საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დროებითი დებულების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.04.1992
ძალის დაკარგვა 31.10.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №395
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დროებითი დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №395
1992 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დროებითი დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ა დ გ ე ნ ს:
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს თანდართული დროებითი დებულება.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
სახელმწიფო კანცელარიის მმართველის
პირველი მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი ა. გელაშვილი
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს
დროებითი დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში – „სამინისტრო“) არის რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებათა შემუშავების, ეკონომიკური რეფორმის წარმართვისა და ანტიმონოპოლიური პოლიტიკის განხორციელების მაკოორდინირებელი სახელმწიფო ორგანო, იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად რეპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის, აგრეთვე საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
1.2. სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები, თბილისის მერიის, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სათანადო ქვედანაყოფები შეადგენენ სტრატეგიული დაგეგმვის, ეკონომიკური რეფორმისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების ერთიან სახელმწიფო სისტემას.
1.3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებებით და ამ დებულებით.
1.4. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რესპუბლიკის გერბი და აღნიშნულია მისი დასახელება.
2. ამოცანები
სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
2.1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისა და მსოფლიო კავშირურთიერთობებში ორგანულად ჩართვის პირობების შექმნა.
2.2. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი რეალიზაციისათვის სათანადო წინაპირობების შექმნა და ხელშეწყობა.
2.3. ეკონომიკური რეფორმის განხორციელების მეთოდოლოგიური, ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ამ მიმართულებით სამუშაოთა კოორდინაცია, რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა სისტემურობის უზრუნველყოფა.
2.4. რესპუბლიკის სასაქონლო ბაზრებზე კონკურენციის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, მონოპოლიზმის შეზღუდვის ღონისძიებათა განხორციელება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი, მეწარმეობის, უპირველეს ყოვლისა, კერძო მეწარმეობის განვითარების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა.
2.5. სახელმწიფო საჭიროებისათვის რესურსების ფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება.
2.6. ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
3. ფუნქციები
სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
3.1. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემური ანალიზი, კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის ღონისძიებათა შემუშავება, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისათვის შესაბამის წინადადებათა წარდგენა.
3.2. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზებისა და პროგრამების შემუშავება, მათ შორის დარგობრივ, დარგთაშორის და ტერიტორიულ ჭრილში, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება.
3.3. ეკონომიკური რეფორმის განხორციელების მეთოდოლოგიური და მეთოდური საფუძვლებისა და ძირითადი პრინციპების შემუშავება, მმართველობის ორგანოების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია ამ მიმართულებით.
3.4. ეკონომიკური ცხოვრების და მისი რეფორმირების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო აქტების მომზადების სამუშაოთა ორგანიზაცია და კოორდინაცია.
3.5. საკუთრებით ურთიერთობათა ტრანსფორმაციის უზრუნველყოფის და მეურნეობრიობის სხვადასხვა ფორმის განვითარებისათვის თანასწორი პირობების შექმნის და დეცენტრალიზაციის წინადადებათა მომზადება. ამ პროცესების საერთო მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა.
3.6. უწყებრივი და სამეურნეო მონოპოლიზმის დაძლევის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება, თავისუფალი სამეწარმეო ინიციატივის და კონკურენციის განვითარების ორგანიზაციულ-მეთოდური და საფინანსო-ეკონომიკური მხარდაჭერა.
3.7. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფოებრივი მართვისა და რეგულირების ორგანიზაციული სტრუქტურების სრულყოფის წინადადებათა შემუშავება.
3.8. სახელმწიფო შეკვეთების განსაზღვრა და უმნიშვნელოვანესი რესურსების სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის მობილიზაციის მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება.
3.9. სტრუქტურული პოლიტიკის შემუშავება, სტრუქტურული კრიზისის დაძლევის ღონისძიებათა განხორციელება, რესპუბლიკის საშინაო ბაზრის განვითარების პირობების შექმნა და საგარეო ბაზართან მისი რაციონალური კავშირების განსაზღვრა.
3.10. საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბება, საინვესტიციო აქტიურობის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ოპტიმალური ფორმებისათვის წინადადებათა მომზადება, ამ მიმართულებით პროექტების ექსპერტიზა, საინვესტიციო პროცესების სახელმწიფოებრივი კონტროლი და რეგულირება.
3.11. საგარეო ეკონომიკური კავშირების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების დამუშავება, წინადადებათა შემუშავება ექსპორტ-იმპორტის კვოტირების, ლიცენზიებიs, და საბაჟო-სატარიფო პოლიტიკის თაობაზე კვოტების დადგენა.
3.12. ანტიმონოპოლიური რეგულირების განხორციელება, კონკურენციის განვითარების, პირობების შექმნა, სასაქონლო ბაზების ანალიზი, წარმოებისა და მიმოქცევის დემონოპოლიზაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნა დაცვის კონტროლი.
3.13. ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ღონისძიებათა კოორდინაცია, ფასწარმოქმნის დეცენტრალიზაციის, ლიბერალიზაციის, რეგულირებადი ფასების დაწესებისა და გამოყენების თაობაზე წინადადებათა მომზადება და გადაწყვეტილებათა მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფასების დინამიკის სისტემატური ანალიზი, ფასების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი.
3.14. ეროვნული მეურნეობის საგანგებო პირობებში ფუნქციონირების წინადადებათა მომზადება, სამობილიზაციო რეზერვების ფორმირება.
3.15. თანამშრომლობა საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, ეკონომიკის სტაბილიზაციით, მეურნეობრიობის მექანიზმის სრულყოფის, ანტიმონოპოლიური რეგულირების და მეწარმეობის მხარდაჭერის სფეროში.
3.16. ზრუნვა კადრების მომზადებისა და გადამზადებისათვის, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ სპეციალისტთა მივლინება დადგენილი წესით.
4. უფლებამოსილებანი
სამინისტრო უფლებამოსილია:
4.1. შეუფერხებლად მიიღოს სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, საწარმოების, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებებისგან ნებისმიერი ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია მისი ამოცანებსა და ფუნქციების განხორციელებისათვის, აგრეთვე წერილობითი (სიტყვიერი) ახსნა-განმარტებანი.
4.2. შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები და საბჭოები მის კომპეტენციას მიკუთვნებული უმნიშვნელოვანესი საკითხების დასამუშავებლად, ჩართოს ამ საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები, საპროექტო და საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციები, საზოგადოებრივი გაერთიანებები და კავშირები, ცალკეული სპეციალისტები (მათ შორის უცხოელი) საკონკურსო და საკონტრაქტო ფორმით.
4.3. საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებისათვის მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები, აანაზღაუროს მათი მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი წესით.
4.4. ჩაატაროს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, მათ შორის უცხოელ სპეციალისტთა მონაწილეობით.
4.5. დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად.
4.6. მისცეს სამინისტროებს, კომიტეტებს, მმართველობის სხვა ორგანოებს, საწარმოებს (სამეურნეო ამხანაგობებსა და საზოგადოებებს), მათს თანამდებობის პირებს სავალდებულო მითითებანი არამართლზომიერი გადაწყვეტილებებისა და აქტების მოქმედების შეჩერებისა ან შეცვლის შესახებ.
4.7. წარუდგინოს სამინისტროებს, კომიტეტებს, მმართველობის სხვა ორგანოებს, საწარმოებს (სამეურნეო ამხანაგობებსა და საზოგადოებებს), მათს თანამდებობის პირებს განსახილველად აუცილებელი წინადადებები და რეკომენდაციები.
4.8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამტკიცოს სავალდებულო და სარეკომენდაციო ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი.
4.9. დასვას საკითხი სამინისტროს სავალდებულო მითითების ან განაწესის
შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენების შესახებ.
4.10. მიიღოს მოქალაქეთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და გასცეს წერილობითი პასუხი განმცხადებელს.
4.11. საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით გააუქმოს თავისი გადაწყვეტილებანი.
4.12. მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს და სასამართლოს განცხადებით ან სარჩელით, მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვაში.
4.13. წარმოუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასკვნები და შენიშვნები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა საკითხზე.
4.14. შეითანხმოს მართვის ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები და სისტემაში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელთა კანდიდატურები.
5. მუშაობის ორგანიზაცია
5.1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი.
მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან თავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
5.2. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი, მინისტრის მოადგილეები თანამდებობრივი სამინისტროს ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, აგრეთვე რესპუბლიკის სხვა ეკონომიკური ორგანოების წარმომადგენლები, მეცნიერი სპეციალისტები.
კოლეგიის წევრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
5.3. მინისტრს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროს
ამოცანებისა და მოვალეობათა შესრულებისათვის. იგი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეთა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას.
5.4. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარფლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს, ინსტრუქციებს, წესებს, მეთოდურ მითითებებს, სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს.
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ღებულობს კოლეგიის ერთობლივ გადაწყვეტილებებს, გამოსცემს ერთობლივ ბრძანების, განკარგულებას და ინსტრუქციებს.
5.5. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციური და სტრუქტურული პოლიტიკის, ეკონომიკური რეფორმის, საგარეო ეკონომიკური კავშირების, ფასწარმოქმნის, და ანტიმონოპოლიური რეგულირების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ნორმატიული დოკუმენტების და გადაწყვეტილებების პროექტებს, ისმენს ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ინფორმაციებს, თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ანგარიშებს.
კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ფორმდება მინისტრის ბრძანებით ან კოლეგიის დადგენილებით, მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან, წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, თავის მხრივ, კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
5.6. სამინისტროს დებულებას, სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათ შესანახ ასიგნებათა ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
სამინისტროს აპარატის შენახვა და მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, დადგენილი წესით.
სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო სტრუქტურულ ქვედანაყოფთა დებულებებს – სამინისტროს კოლეგია.