⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.11.1997)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.04.1996
ძალის დაკარგვა 28.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №291
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,861 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.1996 მიღება
28.11.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდეტის ბრძანებულება №291 1996 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა. 2. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №150 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტროს შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 7 თებერვლის №71 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის შესახებ“ და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 მაისის №156 ბრძანებულება „საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კოორდინირებისა და რეგულირების სახელმწიფო მექანიზმის სრულყოფის შესახებ“. ე. შევარდნაძე საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობითი ორგანო ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დარგში. 1.2. სამინისტროს ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს სახელმწიფოში ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ერთიანი პოლიტიკის სფეროში წინადადებათა შემუშავება და რეალიზაცია, კოორდინაცია და რეგულირება გაუწიოს ამ დარგში დასაქმებული ორგანიზაციების (მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობას მმართველობის სამხარეო ორგანოებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 1.3. სამინისტროს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, კორპორაციების, კონცერნების, უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოების და ორგანიზაციებისათვის (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაწილე ფიზიკურ პირთათვის. 1.4. საქართველოს მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, სახელმწიფო ორგანიზაციები, დაწესებულებები და სახაზინო საწარმოები საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საინვესტიციო პროექტებს, საფინანსო-საინვესტიციო წინადადებებს უთანხმებენ ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს და ითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს. 1.5. საქართველოს სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს, კონცერნებს, კორპორაციებს, დაწესებულებებს, საწარმოებსა (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და უცხოელ პარტნიორებს შორის სახელმწიფო სახსრების ან ქონების მონაწილეობით სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და წესდებების პროექტებს სამინისტროში უტარდებათ სავალდებულო სამართლებრივი ექსპერტიზა. 1.6. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით და პასუხისმგებელია მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის. 1.7. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპელები, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო საბიუჯეტო და სპეცანგარიშები ბანკში. 1.8. სამინისტრო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. მისი საქმიანობის დაფინანსების მთავარი წყაროა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი. დადგენილი წესით სამინისტროს მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის გაწეული ფასიანი მომსახურება სამინისტროს შემოსავლის დამატებითი წყაროა. 2. სამინისტროს ფუნქციები სამინისტროს ფუნქციებია: 2.1. შეიმუშაოს საქართველოს სავაჭრო, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამომხმარებლო ბაზრის რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მის რეალიზაციაში; 2.2. ხელი შეუწყოს საქართველოს შიდა ბაზრის სამომხმარებლო საქონლით და, პრიორიტეტული ეკონომიკური პროგრამების ინტერესებიდან გამომდინარე, მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფისათვის ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებსა და ფირმებს; 2.3. კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან სავაჭრო- ეკონომიკურ თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად; 2.4. ითანამშრომლოს საერთაშორისო ეკონომიკურ, საფინანსო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების მოზიდვის გაზრდის, სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით; 2.5. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრაში მათი განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზღვარგარეთული კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვის საქმეში შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი გამოყენების ერთიანი პოლიტიკის, აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეგულირება; 2.6. კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებულ ტექნიკურ დახმარებას, მოამზადოს შესაბამისი მასალები და წარუდგინოს ისინი საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურ ორგანიზაციებსა და დონორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკოორდინაციო სახელმწიფო კომისიას; 2.7. შეიმუშაოს და აამოქმედოს ეკონომიკური პოტენციალის, ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ერთად პრიორიტეტული პროექტების და ბიზნესგეგმების შერჩევისა და ექსპერტიზის მექანიზმი; 2.8. უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ხელშეკრულებათა ხელმოწერა და მათი განხორციელებისადმი კონტროლი; 2.9. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს უცხოური კრედიტებითა და დახმარებებით უზრუნველყოფისათვის საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და ოქმების მომზადებაში. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ხელი მოაწეროს მათ და დააწესოს შესრულებისადმი კონტროლი; 2.10. სრულყოს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირება, საექსპორტო პოტენციალის ანალიზი და მისი ზრდის სტიმულირებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მონაწილეობა მიიღოს საგარეო ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენისაგან საქართველოს შიდა ბაზრის დაცვის, მისი გაფართოებისა და სტრუქტურულ-თვისებრივი გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში; 2.11. შეისწავლოს მსოფლიო სასაქონლო და მომსახურების სფეროთა ბაზრების კონიუნქტურა და ფასები და მოამზადოს საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაციებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები; 2.12. უზრუნველყოს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მდგომარეობის ანალიზი, ექსპორტის ზრდის ტემპისა და პროპორციების პროგნოზების შემუშავება, საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ამაღლება და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; 2.13. განახორციელოს საექსპორტო და საიმპორტო საქონლის წარმოშობის განსაზღვრის, მისი ხარისხის კონტროლის, ლიცენზირებადი საქონელბრუნვისა და კონტრაქტების რეგისტრაციის კონკრეტული ღონისძიებანი; 2.14.უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი, მათ საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაფართოება და კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში; 2.15. მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი სივრცის შექმნაში ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების დასამკვიდრებლად, კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად, კერძო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად; 2.16. უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური პროექტების, პროგრამების, ხელშეკრულებების კომპლექსური ექსპერტიზის ორგანიზაცია და განხორციელება; 2.17. ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 2.18. უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო ლიცენზირება და რეგისტრაცია დადგენილი წესით; 2.19. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში; 2.20. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საფინანსო, საკრედიტო, საბანკო და სადაზღვევო დაწესებულებებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი პირობების შექმნაში; 2.21. დახმარება და კონსულტაციები გაუწიოს საქართველოს სამინისტროებს, უწყებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებაში; 2.22. ხელი შეუწყოს საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის საზღვარგარეთ პრეზენტაციების გამართვას, ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობას, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების და ფირმების მონაწილეობით საქართველოში ასეთივე ღონისძიებების მოწყობას. შეიმუშაოს აღნიშნულ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და კოორდინაცია გაუწიოს მის განხორციელებას; 2.23. ორგანიზაცია გაუწიოს საზღვარგარეთ სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო კონფერენციებისათვის, სიმპოზიუმებისა და სხვა ფორუმებისათვის მასალების მომზადებას, გააანალიზოს მათი შედეგები, კოორდინაცია გაუწიოს ამგვარი ფორუმების საქართველოში მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს; 2.24. გააანალიზოს სამინისტროებისა და უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ პროდუქციის (სამუშაოთა, მომსახურების) სახელმწიფოთაშორისი ურთიერთმიწოდების მდგომარეობა მათ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციების საფუძველზე; 2.25. შეისწავლოს საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში, თუ როგორ ასრულებენ სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად) და მეწარმეები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს; 2.26. ორგანიზაცია გაუწიოს საზღვარგარეთული კრედიტების დროული და ეკონომიკურად გამართლებული ათვისების მიზნით საქართველოში უცხოური კრედიტების საკონკურსო წესით განაწილებას; 2.27. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს თანხმობა სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელმწიფო სახსრების ან ქონების მონაწილეობის თაობაზე ამ ორგანიზაციათა საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის მიუხედავად; 2.28. მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე, დააკომპლექტოს ისინი შესაფერისი კადრებით და წარმართოს ამ ორგანიზაციათა საქმიანობა, უზრუნველყოს საქართველოში სხვა ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური და უცხოური ფირმების წარმომადგენლობების აკრედიტაცია და მათთან მუშაობის კოორდინაცია; 2.29. შექმნას და განავითაროს სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის ლოკალური და ერთიანი სისტემა; 2.30. ხელი შეუწყოს სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას; 2.31. უზრუნველყოს შიდა ბაზარი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირველი საჭიროების საქონლით გამოყოფილი საბიუჯეტო საშუალებების, მიზნობრივი დახმარებებისა და სესხების ფარგლებში, ღია ტენდერის საფუძველზე; 2.32. ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ მშენებარე, სარეკონსტრუქციო და ტექნიკურად ხელახლა აღსაჭურვი ობიექტებისათვის (მიუხედავად საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მოწყობილობებითა და სხვა ნაწარმით დაკომპლექტებას; 2.33. ხელი შეუწყოს საბითუმო ბაზრობებისა და აუქციონების ორგანიზებას; 2.34. ხელი შეუწყოს საქართველოს საქონელგამტარი ქსელის განვითარებასა და სრულყოფას; 2.35. შექმნას მეორეული რესურსების მოძიებისა და მათი რაციონალური გამოყენების პირობები; 2.36. შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოში ვაჭრობის დარგის პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, მართვის დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელების შესახებ და დასახოს ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა შესრულების ღონისძიებანი; 2.37. მიიღოს, გააანალიზოს და გამოიყენოს დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად ვაჭრობის სფეროში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2.38. უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში, საწარმოებსა და ობიექტებში რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები და განახორციელოს საბაზრო ურთიერთიანობისათვის საჭირო სამეურნეო რგოლების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ღონისძიებანი, წარმართოს ვაჭრობის პოლიტიკა ადგილობრივი მმართველობის დაქვემდებარების სავაჭრო-კომერციულ, სახელმწიფო და მუნიციპალურ საწარმოთა მეშვეობით; 2.39. ხელი შეუწყოს ვაჭრობის დარგში მიმდინარე განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის პროცესს, მოამზადოს რეკომენდაციები და წინადადებანი საბაზრო სტრუქტურების დამკვიდრების თაობაზე, შეიმუშაოს სავაჭრო და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის პროგნოზები, კონცეფციები და პროგრამები; 2.40. მოამზადოს ვაჭრობისა და მომარაგების სფეროში დასაქმებული ობიექტების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის (მიუხედავად საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ორგანიზაციულ-მეთოდური და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნორმატიული დოკუმენტაცია ვაჭრობის წესებისა და ერთიანი პოლიტიკის საკითხებში; 2.41. მართოს დადგენილი წესით დარგში შემავალი სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტები სამინისტროსათვის დელეგირებული უფლებების ფარგლებში; 2.42. შექმნას პირობები საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; 2.43. შეიმუშაოს ვაჭრობის წესები საქონლის რეალიზაციის ფორმებისა და სასაქონლო ჯგუფების მიხედვით; 2.44. მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში; 2.45. შეიმუშაოს ქვეყანაში რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად და მონაწილეობა მიიღოს მის რეალიზაციაში; 2.46. მონაწილეობა მიიღოს მატერიალური რესურსების მოზიდვაში პრიორიტეტული ეკონომიკური პროგრამების გათვალისწინებით. 3. სამინისტროს უფლებამოსილებანი სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვა: 3.1. გამოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, აგრეთვე თანამდებობის პირებისაგან ინფორმაცია, დოკუმენტები და მასალები, რომლებიც საჭიროა სამინისტროსათვის დაკისრებულ ამოცანათა განსახორციელებლად; 3.2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ბრძანებები, გადაწყვეტილებები, ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად; 3.3. გამოსცეს დამოუკიდებლად ან სხვა სამინისტროებთან და უწყებებთნ ერთად ბრძანებები, დებულებები, ინსტრუქციები და მეთოდური მასალები; 3.4. გამართოს სხდომები და თათბირები დაქვემდებარებული ორგანიზაციების, აგრეთვე სამინისტროების, უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით სამინისტროებისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადასაწყვეტად; 3.5. საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მარეგულირებელ ნორმატიულ სფეროში კანონშემოქმედებითი, საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოების შესასრულებლად დადგენილი წესით მოიწვიოს სამეცნიერო ორგანიზაციათა, სახელმწიფო ორგანოთა და კერძო დაწესებულებათა თანამშრომლები, სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის საზღვარგარეთიდან; 3.6. მოამზადოს წინადადებანი და მიიღოს გადაწყვეტილებანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; 3.7. საჭიროების შემთხვევაში მისცეს რეკომენდაციები საზღვარგარეთის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში დასაქმებული ორგანიზაციებისა და ფირმებისათვის საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ; 3.8. მიიღოს საჭირო მასალა და ინფორმაცია როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოთა ეკონომიკური სამსახურებისაგან, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობებისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე მოისმინოს და დაამტკიცოს მ უკანასკნელთა საფინანსო და სხვა ანგარიშები 3.9. საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემათა კვლევის და ანალიზის მიზნით შექმნას მეცნიერთა და ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფები და დროებით შრომითი კოლექტივები; 3.10. მიავლინოს თანამშრომლები საქართველოს ფარგლებში და საზღვარგარეთ თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადასაწყვეტად; 3.11. მიიღოს მოქალაქენი, განიხილოს მათი განცხადებები, საჩივრები და წინადადებები; 3.12. შექმნას სამეცნიერო, საკონსულტაციო და საექსპერტო საბჭოები სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემებზე და მიიღოს მათში მონაწილეობა. აღნიშნული საბჭოების შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 4. სამინისტროს მართვა 4.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 4.2. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 4.3. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მმართველობის მინდობილი სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის. 4.4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4.5. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას; 4.6. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. 4.7. მინისტრი: - სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს დამოუკიდებლად ან სხვა მინისტრებთან ერთად ბრძანებებსა და ინსტრუქციებს და იძლევა მითითებებს, მინდობილობის გარეშე მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს მას ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში აძლევს მითითებებს სამინისტროს ქვედანაყოფებს, წარმართავს მათ მუშაობას; - ამტკიცებს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებების სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სამინისტროს მუშაკთა უფლებებს და მოვალეობებს; - თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებს, სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს, სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლებსა და მათ მოადგილეებს; - განკარგავს სამინისტროს ცენტრალიზებულ ფონდებს და სპეცსახსრებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; - დამტკიცებული სტრუქტურის, ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა რაოდენობის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას; - დადგენილი წესით განსაკუთრებით თავგამოჩენილ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად. 4.8. მინისტრს შეუძლია გადასცეს მისთვის მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილებანი მისდამი დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს, გარდა იმ უფლებებისა, რომლებიც მინისტრის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; 4.9. მინისტრის სათათბირო ორგანოს სახით სამინისტროში იქმნება კოლეგია მინისტრის (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკების, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირებისა და სპეციალისტების შემადგენლობით; 4.10. კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი; 4.11. კოლეგია განიხილავს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს; 4.12. კოლეგიის გადაწყვეტილების რეალიზაცია ხდება მინისტრის ბრძანებით; 4.13. სამინისტროს კოლეგიის სხდომებს იწვევს მინისტრი; 4.14. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.