1. საკრებულოს საქმიანობის კოორდინირებისა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.

2. საკრებულოს ბიურო:

ა) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;

დ) ამტკიცებს (გარდა ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღვრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებს;

ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ზ) „იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში გაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრისა და პროექტის განხილვის ვადების შესახებ;

ზ1) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;

თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ