აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2 / 7484-24
განჩინება
საქართველოს სახელით
აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით
ექსპერტის დანიშვნის თაობაზე
(ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან)
2024 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
მოსამართლე – ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი – იულია კახელაშვილი
წარმომადგენელი – სოფიო კოკაია
დაინტერესებული პირები (აქციონერები) – სს „ხაშურის მინის ტარას“ აქციონერები
მოთხოვნა - სს „ხაშურის მინის ტარას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა.
სასამართლომ გამოარკვია:
2024 წლის 27 მარტს გარდაბანი ჰოლდინგზ ფიფი ბი. ვი.-ს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სს „ხაშურის მინის ტარას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, გარდაბანი ჰოლდინგზ ფიფი ბი. ვი. წარმოადგენს სს „ხაშურის მინის ტარას“ აქციათა 95.85197%-ის მესაკუთრეს, ხოლო დარჩენილი 4.14803% აქციები განაწილებულია 1891 აქციონერზე. ვინაიდან, განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სურვილი აქვს სრულად გამოისყიდოს სს „ხაშურის მინის ტარას“ სხვა აქციონერთა კუთვნილი აქციები, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სს „ხაშურის მინის ტარას“ დარჩენილი აქციონერების აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, გარდაბანი ჰოლდინგზ ფიფი ბი. ვი-ს განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა 2024 წლის 2 ივლისს, 11:00 საათზე. აღნიშნული სხდომის თაობაზე შეტყობინება, დაინტერესებულ პირებს (აქციონერებს) ორჯერ გაეგზავნათ სს „ხაშურის მინის ტარას“ ფასიანი ქაღალდების რეესტრში მითითებულ მისამართებზე.
სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.
2024 წლის 2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, როგორც გარდაბანი ჰოლდინგზ ფიფი ბი. ვი-ს წარმომადგენელმა სოფიო კოკაიამ, ასევე გამოცხადებულმა აქციონერებმა მაკა ალანიამ, დარეჯან კვახაძემ და რუსუდან ენჯიბაძემ განმარტეს, რომ აქციათა შეფასების მიზნით ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912მუხლებით
დაადგინა:
1. სს „ხაშურის მინის ტარას“ (ს/ნ: 243855734) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი.
3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები – ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა.
5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.
6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს – გარდაბანი ჰოლდინგზ ფიფი ბი. ვი-ს (ს/ნ: 66004896);
7. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ – საკანონმდებლო მაცნეში.
8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე