⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.11.1996)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 17.04.1992
ძალის დაკარგვა 29.11.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №432
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.0.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1992
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,894 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.1992 მიღება
29.11.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №432 1992 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება.  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ო. ქვილითაია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ბ. ბერიძე  საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო - (შემდგომში „სამინისტრო“) არის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო, ემორჩილება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რესპუბლიკაში ბუნებადაცვითი საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფისათვის. 1.2. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რესპუბლიკაში ბუნებადაცვითი საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის პროცესის კომპლექსურ მართვას, გარემოს მდგომარეობასა და მისი დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლს, სახალხო მეურნეობისა და მოსახლეობის ჰიდრომეტეოროლოგიურ უზრუნველყოფას. 1.3. სამინისტრო, მისი რესპუბლიკური და რეგიონალური ქვედანაყოფები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი ორგანოები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურები ქმნიან გარემოს დაცვის, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და ჰიდრომეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ერთიან ორგანიზაციულ-ფუნქციონალურ სისტემას. 1.4. სამინისტრო თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით. 1.5. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების შესაბამისი სამსახურები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, სამართალდაცვით და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში. 1.6. სამინისტრო კოორდინაციას უწევს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში. 1.7. სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების გადაწყვეტილებები, მიღებული მათი კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე. II. ძირითადი ამოცანები სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: 2.1. გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი გატარება საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიული წყლების, ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში. 2.2. გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის რეგულირების სამართლებრივი და ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფის წინადადებების შემუშავება, ბუნებადაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის, მისი ხარისხის, ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენისა და შენარჩუნებისათვის გამიზნული სამუშაოების ჩატარების კოორდინაცია და კონტროლი. 2.3. სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელ მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა და აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ეკოლოგიური ნორმატივების დაცვის მიზნით სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა. 2.4. გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შეფასება, ამინდის, მდინარეთა წყლიანობის, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების, აგრომეტეოროლოგიური მეთოდებით ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და მოსავლის საერთო რაოდენობის პროგნოზების შედგენა, სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის შესაბამისი ინფორმაციით ოპერატიული და სისტემატური უზრუნველყოფა, სახალხო მეურნეობის ინტერესებიდან გამომდინარე ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებსა და მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების განხორციელება. 2.5. გარემოს მდგომარეობისა და მის ცვალებადობაზე დაკვირვებები, სახელმწიფო სისტემის ორგანიზაცია და განვითარება, ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სახელმწიფო ფონდის წარმოება. 2.6. გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში სამამულო და საზღვარგარეთული მოწინავე გამოცდილების დანერგვა. 2.7. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან, მოქალაქეთა ეკოლოგიური პროფილის საზოგადოებრივ გაერთიანებებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში მოსახლეობის ეკოლოგიური აღზრდისა და განათლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია. III. ძირითადი ფუნქციები 3.1. სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების საფუძველზე ამზადებს წინადადებებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ სახელმწიფო კონცეფციებში და პროგრამებში სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგნოზებში მათ გასათვალისწინებლად. 3.2. უზრუნველყოფს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას. 3.3. ორგანიზაციას უწევს (დამკვეთის ფუნქციით) და უზრუნველყოფს გარემოს დაცვის რეგიონალური და დარგობრივი კომპლექსური პროგრამების შემუშავებას. 3.4.მონაწილეობს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან და უწყებებთან ერთად ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში ეკონომიკური მეთოდებისა და ნორმატივების შემუშავების, დანერგვის, საგადასახადო, ფინანსურ-საკრედიტო საინვესტიციო და ფასების პოლიტიკის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადებაში. 3.5. ამზადებს ან ითანხმებს წინადადებებს მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, წიაღის, განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიების, ცხოველთა სამყაროს (მათ შორის თევზის, წყლის სხვა ბინადართა და წყალმცენარეების), მცენარეული საფარის (მათ შორის ტყის) დაცვისა და გამოყენების, ამ სფეროში. სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლების დადგენისა და სრულყოფის თაობაზე, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტებისათვის. 3.6. ახორციელებს რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კონცეფციების, პროგრამებისა და პროგნოზების, საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების სქემების, ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გენგეგმების, ცალკეული სამრეწველო და საწარმოო ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის), გაფართოებისა და ტექნიკური გადაიარაღების პროექტების, წინასაპროექტო და საპროექტო დოკუმენტაციის, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, მასალებისა და ნივთიერებების სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის (მათ შორის შეთანხმების) მეთოდოლოგიის შემუშავებასა და მის ჩატარებას. 3.7.მონაწილეობს მოსალოდნელი საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების პროგნოზირების, მათი თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავებასა და აღკვეთაში. 3.8. ითანხმებს, შეიმუშავებს ან დადგენილი წესით ამტკიცებს ბუნებრივი რესურსების გამოყენების რეგულირებისა და გარემოს დაცვის კონტროლის სფეროში სტანდარტების, ნორმებისა და წესების, სხვა სამართლებრივი, ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური საბუთების პროექტებს. 3.9. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციას უწევს მეცნიერულ გამოკვლევებს ბუნებრივი რესურსების კომპლექსური, რაციონალური გამოყენებისა და გარემოზე უარყოფითი ანთროპოგენული ზემოქმედების თავიდან აცილების, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, მოწყობილობებისა და მასალების, აგრეთვე გარემოს მდგომარეობისა და დაბინძურების წყაროების მაკონტროლებელი ხელსაწყოების, ავტომატიზებული სისტემებისა და სხვა საშუალებების შექმნის სფეროში. 3.10. ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს: საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების შესრულების მიმდინარეობისადმი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გარემოს გაჯანსაღებაზე, მიწის, წყლის ატმოსფერული ჰაერის, წიაღის, განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიების, მცენარეული საფარის (მათ შორის ტყისა და მწვანე მშენებლობის) და ცხოველთა (მათ შორის თევზის, წყლის სხვა ბინადართა) სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და გამოყენების რეგულირებაზე; განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე; ტოქსიკური და სხვა მავნე ნარჩენების წარმოქმნაზე, გამოყენებაზე, გადამუშავებასა და უტილიზაციაზე; ბუნებადაცვითი ღონისძიებებისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულებაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში ეკონომიკური მეთოდებისა და ნორმატივების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე. 3.11. უზრუნველყოფს დაინტერესებულ სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან, უწყებებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საწარმოებთან. დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ერთად წინადადების მომზადებას მეზობელ ქვეყნებთან წყლის რესურსების საერთაშორისო და სარეგიონთაშორისო განაწილების თაობაზე. 3.12. განსაზღვრავს გარემოზე დაკვირვების (მონიტორინგის) წარმოებას ბუნებრივი რესურსების დაცვასა და გამოყენებაზე, ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ნორმატიული უზრუნველყოფის ერთიან მეთოდურ საფუძვლებს; რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, დეპარტამენტებთან, უწყებებთან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, წიაღის ცხოველთა სამყაროს (მათ შორის თევზის, წყლის სხვა ბინადართა), მცენარეული საფარის (მათ შორის ტყის), აგრეთვე განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისა და ერთიანი სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის შემუშავებაში. 3.13. ორგანიზაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის „წითელი წიგნის“ წარმოებას. 3.14. მონაწილეობს რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარებისა და განლაგების, სამრეწველო და სხვა დანიშნულების საწარმოებისა და ობიექტებისათვის ტერიტორიის შერჩევაში. 3.15. ითანხმებს სატყეო მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების გეგმების (მათ შორის საანგარიშო ტყეკაფების) პროექტებს, მიწების გამოყოფას სამეურნეო საქმიანობისათვის, მიწებისა და ტყეების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადაყვანის საკითხებს. 3.16. ითანხმებს ლიმიტებს, კვოტებს და ლიცენზიებს ბუნებრივი რესურსების (გარდა წიაღისეულის მარაგისა), მათ შორის მცენარეული საფარის და ცხოველთა სამყაროს გამოყენებაზე; აწესებს დასაშვებ ნორმებს გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოფრქვევასა და ჩაშვებაზე. 3.17. აწარმოებს სისტემატური დაკვირვებებს ატმოსფეროს, წყლების, ნიადაგების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მდგომარეობაზე, გარემოს დაბინძურების დონეზე, საერთო რადიაციულ ვითარებაზე; უზრუნველყოფს გარემოს ცვალებადობასა და მდგომარეობაზე დაკვირვების სახელმწიფო სისტემის საიმედო ფუნქციონირებას და მის შემდგომ განვითარებას, ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებზე აქტიურ ზემოქმედებას. 3.18. უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მართვის ორგანოებს. საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საერთო სარგებლობის ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით (მათ შორის პროგნოზითა და შტორმულით); აფრთხილებს სტიქიური მოვლენების, გარემოს მაღალი და ექსტრემალურად მაღალი დონის დაბინძურების შესახებ; აწვდის მოსახლეობას აღნიშნულ პროგნოზებსა და გაფრთხილებებს მასობრივი ინფორმაციის საშულებებით. IV. უფლებამოსილებანი სამინისტრო: 4.1. ახორციელებს ინსპექტირებას და ამოწმებს მათთან წინასწარ შეუთანხმებლად საწარმოებს, დაწესებულებებს. ორგანიზაციებს (მათ შორის სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულების) განსაკუთრებულად დაცულ, ტერიტორიებს, სხვა ობიექტებს (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და კუთვნილების ფორმისა), რომლებიც განლაგებულნი არიან და ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე; შემოწმების შედეგების მიხედვით ადგენს აქტებს და ოქმებს, გასცემს სავალდებულო მიწერილობებს, გამოაქვს დადგენილებები ბუნებადაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღსაკვეთად. 4.2.ისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა ინფორმაციებს, მათ მიერ ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების, ამ დარგში პროგნოზების და ღონისძიებების, ბუნებადაცვითი დანიშნულების მოწყობილობების, ხელსაწყოების, სხვა ტექნიკური საშუალებებისა და მასალების წარმოების დავალებათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სხვა საკითხებზე. 4.3. განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად გარემოს მდგომარეობის, ბუნებათსარგებლობის ბუნებადაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების ფორმებს, წარმოების წესსა და პერიოდულობას. 4.4. იღებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებიდან, დეპარტამენტებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციებს და სტატისტიკურ ანგარიშებს გარემოს მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და აღწარმოების ბუნებადაცვითი ღონისძიებების შესრულების შესახებ, ცნობებს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში ავარიული გამოყოფის შესახებ და სხვა მასალებს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. 4.5. განსაზღვრავს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან სპეციალისტების, მეცნიერების, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობის წესს, 4.6. ამზადებს წინადადებებს რესპუბლიკური და ადგილობრივი ეკოლოგიური ფონდების ფორმირებისა და გამოყენების წესის თაობაზე. 4.7.განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებს, უწყებებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხებზე წარმოშობილ უთანხმოებებს და გასცემს სათანადო დასკვნებს. 4.8. დროებით აჩერებს ან კრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე სამრეწველო და სხვა დანიშნულების ობიექტთა მშენებლობის (რეკონსტრუქციის, გაფართოების, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ყველა სხვა სამუშაოების ჩატარებას, რომელთაც ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაუვლიათ ან მიიღეს ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა და ხორციელდებიან ბუნებადაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით; შეაქვს წარდგინებები საბანკო დაწესებულებებში. ამგვარი სამუშაოებისათვის ფინანსების შეწყვეტის შესახებ. 4.9.ზღუდავს, დროებით აჩერებს ან კრძალავს ცალკეული აგრეგატების, დანადგარების, უბნების, საამქროების ან მთლიანად საწარმოების მოქმედებას, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ ეკოლოგიური ნორმებისა და წესების დარღვევით. აგრეთვე კრძალავს ისეთი პროდუქციისა და მასალების გამოშვებას (გამოყენებას), რომელთა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს მაღალი დონის დაბინძურება ან მისი დეგრადაცია. 4.10 შეაქვს წინადადებები დადგენილი წესით მიწათმოსარგებლეთათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის შესახებ, თუ მათ მიერ მიწების ექსპლუატაცია იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას, მის დეგრადაციას ან დაბინძურებას. 4.11. წარუდგენს სარჩელს საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელ მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს ბუნებათსარგებლობის არაკანონიერი სამეურნეო საქმიანობის ან ბუნებათმოსარგებლის მიზეზით გამოწვეული ავარიების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სახსრების ამოღების მიზნით; იღებს გადაწყვეტილებებს ბუნებადაცვითი კანონმდებლობის დამრღვევ პირთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე. 4.12.აყენებს წინადადებებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და უწყებების, საწარმოების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წინაშე იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთაც დაუშვეს ბუნებადაცვითი კანონმდებლობის დარღვევა; საჭიროების შემთხვევაში გადასცემს მასალებს საგამოძიებო ორგანოებს ამგვარ დარღვევებში დამნაშავე პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თაობაზე. 4.13. წარმოადგენს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს საერთაშორისო, უცხოეთის ქვეყნების ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე. გამოდის ამგვარი თანამშრომლობის განხორციელების ინიციატივით. 4.14 დადგენილი წესით ქმნის, აუქმებს და გარდაქმნის დაქვემდებარებულ საწარმოებს, დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევით და სხვა ორგანიზაციებს, ამტკიცებს და ცვლის მათ დებულებებს (წესდებებს). V. ხელმძღვანელი ორგანოები 5.1. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი. 5.2. მინისტრი: - ახორციელებს სამინისტროს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, დაქვემდებარებული ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების მუშაობაზე; - ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; - განსაზღვრავს მოადგილეთა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეული დარგებისა და უბნების ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების მუშაობისათვის; - ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის, აგრეთვე მისი რესპუბლიკური და ადგილობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო განრიგებსა და დებულებებს. 5.3. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომლის პერსონალურ შემადგენლობას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. სამინისტრო კოლეგიის სხდომებზე განიხილავს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის, გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების და ჰიდრომეტეოროლოგიის ორგანიზაციისა და სრულყოფის ძირითად საკითხებს, სამინისტროს სისტემაში საქმიანობის ორგანიზაციას, ნორმატიული და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პროექტებს და სამინისტროს მუშაობის სხვა საკითხებს, კადრების შერჩევის, მომზადების, გამოყენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, განიხილავს უმნიშვნელოვანესი დადგენილებების, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, ისმენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, დაქვემდებარებული ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ანგარიშებს, სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ბუნებათმოსარგებლე სახელმწიფო და საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოხსენებებსა და ინფორმაციებს სამინისტროს კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე. კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ხორციელდება კოლეგიის დადგენილებებით ან მინისტრის ბრძანებებით; მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან, წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას; კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ თავიანთი განსხვავებული აზრი აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. 5.4. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს დადგენილებებს, ბრძანებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა), საქართველოს მოქალაქეთათვის, უცხოელ მოქალაქეთა და იურიდიულ პირთათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, რომელთაც არა აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. 5.5. სამინისტროსთან საჭიროების შემთხვევაში იქმნება საუწყებათაშორისო, სამეცნიერო-ტექნიკური, საზოგადოებრივი საბჭოები და კომისიები, საექსპერტო ჯგუფები, რომლებშიც შედიან თვალსაჩინო მეცნიერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, საზოგადო მოღვაწენი, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებათა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთა პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტროს კოლეგია. 5.6. საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია მისი დასახელება.