საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.09.1996
ძალის დაკარგვა 30.09.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №577
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 03/09/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,426 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.1996 მიღება
30.09.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №577 1996 წლის 3 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 დეკემბრის № 944 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“. ე. შევარდნაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას. სამინისტროს კომპეტენციაში შედის კომპლექსური მაკროეკონომიკური საფინანსო პროგნოზირება, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულებისადმი კონტროლის დაწესება; სახაზინო სამსახურის მეშვეობით საბიუჯეტო სახსრების გადაცემა და მათი ხარჯვისადმი კონტროლის დაწესება; საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება; საფონდო ბაზრის რეგულირება და რეგლამენტირება; უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მართვა და რეგულირება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებათა მიღება, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს, მისი ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებისათვის, სამინისტროებისა და უწყებებისათვის, დაწესებულებებისათვის, საწარმოებისათვის და იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, მიუხედავად დაქვემდებარების და საკუთრების ფორმებისა. 1.2. სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყანაში საჭირო ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოებს, შეიმუშავებს ფისკალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოების პროექტებს. საქართველოს კონსტიტუციასა და „საბიუჯეტო სისტემებისა  და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონის პროექტებს, განიხილავს წინადადებებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული  მმართველობის ორგანოების მიერ ანგარიშსწორების შესახებ. სამინისტრო შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირების, ეკონომიკური ნორმატივებისა და ამ ბიუჯეტებისათვის გადასაცემი (ამ ბიუჯეტიდან გადმოსაცემი) ტრანსფერტების საპროექტო სიდიდეებს, ხელმძღვანელობს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებით უზრუნველყოფას, ორგანიზაციას უწევს სტაბილური შემოსავლების განმტკიცებას, სახელმწიფო ფულადი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. სამინისტრო საქართველოს კონტროლის პალატასთან და შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ახორციელებს ღონისძიებებს ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შესრულებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებში მობილიზებული სახსრების ფარგლებში საერთო-სახელმწიფოებრივ ღონისძიებებს უზრუნველყოფს ფულადი სახსრებით. სამინისტრო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკის ცალკეული დარგების რენტაბელობისა და მოგების გადიდების ღონისძიებათა შემუშავებაში საბაზრო ურთიერთობათა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების საფუძველზე. 1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტი, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების სახაზინო, საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებანი შეადგენენ ქვეყნის ერთიან საფინანსო სისტემას. 1.4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები და მხარეების, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ორგანოების შემადგენლობაში არსებული საფინანსო სამსახურებიც ექვემდებარებიან სამინისტროს. 2. სამინისტროს ამოცანები სამინისტრო: 2.1. შეიმუშავებს კანონპროექტებს საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის შესახებ. 2.2. უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების ეფექტიან გამოყენებას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად, საფინანსო და მატერიალური რესურსების გასამრავლებლად, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. 2.3. ზრუნავს საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ზრდისათვის, სახელმწიფოს ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებისა და განვითარებისათვის. 2.4. უწესებს კონტროლს საგადასახადო, საბაჟო და სასინჯი ზედამხედველობის კანონმდებლობის შესრულებას როგორც ცენტრალური აპარატის, ისე სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო დეპარტამენტისა და სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით, აგრეთვე ამ სამსახურების აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების შესაბამისი ორგანოების მეშვეობით. 2.5. ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების (ნახევრად ძვირფასი ქვების) მოპოვებისა და დამუშავების სასინჯ ზედამხედველობას. 2.6. ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების სფეროში სახელმწიფოებრივ რეგულირებას, რეგლამენტირებას, რეგისტრაციასა და ლიცენზირებას. 2.7. ახორციელებს სახაზინო სამსახურის მეშვეობით: - წინასწარ და მიმდინარე კონტროლს სახელმწიფო სახსრების მობილიზაციისა და ხარჯვისადმი და მის ოპერატიულ მართვას; - კონტროლს არასაბიუჯეტო სახელმწიფო ფონდების შემოსავლების მობილიზაციასა და სახსრების ხარჯვისადმი. 2.8. უზრუნველყოფს რესპუბლიკის სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ადგილობრივი საფინანსო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების, განცხადებებისა და საჩივრების დადგენილ ვადებში განხილვასა და განმარტებების მიცემას. 2.9. ზრუნავს საჭირო სახელმწიფო ფინანსური რეზერვების შექმნისათვის და მოქმედი წესის შესაბამისად განსაზღვრავს მათი ხარჯვის ძირითად და პრიორიტეტულ მიმართულებებს. 2.10. შეიმუშავებს და ახორციელებს სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფო გარანტიების გაფორმებას, მართვასა და მომსახურებას, სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის დარიცხვისა და ანგარიშსწორების წესს, შეიმუშავებს აღებული უცხოური კრედიტებისა და საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის ღონისძიებათა პროექტებს, ახორციელებს სახელმწიფო შიდა ვალის მართვასა და მომსახურებას, განსაზღვრავს მისი აღების ფორმებსა და დაფარვის წესებს. 2.11. უწევს მეთვალყურეობას საქართველოს მთავრობის გარანტიით მიღებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლების განაწილებას, მათ მიზნობრივ გამოყენებასა და მომსახურებას ახორციელებს გრანტების მართვასა და მომსახურებას საქართველოს მთავრობის სახელით. 2.12. უწესებს კონტროლს ქვეყანაში გრანტების სახით შემოსული და განაწილებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების სწორ, გეგმაზომიერ განაწილებასა და ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დროულად მოზიდვას. 2.13. სრულყოფს საფინანსო სისტემის მართვას საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. 2.1. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და საწარმოებს შორის (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ფინანსური ურთიერთობის სრულყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვა -  ანგარიშგების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ახორციელებს მეთოდურ ხელმძღვანელობას სახელმწიფოში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებისადმი. 2.15. უზრუნველყოფს ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეუფერხებელ დაფინანსებას შემოსავლების მიღების კვალობაზე. 2.16. მონაწილეობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, იღებს ასეთი სახის გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 2.17. აყალიბებს და მართავს საფინანსო, სახაზინო, საგადასახადო, საბაჟო და სამინისტროს დაქვემდებარებული სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების კადრების შერჩევა-განაწილების, მომზადებისა და გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას. 2.18. ამოწმებს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო დეპარტამენტის, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაცია დაწესებულებების საფინანსო-საორგანიზაციო საქმიანობას და საკადრო პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას. 3. სამინისტროს ფუნქციები 3.1. შეიმუშავებს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ მიმართულებებს საფინანსო პოლიტიკის სახით და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებს საბიუჯეტო პოლიტიკის განმსაზღვრელ დებულებებსა და ძირითად საფინანსო პარამეტრებს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. სახელმწიფოს საფინანსო პოლიტიკით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სისტემის მართვას (პოლიტიკის აღსრულებას), კერძოდ, ქვეყანაში საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო საქმიანობის ხელმძღვანელობას. 3.2. საქართველოს კონსტიტუციისა და „საბიუჯეტო სისტემის საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დოკუმენტების პროექტებს. 3.3. სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას, ახდენს დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლის განწერას, ახორციელებს ღონისძიებებს საბიუჯეტო სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად; დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთანაგარიშსწორებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან, აგრეთვე დადგენილი წესით შეაქვს ცვლილებანი საქართველოს სამინისტროთა და უწყებათა შემოსავალ-გასავლის ბალანსების (საფინანსო გეგმების) და ხარჯთაღრიცხვების ცალკეულ მუხლებში. 3.4. უწევს კონტროლს საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ბიუჯეტის საკასო შესრულებას; ხელს უწყობს საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც აგენტ ბანკს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში; სახელმწიფოს ხაზინის საშუალებით აჯარიმებს კომერციულ ბანკებს საბიუჯეტო სახსრების შეჩერების ან მათი, როგორც საკრედიტო რესურსის გამოყენებისათვის. 3.5. ადგენს საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.  3.6. შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესს, მისი შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციას. 3.7. შეიმუშავებს ბიუჯეტზე მყოფ დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულების წესს. 3.8. შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფისათვის. სახაზინო დეპარტამენტისა და მისი რეგიონალური სამსახურების მეშვეობით იცავს ამ ნორმებს და ნორმატივებს და ხელს უწყობს მათი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას. 3.9. უწესებს კონტროლს მთავრობის გარანტიით მიღებული კრედიტების განაწილებას, მიზნობრივად გამოყენებასა და მომსახურებას. 3.10. მონაწილეობს უცხოური ინვესტიციებისა და დახმარების სახელმწიფო რეგულირებაში. 3.11. განიხილავს საქართველოს სამინისტროების, უწყებების, დეპარტამენტების, ინსპექციების, სახელმწიფო კორპორაციებისა და კონცერნების კვარტალურ და წლიურ ბუღალტრულ ანგარიშებსა და ბალანსებს, აანალიზებს მათ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში წარუდგენს მათ მოთხოვნებს საფინანსო საქმიანობაში გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს. 3.12.საფინანსო-საკრედიტო მექანიზმის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ფასებისა და ფასწარმოქმნის სრულყოფის შესახებ. 3.13. აქტიურად მონაწილეობს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის ღონისძიებათა განხორციელებაში, შეისწავლის ფულის მიმოქცევის მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების, ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთების გამოშვებისა და გავრცელების შესახებ. ორგანიზაციას უწევს და წარმართავს აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ფულისა და ნივთების ლატარიისა და სხვა საპრიზო-მომგებიანი თამაშობების გამართვას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სადაზღვევო საქმიანობის სრულყოფისათვის; მონაწილეობს ქვეყნის სავაჭრო-საგადამხდელო და მოსახლეობის ფულადი შემოსავალ-გასავლის წლიური და პერსპექტიული ბალანსების შემუშავებაში და იღებს ზომებს მათი შესრულებისათვის. 3.14. ახორციელებს კონტროლს მმართველობის აპარატის შენახვის სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვისადმი. შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სრულყოფისა და  მისი შენახვის ორგანიზაციული სტრუქტურის გაიაფების შესახებ. 3.15. ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და ეფექტიანად გამოყენებისათვის შეიმუშავებს ქვეყანაში საგადასახადო, საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საწარმოების, გაერთიანებების აქციონერული საქმიანობის სტიმულირების, მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვას. 3.16. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდური მითითებებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგებისათვის გამიზნულ საქმიანობას. ადგენს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, საბიუჯეტო დაწესებულებათა ხარჯთაღრიცხვების აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებს. 3.17. მეთოდურ დახმარებას უწევს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ფინანსური ანგარიშების შემუშავებასა და მათი საქმიანობის შედეგების გამოქვეყნებაში. 3.18. ქმნის და სრულყოფს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივ (ლეგალურ) საფუძვლებს. იღებს (ამტკიცებს) ქვეკანონურ და ნორმატიულ დოკუმენტებს. 3.19. სახელმწიფოებრივ რეგულირებასა და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა საქმიანობას. 3.20. ახორციელებს სხვადასხვა ვადიანი სახელმწიფო და მუნიციპალური სასესხო ვალდებულების კონსტრუირების, გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებას და კონკრეტულ სახელმწიფოებრივ სასესხო ემისიებს.  3.21. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწყობს ატესტაციებს და იძლევა მომსახურებისა და სხვა სამეწარმეო საქმიანობის უფლებას (გადასცემს ლიცენზიებს). 3.22. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად იხილავს და შეიმუშავებს საბიუჯეტო დაწესებულებების მუშაკთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებს, შესაბამისად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა პროექტებს და წარადგენს მთავრობაში განსახილველად. 3.23. ქვეყნის საფინანსო სისტემაში ახორციელებს ერთიან საკადრო პოლიტიკას, ახდენს კადრების შერჩევას და განაწილებას, ახორციელებს ღონისძიებებს მათი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. 4. სამინისტროს უფლებამოსილებანი სამინისტრო უფლებამოსილია: 4.1. მიიღოს სამინისტროებისაგან, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან (საკუთრების ფორმის მიუხედავად), აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან ცენტრალური და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შესადგენად საჭირო მონაცემები. ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავებისათვის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები ან მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია. 4.2. შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სამინისტროების, უწყებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, თუ სახაზინო დეპარტამენტში წარმოდგენილი არ იქნება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ შემოსავლების მობილიზაცია ვერ უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყველა ხარჯის გაწევას, თუ გამოვლინდება მათ მიერ სახსრების უკანონოდ ხარჯვის ან ადრე გაცემული სახსრების ხარჯვისათვის დაწესებული ანგარიშების წარუდგენლობის ფაქტები, ამასთან აცნობოს ეს საქართველოს პრეზიდენტს. გამოვლენილი ბიუჯეტის კუთვნილი აუნაზღაურებელი თანხების ამოღების მიზნით შეაჩეროს ანგარიშებზე თანხის მოძრაობა (დაადოს ყადაღა). 4.3. მოაწყოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, საბაჟო დეპარტამენტის, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციისა და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და საკადრო პოლიტიკის გატარების, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების მობილიზაციისა და გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად გამოყენების გეგმური შემოწმებები. მოაწყოს საბუღალტრო-საფინანსო შემოწმება-რევიზიები სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ან მათი დავალებით. 4.4. საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოაწყოს შემოწმებები სამინისტროებში, უწყებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში (საკუთრების ფორმის მიუხედავად) ცენტრალური და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მობილიზაციის, აგრეთვე დაფარული ან შემცირებული თანხების გამოვლენის მიზნით.  შემოწმებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტსა და სხვა საბიუჯეტო ფონდებში დამატებით ჩარიცხული, აგრეთვე გაცემული კრედიტების ან მის მომსახურებაზე პროცენტების დაგვიანებით ჩარიცხვისათვის დარიცხული და ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული თანხის 30 პროცენტი მოხმარდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის და საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა მატერიალურ წახალისებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებასა და სხვა ღონისძიებებს. 4.5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო შესასყიდი და სარეალიზაციო ფასები, მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის, საქონლისა და მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების რეგულირებადი ფასებისა და ტარიფების პროექტების მომზადებაში, განხილვასა და დამტკიცებაში. 4.6. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაუწესოს კონტროლი სახელმწიფო სახსრების ნაწილში სამინისტროების, უწყებების მიერ, საქვეუწყებო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების დროულად და სწორად განხილვას. მისცეს მათ რეკომენდაციები და წინადადებები ანგარიშებსა და ბალანსებში საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ და შეამოწმოს ამ წინადადებათა განსახორციელებლად გატარებული ღონისძიებანი. 4.7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4.8. გაუწიოს კონტროლი ფასიანი ქაღალდების სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას, ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ფუნქციონირებასა და ბაზრის ლიცენზირებულ პროფესიონალ მონაწილეთა საქმიანობას. 4.9. განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 5. სამინისტროს ხელმძღვანელობა 5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 5.2. მინისტრს ჰყავს ორი პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს სახელმწიფო მინისტრის თანხმობით ნიშნავს მინისტრი. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5.3. მინისტრი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამინისტროს სახელით, წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. უშუალოდ, აგრეთვე მოადგილეების, დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს. 5.4. სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების, სამმართველოებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე სპეციალისტებს ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5.5. მინისტრი ითანხმებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს. 5.6. მინისტრი ასევე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მის მოადგილეებს, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების საფინანსო, სახაზინო სამსახურების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარდგინებით. სხვა ნომენკლატურულ თანამდებობებზე სპეციალისტთა დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხები წყდება მინისტრის ბრძანებით. 5.7. მინისტრს აკისრია პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო პოლიტიკის განხორციელების გამო. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის ქვედანაყოფებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას. 5.8. მინისტრის წერილობითი მითითება ხარჯების შეჩერების შესახებ სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის. 5.9. მინისტრი ახორციელებს მთავრობის გადაწყვეტილებათა და ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა კოორდინაციას, რათა ისინი შეესაბამებოდეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებით შემუშავებული პროგრამებით გათვალისწინებულ მიზნობრივ მაჩვენებლებს. 5.10. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის პირველი მოადგილეები, მინისტრის მოადგილეები და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები, აგრეთვე სხვა სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები საჭიროების მიხედვით, კოლეგიის რიცხოვნობასა და მის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 5.11. მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს ან გააუქმოს სამინისტროს დაქვემდებარებული დეპარტამენტების, ინსპექციების, ეროვნულ ფასეულობათა ფონდის, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ  გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტები და გადაწყვეტილებები. 5.12. მინისტრი, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროებს, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების საფინანსო, სახაზინო, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებს, სამინისტროს სისტემის სხვა დაწესებულებებსა და ორგანოებს აძლევს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. 5.13. მინისტრის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებანი მინისტრის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში, მინისტრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის მინისტრის ერთ-ერთი პირველი მოადგილე. 5.14. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომაზე იხილავს საქართველოს სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესადგენად და შესასრულებლად გამიზნული მუშაობის ორგანიზაციის, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისადმი პრაქტიკული ხელმძღვანელობის, დავალებათა შესრულების შემოწმების, კადრების შერჩევის და სხვა საკითხებს, უმნიშვნელოვანესი ბრძანებების, წესებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრების, სამინისტროებს დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, მხარეების, ქალაქებისა და რაიონების საფინანსო სისტემის, სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშებს, კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრსა და კოლეგიის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას. 5.15. მინისტრი ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ცენტრალური აპარატის დეპარტამენტებისა და სამმართველოების დებულებებს. 5.16. სამინისტროს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამინისტროს საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. 5.17. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, აგრეთვე თავისი ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს გერბი. 5.18. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურა ფინანსური პოლიტიკის მრჩეველთა საბჭო სახაზინო დეპარტამენტი ფინანსური კონტროლის დეპარტამენტი საბიუჯეტო დეპარტამენტი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებთან მუშაობის დეპარტამენტი ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი სახელმწიფო ქონებისა და ბუნებრივი რესურსების ფინანსური მენეჯმენტის დეპარტამენტი საშინაო ვალის მომსახურების დეპარტამენტი საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობათა დეპარტამენტი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციები - სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია - საბაჟო დეპარტამენტი - ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბირჟების სახელმწიფო ინსპექცია - სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია - ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდი - სატრასტო საინვესტიციო კორპორაცია - განაღდებული ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზისა და განადგურების სამსახური - ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - საფინანსო ეკონომიკური კოლეჯი - გაზეთი „ფინანსები“ - სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაცია - სახაზინო დეპარტამენტის სამხარეო სამსახურები - ქალაქებისა და რაიონების საფინანსო ორგანოები (ორმაგი დაქვემდებარებით) - ეროვნული ზარაფხანა