⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.11.1996)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.09.1991
ძალის დაკარგვა 29.11.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №737
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 30/09/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,785 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.1991 მიღება
29.11.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება № 737 1991 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ა დ გ ე ნ ს: „საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 15 აპრილის №291 დადგენილების მე-10 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს დებულება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                    გ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                          ა. ლანდია დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსი I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვის და დემოგრაფიის სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“) არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ მმართველობის დარგს და თავის საქმიანობაში ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 2. სამინისტრო მისთვის მინიჭებულ უფლებებს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოებისა და თავისი რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 4. სამინისტროს ძირითადი ამოცანაა მის კომპეტენციაში შემავალ პრობლემათა წარმოჩენა, მათი გადაწყვეტის გზების გამონახვა და შემდგომი განხორციელება, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარსადგენად კანონპროექტების შემუშავება. 5. სამინისტრო უზრუნველყოფს: - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული მოსახლეობის დასაქმების, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის განუხრელ გატარებას; - შრომისა და სოციალური განვითარების პრობლემების გადაწყვეტის კომპლექსურ მიდგომას; - ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტისას სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა შემუშავებას და ცხოვრებაში გატარებას; - ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე რესპუბლიკის მოქალაქეთა მიღებას და მათი წერილების განხილვას, წამოჭრილ პრობლემებზე გადაწყვეტილებათა მიღებას და შესაბამის ღონისძიებათა გატარებას. 6. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს საკუთარი ანგარიში სახელმწიფო ბანკში და ბეჭედი რესპუბლიკის სახელმწიფო გერბითა და თავისი დასახელებით. II. სამინისტროს მიზნები და ამოცანები 7. სამინისტროს მიზნებია: - რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შრომისა და დასაქმების, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება; - პიროვნებისა და რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე, შრომისუნარიანი მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება; - უმუშევართა დასაქმების მწყობრი სისტემის შექმნა; - დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ფონდების შექმნა და მათი მიზნობრივი გამოყენება; - მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა; - იმიგრაციული, ემიგრაციული და შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირება და მართვა; საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის განსაზღვრა და ზრუნვა მისი შემდგომი ამაღლებისათვის; 8. სამინისტროს ამოცანებია: ა) შრომისა და დასაქმების მიმართულებით: - მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად დასაქმების რესპუბლიკური და რეგიონალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება; - მოსახლეობის დასაქმების სისტემის რეგულირება რესპუბლიკის რეგიონალურ თავისებურებათა გათვალისწინებით; - შრომის სახელმწიფო ბირჟისა და რეგიონალური ბირჟების შექმნა, კადრების პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა და მისი მეშვეობით დასაქმების პრობლემათა მართვა; - რესპუბლიკის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში მოსახლეობის დასაქმების გარანტიების შექმნის მიზნით დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნა, მისი საქმიანობის განსაზღვრა და კოორდინაცია; - რესპუბლიკის შრომითი რესურსების რაციონალური დასაქმების უზრუნველყოფისათვის შრომითი რესურსების რეგისტრის შექმნა, პროფესიათა აღრიცხვა, მათზე მიმდინარე მოთხოვნილების დადგენა და პროგნოზირება; - დასაქმებისა და შრომითი რესურსების კრებსითი საპროგნოზო ბალანსების დამუშავება დარგთაშორის და რეგიონალურ თავისებურებათა გათვალისწინებით საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; - დასაქმების ხელშემწყობი ახალი სამუშაო ადგილებისა და საწარმოების შექმნა კანონით დადგენილი წესით, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალურ თავისებურებათა გათვალისწინებით; - დასაქმებისა და შრომის პირობების სახელმწიფო ინსპექტირება; - საკუთრების ყველა ფორმის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, კოოპერატივში, ფირმაში, კონცერნში, ასოციაციაში, კოლმეურნეობაში, გლეხურ მეურნეობაში, უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, (მათ შორის ერთობლივ საწარმოში) სახელმწიფო ინსპექციის განხორციელება შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის (მათ შორის ქალთა და მოზრდილთა შრომის), საწარმოო სანიტარიის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმატივების შესრულებაზე, შრომის პირობებიდან გამომდინარე შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემაზე; - შრომის ბირჟების ერთიანი სისტემის მომსახურებისთვის სოციალური სფეროს და დემოგრაფიული კადრების პროფესიული მომზადების სასწავლო პროცესის შექმნა; - სამინისტროებთან, უწყებებთან და მმართველობის სხვა ორგანოებთან ერთად შრომის ნორმებისა და პირობების, შრომის დაცვის კრიტერიუმების, ნორმატივებისა და წესების შემუშავებასა და დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; - საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან და შესაბამის დარგობრივ პროფკავშირებთან ერთად შრომის პირობებიდან გამომდინარე შეღავათებისა და კომპენსაციების დასადგენად კრიტერიუმების, მაჩვენებლებისა და ნორმატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; - კომპეტენციის ფარგლებში საკითხის აღძვრა სამინისტროთი, უწყებათა, საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა (საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად), მათ შორის ერთობლივი საწარმოების თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკაში შრომითი რესურსების გაყვანა-შემოყვანის რეგულირება; - შრომითი ურთიერთობებისა და შრომის ანაზღაურების პრობლემათა გადაწყვეტა საქართველოს მეურნეობის საბაზრო ურთიერთობებსა და საკუთრების სხვადასხვა ფორმებზე გადასვლის პირობებში; - რესპუბლიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელფასის მინიმალური დონის განსაზღვრა დარგობრივი და რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით; - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამოუკიდებელი კავშირების დამყარება და მათი მეშვეობით ეროვნული კადრების საზღვარგარეთ შრომითი მოწყობისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ბ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მიმართულებით: - რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური დაცვის საიმედო მექანიზმის შექმნა და მინიმალური სამომხმარებლო კალათის დამუშავება სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; - საცალო ფასებისა და მომსახურების ტარიფების დადგენა-რეგულირებაში მონაწილეობა საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; - სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურების ტარიფებზე ფასების ინდექსების გაზრდის შემთხვევაში მოსახლეობისათვის კომპენსაციების ოდენობის განსაზღვრა და შემოსავლების ინდექსირება; - მოსახლეობის სოციალურად ნაკლებად დაცული ფენებისათვის ხელშემწყობი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნა; - უმუშევრის სტატუსისა და მისთვის დახმარების ოდენობის განსაზღვრა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონკრეტული პირობების გათვალისწინებით; - კატასტროფების, სტიქიური უბედურებისა და ეთნოკონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ლტოლვილთათვის აუცილებელი საარსებო პირობების (საცხოვრებელი და სამუშაო) განსაზღვრა და მათი საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრებისა თუ ადაპტირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა გატარება; - კომპეტენციის ფარგლებში რესპუბლიკური და რეგიონალური საბინაო ფონდის განაწილების რეგულირება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად; - ახალგაზრდა ოჯახების შექმნისა და ფორმირების ხელშემწყობი პირობების დადგენა და შესაბამისი ღონისძიებათა გატარება; - შიდარესპუბლიკურ მიგრაციულ და საერთო იმიგრაციულ პროცესებში მონაწილე მიგრანტთა ხელშემწყობი პირობების დადგენა და შესაბამის ღონისძიებათა გატარება; - მიგრანტთა განსახლების პრობლემების რეგულირება და მათთვის ადგილებზე ადაპტაციისა და შრომითი მოწყობის ხელსაყრელი პირობების შექმნა; - რესპუბლიკიდან მასშტაბური ემიგრაციის შემთხვევაში გამოთავისუფლებული სამუშაო ადგილების აღნუსხვა და ბრუნვა მათი დაკომპლექტებისათვის; - საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველი ეროვნების მოსახლეობის სოციალური დაცვის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა გატარება; - რესპუბლიკაში მიმდინარე იმიგრაციული და ემიგრაციული პროცესების აღრიცხვა, რეგულირება და მათი გათვალისწინება საქართველოს რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების საქმეში; - მიგრანტთა რეგისტრი სოციალური, სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით; - მოსახლეობის განსახლებისა და შიდა მიგრაციული პროცესების რაციონალიზაცია; - მიგრაციის სამსახურის შექმნა და მისი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; - იმიგრაციისა და შიდა მიგრაციული პროცესების რეგულირებისათვის ხელშემწყობი საგანგებო საცხოვრებელი ფონდის შექმნა და მისი რაციონალური გამოყენება; - ხელმოკლე, მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახების აღრიცხვა, მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სხვა სახის დახმარებათა გაწევა; - „ქართვლის დედის“ საპატიო წოდების მისანიჭებლად მრავალშვილიანი დედების კანდიდატურების წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის; - სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნა და მისი საქმიანობის კოორდინაცია; - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროსთან ერთად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების პროგნოზების შემუშავება; - საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საპროექტო გადაწყვეტილებათა კომპლექსური ექსპერტიზა. III. სამინისტროს უფლებანი 9. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: - გააკონტროლოს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებებისა და მათდამი დაქვემდებარებული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ შრომის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის პოლიტიკის საკითხებზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებათა შესრულება; - შეისწავლოს და განიხილოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების, ასევე საწარმოების, ორგანიზაციების, ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურების ანგარიშები და მოხსენებები, რომლებიც ეხება მათ საქმიანობას სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის, მიგრაციული პროცესების ხელშეწყობის, შრომითი რესურსების დასაქმების, შრომის პირობების მდგომარეობის, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვის საკითხებს. აღნიშნულ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკიდან გადახვევის ან არასათანადო მუშაობის შემთხვევაში მისცეს მათ მითითებანი, საჭიროების შემთხვევაში კი საკითხი რეაგირებისათვის დააყენოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე; - აღძრას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე საკითხი სამინისტროების, უწყებების, დეპარტამენტების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ბრძანებათა და მითითებათა შეჩერების ან გაუქმების შესახებ, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო პოლიტიკას შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის საკითხებში; - დააყენოს საკითხი, რომ რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა შეაჩეროს, ხოლო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და სასამართლომ გააუქმოს პრეფექტების ის აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო პოლიტიკას "შრომის, მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის საკითხებში, შეაჩეროს საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ რესპუბლიკის სხვა რაიონებიდან მუშახელის ორგანიზებული შეყვანის ღონისძიებანი, თუ ისინი არ შეესაბამებიან დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკას; - სამინისტროს თანამდებობის პირებს, აგრეთვე სამინისტროს სპეციალური ნებართვით აღჭურვილ პირებს უფლება ეძლევათ არსებული წესის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმონ საწარმოებისა და ორგანიზაციების საწარმოო, სამსახურებრივი და საბინაო-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები; - შექმნას სამრეწველო, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები და ორგანიზაციები კანონით დადგენილი წესით, რომელთა ფუნქციონირება მიმართული იქნება მოსახლეობის დასაქმებისა და სოციალური დაცვის, ასევე ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისათვის; -შექმნას საგანგებო საცხოვრებელი ფონდი, რომელიც შემდგომში გამოიყენება საგანგებო შემთხვევების შედეგად დაზარალებული და ხელმოკლე, მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახების ბინებით დაკმაყოფილებისათვის; - დამოუკიდებლად დაამყაროს საქმიანი ურთიერთობანი უცხოეთის შესაბამის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან, სხვადასხვა სახის სამსახურებთან და ცალკეულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და მიავლინოს საზღვარგარეთ თავისი თანამშრომლები. 10. სამინისტრო თავის დაქვემდებარებაში დადგენილი წესით ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, აგრეთვე განსაზღვრავს მათი საქმიანობის პროფილს და ამტკიცებს მათ დებულებებს. 11. სამინისტრო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ამოწმებს და განაზოგადებს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების მდგომარეობას. 12. სამინისტროს აქვს ბეჭდვითი სიტყვის საკუთარი ორგანო. IV. სამინისტროს ხელმძღვანელობა 13. სამინისტროს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. 14. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. შრომის სახელმწიფო ბირჟის, მიგრაციის სამსახურისა და ფონდების ხელმძღვანელებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვის, და დემოგრაფიის მინისტრის წარდგენით. 15. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი: - უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას; - ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; - შეაქვს სამინიტროს ცენტრალური აპარიტის დამტკიცებულ სტრუქტურაში ცვლილებანი დამტკიცებული შრომის ანაზღაურების ფონდისა და მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობის ფარგლებში; - ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათდამი დაქვემდებარებული არსებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დებულებებსა და წესდებებს; - იღებს სამუშაოზე და ათავისუფლებს სამუშაოდან სამინისტროს აპარატის მუშაკებს და სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულება და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, იძლევა მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე; - აუცილებლობის შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად. 16. მინისტრის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებანი მათთვის მინიჭებული ფუნქციების ფარგლებში. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის მისი პირველი მოადგილე. 17. მინისტრი, მისი მოადგილეები, სამმართველოთა უფროსები, განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთა გამგეები, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები პასუხს აგებენ თავიანთი გადაწყვეტილებებისა და განკარგულებებისათვის. 18. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. V. სამინისტროს კოლეგია 19. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სამმართველოთა უფროსები, აგრეთვე სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელი მუშაკები. კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 20. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე განიხილავს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ამოწმებს დავალებათა შესრულებას, განიხილავს დადგენილებათა, ბრძანებათა და ინსტრუქციათა პროექტებს, სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებასთან და ორგანიზაციასთან ურთიერთობის საკითხებს, ისმენს სამინისტროს კომპეტენციის საკითხებზე ავტონომიური რესპუბლიკების მართვის შესაბამისი ორგანოებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშებს. 21. კოლეგიის გადაწყვეტილება, როგორც წესი, გამოიცემა მინისტრის ბრძანების სახით. მინისტრსა და კოლეგიას შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, კოლეგიის წევრებს თავიანთი აზრი შეუძლიათ შეატყობინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.