საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 25.11.1997
ძალის დაკარგვა 28.06.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №689
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 29.07.2000
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №689
1997 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 2 აპრილის №291 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური
ურთიერთობების სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ასრულებს კანონიდან გამომდინარე ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს და უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დარგში.
2. სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად სამინისტროს დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს სახელმწიფოში ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთიანი პოლიტიკის სფეროში წინადადებათა შემუშავება და რეალიზაცია, კოორდინაცია და რეგულირება გაუწიოს ამ დარგის ორგანიზაციების (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობას მმართველობის სამხარეო ორგანოებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამინისტროს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისათვის, დეპარტამენტებისათვის, უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაწილე ფიზიკურ პირთათვის.
5. საქართველოს მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, სახელმწიფო ორგანიზაციები, დაწესებულებები და სახაზინო საწარმოები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საინვესტიციო პროექტებს საფინანსო-საინვესტიციო წინადადებებს უთანხმებენ ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს და ითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს.
6. საქართველოს სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს, დაწესებულებებს, საწარმოებს (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) და უცხოელ პარტნიორებს შორის სახელმწიფო სახსრების ან ქონების მონაწილეობით სავაჭრო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი ხელშეკრულებების, კონტრაქტებისა და წესდებების პროექტები ექვემდებარება სამინისტროში სავალდებულო ექსპერტიზას,
7. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე ამ დებულებით და პასუხისმგებელია მისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.
8. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, შესაბამისი ბეჭდები, შტემპელები და დამოუკიდებელი ბალანსი, სამინისტრო მდებარეობს ქ თბილისში, ა. ყაზბეგის გამზ. №42-ში.
9. სამინისტრო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, მისი საქმიანობის დაფინანსების მთავარი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
II. სამინისტროს ფუნქციები
10. სამინისტროს ფუნქციებია:
10.1. შეიმუშაოს საქართველოს სავაჭრო და საგარეო ეკონომიურ ურთიერთობათა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს მის რეალიზაციაში;
10.2. ხელი შეუწყოს ვაჭრობის სფეროს ორგანიზაციებსა და ფირმებს საქართველოს შიდა ბაზრის სამომხმარებლო საქონლით და, პრიორიტეტული ეკონომიკური პროგრამების ინტერესებიდან გამომდინარე, მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფაში;
10.3. კოორდინაცია გაუწიოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად;
10.4. ითანამშრომლოს საერთაშორისო ეკონომიკურ, საფინანსო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების მოზიდვის გაზრდის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით;
10.5. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრაში, მათი განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნილებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს საზღვარგარეთული კრედიტებისა და ინვესტიციების მოზიდვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათი გამოყენების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეგულირება;
10.6. კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების გამოყენებას;
10.7. საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაოს და აამოქმედოს ეკონომიკური პოტენციალის, ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების პრიორიტეტული პროექტებისა და ბიზნესგეგმების შერჩევისა და ექსპერტიზის მექანიზმი;
10.8. უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ხელშეკრულებათა ხელმოწერა და მათი განხორციელების კონტროლი;
10.9. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს უცხოური კრედიტებითა და დახმარებით უზრუნველყოფის შესახებ საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და ოქმების მომზადებაში, საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში ხელი მოაწეროს მათ და დააწესოს შესრულების კონტროლი;
10.10. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სრულყოს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის სახელმწიფოებრივი რეგულირება, საექსპორტო პოტენციალის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს მისი ზრდის სტიმულირების ხელშემწყობი ღონისძიებები;
მონაწილეობა მიიღოს საგარეო ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენისგან საქართველოს შიდა ბაზრის დაცვის, მისი გაფართოებისა და სტრუქტურულ-თვისებრივი გაუმჯობესების ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში;
10.11. შეისწავლოს მსოფლიო სასაქონლო მომსახურების სფეროთა ბაზრების კონიუნქტურა და ფასები და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკის სხვა დარგების ორგანიზაციებისათვის მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;
10.12. უზრუნველყოს საქართველოს ექსპორტისა და იმპორტის ანალიზი, ექსპორტის ზრდის ტემპისა და პროპორციების პროგნოზების შემუშავება, ხელი შეუწყოს საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ამაღლებასა და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას;
10.13. განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებანი დადგენილი წესით ექსპორტ-იმპორტის ლიცენზირებისათვის და საქონლის წარმოშობის განსაზღვრისათვის;
10.14.უზრუნველყოს საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი, მათ საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაფართოება და კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
10.15. მონაწილეობა მიიღოს სამართლებრივი სივრცის შექმნაში ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების დასამკვიდრებლად, კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად, კერძო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად;
10.16.უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური პროექტების, პროგრამების, ხელშეკრულებების კომპლექსური ექსპერტიზის ორგანიზაცია და განხორციელება;
10.17. ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.18.უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო რეგისტრაცია დადგენილი წესით.
10.19.მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში;
10.20. მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საფინანსო, საკრედიტო, საბანკო და სადაზღვევო დაწესებულებებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი პირობების შექმნაში;
10.21. დახმარება და კონსულტაციები გაუწიოს საქართველოს სამინისტროებს, უწყებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზებაში;
10.22. ხელი შეუწყოს საქართველოს სამინისტროებს, უწყებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს საზღვარგარეთ პრეზენტაციების გამართვაში, ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობაში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და ფორმების მონაწილეობით საქართველოში ასეთივე ღონისძიებების მოწყობაში; შეიმუშაოს აღნიშნულ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და კოორდინაცია გაუწიოს მის განხორციელებას;
10.23. ორგანიზაცია გაუწიოს საზღვარგარეთ სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო კონფერენციებისათვის, სიმპოზიუმებისა და სხვა ფორუმებისათვის მასალების მომზადებას, გაანალიზოს მათი შედეგები, კოორდინაცია გაუწიოს ამგვარი ფორუმების საქართველოში მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს;
10.24. შეისწავლოს, საქართველოს პრეზიდენტის დავალების შემთხვევაში, თუ როგორ ასრულებენ სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად) და მეწარმეები საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
10.25. ორგანიზაცია გაუწიოს საზღვარგარეთული კრედიტების დროული და ეკონომიკურად გამართლებული ათვისების მიზნით საქართველოში უცხოური კრედიტების საკონკურსო წესით განაწილებას;
10.26. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს თანხმობა (სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელმწიფო სახსრების კანონების მონაწილეობას, ორგანიზაციათა საკუთრებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმის მიუხედავად;
10.27. განსაზღვროს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობათა სტრუქტურა და შტატები, დაამტკიცოს მათი წესდება;
10.28. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შექმნას საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ წარმომადგენლობათა სალიკვიდაციო კომისია;
10.29. დადგენილი წესით შეარჩიოს და დანიშნოს უცხოეთის ქვეყნებში სავაჭრო ეკონომიკურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელები და სხვა პასუხისმგებელი პირები, განიხილოს მათი ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ, გაუწიოს კოორდინაცია და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას;
10.30. შეითანხმოს საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების უფროსი ეკონომიკური მრჩევლების კანდიდატურები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას, გააანალიზოს და განიხილოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები;
10.31. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოში სხვა ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური და უცხოური ფირმების წარმომადგენლობების აკრედიტაცია და მათთან მუშაობის კოორდინაცია;
10.32. შექმნას და განავითაროს სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის ლოკალური და ერთიანი სისტემა;
10.33. ხელი შეუწყოს სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
10.34. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს შიდა ბაზარი პირველი საჭიროების საქონლით ღია ტენდერის საფუძველზე;
10.35. ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მშენებარე, სარეკონსტრუქციო და ტექნიკურად ხელახლა აღსაჭურვი ობიექტების (მიუხედავად საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მოწყობილობითა და სხვა ნაწარმით დაკომპლექტებას;
10.36. ხელი შეუწყოს საბითუმო ბაზრობებისა და აუქციონების ორგანიზებას;
10.37. ხელი შეუწყოს საქართველოს საქონელგამტარი ქსელის განვითარებასა და სრულყოფას;
10.38. ხელი შეუწყოს მეორეული რესურსების მოძიებასა და მათ რაციონალურ გამოყენებას;
10.39. შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველოში ვაჭრობისა და ამ დარგის პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, მართვის დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელების შესახებ და დასახოს ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებანი;
10.40 მიიღოს, გააანალიზოს და გამოიყენოს დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად ვაჭრობის სფეროში ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისაგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
10.41. ხელი შეუწყოს ვაჭრობის დარგში მიმდინარე განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის პროცესს, მოამზადოს რეკომენდაციები და წინადადებანი საბაზრო სტრუქტურების დამკვიდრების თაობაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სავაჭრო და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის პროგნოზების, კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებაში;
10.42.საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად მოამზადოს ვაჭრობისა და მომარაგების სფეროში დასაქმებულ ობიექტებისათვის, საწარმოებისა და ორგანიზაციისთვის (მიუხედავად საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ორგანიზაციულ-მეთოდური და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაცია ვაჭრობის წესებისა და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის საკითხებზე;
10.43. სამინისტროსათვის შესაბამისი უფლებების დელეგირების შემთხვევაში დადგენილი წესით მართოს სააქციო საზოგადოებების აქციათა პაკეტები;
10.44. მონაწილეობა მიიღოს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
10.45. შეიმუშაოს ვაჭრობის წესები საქონლის რეალიზაციის ფორმებისა და სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ხელი შეუწყოს მათ დაცვას;
10.46. მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
10.47. მმართველობის ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში;
III. სამინისტროს უფლებამოსილებანი
11. სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
11.1. გამოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან, საწარმოებიდან, აგრეთვე თანამდებობის პირებისაგან ინფორმაცია, დოკუმენტები და მასალები, რომლებიც საჭიროა სამინისტროსათვის დაკისრებულ ამოცანათა განსახორციელებლად;
11.2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებლად ან სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, გამოსცეს ბრძანებები, გადაწყვეტილებები, ინსტრუქციები და მეთოდური მითითებები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;
11.3. გამართოს სხდომები და თათბირები დაქვემდებარებული ორგანიზაციების, აგრეთვე სამინისტროების, უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხთა გადასაწყვეტად;
11.4. საგარეო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა მარეგულირებელ ნორმატიულ სფეროში კანონშემოქმედებითი, საკონსულტაციო და საექსპერტო სამუშაოების შესასრულებლად დადგენილი წესით მოიწვიოს სამეცნიერო ორგანიზაციათა, სახელმწიფო ორგანიზაციათა და კერძო დაწესებულებათა თანამშრომლები, სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის საზღვარგარეთიდან;
11.5. მოამზადოს წინადადებანი და მიიღოს გადაწყვეტილებანი სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
11.6. საჭიროების შემთხვევაში მისცეს რეკომენდაციები საზღვარგარეთის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში დასაქმებული ორგანიზაციებისა და ფირმებისათვის საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ;
11.7. მიიღოს საჭირო მასალა და ინფორმაცია როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს საელჩოთა ეკონომიკური სამსახურებისაგან, ისე სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენლობებისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე მოისმინოს და დაამტკიცოს ამ უკანასკნელთა ანგარიშები;
11.8. საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემათა კვლევისა და ანალიზის მიზნით შექმნას მეცნიერთა და ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფები და დროებითი შრომითი კოლექტივები;
11.9. მიავლინოს თანამშრომლები საქართველოს ფარგლებში და საზღვარგარეთ თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა გადასაწყვეტად;
11.10. მიიღოს მოქალაქენი, განიხილოს მათი განცხადებები, საჩივრები და წინადადებები;
11.11. შექმნას სამეცნიერო, საკონსულტაციო და საექსპერტო საბჭოები სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემებზე და მიიღოს მათში მონაწილეობა. აღნიშნული საბჭოების შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
IV. სამინისტროს მართვა
12. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
13. მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
13.1. მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
13.2. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
13.3.იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, თუ მათზე გადაწყვეტილებების მიღება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის აქტით არ ევალებათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს ან თანამდებობის პირებს;
13.4. თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მომსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისადმი;
13.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით, თუ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა
საჯარო მოსამსახურეებს;
13.6. კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს;
13.7. შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში - დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და
მიზანშეწონილად გამოყენებისათვის;
13.8. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
13.9. ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
13.10. დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე;
13.11. საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
13.12. ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
14. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას უთანხმებს შესაბამის მინისტრს ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
15. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.
16. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
17. მინისტრი პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
18. მინისტრს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე.
19. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მას ექვემდებარებიან.
20. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
21. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
22. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.
23. სამინისტროს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
V. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა
24. სამინისტროს სისტემაში შედის:
24.1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო;
24.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო;
24.3. ქუთაისის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი რეგიონალური სამმართველო;
24.4. ფოთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი რეგიონალური სამმართველო;
24.5. მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განხორციელების რგოლი;
24.6. საქართველოს საინვესტიციო ცენტრი;
24.7. სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში (თუ ასეთები შეიქმნება).
25. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით და თავიანთი დებულებებით ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში დასახული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
26. ქ. ქუთაისის და ქ. ფოთის ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი რეგიონალური სამმართველოების ძირითადი მიზნები და ამოცანებია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ რეგიონში ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ერთიანი პოლიტიკის გატარება, რეგიონების მმართველობით ორგანოებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი კოორდინაცია და დახმარება გაუწიონ ამ რეგიონებში განლაგებული საწარმოებისა და ორგანიზაციების (მათ საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობას.
27. მსოფლიო ბანკის საინსტიტუციო მშენებლობის პროექტის განმახორციელებელი რგოლის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისათვის კრედიტებისა და გრანტების სახით გამოყოფილი ტექნიკური დახმარების განხორციელება და ამ მიზნით სატენდერო საფუძველზე ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების შერჩევა, სამთავრობო უწყებებისათვის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.
28. საქართველოს საინვესტიციო ცენტრის ძირითადი ამოცანაა მოამზადოს წინადადებანი საქართველოს მთავრობისათვის ინვესტიციების ხელშესაწყობად ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ამ მიზნით გამართოს სემინარები, კონფერენციები და პრეზენტაციები, კონსულტაციები გაუწიოს პოტენციალურ ინვესტორებსა და ქართველ მეწარმეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მიღებული საინვესტიციო სახსრები გაანაწილოს კონკურსის საფუძველზე.
29. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან შემდეგი სამსახურები:
- დარგობრივ სტრუქტურებთან და საწარმოებთან ურთიერთობათა სამმართველო;
- სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველო;
- დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველო;
- ვაჭრობის ორგანიზაციისა და შიდა ბაზრის კონიუნქტურის სამმართველო;
- უცხოური ინვესტიციების, კრედიტებისა და დარგთაშორისი პროექტების სამმართველო;
- იურიდიული სამმართველო;
- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობათა სამმართველო;
- ტერიტორიულ სტრუქტურებთან ურთიერთობათა სამმართველო;
- დარგის რეფორმისა და ანალიზის სამმართველო;
- საგარეო ვაჭრობის რეგულირების სამმართველო;
- საქმეთა მმართველობა;
- TACIS-ის საკოორდინაციო ბიურო;
- უცხოური ინვესტიციების სააგენტო.
30. დარგობრივ სტრუქტურებთან და საწარმოებთან ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის დარგების უმნიშვნელოვანეს მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე მოთხოვნილებანი, ხელი შეუწყოს ამ რესურსებით უზრუნველყოფასა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში საწარმოებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე პირდაპირ სამეურნეო ურთიერთობისა და პროდუქციის კოოპერირებული ურთიერთმიწოდებისათვის საქმიანობას;
ხელი შეუწყოს მეორეული რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მათი სამეურნეო ბრუნვაში მოქცევის ღონისძიებათა განხორციელებას.
31. სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავება და ხელმოწერილ ხელშეკრულებათა განხორციელების კოორდინირება, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.
32. დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მონაწილეობა მიიღოს თანამეგობრობის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში.
33. ვაჭრობის ორგანიზაციისა და შიდა ბაზრის კონიუნქტურის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს სავაჭრო ორგანიზაციებისათვის ნორმატიული დოკუმენტაცია და ორგანიზაციულ მეთოდური მითითებანი ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის გატარებისა და დადგენილი სავაჭრო წესების დაცვის მიზნით; შეიმუშაოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებთან და ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის შიდა ბაზარზე სასაქონლო რესურსების ფორმირებასთან დაკავშირებულ წინადადებათა მომზადება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას.
34. უცხოური ინვესტიციების კრედიტების და დარგთაშორისი პროექტების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მონაწილეობა მიიღოს საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში სახელმწიფო საინვესტიციო-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებაში, ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური
ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვას, აგრეთვე მათ ეფექტიან გამოყენებას.
35. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საშუალებებით დაცვა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში, განახორციელოს მოქმედი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.
36. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების პროცესს, შეიმუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გათვალისწინებით საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებანი და მონაწილეობა მიიღოს მათ განხორციელებაში, შეიმუშაოს წინადადებანი საგარეო-სავაჭრო კონცეფციისა და ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბების შესახებ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ განაგრძოს თანამშრომლობა მის შესაბამის სტრუქტურებთან.
37. ტერიტორიულ სტრუქტურებთან ურთიერთობათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ითანამშრომლოს სამინისტროს სისტემაში შემავალ ტერიტორიულ და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, გაანალიზოს მათი საქმიანობა, უზრუნველყოს საქართველოს რეგიონალური სამმართველოებისა და საზღვარგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების ინფორმაციული ხელშეწყობა და დახმარება.
38. დარგის რეფორმისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოამზადოს
წინადადებები დარგში მართვის დეცენტრალიზაციის და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის შემუშავების შესახებ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასწიოს მუშაობა
მისი განხორციელების თაობაზე სამთავრობო გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის; არსებული წესის შესაბამისად უზრუნველყოს მართვის სფეროში მოქმედ სააქციო საზოგადოებებში სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილ აქციათა პაკეტის მართვა, გაანალიზოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები და გამოიყენოს ისინი დარგის მართვის სრულყოფისათვის.
39. საგარეო ვაჭრობის რეგულირების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებანი ლიცენზირებადი საქონელბრუნვისა და საქონლის წარმოშობის განსაზღვრისათვის, ხელი შეუწყოს არასატარიფო რეგულირების შემდგომ ლიბერალიზაციასა და საკანონმდებლო აქტების მომზადებას ამ სფეროში, მონაწილეობა მიიღოს ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შემუშავებაში, გააანალიზოს საგარეო ვაჭრობის განვითარების ტენდენციები.
40. საქმეთა მმართველობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა რეგისტრაციაში გაატაროს სამინისტროში შემავალი და სამინისტროდან გამავალი ნებისმიერი დოკუმენტაცია და კორესპონდენცია, განახორციელოს მინისტრისა და მისი მოადგილეების მითითებებისა და განკარგულებების შესრულების კონტროლი.
41. TACIS-ის საკოორდინაციო ბიუროს ძირითადი ამოცანაა კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში ევროკავშირის TACIS-ის პროგრამის განხორციელებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დარგობრივი და რეგიონალური პროექტების რეალიზაციას.
42. უცხოური ინვესტიციების სააგენტოს ძირითადი ამოცანაა განახორციელოს უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მასალები იმ საკითხებზე, რომლებიც წესრიგდება არსებული კანონმდებლობით და ეხება საქართველოში უცხოელი ინვესტორისათვის ნებისმიერ სასურველ საინვესტიციო ინფორმაციას.
VI. სამსახურებრივი ზედამხედველობა
43. მინისტრი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს, სამინისტროს მმართველობაში არსებული დაწესებულებების თანამდებობის პირთა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების პასუხისმგებელ პირთა აქტებისა და მოქმედების სამსახურებრივ ზედამხედველობას.
44. მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
45. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.