავი.