საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დებულების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
დადგენილება №878
1993 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დებულების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს დებულება.
2. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს წინადადება და 1993 წლის 1 დეკემბრიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 ივნისის № 447 დადგენილების მე-3 პუნქტი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს
დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) შექმნილია საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 19 ნოემბრის დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 7 ივნისის № 447 დადგენილებით.
1.2. სამინსიტრო არის საქართველოს რესპუბლიკის აღმასრულებელი ცენტრალური ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ აგროსამრეწველო კომპლექსს და პასუხს აგებს ამ დარგის მდგომარეობისა და განვითარებისათვის, სახელმწიფო დავალებათა შესრულებისა და დარგის წინაშე დასახული სხვა ამოცანების გადაწყვეტისათვის, ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას დარგში და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
1.3. სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებათა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და განკარგულებების საფუძველზე და შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევს და ამოწმებს მათს შესრულებას.
1.4. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
1.5. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობასა და მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. სამინისტროს ცენტრალური აპარატი შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
II. სამინისტროს ამოცანები და ძირითადი ფუნქციები
სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
2.1. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა; დარგის პროპორციული განვითარების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
2.2. მინდობილი დარგის სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირების საფუძველზე, მათი გადაწყვეტისათვის საჭირო წინა პირობების დასახვა და განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
2.3. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე საშინაო და საგარეო მოთხოვნილებათა შესწავლა და მეწარმეთა ინფორმირების ორგანიზაცია.
2.4. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგების საბაზრო ურთიერთობაზე გადასვლისათვის ხელის შეწყობა, პროგრესული საწარმოო სტრუქტურების დამკვიდრება-განვითარება, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის გაშლისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, თავისუფალი კონკურენციის გაშლისათვის ხელის შეწყობა; ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა დასახვა და შესრულება.
2.5. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში დამოუკიდებელი და თავისუფალი მეწარმეობის განვითარების, მეურნეობისათვის ყველა ფორმისათვის თანაბარი სამეურნეო-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობების შესაქმნელად ხელის შეწყობა.
2.6. ახალი საწარმოებისა და ობიექტების მშენებლობის მოქმედი საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და გაფართოების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია.
2.7. სოფლის მეურნეობის საწარმო-სამეურნეო მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა.
2.8. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
2.9. აგროსამრეწველო წარმოების პროდუქციაზე სახელმწიფო შეკვეთების ფორმირებისათვის წინადადებათა შემუშავება, მეწარმეთა შორის განთავსება და შესრულების ორგანიზაცია, სასურსათო რესურსების ფორმირების უზრუნველყოფა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი მოცულობის, ასორტიმენტის, ვადებისა და ხარისხების მიხედვით. საწარმოთა და ორგანიზაციათა განვითარების ინდიკატური გეგმის შემუშავების, პრიორიტეტულ დარგთა განვითარების პროგრამის შექმნისა და განხორციელების ორგანიზაცია.
დასახული ამოცანების გადასაწყვეტად სამინისტროს ეკისრება შემდეგი ფუნქციები:
2.10. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების ერთიანი სახელწმიფო პოლიტიკის განხორციელება, რესპუბლიკის სამეურნეო-ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად დარგის ეფექტიანობის ამაღლების ხელშემწყობი პირობების შექმნა.
2.11. აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზით გათვალისიწინებული შესაბამისი ასორტიმენტისა და ხარისხის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოება-დამზადებისა და მისი მომხმარებლებისათვის მიწოდების ორგანიზაცია და კოორდინაცია.
2.12. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგების განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პროგნოზირებისა და პროგრამების დამუშავება, პერსპექტიული განვითარების პრიორიტეტისა და პროპორციების განსაზღვრა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის უზრუნველყოფით მიწათმოქმედების კულტურისა და კვების მრეწველობის დარგების ტექნიკური და ტექნოლოგიური დონის ამაღლება.
2.13. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის თავისუფალი საწარმო-სამეურნეო ურთიერთობათა განვითარება, დეცენტრალიზაციის, განსახელმწიფოებრიობის, პრივატიზებისა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის ხელშეწყობა.
2.14. დარგების შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და დადგენილი წესით წარდგენა.
2.15. დარგობრივი ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივებისა და სტანდარტების შემუშავების ორგანიზაცია, დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფა.
2.16. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
2.17. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დავალებით დროებით სახელმწიფო საწარმოების უშუალო მართვა.
2.18. დაქვემდებარებული სისტემის საწარმოებსა და ორგანიზაციებში ერთიანი სახელწმიფო-საფინანსო, საბიუჯეტო და ფასწარმოქმნის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია.
2.19. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში ანტიმონოპოლიტიკური პოლიტიკისა და პრივატიზების სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება და დადგენილი წესით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარდგენა.
2.20. დარგობრივი ინფორმაციული ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნისა და განვითარების ორგანიზაცია.
2.21. სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფის ხელშეწყობის, სამეცნიერო კვლევების კოორდინირება.
2.22. დარგის იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია.
2.23. საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებათა განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება. სისტემის საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის დახმარების გაწევა პარტნიორების შერჩევასა და საქმიან ურთიერთობათა დამყარებაში.
2.24. დარგში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია.
2.25. სახელმწიფო შეკვეთების პროექტების ფორმირება და მათი საკონკურსო წესით განაწილება.
2.26. საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. (კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია, ადგილებზე სხვადასხვა მეთოდებისა და ფორმირების გამოყენებით, უცხოეთში მივლინებით და ა. შ.), სისტემაში შემავალი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობა.
2.27. დარგობრივი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა.
2.28. ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურაში შემავალი თავისი პროფილის სამსახურების (ქვედანაყოფების) საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა
2.29. დაქვემდებარებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში აღრიცხვა-ანგარიშგების სათანადო დონის უზრუნველყოფა, საწარმოებიდან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშგების მიღება, გაანალიზება და გამოყენება დარგის მართვის ამოცანების შესაბამისად. ნაერთი საბუღალტრო ანგარიშგების საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში წარდგენა.
2.30. სახელმწიფო საწარმოების განვითარების მიმართულებებისა და პროგრამების, მათი წლიური ბალანსებისა და წლიური ანგარიშგების მოგების განაწილების მექანიზმის, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე კონტროლის დაწესება, სახელმწიფო ქონების დაცვისა და მომჭირნეობის რეჟიმის გატარების უზრუნველყოფა.
2.31. სახელმწიფო საწარმოს მატერიალურ ფასეულობათა სხვა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის მიყიდვის, იჯარით გადაცემის, მიქირავების, გადაცვლის, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის, ასევე ბალანსიდან ჩამოწერის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.
2.32. სამინისტრო ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში აგროქიმიური და მცენარეთა კარანტინის სამსახურებს.
2.33. სამინისტრო ხელს უწყობს:
– პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებათა გაფორმების სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოცულობით და ვადებში, კონტროლს უწევს მათი შესრულების მიმდინარეობას;
– სახელმწიფო საწარმოებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას; ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებას;
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგების კომპლექსურ განვითარებას ყველა კატეგორიის საწარმოთა ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული კავშირურთიერთობის განმტკიცების გზით;
სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციის, ელექტროფიკაციისა და ქიმიზაციის, მიწების მელიორაციის, სასოფლო მშენებლობის, ნიადაგების რაციონალური გამოყენებისა და მათი ნაყოფიერების კვლავწარმოების, მიწის, ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა-შენახვის საქმეში ერთიანი ტექნიკური და ტექნოლოგიური პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას.
2.34. სამინისტრო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გამოცდა, ვეტერინარული ზედამხედველობისა და მომსახურების, მეთესლეობისა და ნერგების წარმოებისა და სანაშენო საქმიანობისადმი:
– კონტროლს უწევს აგრეთვე კვების მრეწველობის სახელმწიფო საწარმოებში სანიტარიული რეჟიმის დაცვას. პროდუქციის ხარისხიანობის ნორმის დარღვევის ან სანიტარიული რეჟიმის დაუცველობის შემთხვევაში შეაჩერებს პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას;
უწევს სახელმწიფო ზედამხედველობას სისტემის სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების კუთვნილი ავტოტრანსპორტის, ტრაქტორების, მანქანებისა და მოწყობილობათა ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციას, მათი რემონტისა და ტექნიკური მომსახურების ხარისხს ნავთობპროდუქტებისა და სხვა ენერგორესურსების გამოყენებას;
– სამინისტრო დადგენილი წესით განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოებისა და სოფლის ინფრასტრუქტურის ობიექტების განლაგების სქემებს.
2.35. სამინისტრო აწყობს ბაზრობებს და მონაწილეობს დარგის საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციის პროპაგანდისა და რეკლამის საქმეში.
III. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტროს უფლება აქვს:
3.1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს დაქვემდებარებული სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას.
3.2. კონტროლი გაუწიოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საწარმოებში სახელმწიფო შეკვეთების შესრულებას.
3.3. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს სახელმწიფო საწარმოებისა და გაერთიანებათა ხელმძღვანელები და გაათავისუფლოს თანამდებობიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.4. შეიტანოს წინადადებანი დარგში შემავალი მონოპოლისტი საწარმოების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.
3.5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებანი როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
3.6. დადგენილი წესით შეიტანოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში ახალი სახელმწიფო საწარმოების შექმნის ან არსებული რეორგანიზაციის (გაუქმების) თაობაზე.
IV. სამინისტროს მართვა
4.1. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროები, დარგის მართვის ადგილობრივი სამსახურები, საწარმოები და ორგანიზაციები ქმნიან საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს ერთიან სისტემას.
4.2. სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მინისტრი პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსა და მის სისტემაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების მდგომარეობისათვის.
4.3. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
4.4. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი.
4.5. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე) და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და დაქვემდებარებულ საწარმოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა ხელმძღვანელები.
კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი მინისტრის წარდგინებით.
4.6. მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვეგანაყოფის უფროსების პერსონალურ პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი დარგების მიმართ.
4.7. მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს, ამოწმებს მათ შესრულებას.
4.8. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვეგანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს, აგრეთვე მინდობილი დარგის განვითარებისა და საქმიანობის კარდინალურ პრობლეებს, საბაზრო ურთიერთობის დამკვიდრებისა და რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებანი ხორციელდება კოლეგიის დადგენილებებით ან მინისტრის ბრძანებებით.
4.9. მინისტრი ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის, სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში. მინისტრი სამუშაოზე ნიშნავს და სამუშაოდან ათავისუფლებს სამინისტროს აპარატის მუშაკებს დადგენილი წესის მიხედვით.
V. სამინისტროს ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებათა შეტანა
5.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.
5.2. სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანა ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით.