საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 17.03.1996
ძალის დაკარგვა 28.03.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №230
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №230
1996 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.
ე. შევარდნაძე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის საქართველოს აღმასრულებელი სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში დარგთაშორისი მმართველობის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციებს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
სამინისტრო მონაწილეობს გარემოსა დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, პასუხს აგებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისათვის, მისი კომპლექსური მართვის, მეურნეობისა და მოსახლეობის ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფისათვის, გარემოს მდგომარეობის, მისი დაცვისა და გამოყენებისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.
სამინისტრო საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს, რომლებიც სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე და ამოწმებს მათ შესრულებას.
1.2. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიში ბანკში (მათ შორის, სავალუტო, სახელმწიფოგერბიანი ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
1.3. სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები
სამინისტროს ამოცანებია:
2.1. გარემოს დაცვის, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის (რეგულირება, ლიცენზირება, აღრიცხვა, ზედამხედველობა, კონტროლი) და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და გატარება საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე.
2.2. გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორციელებისათვის გამიზნულ სამუშაოთა შესრულების კოორდინაცია და კონტროლი.
2.3. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სახელმწიფო მმართველობის მექანიზმის, საკანონმდებლო, ნორმატიულ-მეთოდური, ეკონომიკური ბაზის შექმნა.
2.4. გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
2.5. საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების საქმიანობით გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება, მათი მშენებლობის, რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და ახალი ტექნიკით აღჭურვის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშებების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა.
2.6. ამინდის, მდინარეთა წყლიანობის, ჰიდრომეტეოროლოგიური მეთოდებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გრძელვადიანი პროგნოზირება; აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს გაჭუჭყიანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებით უზრუნველყოფა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში არახელსაყრელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს მოვლენებისაგან დაცვის სამუშაოთა განხორციელება.
2.7. გარემოს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს გაჭუჭყიანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის შექმნა.
2.8. საქართველოს ფარგლებში წყლის რესურსების, შავი ზღვის ტერიტორიული წყლების, ატმოსფერული კონტროლის განხორციელება.
2.9. გარემოს მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზაცია და განვითარების უზრუნველყოფა; ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს გაჭუჭყიანების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
2.10. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა.
2.11. მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდა და უწყვეტი ეკოლოგიური განათლება, კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან, ეკოლოგიური პროფილის საზოგადოებებთან ურთიერთკავშირი.
2.12. ეკოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პრობლემების სამეცნიერო კვლევის, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური პროგრამების შემუშავება.
2.13. საქართველოს ფაუნის, ენდემურ, იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა გენოფონდის აღწარმოება და რეზერვატის შექმნა.
სამინისტროს ფუნქციებია:
2.14. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების ორგანიზება და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
2.15. საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციებში, ინდიკატური გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა.
2.16. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო, სამეურნეო, სამედიცინო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის კოორდინაცია.
2.17. მიწის, წყლის, ატმოსფეროს, წიაღის და წიაღისეულის, დაცული ტერიტორიების, ცხოველთა სამყაროს (მათ შორის, თევზისა და წყლის სხვა ბინადართა), ტყისა და სხვა მცენარეული საფარის დაცვისა და რაციონალური გამოყენების სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება, მათი შესრულების სახელმწიფო კონტროლი.
2.18. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სტანდარტების, ნორმების, წესების, სხვა ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება დადგენილი წესით.
2.19. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ:
– გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დადგენილებების, ბრძანებების, ინსტრუქციებისა და მითითებების შესრულებისადმი, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ნორმატივებისა და წესების დაცვისადმი, აგრეთვე გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისადმი;
– ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიმართულებების, სახელმწიფო პროგრამების, კონცეფციით და პროგნოზებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულებისადმი;
– გარემოს გაჯანსაღების, მიწის, წყლის, ატმოსფეროს, წიაღის და წიაღისეულის, ტყისა და სხვა მცენარეული საფარის (მათ შორის მწვანე მშენებლობის) და ცხოველთა სამყაროს (მათ შორის, თევზის და წყლის სხვა ბინადართა) დაცვისადმი აღწარმოებისა და სარგებლობისადმი;
– შავი ზღვის სანაპირო ზოლის და მდინარეთა ნაპირების აბრაზიისაგან დაცვის სამუშაოთა შესრულების, პლაჟწარმომქმნელი ინერტული მასალის მოპოვებისა და გამოყენებისადმი;
– დაცული ტერიტორიების, აგრეთვე ხელოვნურად გაშენებული ბაღ-პარკებისა და სკვერების კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვისადმი;
– სამრეწველო, საყოფაცხოვრებო, რადიაციული, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, გადამუშავების, უტილიზაციის, გაუვნებლების, დასაწყობებისა და დამარხვისადმი;
– გარემოს გამჭუჭყიანებელ ქიმიურ და სხვა სახის ნივთიერებათა გამოყენების, აგრეთვე მათი წარმოების და ქვეყნის გარედან შემოტანის ან გატანისათვის გაცემულ ლიცენზიებში მითითებული პირობების შესრულებისადმი;
– ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს გამჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევის (ჩაშვების) სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების სისწორისადმი;
– ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გაცემულ ლიცენზიებში აღნიშნული პირობების შესრულებისადმი;
– გარემოსდაცვითი ნაგებობების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისადმი.
2.20. ზღვის და მისი სანაპირო ზონის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის ორგანიზება და მისი განხორციელების სახელმწიფო კონტროლი.
2.21. მსოფლიო ოკეანის კონვენციურ და ლიცენზიურ რაიონებში თევზჭერისადმი საერთაშორისო წესების დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება.
2.22. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციების მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამებისა და პროგნოზების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების სქემების, ქალაქების და დასახელებული პუნქტების გენერალური გეგმების, საწარმოო და სხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, გაფართოებისა და ახალი ტექნიკით აღჭურვის პროექტების, წინასაპროექტო და საპროექტო დოკუმენტაციის, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, მასალებისა და ნივთიერებების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის (მათ შორის, შეთანხმების) ორგანიზება და განხორციელება.
2.23. გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ეკონომიკური მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავების და დანერგვის სისტემის შექმნა და სრულყოფა, მათი განხორციელება და შესრულების სახელმწიფო კონტროლი.
2.24. სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფონდის მართვა.
2.25. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ჰიდრომეტეოროლოგიური სახელმწიფო და რეგიონალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავების ორგანიზება, მათი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება და შესრულების სახელმწიფო კონტროლი.
2.26. გარემოსდაცვითი რეგიონული და უწყებრივი გეგმების შეთანხმება, გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
2.27. ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის, მცენარეული საფარით, ცხოველთა სამყაროთი, წყლის რესურსებით, ატმოსფერული ჰაერით, წიაღით და წიაღისეულით სარგებლობის ლიმიტების, კვოტების დადგენა და ლიცენზიების გაცემა.
2.28. მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის რეგულატორების, სასუქებისა და გარემოზე ზემოქმედების მქონე სხვა ნივთიერებების გამოყენების, ქვეყნის შემოტანისა და გატანის ნებართვების გაცემა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან ერთად.
2.29. გარემოში გამჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევის, ჩაშვებისა და განლაგების დასაშვები ნორმების დაწესება, სამრეწველო, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების წარმოების, უტილიზაციის, დამარხვის ნებართვების გაცემა, წიაღით და წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა.
2.30. საქართველოს შიდა წყლებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, თევზის მარაგის) დაცვა, კვლავწარმოება, მოპოვების რეგულირება და ლიცენზირება.
2.31. ზღვის ფსკერიდან გრუნტის ამოღების ნებართვების გაცემა და ნებართვებში ჩამოყალიბებული პირობების შესრულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
2.32.სახელმწიფო მმართველობის, სამართალდამცავი, თავდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, მოსახლეობის უზრუნველყოფა ოპერატიული ინფორმაციით ფაქტობრივი და პროგნოსტიკული მეტეოროლოგიური, აგრომეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პირობების, ბუნებრივი გარემოს ქიმიური, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის რადიოაქტიური დაბინძურების, საშიში და სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, გარემოს ექსტრემალურად მაღალი გაჭუჭყიანების შესახებ.
2.33. საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების, მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი გაჭუჭყიანების შესახებ სახელმწიფო მმართველობის ორგანოების და საზოგადოებრიობის გაფრთხილების სისტემების ორგანიზაცია.
2.34. საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების პროგნოზირების მეთოდების შემუშავება, ინფორმირების, ამ სიტუციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო დონეზე.
2.35. ჰიდრომეტეოროლოგიურ მახასიათებლებზე და ატმოსფეროს, წყლის, ნიადაგის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობაზე, გარემოს დაბინძურების დონეზე, ატმოსფერული ჰაერის რადიოაქტიურ დაბინძურებაზე დაკვირვებების განხორციელება.
2.36. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
2.37. გარემოზე დაკვირვების (მონიტორინგის) წარმოების, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნორმატიული უზრუნველყოფის საერთო მეთოდური საფუძვლების შექმნა.
2.38. წყლისა და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოება და სახელმწიფო კადასტრის ორგანიზება.
2.39. საწარმოო ძალთა განვითარებისა და განაწილების, სამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში მონაწილეობა, ყველა სახის სამეურნეო საქმიანობისათვის დადგენილი წესით მიწების გამოყოფის შეთანხმება.
2.40. მიწებისა და ტყეების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის საკითხების შეთანხმება.
2.41. სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების გეგმების (მათ შორის, საანგარიშო ტყეკაფების) პროექტების შეთანხმება.
2.42. საქართველოს ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების კოორდინირება და მათში უშუალო მონაწილეობა.
2.43. დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნისათვის წარდგინების მომზადება.
2.44. მეზობელ ქვეყნებთან წყლის რესურსების განაწილების შესახებ წინადადებების შემუშავება.
2.45. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება.
2.46. „საქართველოს წითელი წიგნის“ სისტემატური განახლებისა და გამოცემის ორგანიზაცია.
2.47.გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
2.48. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოზე უარყოფითი ანთროპოგენული ზემოქმედების თავიდან აცილების, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, მოწყობილობებისა და მასალების, აგრეთვე გარემოს მდგომარეობისა და გაჭუჭყიანების წყაროების მაკონტროლებელი ხელსაწყოების, ავტომატიზებული სისტემებისა და სხვა საშუალებების შესაქმნელად სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, კოორდინაცია და განხორციელება.
2.49. გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირებისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საკადრო პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია (კადრების მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია, სხვადასხვა მეთოდისა და ფორმის გამოყენებით ადგილზე, უცხოეთში მივლინებით და ა. შ.).
3. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტროს უფლება აქვს:
3.1. განუყოფლად აწარმოოს ყველა სახის ბუნებრივი რესურსით სარგებლობის სახელმწიფო მართვა: რეგულირება, ლიცენზირება. აღრიცხვა, ზედამხედველობა, კონტროლი.
3.2. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორების მეშვეობით ნებისმიერ დროს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობის წარდგინების შემდეგ შეამოწმოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის თვალსაზრისით, მათთან წინასწარი შეთანხმების გარეშე დაცვის თვალსაზრისით, მათთან წინასწარი შეთანხმების გარეშე საწარმო-დაწესებულებები და ორგანიზაციები (მათ შორის, სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), დაცული ტეროტორიები, საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების ყველა ტიპის გემები, ხელოვნური კუნძულები, ბაქნები, სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც განლაგებული არიან და თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე;
3.3. შემოწმების შედეგებს მიხედვით შეადგინოს აქტები, ოქმები და სავალდებულო მიწერილობები, გამოიტანოს დადგენილებები დაჯარიმების, საწარმოო საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
3.4. გაეცნოს ყველა მასალას, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად.
3.5. შეაჩეროს ან აკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე სამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტთა საქმიანობა-მშენებლობის, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვების, აგრეთვე სხვა ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელთაც გარემოზე ზემოქმედების გავლენის შეფასება და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაუვლიათ, მიიღეს ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა ან ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას გარემოს დაცვის კანონმდებლობის, წესების, ნორმების, ლიცენზიებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით ან ლიცენზიების გარეშე.
3.6. შეზღუდოს, შეაჩეროს ან აკრძალოს ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მოქმედება, რომელნიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესების დარღვევით, აგრეთვე აკრძალონ ისეთი პროდუქციისა და მასალების შემოტანა, წარმოება, გამოყენება, რომელთა მოხმარებამ ან ტრანზიტმა შეიძლება გამოიწვიოს გარემოს მაღალი დონის დაბინძურება ან მისი დეგრადაცია.
3.7. გააჩეროს და შეამოწმოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დამრღვევი გემი ტერიტორიული წყლებისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში; შეადგინოს დარღვევის ოქმი და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების (დაჯარიმების) შესახებ, ადგილზე გადაახდევინოს საჯარიმო თანხები; კონფისკაცია გაუკეთოს უკანონოდ მოპოვებულ ბუნებრივ რესურსებს.
3.8. დააკავოს უცხოეთის არასამხედრო გემი და მიიყვანოს საქართველოს უახლოეს პორტში. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გადასცეს მასალები საგამოძიებო ორგანოებს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ აგენტს ან საკონსულოს წარმომადგენელს.
3.9. შეადგინოს ოქმები გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მასალები გადასცეს დადგენილი წესით შესაბამის ორგანოებს, დამნაშავე პირთა ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხების გადასაწყვეტად.
3.10. წარუდგინოს პრეტენზია საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ გარემოს გაჭუჭყიანებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო და არარაციონალური გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში წარუდგინოს მათ სარჩელი სასამართლოში.
3.11. დააყენოს საკითხი შესაბამისი სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა წინაშე გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა ადმინისტრაციული და სხვა პასუხისმგებლობის შესახებ.
3.12. დადგენილი წესით შეიტანოს წინადადებები მიწათმოსარგებლეთათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შესახებ, თუ მათ მიერ მიწების ათვისება არ მოხდა კანონით დადგენილი წესით, ან მიწების ექსპლუატაცია იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას, მის დეგრადაციას ან გაჭუჭყიანებას.
3.13. წარუდგინოს სახელმწიფო კანცელარიას თავისი კომპეტენციების ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები მათი დადგენილი წესით დასამტკიცებლად.
3.14.წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებები ახალი გარემოსდაცვითი და ჰიდრომეტეოროლოგიური სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების შექმნის ან არსებულის რეორგანიზაციის (გაუქმების) შესახებ.
3.15. წარუდგინოს დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დაცული ტერიტორიების, სამონადირეო მეურნეობების შექმნის შესახებ.
3.16. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად განსაზღვროს გარემოს მდგომარეობის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების ფორმები, მათი წარმოების წესი და წარდგინების პერიოდულობა.
3.17. მოისმინოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელთა ინფორმაციები სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
3.18. უსასყიდლოდ მოითხოვოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სათანადო ინფორმაციები და სტატისტიკური ანგარიშები გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების თაობაზე, ცნობები გაჭუჭყიანებულ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გაფრქვევის ან ჩაშვების შესახებ და სხვა მასალები სამინისტროს კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე.
3.19.გაუწიოს ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური სტანდარტული ინფორმაციებით და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოებით ფასიანი მომსახურება არასახელმწიფო სტრუქტურებში შემავალ ორგანიზაციებს, აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურებში შემავალ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თვითონ ეწევიან ნაწილობრივ კომერციულ საქმიანობას და ამ ნაწილში საჭიროებენ ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური ინფორმაციებით უზრუნველყოფას ან სამეცნიერო ტექნიკურ მომსახურებას.
3.20. დაქვემდებარებული ორგანიზაციების მეშვეობით გაუწიოს ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბუნებათსარგებლობის დარგში.
3.21. აწარმოოს წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის ნიმუშების ანალიზები სამეურნეო ფორმით.
3.22.თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები, როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებში იყოლიოს სამინისტროს წარმომადგენლის სტატუსით აღჭურვილი ფიზიკური და იურიდიული (მათ შორის უცხოელი) პირები.
3.23. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზღვაო კონვენციური სამსახურის მუშაკებს, საზღვაო კონვენციურ ინსპექტორებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ უფასოდ ისარგებლონ საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა), ზღვაში დამრღვევი გემის დევნისა და დაკავების განსახორციელებლად დახმარებისათვის მიმართონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის საზღვაო ქვეგანაყოფებსა და ხომალდებს.
4. სამინისტროს მართვა
4.1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
4.2. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.
4.3. მინისტრს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.
4.4. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრის პირველი მოადგილე ამავდროულად არის საქართველოს გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
4.5. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით.
4.6. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი, მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.
4.7. მინისტრი დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, აგრეთვე სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების უფროსებს.
4.8. მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამმართველოებისა და სხვა ქვედანაყოფების უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას სამინისტროს შესაბამისი დარგების საქმიანობისათვის.
4.9. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს.
4.10.მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. კოლეგიის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით.
4.11. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომაზე იხილავს გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების, გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების და ჰიდრომეტეოროლოგიურ სამუშაოთა ორგანიზაციისა და სრულყოფის კარდინალურ პრობლემებს, სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს; ისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ბუნებათმოსარგებლე საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ინფორმაციებს სამინისტროს კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე.
4.12. სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
4.13. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული ორგანიზაციების საშტატო ნუსხებსა და ხარჯთაღრიცხვებს.
4.14. მინისტრი დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში დადგენილი წესით ქმნის, აუქმებს და გარდაქმნის საქვეუწყებო დანაყოფებს.
4.15.სამინისტროსთან იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის რეგლამენტს და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
4.16. სამინისტროსთან იქმნება ბუნებრივი რესურსებით (სახეობათა მიხედვით) სარგებლობის ლიცენზირების ექსპერტთა უწყებათაშორისი საბჭოები;
4.17. მინისტრი დადგენილი წესით ქმნის გარემოს დაცვის და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების პრობლემური საკითხების გადაჭრის ხელშემწყობ შიდასაუწყებო მიზნობრივ ფონდებს.
4.18. მინისტრი გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის წარდგინების საფუძველზე სამინისტროს თანამშრომლებს ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის წოდებას.
4.19. სამინისტროს სახელით დროებითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეულ სპეციალისტებთან შრომით ხელშეკრულებას დებს შესაბამისი სამსახურის უფროსი.
5. სამინისტროს სისტემის მუშაკთა სტიმულირების წესი
5.1. შემოწმებებით გამოვლენილი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ჯარიმებისა და გარემოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების თანხების 30 პროცენტი გამოიყენება სამინისტროს სისტემის მუშაკთა სტიმულირებისათვის, რომლის 70 პროცენტი ხმარდება მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, ხოლო 30 პროცენტი – მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და სამინისტროს სისტემის მუშაკთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
6. სამინისტროს ლიკვიდაცია
6.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სტრუქტურა
ცენტრალური აპარატი
1. ხელმძღვანელობა
2. მინისტრის სამდივნო
3.გარემოსდაცვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და კონტროლის მთავარი სამმართველო
4. გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამმართველო
5. გარემოსდაცვითი ეკონომიკის სამმართველო
6. კადრების სამმართველო
7. ფინანსების და დაგეგმვის სამმართველო
8. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური
9. საერთო განყოფილება
10. ეკოლოგიური განათლების, პროპაგანდის და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება
11. პრესცენტრი.
დაქვემდებარებული ორგანიზაციები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
3. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი
4. სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო
5. საინფორმაციო-სამეცნიერო ეკოლოგიური ცენტრი
6. წყლის რესურსების დაცვის სამმართველო
7. ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო
8. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველო
9. მიწის რესურსების დაცვისა და ნარჩენების სამმართველო
10. წიაღისა და წიაღისეულის დაცვის სამმართველო
11. თევზის მარაგის დაცვის და აღწარმოების სამმართველო
12. გარემოს გაჭუჭყიანების კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია
13. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და მომარაგების სამმართველო
14. ბათუმის საზღვაო ინსპექცია
15. ფოთის საზღვაო ინსპექცია
16. სოხუმის საზღვაო ინსპექცია
17.გამოყენებითი ეკოლოგიისა და შრომის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
18. ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
19. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონალური (საქალაქო) სამმართველოები
20. გარემოს გაჭუჭყიანების კონტროლის რეგიონალური ლაბორატორიები
21. ჟურნალი „საქართველოს ბუნება“.