⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.12.1997)

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.09.1996
ძალის დაკარგვა 15.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №612
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,686 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.09.1996 მიღება
15.12.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №612 1996 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულება და სტრუქტურა. 2. ნება დაერთოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის მართვის შემდგომი სრულყოფის მიზნით საერთო ლიმიტის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურაში. 3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 იანვრის № 124, ბრძანებულება „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სახელმწიფო კორპორაციის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებანი, განკარგულებანი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და განკარგულებანი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ბრძანებულებას. ე. შევარდნაძე  საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის აღმასრულებელი სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს და ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას სათბობ-ენერგეტიკის სექტორში (შემდგომში - „სექტორი“) და უზრუნველყოფს სექტორისა და მასში შემავალი დარგების სახელმწიფოებრივ მართვასა და რეგულირებას. 1.2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. სამინისტრო მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 1.3. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები ბანკში. 1.4. სამინისტროს აპარატის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტი, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები, მათ შორის, ტექნიკური დახმარების, გრანტების ხაზით მიღებული სახსრები (აქტივები). 1.5. სამინისტრო თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებსა და ნორმატიულ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  1.6. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, მისი საქვეუწყებო საწარმოები და ორგანიზაციები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 1.7. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: 2.1. სათბობ-ენერგეტიკული სექტორის მდგრადი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა, მისი დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის გატარება, ენერგორესურსებზე ყველა კატეგორიის მომხმარებელთა გადახდისუნარიანი მოთხოვნის საიმედო დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; 2.2. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგორესურსების რეალური ბაზრის შექმნისათვის ხელის შეწყობა; 2.3. საგარეო ურთიერთობების განვითარება, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების, სექტორის საბიუჯეტო და ფინანსების, სახელმწიფო კრედიტების ფორმირებისა და გამოყენების კოორდინაცია; 2.4. სექტორის იურიდიულ პირებს შორის სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელის შეწყობა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების შეხამება; 2.5. სექტორში გარემოს დაცვითი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გეგმაზომიერი პოლიტიკის განხორციელება, დადგენილი წესით შეთანხმების შემდეგ ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოძიების, მოპოვების, მათი რაციონალური და ხანგრძლივი გამოყენების უზრუნველყოფა. 3. სამინისტროს ფუნქციები სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია: 3.1. სათბობ-ენერგეტიკის სექტორში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 3.2. სექტორის, როგორც ერთიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კომპლექსის, სისტემური სახელმწიფოებრივი მართვა და რეგულირება, მათ შორის: - მთლიანად სექტორისა და მისი ცალკეული დარების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების, მიმდინარე და გრძელვადიანი პერიოდებისათვის პრიორიტეტების, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის კონტროლი; - სექტორის ინდიკატური გეგმების შემუშავება; - ენერგოსისტემის მუშაობის რეჟიმების ძირითადი პარამეტრების განხილვა და დამტკიცება, მათი დაცვისადმი კონტროლის განხორციელება; - არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობების ლიცენზირების ერთიანი სისტემის შემუშავება და განხორციელება, ელექტროენერგიით სარგებლობის ნებართვის გაცემის პრინციპების განსაზღვრა, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დარგობრივი ექსპერტიზა, პროდუქციის (მომსახურების) ხარისხის კონტროლი და ენერგოზედამხედველობა; - ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების გამოყენების ინსტრუქციების, მეთოდური რეკომენდაციების, ექსპლუატაციის წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია და დამტკიცება; - სექტორში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია; - ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად სექტორში საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვისათვის ხულის შეწყობა, მათი გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; - ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, სხვა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების ორგანიზაცია და კოორდინაცია. 3.3. სექტორის რესტრუქტურიზაციის, ძირეული ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, აუცილებლობის შემთხვევაში მასში სათანადო წესით კორექტივების შეტანა, ეკონომიკური რეფორმის ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი. 3.4. სექტორის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარებისათვის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადება. 3.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებათა და გადაწყვეტილებათა პროექტების წარდგენა. 3.6. ენერგორესურსების საშინაო და საგარეო ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია, გავრცელება, აგრეთვე პროგნოზირება, საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელის შეწყობა. 3.7. სათბობ-ენერგეტიკის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საერთო კოორდინაცია, პრიორიტეტების განსაზღვრა. 3.8. საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, განვითარება და სრულყოფა. ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანობის ამაღლებისა და მთლიანად ეკონომიკის ენერგოტევადობის შემცირების მასტიმულირებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. 3.9. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების მართვა. 3.10. საწვავის სახელმწიფო მარაგების, მათ შორის, სტრატეგიული და მიმდინარე მარაგის შექმნისა და გამოყენების ორგანიზაცია, ენერგორესურსების შიდა ბაზარზე ზემოქმედება მისი გაჯერების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საგანგებო (ექსტრემალურ) სიტუაციებში სათბობ-ენერგეტიკული სექტორის (ან სათბობის მარაგის) მართვა. 3.11. მიმდინარე და პერსპექტიული პერიოდებისათვის ძირითადი სათბობ-ენერგეტიკული ბალანსების დამუშავება, დამტკიცება, აუცილებლობის შემთხვევაში მათი კორექტირება და შესრულების მიმდინარეობის კონტროლი. 3.12. სექტორის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკრედიტო, საინვესტიციო, ტექნიკური დახმარების, გრანტებისა და სხვა პროექტების განხილვა, დამტკიცება, განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი. 3.13. ენერგიის არატრადიციული წყაროების ათვისებისა და გამოყენების საერთო კოორდინაცია. 3.14. სამინისტროში საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი რეალიზაციის ზედამხედველობა. 3.15. რეალიზებული ელექტროენერგიისა და სხვა ენერგორესურსების ღირებულების ამოღების ქმედითი მექანიზმის ფორმირების საერთო ხელმძღვანელობა საგანგებო ენერგეტიკულ კომისიასთან ერთად. 3.16. საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაძლიერება სექტორში კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის, ამ მიზნით ცალკეულ ობიექტებზე ბიზნესგეგმებისა და სხვა სათანადო დოკუმენტაციის შემუშავების ორგანიზაცია. 4. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი 4.1. სექტორში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამინისტროს უფლება აქვს: 4.1.1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, კანონპროექტების, ინდიკატური გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში; 4.1.2. განახორციელოს სექტორის, მისი ცალკეული დარგების განვითარების დამტკიცებული (მოწონებული) პროგრამების, გეგმებისა და პროექტების შესრულების კონტროლი, ამ მიზნით დადგენილი წესით მიიღოს და განიხილოს ანგარიშები, მათ შორის, საფინანსო შედეგების შესახებ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სათანადო ღონისძიებანი დაქვემდებარებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა საქმიანობის გასაუმჯობესებლად; 4.1.3. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით განახორციელოს ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირისა და სხვა სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, საბადოების ექსპლუატაციის, სათბობ-ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ლიცენზირება, განსაზღვროს ელექტროენერგიითა და სათბობით სარგებლობის უმთავრესი პრინციპები; 4.1.4. მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანოებისაგან, დაწესებულებებისაგან, ორგანიზაციებისაგან, სახელმწიფო და კერძო საწარმოებისაგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; 4.1.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოსცეს ბრძანებები, გადაწყვეტილებები, ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც დადგენილი წესით სახელმწიფო რეგისტრაციის შემდგომ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის; 4.1.6. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ნებართვით სამინისტროს სისტემაში არსებული სათანადო სტრუქტურების მეშვეობით მართოს სახელმწიფოს ხელში დარჩენილ აქციათა პაკეტები სააქციო საზოგადოებებში; 4.17. არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები სახელმწიფოს სახელით. 4.1.8. მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების გამო; 4.1.9. ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოსთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შექმნას საკონსულტაციო კომისიები სისტემის სამეურნეო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულებები; 4.1.10. განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრის უფლებამოსილებანი სამინისტროს დაქვემდებარებული სახაზინო საწარმოებისა და სახელმწიფო ქონების მიმართ, რომლის მართვა დელეგირებული აქვს სამინისტროს; 4.1.11. ხელი შეუწყოს თავის სისტემაში, აგრეთვე მთლიანად სექტორში სხვადასხვა სახის საწარმოებისა და ორგანიზაციების შექმნას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს საწარმოთა რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შექმნას ახალი სტრუქტურები; 4.1.12. წარმართოს საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; 4.1.13. ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციისათვის მოითხოვოს საბიუჯეტო დაფინანსება, აგრეთვე საზღვარგარეთული ჰუმანიტარული დახმარება და გრანტები, სახელმწიფო კრედიტები; 4.1.14. სამინისტრო თავს უყრის სახსრებს განსაკუთრებული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დასაფინანსებლად. ამისათვის სამინისტრო იყენებს სხვადასხვა ფორმებს (გრანტები, ფონდები, მოზიდული სახსრები დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან და სხვ.); 4.1.15. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 4.2. სამინისტრო ვალდებულია: 4.2.1. მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულება და უფლებამოსილებათა რეალიზაცია; 4.2.2. მჭიდროდ ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან; 4.2.3. დადგენილ ვადებში და სათანადო ფორმით უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა; 4.2.4. ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოძრაობებთან, უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან; 4.2.5. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადოს შრომითი ხელშეკრულებანი (კონტრაქტები) სამუშაოზე დაქირავების წესით მიღებულ მოქალაქეებთან და განახორციელოს მათი შრომის ანაზღაურება; 4.2.6. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს თავისი ვალდებულებებისათვის. 5. სამინისტროს მართვა 5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 5.2. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სექტორში რეფორმების განხორციელებისათვის, 5.3. მინისტრი: - დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; - უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად ნორმატიული აქტების პროექტებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; - სექტორში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით კოორდინაციას უწევს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სამსახურების საქმიანობას; - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, იძლევა მითითებებს, ამტკიცებს დარგის ნორმატიულ დოკუმენტაციას და სხვა დარგობრივ ქვეკანონურ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას; - ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა დებულებებს, განსაზღვრავს ცენტრალური აპარატის მუშაკთა უფლებებსა და მოვალეობებს; - ამტკიცებს სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებათა, ორგანიზაციათა და საწარმოთა დებულებებს (წესდებებს); - თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა პირველ ხელმძღვანელებს, ითანხმებს მათი მოადგილეების კანდიდატურებს, ნიშნავს საზედამხედველო ორგანოების წევრებსა და წარმომადგენლებს იმ სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოებში, რომლებშიც სახელმწიფოს წილის გამგებლობა დაკისრებული აქვს სამინისტროს; - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და საწარმოების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; - აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას; - განკარგავს სამინისტროს ცენტრალიზებულ ფონდებსა და სპეცსახსრებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; - დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად; - უზრუნველყოფს მოქალაქეთა პირად მიღებას; 5.4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 5.5. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5.6. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. სამინისტროს კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი. 5.7. სამინისტროს კოლეგია, რომლის თავმჯდომარეა მინისტრი, განიხილავს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. კოლეგიის გადაწყვეტილების შესრულება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრსა და კოლეგიას შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას და წარმოშობილ უთანხმოებას მოახსენებს საქართველოს პრეზიდენტს. 5.8 სათბობ-ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემების განსახილველად და გადასაჭრელად სამინისტროსთან არსებობს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო - სათბობ-ენერგეტიკული პოლიტიკის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. იგი განსაზღვრავს და ამტკიცებს საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობის რეგლამენტს. 5.9. სამინისტროს დებულებაში ცვლილებანი და დამატებანი შეიტანება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 5.10. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურა 1. ხელმძღვანელობა 2. საქმეთა მმართველობა 3. სათბობ-ენერგეტიკული სექტორის პერსპექტიული განვითარების მთავარი სამმართველო 4. რეფორმების დეპარტამენტი 5. საფინანსო-ეკონომიკური და ენერგეტიკული ბალანსების მთავარი სამმართველო 6. საკრედიტო-საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის დეპარტამენტი 7. საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი 8. კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო 9. ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების სამმართველო 10. ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის სამმართველო 11. ტექნიკური განყოფილება 12. ლიცენზირების სამმართველო.