„ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4297-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 300280020.09.001.016786
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/06/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ენერგოეფექტურობის შესახებ განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 130-ე მუხლისა და 132-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს „ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი
თბილისი,
27 ივნისი 2024 წ.
N4297-XIVმს-Xმპ
ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფცია
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრება ორგანული კანონით. ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეუძლებელია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე. ამიტომ ენერგოდამოუკიდებლობის სახელმწიფო კონცეფციით (შემდგომ − კონცეფცია) განისაზღვრება ის ძირითადი სამიზნე მაჩვენებლები და პრინციპები, რომლებიც ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და მომავალში ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოსთვის სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად ფუნქციონირება და ენერგიის არასანდო უცხოურ წყაროებზე დამოკიდებულების შემცირება.
ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება გადამწყვეტია ეკონომიკური სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ელექტროენერგეტიკული რესურსების ფიზიკური ხელმისაწვდომობა მათი სეზონურობის გათვალისწინებით;
ბ) ელექტროენერგიით მომარაგების ხელმისაწვდომობა და საიმედოობა;
გ) საქართველოსთვის ელექტროენერგიის მომწოდებელი ქვეყნების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა;
დ) ენერგოეფექტურობის დონის ამაღლება.
1. კონცეფციის მიზანი
კონცეფციის მიზანია:
ა) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობით საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გრძელვადიანი, სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების იმ ძირითადი სამიზნე მაჩვენებლების დადგენა, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული პოლიტიკა და სტრატეგიული მიმართულებები.
2. კონცეფციის მოქმედების სფერო
2.1. ეს კონცეფცია ეხება მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მისკენ საქართველოს სწრაფვას.
2.2. კონცეფციით განისაზღვრება ის მიზნობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის ეტაპობრივად გაუმჯობესებას და ელექტროენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
3. კონცეფციის ტერმინთა განმარტება
კონცეფციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში, გარდა შემდეგი ტერმინებისა:
ა) ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა − ქვეყნის უნარი, საჭიროების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე ადგილობრივი მოთხოვნა საბოლოო ენერგიის იმპორტის გარეშე;
ბ) ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების (ენერგეტიკული დამოკიდებულების) მაჩვენებელი − ელექტროენერგიის წლიური ადგილობრივი წარმოებისა და ელექტროენერგიის წლიური მოხმარების თანაფარდობა;
გ) ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოება − ელექტროენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობა, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება;
დ) ელექტროენერგეტიკული მედეგობა − ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარი, გაუძლოს ელექტროენერგიით მომარაგების პროცესში ბუნებრივი (სტიქიური) მოვლენებით, ტექნიკური გაუმართაობით ან სხვა ხარვეზებითა და საფრთხეებით გამოწვეულ ჩავარდნებს და შეძლოს სწრაფად აღდგენა;
ე) ურთიერთდაკავშირების სიმძლავრის სამიზნე მაჩვენებელი − ქვეყნის საზღვრებზე გადაცემის ნომინალური სიმძლავრეების ჯამის ან მთლიანი იმპორტის სიმძლავრის და ქვეყანაში არსებული გენერაციის ობიექტების დადგმული სიმძლავრის თანაფარდობა;
ვ) ელექტროენერგიის დივერსიფიკაცია − ელექტროენერგიის სხვადასხვა წყაროს, მომწოდებლისა და სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენება ერთ ან შეზღუდული რაოდენობის ელექტროენერგეტიკულ რესურსზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
4. კონცეფციის სამიზნე მაჩვენებლები
4.1. საქართველოსთვის ელექტროენერგიის მომწოდებელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებისა და ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების გაზრდის მიზნით ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (შემდგომ − კომისია) ერთად ეტაპობრივად უნდა უზრუნველყონ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა.
4.2. სამიზნე მაჩვენებლებისთვის ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის წილის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულებებისა და ავარიული სიტუაციების მართვის კონტრაქტების შესაბამისად და მათ ფარგლებში განხორციელებული ელექტროენერგიის ექსპორტი ან/და იმპორტი (ელექტროენერგიის გადადინება).
5. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა და სამიზნე მაჩვენებლები
5.1. ადგილობრივი ელექტროენერგეტიკული რესურსების მაქსიმალური, მდგრადი ათვისება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაზრდისა და ნახშირორჟანგის/სხვა სათბურის აირების ემისიების შემცირებისთვის, არამედ პირველად საწვავზე (ბუნებრივი გაზი, ნავთობი) ან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
5.2. საქართველოს მიზანია, განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ამ ენერგიით ვაჭრობის კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერი გახდეს.
5.3. განახლებადი ენერგიის განვითარების უსაფრთხოებისა და დადებითი სოციალური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი ზეგავლენის გათვალისწინებით, სახელმწიფო შეიმუშავებს და განახორციელებს განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ინტეგრაციას.
5.4. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის ათვისებისა და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელმა პირებმა კომისიასთან ერთად ეტაპობრივად უნდა უზრუნველყონ განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა.
6. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, ენერგიაზე მოთხოვნის მართვის უზრუნველყოფა
6.1. საქართველოში ენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების სწორი მართვა, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელება ქვეყანაში ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
6.2. ენერგიაზე მოთხოვნის მართვის სისტემებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის, აგრეთვე ენერგიის დამზოგველი ღონისძიებების წახალისების მიზნით უნდა გაუმჯობესდეს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, კერძოდ, სათანადო მარეგულირებელი ნორმები.
7. ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, საქართველოს სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება
7.1. ელექტროენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, აგრეთვე უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ენერგომატარებლების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის ხელშემწყობი ღონისძიებები.
7.2. რეგიონული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოსაყალიბებლად ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელმა პირებმა კომისიასთან ერთად უნდა უზრუნველყონ შესაბამისი საკანონმდებლო, კერძოდ, ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციის ინიციირება და ეტაპობრივი განხორციელება.
7.3. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, აგრეთვე ახალი ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა. უნდა შეიქმნას აგრეთვე მათი სავაჭრო პლატფორმების თავსებადობის მექანიზმები.
7.4. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკულ ცენტრად (ჰაბად) ჩამოყალიბების მიზნით ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელმა პირებმა კომისიასთან ერთად უნდა უზრუნველყონ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც შესაძლებელს გახდის სიმძლავრის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასა და ევროპის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელს შორის მიმოცვლას, აგრეთვე უზრუნველყოფს საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობას. ამ მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა.
8. ინვესტიციების ხელშეწყობა
8.1. საქართველოში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინვესტორებისთვის უნდა შეიქმნას თანაბარი, გამჭვირვალე და სანდო სამართლებრივი გარემო და უნდა განისაზღვროს ინვესტიციების დაცვის სახელმწიფო გარანტიები.
8.2. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დაამტკიცოს ინვესტიციისთვის განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი, მათ შორის, განსაზღვროს ამ სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, და ამგვარი ინვესტიციისთვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი დაადგინოს.
8.3. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მქონე ინვესტიციასთან დაკავშირებულ პროექტში წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
9. ენერგეტიკული პოლიტიკის განსაზღვრა
9.1. ენერგეტიკული პოლიტიკის რეგულარული განახლებისა და განხორციელების მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს მდგრადი მექანიზმი, მათ შორის, უნდა შექმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც გააანალიზებს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს.
9.2. საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიში.
10. დასკვნითი დებულებები
10.1. ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიზნებისთვის:
ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის − წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის წილი ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის არანაკლებ 90 პროცენტი უნდა იყოს;
ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის − წლიურად წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა გაუტოლდეს ან უნდა აღემატებოდეს.
10.2. ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობის მიზნებისთვის:
ა) 2026 წლის 31 დეკემბრისთვის − განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის არანაკლებ 75 პროცენტი უნდა იყოს;
ბ) 2030 წლის 31 დეკემბრისთვის − განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას უნდა გაუტოლდეს ან უნდა აღემატებოდეს.
10.3. საქართველოს სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად 2030 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან ელექტროენერგიის მიმოცვლის მიზნებისთვის შესაბამის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლის შესაძლებლობის ნომინალური სიმძლავრე ქვეყანაში აღნიშნულ პერიოდში მოქმედი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის არანაკლებ 10 პროცენტი უნდა იყოს.
10.4. კონცეფციის განსახორციელებლად საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ:
ა) სათანადო ნორმატიული აქტების კონცეფციასთან შესაბამისობა;
ბ) გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის ხელშემწყობი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა;
გ) გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის მიზნით ინვესტიციისთვის განსაკუთრებული ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცება და ამგვარი ინვესტიციისთვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დადგენა.