მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 18.04.1996
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000080.01(2).000.000108
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 22/07/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
1996 წლის 18 აპრილი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულება
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის
ორგანოების ამოცანები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების ამოცანებია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების, მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვა, მოსახლეობის სამართლებრივ-კულტურული მომსახურეობის უზრუნველყოფა მოქალაქეობრივი რეგისტრაციის დროს.
I.2. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა შედგება საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის, ამ დებულებისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
I.3. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები და თანამდებობის პირები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციისათვის საქართველოს რესპუბლიკაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული/საქალაქო/ ქალაქის რაიონული განყოფილებები, ქორწინების სასახლეები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის /საქალაქო/ არქივები.
დასახელებულ პუნქტებში, სადაც არ არის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებები, დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენისა და გარდაცვალების რეგისტრაციას ახდენენ მართველობის ადგილობრივი ორგანოები.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციას ახდენენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული საქალაქო/, ქალაქის რაიონულ განყოფილებები, ქორწინების სასახლეები, სოფლებსა და დაბებში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ის თანამდებობის პირები, რომელთაც ეს მოვალეობა დაეკისრებათ ამ ორგანოს გადაწყვეტილებით.
I.4. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების ზედამხედველობა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს საქართველოში ხელმძღვანელობენ საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები.
I.5. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების თანამდებობის პირთა დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული /საქალაქო/, ქალაქის რაიონული განყოფილების გამგის, ქორწინების სასახლის დირექტორის /მოადგილე/ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივის გამგის თანამდებობაზე დაინიშნებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება. ინსპექტორებად დაინიშნებიან უმაღლესი იურიდიული, საშუალო-სპეციალური ან ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირები.
აღნიშნული თანამდებობის პირები თანამდებობებზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ხოლო აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის მინისტრების მიერ.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მუშაკებს არ შეუძლიათ იმუშაონ სხვა დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და საწარმოში გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს იმ შემთხვევაში თუ ისინი ეწევიან პედაგოგიურ და მეცნიერულ საქმიანობას.
I.6. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საიდუმლოების დაცვა
პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვს უფლება შეასრულონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია ვალდებული არიან დაიცვან რეგისტრაციის საიდუმლოება.
დოკუმენტები და ცნობები მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ მიეცემა იმ მოქალაქეს, ვის მიმართაც სრულდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია პირადად, ასევე მათ შვილებს, მშობლებს, და-ძმებს, მეუღლეებს სხვა პირებს შესაბამისი მინდობილობით.
არასრულწლოვანთა, აგრეთვე იმ პირთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ ცნობები და დოკუმენტები, რომლებიც სასამართლოს მიერ ცნობილი არიან არაქმედუნარიანად ეძლევათ მათ მშობლებს, მეურვეს, მზრუნველს.
ცნობები გარდაცვალების შესახებ - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,
მშვილებღის თანხმობის გარეშე აკრძალულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის სარეგისტრაციო წიგნებიდან რაიმე ამონაწერის გაცემა, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ცნობები გაიცემა ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ ცნობები და დოკუმენტები მიეცემათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებს მათი მოთხოვნით, სასამართლოს პროკურატურის გამოძიებისა და მოკვლევის ორგანოებს მათთან წარმოებაში არსებული სისხლის ან სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით.
პირებს, რომლებსაც ბრალი დაედებათ შესრულებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საიდუმლოების გამჟღავნებაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
I.7. მოქალაქეთა უფლებების განხორციელება და კანონიერი ინტერესების დაცვაში ხელის შეწყობა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მუშაკები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ მოქალაქეებს მათი უფლებების განხორციელებასა და კანონიერი ინტერესების დაცვაში, განუმარტონ მათ უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილონ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოსათვის შეგნებულად არასწორი მონაცემების მიცემისას მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შედეგების შესახებ.
I.8. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების საქმის წარმოების ენა
საქართველოში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია წარმოებს ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე, თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის მსურველმა პირმა არ იცის ენა, რომელზეც საქმის წარმოება მიმდინარეობს, დოკუმენტზე ხელს აწერს ტექსტის გაცნობის შემდეგ იმ ენაზე, რომელსაც იგი ფლობს.
I.9. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების ქსელი და შტატები
საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოთა ქსელი მტკიცდება იმ წესით, რომელსაც ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების შტატებს ამ ორგანოებისათვის დადგენილი საშტატო ერთეულების რაოდენობას, ხელფასის ფონდის ფარგლებში ამტკიცებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ,აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები.
I.10. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ქორწინების სახლის და არქივის ბეჭედი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონულ /საქალაქო/ ქალაქის რაიონულ განყოფილებებს, ქორწინების სასახლეებს და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივებს აქვთ ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და მოქალაქეობრივი მდგომარეობის ორგანოს სახელწოდება.
I.2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოთა შესანახი ხარჯები:
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოთა შენახვა ხდება საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი მმართველობის ორგანოების და იუსტიციის სამინისტროების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
II. მოქმედებანი, რასაც ასრულებენ მოქალაქეობრივი
მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები
2.1. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული /საქალაქო/, ქალაქის რაიონული განყოფილება ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
- ახდენს დაბადების, გარდაცვალების ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის და ეროვნების გამოცვლის რეგისტრაციას;
- უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სრულ და დროულ რეგისტრაციას,
- ქმნის საზეიმო ვითარებას დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის დროს;
- ამზადებს საქართველოს მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლასთან დაკავშირებით დასკვნას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებს;
- ამზადებს მასალებს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ქართული წარმომავლობისა და შესაბამისი გვარების აღდგენის შესახებ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე და მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ შესაბამის მუდმივმოქმედ კომისიას განსახილველად;
- ასწორებს, ცვლის, შეაქვს დამატებები, აღადგენს და აუქმებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებს, ამ მიზნით ამზადებს მასალებს და გამოაქვს შესაბამისი დადგენილება;
- მუშაობაში ნაკლოვანებათა თავიდან აცილების მიზნით სწავლობს რაიონში /ქალაქში/ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის დროს მოქმედი კანონის შეფარდების პრაქტიკას და ახდენს მის განზოგადებას;
- ამოწმებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების იმ თანამდებობის პირთა მიერ კანონის დაცვას, რომლებსაც უხდებათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია, ამ მიზნით ამოწმებს ჩანაწერების პირველ და მეორე ეგზემპლარების შევსებისა და გერბიან მოწმობათა ბლანკების ხარჯვის სისწორეს და იღებს ზომებს დაშვებულ შეცდომათა გამოსასწორებლად;
- მმართველობის ადგილობრივი ორგანოების იმ თანამდებობის პირთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რომლებსაც უხდებათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია აწყობს სასემინარო მეცადინეობებს, ამ თანამშრომელთა მიერ საწარმოო პრაქტიკის გავლას, აგრეთვე სწავლობს და ავრცელებს მათი მუშაობის
დადებით გამოცდილებას;
- გასცემს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს;
- უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სარეგისტრაციო წიგნებისა და სხვა დოკუმენტების შენახვას კანონით დადგენილი წესით;
- ყოველ კვარტალურად არა უგვიანეს მომავალი კვარტლის 10 რიცხვისა) უდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებს მთლიანად რაიონის მიხედვით ანგარიშებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და გახარჯული გერბიანი მოწმობების საფასურის ჩვენებით.
2.2. მოქმედებანი, რომელსაც ასრულებს ქორწინების სასახლეები
ქორწინების სასახლე ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
- ახდენს ქორწინების რეგისტრაციას;
- გასცემს ქორწინების განმეორებით მოწმობებს;
- შეაქვს შესწორებები დამატებები და ცვლილებები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებების შეტყობინების საფუძველზე.
2.3. მოქმედებანი, რომელთაც ასრულებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივი ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
- გასცემს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს;
- უზრუნველყოფს მოქალაქეობრივი მდგომარეობის სარეგისტრაციო ჟურნალებისა და დავთრების შენახვას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შეაქვს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების შეტყობინების საფუძველზე.
2.4. მოქმედებანი, რომელსაც ასრულებენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. მმართველობის ადგილობრივი ორგანო ასრულებს შემდეგ მოქმედებებს:
- ახდენს დაბადების, გარდაცვალების ქორწინებისა და მამობის დადგენის რეგისტრაციას;
- გასცემს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განმეორებით მოწმობებს;
- უზრუნველყოფს წლის ბოლოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში შესანახად ჩაბარებას;
- შეაქვს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში მმაჩის ორგანოების შეტყობინების საფუძველზე.
2.5. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიერ სხვადასხვა დოკუმენტების შენახვის უზრუნველყოფა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები აწარმოებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის მოწმობათა ბლანკების აღრიცხვასა და შენახვას, სარეგისტრაციო წიგნებისა და სხვა დოკუმენტების შენახვას.
III. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების
რეგისტრაციის წესი
3.I. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ადგილი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია სრულდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში ან ადგილობრივი მმართველობის შენობაში, თუ მოქალაქეს, რომლისთვის სრულდება მოქმედება საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა ინვალიდობა, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მისი ყოფნა და სხვა) არ შეუძლია გამოცხადდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, მის მიმართ რეგისტრაცია შეიძლება შესრულდეს ზემოაღნიშნული ორგანოთა შენობის გარეთაც.
3.2. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულების ვადები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია წარმოებს ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემდეგ.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია შეიძლება გადაიდოს თუ საჭიროა დამატებითი ცნობების ან დოკუმენტების გამოთხოვა ან დოკუმენტების გაგზავნა საექსპერტიზოდ.
3.3. იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებას ითხოვენ
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის დროს თანამდებობის პირები, რომლებიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციას ასრულებენ, დაადგენენ იმ მოქალაქეების ვინაობას რომლებიც ითხოვენ რეგისტრაციის შესრულებას.
3.4. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში იმ მოქალაქეთა ხელის მოწერის აუცილებლობა, რომლებიც ითხოვენ რეგისტრაციის შესრულებას
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში ხელს აწერს ის პირი ვის მიმართაც სრულდება რეგისტრაცია.
იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ფიზიკური ნაკლის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო შესაძლებლობა არა აქვს ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მას არ გააჩნია ამისათვის სპეციალური შტამპი, ხელს აწერს სხვა პირი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით.
3.5. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებისათვის
საჭირო ცნობებისა და დოკუმენტების გამოთხოვა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგეებისა და სხვა თანამდებობის პირთ, რომლებიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციას ასრულებენ, უფლება აქვთ გამოითხოვონ სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ცნობები და დოკუმენტები რომლებიც საჭიროა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებისათვის შესაბამისი ცნობები და დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში.
3.6. ზომები, რომლებსაც მიიღებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებათა გამგეები და რეგისტრაციის შემსრულებელი პირები კანონის დარღვევის აღმოჩენისას
თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულების დროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებათა გამგეები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც რეგისტრაციას ასრულებენ, აღმოაჩენენ, რომ მოქალაქეებმა ან ცალკეულმა თანამდებობის პირებმა დაარღვიეს კანონი, ისინი ამის შესახებ აცნობებენ პროკურატურის ორგანოებს.
თუ წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგეს ან სხვა თანამდებობის პირს, რომელიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციას ასრულებს, უფლება აქვს გაგზავნოს იგი საექსპერტოდ.
3.7. უარი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებაზე
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე ან სხვა თანამდებობის პირი, რომელიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციას ასრულებს უარს ამბობს რეგისტრაციის შესრულებაზე, თუ ასეთი რეგისტრაციის შესრულება ეწინააღმდეგება კანონს.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე ან სხვა პირი, რომელიც რეგისტრაციას ასრულებს მოქალაქის თხოვნით, რომელსაც უარი ეთქვა რეგისტრაციის შესრულებაზე გასცემს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას, რომელშიც აღნიშნავს უარის თქმის მიზეზს და განუმარტავს მის გასაჩივრების წესს.
3.8. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციაზე ან მის შესრულებაზე უარის თქმის გასაჩივრება
დაინტერესებულ პირს, რომელსაც არასწორად მიაჩნია შესრულებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია ან რეგისტრაციის შესრულებაზე უარი, უფლება აქვს ამის შესახებ საჩივარი შეიტანოს რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
3.9. საჩივარი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომლის ისეთ მოქმედებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული მის მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესრულებასთან
საჩივარს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელზე რომელიც არ ეხება მის მიერ შესრულებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არსს /მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ვადების დარღვევა, მიღების დადგენილი საათების დაუცველობა და ა.შ./,განიხილავენ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები.
3.10. სახელმწიფო ბაჟი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში სახელმწიფო გერბიანი მოწმობების გაცემა ხდება ცალკეული მოწმობისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებელი თანხის გადახდის შემდეგ.
დაქორწინების, განქორწინების სახელის მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლის რეგისტრაციისათვის, აგრეთვე ეროვნებისა და გვარის აღდგენისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი ოდენობით.
IV. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია
4.I. დაბადების რეგისტრაცია
ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის
რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის დაბადების ადგილის, მშობლების ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მიუხედავად ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ადგილისა, დაბადების "ადგილი" ჩაიწერება, სადაც დაიბადა ბავშვი).
4.2. განცხადება დაბადების რეგისტრაციის შესახებ
განცხადება ბავშვის დაბადების შესახებ ზეპირი ან წერილობითი ფორმით კეთდება მშობლების ან ერთ-ერთი მათგანის მიერ.
მშობლების ავადმყოფობის, გარდაცვალების ან სხვა მიზეზების არსებობისას, განცხადება შეაქვთ ნათესავებს ან სხვა პირთ, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას სადაც ბავშვი დაიბადა.
4.3. განცხადების შეტანის ვადა
დაბადების რეგისტრაციას მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო ახდენს ბავშვის დაბადების შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის წარდგენისთანავე. თუ ბავშვის დაბადებიდან გავიდა ერთ წელზე მეტი, დაბადების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში, დაბადების აღდგენილი აქტების ჩასაწერ წიგნში, როგორც პირველადი რეგისტრაცია.
4.4. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია წარმოებს მპოვნელის განცხადებით შინაგან საქმეთა ორგანოს აქტის საფუძველზე, ან იმ დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვით, სადაც ბავშვია მოთავსებული, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო დაწესებულების ცნობა ბავშვის ასაკის შესახებ.
ნაპოვნ ბავშვს სახელი, მამის სახელი, გვარი და ეროვნება მიეკუთვნება მპოვნელის მითითებით.
დაბადების ჩანაწერში მშობლების შესახებ მონაცემები შეივსება იმ გვარის მიხედვით, რომელიც მიეკუთვნება ბავშვს დაბადების ჩანაწერში "აღნიშვნისათვის" მიეთითება მისამართი, სადაც ბავშვი იმყოფება აღსაზრდელად.
4.5. დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები
დაბადების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები:
ა) დაბადების ფაქტისა და დროის დამადასტურებელი ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე, მაშინ იმ ექიმის ცნობა, რომელმაც დახმარება აღმოუჩინა ბავშვის დედას.
მკვდარი ბავშვის დაბადების შემთხვევაში საჭიროა საექიმო მოწმობა მკვდარი ბავშვის შესახებ, თუ ბავშვი გარდაიცვალა სამშობიარო სახლიდან დედის გამოსვლამდე – ცნობა დაბადების შესახებ და საექიმო მოწმობა ბავშვის გარდაცვალების შესახებ.
ბ) მშობელთა მშობლის/პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
გ) მშობელთა ქორწინების ან მამობის დადგენის მოწმობა.
ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დაბადების რეგისტრაცია წარმოებს განყოფილებაში დაბადების შესახებ აღდგენილი აქტების სარეგისტრაციო წიგნში, საერთო წესის საფუძველზე, როგორც პირველადი რეგისტრაცია და დაბადების სააქტო ჩანაწერში რიგითი ნომრის შემდეგ მიეწერება სიტყვები: "ვადის გაშვებით რეგისტრაცია".
თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე ექიმის დახმარების გარეშე, საჭიროა იმ მოწმეთა წერილობითი დასტური, ვინც დახმარება აღმოუჩინა ბავშვის დედას.
დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.6. დაბადების რეგისტრაციის განსაკურებული შემთხვევები
მკვდრადშობილი ან იმ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, რომელიც დაბადებიდან მალე გარდაიცვალა, ხდება იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სადაც დედამ იმშობიარა ან უბნის ექიმის განცხადებით, თუ მშობიარობა მოხდა ბინაზე.
მკვდრადშობილი ბავშვის რეგისტრაცია ხდება დაბადების სააქტო წიგნაკში სათანადო აღნიშვნით (მკვდრადშობილი).
ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, რომელიც გარდაიცვალა დედის სამშობიაროდ გამოწერამდე ხდება როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების სააქტო წიგნში. გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების მოწმობა.
4.7. ბავშვის სახელი, მამის სახელი და გვარი
ბავშვს სახელი ეძლევა მშობლების შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს რაიონის მმრ-ის ორგანო.
მამის სახელი მიეკუთვნება მამის სახელის მიხედვით.
ბავშვს გვარი მიეცემა მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლები სხვადასხვა გვარს ატარებენ, მაშინ მათი თანხმობით ბავშვი იწერება ერთ-ერთი მშობლის გვარზე ან მიეკუთვნება შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
4.8. დაბადების აქტის ჩაწერაში დაქორწინებული მშობლების ჩაწერა
რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედა და მამა ბავშვის მშობლებად ჩაიწერებიან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით.
თუ ბავშვი დაიბადა იმ პირის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ახალშობილის დედასთან, დაბადების ჩაწერის წიგნსა და დაბადების მოწმობაში გარდაცვალებული შეიძლება ჩაიწეროს ბავშვის მამად, თუ მისი გარდაცვალების დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არა უმეტეს 10 თვისა.
იმ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, რომელიც ჩასახული იყო მშობელთა ქორწინებაში ყოფნის დროს, მაგრამ დაიბადა მათი განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, ხდება საერთო წესით, თუ განქორწინების ან ქორწინების ბათილად ცნობის დღიდან ბავშვის დაბადებამდე გავიდა არა უმეტეს 10 თვისა.
თუ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედა აცხადებს, რომ მისი მეუღლე არ არის ბავშვის მამა და ითხოვს იგი არ იქნეს ბავშვის მამად ჩაწერილი, მისი თხოვნა დაკმაყოფილდება ამის შესახებ ბავშვის დედის, მისი მეუღლის და იმ პირის წერილობითი თანხმობით ვინც ბავშვის მამად თავს ცნობს.
4.9. დაუქორწინებელი მშობლის ჩაწერა
თუ ბავშვის მშობლები არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ჩანაწერი დედის შესახებ კეთდება დედის განცხადებით, ხოლო მამისა – დედისა და მამის ერთობლივი განცხადებით ან მამა ჩაიწერება სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
თუ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ დედას არა აქვს მამობის დადგენის მოწმობა, დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი, მამის სახელი და ეროვნება ბავშვის მამისა იწერება დედის მითითებით.
4.10. მამობის დადგენის რეგისტრაცია
მამობის დადგენა ბავშვისა, რომლის მშობლები არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ბავშვის დაბადების დროისათვის წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის დაბადების ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის ან მამობის დამდგენი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით.
4.11. განცხადება მამობის დადგენის შესახებ
მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით დედის გარდაცვალების, არაქმედუნარიანად ცნობის მშობლის უფლების ჩამორთმევის ან მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაცია წარმოებს მამის განცხადებით.
თუ ერთ-ერთ მშობელს საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში გამოცხადება, მისი ხელმოწერა განცხადებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მამობის დადგენის აქტის რეგისტრაცია არ შეიძლება მოხდეს მინდობილობით ან წარმომადგენლობის მეშვეობით.
დაუშვებელია მამობის დადგენის რეგისტრაცია იმ პირის განცხადებაზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია არაქმედუნარიანად, ასევე არაქმედუნარიანი პირის მეურვის განცხადებით.
4.12. მამობის დადგენა ბავშვის მამის განცხადებით
ბავშვის მამის განცხადებით მამობის დადგენის რეგისტრაცია წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დედა გარდაიცვალა, შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად.
მამობის დადგენის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დაბადების მოწმობა, თუ ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დედის მიმართ მშობლის უფლების ჩამორთმევის, არაქმედუნარიანად ცნობის ან უგზოუკვლოდ დაკარგულად ცნობის შესახებ.
4.13.მამობის დადგენა სრულწლოვანი შვილის მიმართ
სრულწლოვანი შვილის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ შვილის თანხმობით, რომელშიც გამოხატული იქნება მისი სურვილი ატაროს ძველი თუ მიიღოს მამის გვარი.
4.14. მამობის დადგენა სასამართლოს გადაწყვეტილებით
მამობის დადგენის აქტის რეგისტრაცია მამობის დადგენის ან მამად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონულ /საქალაქო/,ქალაქის რაიონის განყოფილებაში გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის ან ერთ-ერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.15. მამობის დადგენის რეგისტრაცია ბავშვის მიმართ, რომელსაც დაბადების მოწმობაში მითითებული აქვს მონაცემები მამის შესახებ
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს უფლება არ აქვს მიიღოს მამობის დადგენის შესახებ განცხადება თუ ბავშვის დაბადების აქტში არსებობს ჩანაწერი მამის შესახებ.
ასეთ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ სასამართლოს წესით დაბადების აქტიდან მამის შესახებ მონაცემების ამორიცხვის შემდეგ.
4.16. მამობის დადგენა ბავშვის დაბადების რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ
იმ შემთხვევაში, როცა მამობის დადგენის შესახებ განცხადების შეტანა ხდება ბავშვის დაბადების რეგისტრაციაში გატარებასთან ერთად დაბადებისა და მამობის დადგენის რეგისტრაცია ხდება ერთდროულად.
თუ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხდება მამობის დადგენის რეგისტრაციამდე, მაშინ მშობელთა ერთობლივ განცხადებას თან ერთვის ბავშვის დაბადების მოწმობა.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მამობის დადგენის აქტის საფუძველზე, ბავშვის დაბადების ჩანაწერში შეიტანს შესწორებას, გასცემს ახალ დაბადების მოწმობას და შეატყობინებს დაბადების აქტში შესწორების შეტანის შესახებ იმ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს, სადაც ინახება მეორე ეგზემპლარი.
4.17. ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის არ მათი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქორწინების რეგისტრაციისას წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთ-ერთი მშობლის პასპორტი.
ქორწინების რეგისტრაციის დროს დასაქორწინებელი პირებისა და მოწმეების დასწრება სავალდებულოა.
დასაქორწინებელ პირთა სურვილით ქორწინება შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.
4.18. ქორწინების რეგისტრაციის პირობები
დაქორწინებისათვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა და საქორწინო ასაკი.
საქორწინო ასაკად დაწესებულია ქალებისათვის -16 წელი, ვაჟებისათვის - 17 წელი.
4.19. ქორწინების რეგისტრაციის ვადა
ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დაქორწინების მსურველნი განცხადებას შეიტანენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში.
საპატიო მიზეზის არსებობისას /სამსახურებრივი მივლინების საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, ქალის ფეხმძიმობის, მძიმე ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში/ დასაქორწინებელ პირთა თხოვნით ამ ვადის შემცირება შესაძლებელია მოქალაქეობრივი რეგისტრაციის განყოფილების გამგის მიერ.
ერთი თვის გასვლის შემთხვევაში დასაქორწინებელ პირთა თხოვნით შესაძლებელია ამ ვადის აღდგენა.
4.20. განცხადება ქორწინების შესახებ
დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში.
დასაქორწინებელმა პირებმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, ხოლო იმ პირებმა, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ქორწინებაში-ადრინდელი ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი.
თუ დასაქორწინებელ პირს არა აქვს შესაძლებლობა პირადად წარადგინოს განცხადება, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს უფლება აქვს მიიღოს სხვა დასახელებულ პუნქტში მცხოვრები ამ პირის განცხადება, დამოწმებული იმ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს მიერ, სადაც იგი ცხოვრობს.
4.21. დასაქორწინებელ პირთათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა
განცხადების მიმღები მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მოვალეა გააცნოს დასაქორწინებელ პირებს ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მათ მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი გააფრთხილოს ისინი იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც მოჰყვება ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვას.
თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩამწერი ორგანოს თანამდებობის პირი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს მიიჩნევს საეჭვოდ, ვალდებულია შეაჩეროს ქორწინების რეგისტრაცია და მოახდინოს დამაბრკოლებელ გარემოებათა რეალობის შემოწმება ერთი თვის ვადაში. ეჭვის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაცია მოხდება საერთო წესით.
4.22. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები
ქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;
ბ) პირდაპირ აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ ძმასა და ძმას შორის;
გ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
დ) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია არაქმედუნარიანად.
4.23. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და შრომა-გასწორებით დაწესებულებაში მყოფ პირთა ქორწინების რეგისტრაცია
ქორწინების რეგისტრაციას მსჯავრდებულის განცხადებით, რომელიც სასჯელს იხდის შრომა-გასწორების დაწესებულებაში, ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება შრომა-გასწორების დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსით გათვალისწინებული დაქორწინების პირობების დაცვით, დაქორწინების რეგისტრაციას იმ პირებთან, რომელთა მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად გამოყენებულია პატიმრობა, ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე საგამომძიებლო იზოლატორში ან საპატიმროში იმ პირის ან ორგანოს ნებართვით, რომლის წარმოებაშიც არის საქმე.
4.24. ქორწინების რეგისტრაციის განსაკუთრებული შემთხვევები
იმ შემთხვევაში, როცა ფაქტიური საქორწინო ურთიერთობის გაფორმება შეუძლებელია ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების, ან უგზო-უკვლო დაკარგვის გამო, მეორე მხარეს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სასამართლოს ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობის დადგენის თაობაზე.
ამ შემთხვევაში ქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4.25. ქორწინების შემდეგ მეუღლეთა გვარი
დაქორწინების დროს მეუღლენი თავიანთი სურვილისამებრ ირჩევენ ერთ-ერთი მეუღლის გვარს თავიანთი საერთო გვარად, ანდა თითოეული დაიტოვებს თავის ქორწინებამდელ გვარს, ან თავის გვარს შეუერთებს მეუღლის გვარს, გვარების შეერთება არ შეიძლება, თუ ორივე მეუღლეს ან ერთ-ერთ მათგანს ორმაგი გვარი აქვს.
4.26. ქორწინების რეგისტრაციის აღნიშვნა პირადობის დამადასტურებელ საბუთებში
დაქორწინებული პირის პასპორტში ან პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთში იწერება მეუღლის სახელი, მამის სახელი, გვარი დაბადების წელი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილი, დრო და აქტის ნომერი.
4.27. ქორწინების რეგისტრაცია უცხოელ მოქალაქებთან ან მოქალაქეობის არმქონე პირებთან
ქორწინების რეგისტრაცია უცხოელ მოქალაქეებთან ან მოქალაქეობის არმქონე პირებთან წარმოებს საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსით განსაზღვრული დაქორწინების პირობების დაცვით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული უცხოეთის სახელმწიფო კანონმდებლობით საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
ქორწინების რეგისტრაციისას უცხოელი მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები წარადგენენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია იმ ქვეყნის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ან საკონსულოს მიერ, რომლის მოქალაქეებად ითვლებიან ისინი. სავალდებულოა აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზება საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაში.
4.28. ქორწინების რეგისტრაცია იმ ქვეყნის მოქალაქებთან რომელთა კანონმდებლობა ითვალისწინებს ქორწინებისათვის აუცილებელ ნებართვას
ქორწინების რეგისტრაციისას როდესაც ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი უცხოელია მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მოვალეა გამოარკვიოს განმცხადებლისაგან, ითხოვს თუ არა სპეციალურ ნებართვას ქორწინების შესახებ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქედაც ითვლება იგი.
იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს უცხოელ მოქალაქეებთან ქორწინებაზე კომპეტენტური ორგანოს ნებართვას და განმცხადებელს ეს არ გააჩნია მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო, მოვალეა განუმარტოს როგორც უცხოელს, ისე საქართველოს მოქალაქეს, რომ მათ შორის ქორწინება შეიძლება ცნობილი არ იქნეს კანონიერად იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქედაც ითვლება იგი.
თუ განმცხადებელი ასეთი განმარტების მიუხედავად, მაინც ისურვებს დაქორწინებას, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო მოვალეა დასაქორწინებელ პირებს განუმარტონ საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები და შემდეგ მოახდინოს ქორწინება.
4.29. განქორწინების რეგისტრაცია
განქორწინების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განქორწინების აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს:
- განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება;
- მეუღლეთა ერთობლივი განცხადება, რომელთაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არა აქვთ ქონებრივი ან საბინაო დავა;
- ერთ-ერთი მეუღლის განცხადება, იმ პირთან განქორწინების შესახებ, რომელიც კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უკვალოდ დაკარგულად, სულით ავადმყოფის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ აღიარებულია არაქმედუნარიანად ან სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.
4.30. განქორწინების რეგისტრაცია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე
ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციას ახდენს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება როგორც ორივე ისე ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, მაგრამ მეორე მეუღლეს მის მიერ განქორწინების მოწმობის მიღებამდე, უფლება არ აქვს ხელახლა დაქორწინდეს.
განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით არა უგვიანეს სამი წლისა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების განყოფილებაში, რეგისტრაციის საშუალებით.
ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
4.31. განქორწინების რეგისტრაცია მეუღლეთა ურთიერთთანხმობით
იმ მეუღლეთა ურთიერთ თანხმობით, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, განქორწინების შესახებ შეაქვთ ერთობლივი განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში და მისი სახელით წარმოდგენილია სათანადო წესით დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად.
განქორწინების რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა წარმოებს მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
განქორწინების მოწმობის გაცემისას გადახდებათ სახელმწიფო ბაჟი დადგენილი წესით.
4.32. განქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაცია ხდება იმ პირთა, რომელიც:
- სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღიარებულია უკვალოდ დაკარგულად;
- სულით ავადმყოფის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ აღიარებულია არაქმედუნარიანად;
- სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლით;
აღნიშნულ შემთხვევებში განქორწინების რეგისტრაცია მოხდება იმისდა მიუხედავად, ჰყავთ თუ არა მეუღლეებს არასრულწლოვანი შვილები.
განცხადების შეტანის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება აუწყებს პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ან არაქმედუნარიანი მეუღლის მეურვეს და სამი თვის ვადაში გამოითხოვს პასუხს იმის შესახებ, არის თუ არა დავა ბავშვების თაობაზე, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ შრომისუუნაროს მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაზე, რომელიც დახმარებას საჭიროებს.
თუ მითითებულ ვადაში პასუხი არ არსებობს, მოქალაქეობრივი მდგომარეობის განყოფილებაში ახდენს განქორწინების რეგისტრაციას.
თუ მეუღლე, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით აღძრავს დავას ბავშვების ან ქონების გაყოფის შესახებ, ან თუ არაქმედუნარიანია პირის მეურვე მოითხოვს ქონების გაყოფას ან ალიმენტის გადახდევინებას, ასეთ შემთხვევაში განქორწინება მოხდება სასამართლოს წესით.
ამ შემთხვევაში განქორწინების მოწმობის გაცემისას, იმ მეუღლეს, რომელმაც შეიტანა განცხადება გადახდება სახელმწიფო ბაჟი დადგენილ ოდენობით.
4.33. განქორწინების რეგისტრაციის დროს მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნება
მეუღლემ, რომელსაც სურს ატაროს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის განყოფილებაში განქორწინების რეგისტრაციის დროს, რაც აღინიშნება განქორწინების აქტის ჩანაწერში.
4.34. განქორწინების აღნიშვნა მეუღლეთა საბუთებში
განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაიცემა განქორწინების მოწმობები და ყოფილ მეუღლეთა პასპორტები და პიროვნების დამადასტურებელ სხვა საბუთებში კეთდება ჩანაწერი განქორწინების შესახებ.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება ქორწინების აქტის ჩანაწერში აკეთებს აღნიშვნას ქორწინების შეწყვეტის შესახებ და იმავე დღეს გზავნის შეტყობინებას იმ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, სადაც ინახება ქორწინების მეორე ეგზემპლარი.
თუ ქორწინების აქტის ჩანაწერი ინახება სხვა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, განქორწინების შესახებ იმავე დღეს გზავნის შეტყობინებებს იმ მ.მ.რ ორგანოებში სადაც ინახება ქორწინების ჩაწერის ორივე ეგზემპლარი.
4.35. გარდაცვალების რეგისტრაცია
გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების ადგილის ან გარდაცვალებულის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გარდაცვალების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან პირის გარდაცვალებულად გამოცხადების შემთხვევაში ხდება მოქალაქეობრივი მგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს ადგილსამყოფელის ან გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
4.36. განცხადება გარდაცვალების შესახებ
გარდაცვალების რეგისტრაცია წარმოებს გარდაცვლილის ნათესავების, მეზობლების საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციათა მუშაკების და სხვა პირების, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სადაც პირი გარდაიცვალა.
თუ გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ცნობილი გახდა, რომ მზრუნველობის გარეშე დარჩნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია იმავე დღეს აცნობოს ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.37. გარდაცვალების რეგისტრაციის ვადა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო გარდაცვალების რეგისტრაციას ახდენს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობის, საფერშლო ცნობის ან სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენისთანავე.
4.38. გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი
გარდაცვალების რეგისტრაციის საფუძველი არის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო მოწმობა ან საფერშლო ცნობა გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვალების ფაქტის დადგენის ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ.
4.39. გარდაცვალების რეგისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გარდაცვალების რეგისტრაციისას გარდაცვალების თარიღად ჩაითვლება დღე, რომელიც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუ ასეთი განსაზღვრული არ არის გარდაცვალების დღედ ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალაში შესვლის თარიღი.
4.40. უცნობი /გამოუცნობი/ პირის გარდაცვალების რეგისტრაცია
უცნობი /გამოუცნობი/ პირის გარდაცვალების რეგისტრაციის დროს სააქტო ჩანაწერში შეიტანება მხოლოდ რეგისტრაციისათვის საჭირო ის მონაცემები /ცნობები/, რომლებიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულებების დასკვნაში, თუ მომავალში გარდაცვლილი ამოცნობილი იქნება, გარდაცვალების სააქტო ჩანაწერში გამოტოვებული ცნობები შეიტანება საგამომძიებლო ორგანოების დასკვნის საფუძველზე.
4.41. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციის შეტყობინებით, გარდაცვლილის /დაპატიმრებამდე/ უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადგილსამყოფელის მიხედვით.
4.42. გარდაცვლილთა პირადობის საბუთები
თუ გარდაცვლილს ჰქონდა პასპორტი ან სამხედრო ბილეთი, იგი უნდა წარედგინოს გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის დროს.
უცხოელთა გარდაცვალების რეგისტრაციის დროს უნდა წარედგინოს უცხოელის პასპორტი და ბინადრობის მოწმობა მოქალაქეობის არმქონე პირთა გარდაცვალების რეგისტრაციის დროს ბინადრობის არქონის მოწმობა.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება თვეში ერთხელ სიით აბარებს შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოებს გარდაცვლილთა საბუთებს.
პასპორტის, ნაციონალური პასპორტის ბინადრობის მოწმობის და სამხედრო ბილეთის ჩაუბარებლობა არ აფერხებს გარდაცვალების აქტის რეგისტრაციას.
4.43. ბავშვი, რომელიც შეიძლება აყვანილ იქნეს შვილად
შვილება /შვილად აყვანა/ დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვისა, მისი ინტერესების შესაბამისად.
4.44. შვილად აყვანის რეგისტრაცია
შვილად აყვანის რეგისტრაცია ხდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში რაიონის, საქალაქო, ქალაქის რაიონული სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით მშობელთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
შვილად აყვანის რეგისტრაციისათვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შვილად ასაყვანი ბავშვი დაბადების მოწმობა, შვილად აყვანის რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ შვილად აყვანილის დაბადების რეგისტრაციისა ან მისი დაბადების დაკარგული ჩანაწერის აღდგენის შემდეგ.
4.45. შვილად აყვანის წარმოშობის დრო
შვილად აყვანის წარმოშობა ხდება იმ დღიდან, როცა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.
4.46. ნაშვილების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა
ნაშვილებისათვის მშვილებლის გვარისა და სახელის მიხედვით გვარისა და მამის სახელის მიცემის, ასევე ნაშვილების სახელის, დაბადების ადგილის შეცვლის ან ნაშვილების მშობლად მშვილებლის ჩაწერის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება, ნაშვილების დაბადების შესახებ ჩანაწერში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, გასცემს დაბადების ახალ მოწმობას ამ ცვლილებათა გათვალისწინებით.
მარტოხელა მშვილებლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მშობლების მონაცემები ნაშვილებს მიეკუთვნება კანონით გათვალისწინებული წესით.
გვარისა და მამის სახელის მიკუთვნება, აგრეთვე სახელის შეცვლა ნაშვილებისათვის რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით, გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
ნაშვილებისათვის სახელის გვარისა, მამის სახელის დაბადების თარიღისა და დაბადების ადგილის შეცვლის შესახებ აღნიშნული უნდა იქნას გადაწყვეტილებაში შვილად აყვანის შესახებ.
თუ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით იცვლება შვილად ასაყვანის მონაცემები, მ.მ.რ. განყოფილება შვილად აყვანის აქტის საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში შეიტანს შესწორებებს და შეტყობინებას გზავნის იმ მ.მ.რ ორგანოში, სადაც ინახება დაბადების მეორე ეგზემპლარი.
თუ დაბადების აქტის ჩანაწერი ინახება სხვა მ.მ.რ. ორგანოებში, შესწორების შეტანის შესახებ შეტყობინება იგზავნება იმ ორგანოში, სადაც ინახება დაბადების აქტის პირველი ეგზემპლარი ხსენებული ორგანო შეიტანს ცვლილებებს შვილად აყვანილის დაბადების აქტში და გადაუგზავნის დაბადების ახალ მოწმობას იმ ორგანოს, ვინც გამოუგზავნა შეტყობინება, ხოლო შეტყობინება მეორე ეგზემპლარში ცვლილებათა შეტანის შესახებ გადაეგზავნება იმ ორგანოს, სადაც ინახება დაბადების ჩანაწერის ეს ეგზემპლარი.
თუ სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით საიდუმლოების უზრუნველსაყოფად შეიცვლება შვილად ასაყვანის დაბადების თარიღი ან დაბადების ადგილი, მშვილებელთა /მშვილებლის/ თხოვნით შედგება შვილად ასაყვანის დაბადების ახალი ჩანაწერი, გადაწყვეტილებაში ნაჩვენები დაბადების ადგილის მიხედვით, დაბადების აღდგენილი აქტების სარეგისტრაციო წიგნში.
დაბადების ახალი ჩანაწერის შედგენის შესახებ უნდა ეცნობოს მ.მ.რ. იმ ორგანოებს, სადაც ინახება შვილობილის დაბადების ორივე ეგზემპლარი, დაბადების პირველადი ჩანაწერი უნდა გაუქმდეს სათანადო აღნიშვნით.
4.47. შვილად აყვანაზე უარის გასაჩივრება
უარი შვილად აყვანაზე შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში.
4.48. შვილად აყვანის გაუქმებისა და ბათილად ცნობის წესი
შვილად აყვანის გაუქმება და ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს წესით.
4.49. შვილად აყვანის საიდუმლოების უზრუნველყოფა
შვილად აყვანის საიდუმლოება დაცულია კანონით. მშვილებლის თანხმობის გარეშე. მისი გარდაცვალების შემთხვევაში კი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნებიდან ისეთი ამონაწერების გაცემა, საიდანაც გაირკვევა რომ მშვილებელი ნაშვილების ღვიძლი მშობელი არ არის, ის პირი, რომელიც გაამჟღავნებს შვილად აყვანის საიდუმლოებას მშვილებლის ნებასურვილის გარეშე, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით დაშვებულია შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების თარიღის შეცვლა – არაუმეტს 6 თვისა.
4.50. სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის, ეროვნებისა და გვარის აღდგენის საქმეთა წარმოების წესი
18 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლას, გვარისა და ეროვნების აღდგენას აწარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული /საქალაქო/ ქალაქის რაიონული განყოფილება განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გამონაკლის შემთხვევაში სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლა, გვარისა და ეროვნების აღდგენა დაიშვება I6 წლის ასაკიდან მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წერილობითი მოთხოვნით. პატივსადები მიზეზების არსებობისას განცხადებას აკმაყოფილებს იუსტიციის სამინისტრო.
4.51. სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის საფუძვლები
სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის საფუძველს წარმოადგენს:
ა) სახელის, მამის სახელის, გვარის შეუსაბამობა მოქალაქის ეროვნებასთან;
ბ) მოქალაქის სურვილი მიიღოს ერთ-ერთი "მეორე" მშობლის ეროვნება და გვარი;
გ) სახელის, მამის სახელის არაკეთილხმოვანება მისი წარმოქმნის სიძნელე;
დ) მეუღლეთა სურვილი ატარონ საერთო, ორმაგი ან ქორწინებამდელი გვარი;
ე) მოქალაქის სურვილი მიიღოს სახელი, რომელსაც ფაქტობრივად ატარებს;
ვ) შვილად აყვანილი მოქალაქის სურვილი დაიბრუნოს ნამდვილი მშობლების /მშობლის/ ეროვნება და გვარი შვილად აყვანის გაუქმების გარეშე;
თ) მოქალაქის სურვილი ატაროს ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინება შეწყვეტილია;
ი) მოქალაქის სურვილი შვილებთან ერთად ატაროს გვარი, თუ მეუღლე გარდაცვლილია და განმცხადებელს არ აქვს მეუღლის გვარი მიღებული;
კ) მოქალაქის სურვილი მიიღოს ფაქტობრივად გამზრდელი მამინაცვლის, დედინაცვლის ბაბუის, ბებიის – პატივსადები მიზეზების არსებობისას სხვა პირის გვარი, თუ მშობლებს მის აღზრდაში არ მიუღიათ მონაწილეობა.
4.52. ეროვნებისა და გვარის აღდგენის საფუძვლები
ეროვნებისა და გვარის აღდგენის საფუძვლებია მოქალაქის სურვილი დაიბრუნოს მისი ისტორიული გვარი და ეროვნება, ასევე კომპეტენტური დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა განმცხადებლის წარმოშობის შესახებ.
4.53. სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის, გვარისა და ეროვნების აღდგენისათვის საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივებიდან
სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლა, ეროვნებისა და გვარის აღდგენა წარმოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივებში აღმოჩნდება იმ პირის დაბადების აქტის ჩანაწერი და ქორწინების აქტის ჩანაწერი /თუ განმცხადებელი დაქორწინებულია/, რომელსაც სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლა სურს.
დაბადების ან ქორწინების აქტის ჩანაწერის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება მოვალეა კანონით დადგენილი წესით აღადგინოს ისინი, სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლის საქმის წარმოებამდე.
4.54. დასკვნა მოქალაქის სახელის მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის და გვარისა და ეროვნების აღდგენის შესახებ
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე განმცხადებლისაგან გამოითხოვს პასპორტს, დაბადების მოწმობას, ქორწინების /თუ განმცხადებელი ქორწინებაშია/ მოწმობას, არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობებს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სათანადო დაწესებულებებისაგან დამატებით ცნობებს, მიღებული მასალის საფუძველზე აკეთებს დასკვნას მოქალაქის სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს.
გვარისა და ეროვნების აღდგენის შემთხვევაში მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად გამოითხოვს კომპეტენტური სამეცნიერო დაწესებულებებიდან დასკვნას მოქალაქის ისტორიული წარმომავლობის შესახებ და წარუდგენს სათანადო დასკვნას იუსტიციის სამინისტროს
4.55. სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლის გვარისა და ეროვნების აღდგენის საქმეთა წარმოების ვადები
სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის საქმეთა წარმოება უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 3 თვისა, ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ნებართვით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 8 თვემდე.
დაბადების ან ქორწინების აქტის დაკარგული ჩანაწერის აღდგენის აუცილებლობა შეწყვეტს აღნიშნული ვადის მიმდინარეობას.
4.56. სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლის, გვარისა და ეროვნების აღდგენის რეგისტრაციის ვადა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო სახელის, მამის სახელი, გვარისა და ეროვნების გამოცვლის გვარისა და ეროვნების აღდგენის რეგისტრაციას ახდენს შესაბამისი დასკვნის დამტკიცებიდან ერთი თვის განმავლობაში.
საპატიო მიზეზის გარეშე ამ ვადის გასვლის შემდეგ დასკვნა ძალას კარგავს. მასალების განმეორებითი წარდგენა დასაშვებია დასკვნის დამტკიცებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
4.57. სახელის მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლასთან, აგრეთვე გვარისა და ეროვნების აღდგენასთან დაკავშირებული შედეგები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე მოვალეა მოქალაქის მიერ სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლასთან ან გვარისა და ეროვნების აღდგენასთან დაკავშირებით აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოს.
განმცხადებელი ვალდებულია გამოცვალოს პასპორტი ერთი თვის ვადაში, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, აგრეთვე შესწორება შეიტანოს უფლების დამდგენ სხვა საბუთებში.
4.58. მოქალაქის სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე, გვარისა და ეროვნების აღდგენაზე უარის თქმა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული /საქალაქო/,ქალაქის რაიონული განყოფილება უარს ამბობს მოქალაქის სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე, გვარისა და ეროვნების აღდგენაზე, თუ ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება ამ დებულების მოთხოვნებს, თუ სახელის, მამის სახელის გვარისა და ეროვნების გამოცვლას ითხოვს არაქმედუნარიანი პირი ან წარმომადგენელი, რომელსაც საამისო რწმუნებულება არ მოეპოვება, ან წარმოადგენს დოკუმენტებს რომლებიც არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების გამგე იმ პირის თხოვნით, რომელსაც უარი ეთქვა სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე, გასცემს უარის შესახებ დადგენილებას, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი და განემარტება დადგენილების გასაჩივრების წესი.
სახელის მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება მისგან მიღებული საბუთები.
4.59. სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე გვარისა და ეროვნების აღდგენაზე უარის თქმის გასაჩივრება
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უმართებულოდ მიაჩნია სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლაზე უარის თქმა, უფლება აქვს ამის შესახებ საჩივარი შეიტანოს შესაბამისად საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებში უარის თქმის შესახებ დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4.60. სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლის დაუშვებლობა
დასაშვებია: სახელის მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლა საერთო წესის შესაბამისად, ხოლო დაუშვებელია გვარისა და ეროვნების აღდგენა, თუ მოქალაქეს ერთხელ აღდგენილი აქვს ეროვნება და გვარი.
4.61. დაქორწინებული პირების გვარის გამოცვლა
თუ მეუღლეები ატარებენ საერთო გვარს, ერთ-ერთი მათგანის მიერ გვარის გამოცვლა არ იწვევს მეორე მეუღლის გვარის გამოცვლას. მეორე მეუღლის გვარი შეიცვლება მხოლოდ მისი განცხადებით საერთო საფუძველზე.
4.62. არასრულწლოვანი ბავშვის გვარის გამოცვლა
არასრულწლოვანი ბავშვის გვარი იცვლება ორი მშობლის მიერ გვარის შეცვლის დროს, თუ გვარი ერთ-ერთმა მშობელმა შეიცვალა, არასრულწლოვანი ბავშვის გვარი შეიცვლება მშობლების შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს გვარის შეცვლის საკითხს გადაწყვეტს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.
4.63. შვილის მამის სახელის გამოცვლა
მამის მიერ სახელის გამოცვლის დროს 18 წლის ასაკს მიუღწეველი შვილის მამის სახელის გასწორება ხდება მამის სახელის შეცვლის შესაბამისად.
ხოლო 18 წლის შემდეგ შვილის მამის სახელი შეიცვლება მისი შუამდგომლობით საერთო საფუძველზე.
4.64. შვილის ეროვნების გამოცვლა /აღდგენა/
ორივე მშობლის მიერ ეროვნების გამოცვლა /აღდგენა/ იწვევს მათი შვილების ეროვნების გამოცვლას. ერთ-ერთი მშობლის მიერ ეროვნების გამოცვლის დროს I6 წლის ასაკს მიღწეული შვილის ეროვნება შეიცვლება მისი შუამდგომლობით საერთო საფუძველზე.
4.65. მამობის დადგენის წესით რეგისტრირებული ბავშვის სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლა
მამობის დადგენის წესით რეგისტრირებული I8 წლამდე ასაკის ბავშვის სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლა ხდება ორივე მშობლის განცხადებით, 10 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ ბავშვის თანხმობით.
თუ მამა არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, დასაშვებია ბავშვის სახელის, მამის სახელისა და გვარის გამოცვლა მამის თანხმობის გარეშე.
4.66. შვილის გვარის გამოცვლა
მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობლებს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შვილისათვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ.
თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა თანხმობა.
V. სხვა მოქმედებანი, რომელსაც ასრულებენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები
5.I. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განმეორებით მოწმობათა გაცემა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა გაიცემა მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში, მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე მოწმობებისათვის კანონით დადგენილი მოსაკრებელი თანხის გადახდის შემდეგ.
5.2. პირები, რომელთაც მიეცემათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები
განმეორებითი მოწმობა განმცხადებელს ეძლევა პირადად ან სხვა პირს მისი მინდობილობის საფუძველზე.
I6 წლის ასაკამდე ბავშვის არაქმედუნარიანი პირის დაბადების მოწმობა ეძლევა მშობელს, მეურვეს, მშვილებელს ან მზრუნველს.
გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა მიეცემა გარდაცვლილის ნათესავებს.
სხვა ქალაქების მოთხოვნით განმეორებითი მოწმობები გადაიგზავნება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში განმცხადებელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობა გადაეგზავნება სამხედრო ნაწილის მეთაურს.
არ მიეცემათ ქორწინების განმეორებითი მოწმობები პირებს, რომელთა განქორწინება რეგისტრირებულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში.
5.3. განმეორებითი მოწმობის გაცემისას სააქტო ჩანაწერების შემოწმება
განმეორებითი მოწმობების გაცემის შესახებ განცხადების მიხედვით სააქტო ჩანაწერების შემოწმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სააქტო ჩანაწერების წიგნებსა და მეტრიკულ წიგნებში. შემოწმება ხდება შვიდი წლის სააქტო ჩანაწერების წიგნებში /განცხადება-აღნიშნული წელი, ასევე წინა სამი და მომდევნო სამი წელი/.
სააქტო ჩანაწერის აღმოუჩენლობის შემთხვევაში განმცხადებელს მიეცემა პასუხი ჩანაწერის არ არსებობის შესახებ.
5.4. განმეორებითი მოწმობების ვადა
მოქალაქეებს მათი განცხადებით განმეორებითი მოწმობები მიეცემათ შვიდი დღის ვადაში, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც პირადად მიმართავენ არქივს, იმავე დღეს.
5.5. განმეორებითი მოწმობების და სააქტო ჩანაწერების ასლების გაგზავნა
განმეორებითი მოწმობები გაიგზავნება შეკვეთილი სიით, გაგზავნის დროს შეკერვა, გადაკეცვა აკრძალულია.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერების ასლები ეგზავნებათ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს პროკურატურას, სასამართლოს, სანოტარო, სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა ორგანოებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მათი მოთხოვნით.
5.6. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორების შემტანი ორგანოები
განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების დამატებებისა და შესწორების შეტანის შესახებ, საკმაო საფუძველის არსებობისას წარედგინება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონულ /საქალაქო/, ქალაქის რაიონულ განყოფილებას განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სქესის შეცვლასთან დაკავშირებით /ჰერმაფროდიტთა/ სახელისა და გვარის შესწორების შემთხვევაში განცხადება შეიძლება შეტანილი იქნეს აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის იმ დაწესებულების ადგილსამყოფელის მიხედვით რომელმაც გასცა დასკვნა სქესის შეცვლის შესახებ.
დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების დამატებისა და შესწორების შეტანის საკითხი გადაწყდება სასამართლო წესით.
5.7. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების, დამატებების შესწორების შეტანის საფუძველი
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებები დამატებები და შესწორებები შეიტანება:
ა) ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით სახელ, მამის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილის მშვილებელთა მშობლებად ჩაწერისას:
ბ) განქორწინებასთან და ქორწინების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მეუღლის გვარის შეცვლისას;
გ) მშობელთა შორის ქორწინების შეწყვეტის ან ქორწინების ბათილად ცნობის დროს, არასრულწლოვანი ბავშვის გვარის შეცვლისას;
დ) მამობის დადგენის რეგისტრაციისას;
ე) სასამართლო გადაწყვეტილებით მამობის დადგენის აქტის გაუქმებისას;
ვ) არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედის განცხადებით, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში, მამის შესახებ ცნობების შეტანისას;
ზ) შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობისას;
თ) ქორწინების ბათილად ცნობისას;
ი) სასამართლო გადაწყვეტილებით შვილის დაბადების აქტის ჩანაწერიდან მამის ან დედის შესახებ ცნობების ამორიცხვისას;
კ) მოქალაქის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის, ეროვნების გამოცვლისას;
ლ) მშობლების სახელის, მამის სახელის, გვარისა და ეროვნების გამოცვლისას, არასრულწლოვანი შვილის გვარისა და მშობლების /მშობლის/ შესახებ ცნობების გამოცვლისას;
მ)მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში სასამართლო წესით უზუსტობათა დადგენისას;
ნ) თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში აღნიშნულია ორმაგი სახელი ან ორმაგი მამის სახელი;
ო) თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში მითითებული არ არის მშობლების სახელი, მამის სახელი, გვარი, ეროვნება;
პ) თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში შეტანილია არასწორი მონაცემები;
ჟ) თუ დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის სახელი ან გვარი ჩაწერილია მშობლების სურვილის გაუთვალისწინებლად;
რ) თუ ბავშვი ფაქტიურად ატარებს სხვა სახელს, ვიდრე აღნიშნულია მისი დაბადების აქტის ჩანაწერში, როცა ეს ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს;
ს) თუ დაბადების აქტის ჩანაწერში აღნიშნულია ბავშვის არასრული სახელი /კნინობითი, საალერსო, შემოკლებული/;
ტ) სქესის შეცვლასთან დაკავშირებით /ჰერმოფროდიტთა/ სახელის, მამის სახელისა და გვარის შესწორებისას;
უ) თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის რეგისტრაციისას დაშვებულია შეცდომები /დამახინჯებანი, მონაცემების ან სიტყვების გამოტოვება, არასწორად ჩაწერა/.
5.8. დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შეიტანება ცვლილება, დამატება და შესწორება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში
ცვლილება, დამატება და შესწორება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში შეიტანება:
ა) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ)მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების დასკვნის, დადგენილებისა და შეტყობინების საფუძველზე.
5.9. არასრულწლოვანი ბავშვის სახელისა და გვარის შესწორება
მშობელთა განცხადებებს დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის ან გვარის შესწორების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის სახელი ან გვარი ჩაწერილია მშობლების /მშობლის/ სურვილის გაუთვალისწინებლად განყოფილებები მიიღებენ ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, ხოლო განცხადებებს ბავშვის სახელის შესწორების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ იგი აქტიურად სხვა სახელს ატარებს, ვიდრე აღნიშნულია მისი დაბადების აქტის ჩანაწერში, არა უგვიანეს ხუთი წლისა.
5.10. პირი, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებათა, დამატებების და შესწორების შეტანა
მოქალაქეობრივი მგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების დამატების, შესწორების შეტანას ითხოვს პირი, რომლის მიმართ აქტის ჩანაწერია შედგენილი.
18 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანის აქტის ჩანაწერში ცვლილებების დამატების შესწორების შეტანა ხდება მათი მშობლების მშვილებლების, მეურვის მზრუნველისა და აგრეთვე იმ პირთა და დაწესებულებათა განცხადებების საფუძველზე, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება აღსაზრდელად.
ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არაქმედუნარიანად აღიარებულ პირთა მიმართ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების, დამატების შესწორების შეტანა ხდება მათი მეურვეთა, მზრუნველთა განცხადებით.
გარდაცვლილ პირთა მიმართ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების დამატების შესწორების შეტანა ხდება იმ პირთა განცხადების საფუძველზე რომლებიც კანონით დადგენილი წესით მემკვიდრეებს მიეკუთვნებიან.
5.II. მოქალაქეობრივი მდგონარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილებების, დამატების შესწორების შეტანისათვის საჭირო საბუთები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერი ცვლილების, დამატების, შესწორების შეტანის შესახებ განცხადებას დაერთვის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტში ცვლილების შეტანის დამადასტურებელი საბუთები /დაბადების, მშობლების ქორწინების, მშობლების დაბადების აქტის ჩანაწერები, პასპორტის, შრომის წიგნაკის ამონაწერი და სხვა/.
აუცილებელ შემთხვევაში მოქალაქეობრივი მგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება გამოითხოვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, საწარმოებთან და ორგანიზაციებიდან დამატებით ცნობებსა და დოკუმენტებს.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში ცვლილების, დამატების შესწორების შეტანის საქმის განხილვა მოქალაქეთა მდგომარების რეგისტრაციის განყოფილებამ უნდა დაამთავროს ორი თვის ვადაში განცხადების მიღებიდან. საპატიო მიზეზის გამო ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების ნებართვით არა უმეტეს ერთი თვით.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერის დაკარგვის შემთხვევაში, აქტში ცვლილება, დამატება, შესწორება შეიტანება სათანადო წესით მისი აღდგენის შემდეგ.
5.12. დადგენილება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში ცვლილებების, დამატებების, შესწორებების შეტანის ან მასზე უარის თქმის შესახებ
მოქალაქეობრივი მგომარეობის აქტის ჩანაწერი ცვლილებების, დამატებების, შესწორებების შეტანის ან მასზე უარის თქმის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებას გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.
იმ პირის თხოვნით, რომელსაც უარი ეთქვა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში ცვლილებების დამატებების, შესწორებების შეტანაზე, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებამ უნდა გასცეს უარის თქმის შესახებ დადგენილება, რომელშიც უნდა განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
5.13. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში ცვლილებათა, დამატებათა, შესწორებათა შეტანაზე უარის თქმის გასაჩივრება
დაინტერესებულ პირს, რომელსაც უმართებულოდ მიაჩნია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერში ცვლილებათა, დამატებათა, შესწორებათა შეტანაზე უარის თქმა, უფლება აქვს ამის შესახებ საჩივარი შეიტანოს სასამართლოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5.14. ცვლილებათა, დამატებათა და შესწორებათა შეტანა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში
ცვლილება, დამატება, შესწორება იმ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტები რეგისტრაციაში გაატარეს საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებმა შეიტანება საერთო საფუძველზე.
5.15. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორების შეტანა
თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერი, რომელშიც შედის ცვლილება, დამატება ან შესწორება ინახება ასეთზე დადგენილების გამომტან მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში, მაშინ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის უკეთდება სათანადო აღნიშვნა, ცვლილების შეტანის შესახებ, შეტყობინება იმავე დღეს იგზავნება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივში, სადაც ინახება აქტის მეორე ეგზემპლარი.
თუ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერი ინახება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სხვა ადგილას, მაშინ შეტყობინებები აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ იგზავნება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის იმ ორგანოებში, სადაც ინახება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის პირველი და მეორე ეგზემპლარი.
5.16. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დაკარგულ ჩანაწერთა აღდგენა
განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერის აღდგენის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რაიონული /საქალაქო/,ქალაქის რაიონული განყოფილებაში განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერთა დაკარგვას ადასტურებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო, სადაც ინახებოდა დაკარგული აქტის ჩანაწერი.
ქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის, მამის სახელის, გვარის გამოცვლის, განქორწინების, გარდაცვალების შესახებ აქტების დაკარგული ჩანაწერები აღსდგება მხოლოდ იმ საბუთების წარდგენის შემთხვევაში, რომლებიც ადასტურებენ, რომ შესაბამისი ჩანაწერი ადრე არსებობდა ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5.17. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერთა აღდგენისათვის საჭირო საბუთები
განცხადებას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერთა აღდგენის შესახებ ერთვის:
1) შეტყობინება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის ჩანაწერის პირველი და მეორე ეგზემპლარის არსებობის შესახებ;
2) საკომლო ან საბინაო დავთრის ამონაწერი განმცხადებლის ასაკის, მისი ოჯახის შემადგენლობისა და ოჯახის წევრთა /დედა, მამა, დები, ძმები, შვილები/ ასაკის ჩვენებით;
3) განმცხადებლის ასაკის /რიცხვი, თვე, წელი/ დამადასტურებელი საბუთები, პასპორტის, პირადობის მოწმობის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ამონაწერი, ქორწინების, განქორწინების, შვილების, დების, ძმების, დაბადების აქტის ჩანაწერები-დამოწმებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიერ, აგრეთვე სხვა საბუთები, რომლებიც შეიცავენ მისი ასაკის დამადასტურებელ ცნობებს;
4) ფოტოსურათი;
5) დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლების ჩანაწერის საფუძველი /მშობლების ქორწინების, დაბადების, გარდაცვალების, და-ძმების დაბადების აქტის ჩანაწერები/,აღნიშნული საბუთების არ არსებობის შემთხვევაში, მშობლების მონაცემები შეივსება განმცხადებლის მითითებით;
6) სამედიცინო დასკვნა სავარაუდო ასაკის შესახებ, თუ წარმოდგენილ საბუთებში აღნიშნულია სხვადასხვა ასაკი;
16 წლამდე ბავშვთა ასაკი დგინდება სამედიცინო დაწესებულების მიერ ბავშვის დაბადების შესახებ გაცემული ცნობის საფუძველზე;
თუ წარმოდგენილი საბუთებით შეუძლებელია დაბადების რიცხვისა და თვის დადგენა, დაბადების თარიღად აღინიშნება – ივლისი, თუ შეუძლებელია დაბადების დღის დადგენა-აღინიშნება შესაბამისი თვის რიცხვი;
თუ დადგენილია, რომ განმცხადებელი დაიბადა წლის პირველ ნახევარში დაბადების დღედ იწერება შესაბამისი წლის აპრილი, ხოლო თუ იგი დაიბადა წლის მეორე ნახევარში, აღინიშნება – ოქტომბერი.
5.18. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დაკარგულ ჩანაწერთა აღდგენა და რეგისტრაცია
წარდგენილი საბუთებისა და შემოწმების შედეგების საფუძველზე მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება გამოიტანს დადგენილებას მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის დაკარგული ჩანაწერის აღდგენის ან აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის აღდგენილი ჩანაწერის რეგისტრაციას ახდენს დადგენილების გამომტანი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილება, მიმდინარე რეგისტრაციის წიგნებში ხოლო დაბადების აქტის აღდგენილი ჩანაწერის რეგისტრაციას დაბადების აღდგენილი აქტების რეგისტრაციის წიგნში.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის დაკარგული ჩანაწერის აღდგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმის გამო, რომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს არ შეუძლია მისი აღდგენა, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის რეგისტრაციის ფაქტი დადგინდება სასამართლოს წესით.
5.19. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დაკარგულ ჩანაწერთა
აღდგენის ვადა
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დაკარგულ ჩანაწერთა აღდგენის საკითხს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო განიხილავს ორი თვის ვადაში განცხადების მიღების დღიდან.
საპატიო მიზეზის გამო ეს ვადა შეიძლება გააგრძელონ საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებმა არაუმეტეს:
5.20. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერთა გაუქმება
განცხადება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერთა გაუქმების შესახებ დაინტერესებულ პირებს შეაქვთ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებაში ან სასამართლოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების პირველადი ჩანაწერების გაუქმება წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერის გაუქმებისათვის საჭირო არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების დადგენილი ან ხელმეორედ შედგენილი ჩანაწერის გაუქმება პირველად ჩანაწერის აღმოჩენის შემთხვევაში წარმოებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების დადგენილებით, განმცხადებლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5,21. სააქტო წიგნების შენახვის წესი
რაიონის /ქალაქის/, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე შედგენილი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნების პირველი ეგზემპლარების, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიერ შედგენილი სამეტრიკო წიგნები ინახება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების არქივში.
საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნების მე-4 ეგზემპლარები და სამეტრიკო წიგნები ინახება საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროებთან არსებულ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის რესპუბლიკურ და საქალაქო არქივებში.
საზღვარგარეთ საქართველოს კონსულთა მიერ შედგენილი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნები ინახება ქ. თბილისის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის არქივში.
5.22. სააქტო წიგნების შენახვის ვადები
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნები და სამეტრიკო წიგნები მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის არქივებში ინახება მათი შედგენის დროიდან 25 წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ წიგნების შესანახად გადაეცემა სახელმწიფო არქივს.
მასალები, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში შეიტანება ცვლილებები, დამატებები და შესწორებები, აგრეთვე მასალები, რომელთა საფუძველზეც აღდგა დაკარგული ჩანაწერი ან გაუქმდა ჩანაწერი, მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოს დასკვნები და დადგენილებები, მოქალაქეობრივი მდგომარეობის განყოფილებაში ინახება 50 წლის განმავლობაში.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სარეგისტრაციო წიგნებისა და სამეტრიკო წიგნების შენახვის პირობებს, სახელმწიფო არქივში ამ წიგნების გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს საარქივო სამმართველოსთან შეთანხმებით.
VI. მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ კანონმდებლობის გამოყენება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. უცხოეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის გამოყენება, საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი.
6.I. უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაცია
უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან თანაბარი უფლება მიმართოს საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს, აგრეთვე მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შემსრულებელ სხვა ორგანოებს.
საქართველოს მთავრობას უფლება აქვს დაუწესოს საპასუხო შეზღუდვები იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, სადაც დაშვებულია საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში მიმართვის უფლების სპეციალური შეზღუდვები.
6.2. უცხოეთის სამართლის ნორმების გამოყენება
მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები საქართველოს კანონებს, უცხოეთის სამართლის ნორმებს იყენებენ იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო.
6.3.საზღვარგარეთ შედგენილი დოკუმენტების მიღება საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიერ
საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფალთა მონაწილეობით შედგენილ ან მათ მიერ გაცემულ დოკუმენტებს საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები იღებენ იმ პირობით, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ.
საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები ასეთ დოკუმენტებს ლეგალიზაციის გარეშე იღებენ იმ შემთხვევაში, როცა ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო.
6.4. უცხოეთის იუსტიციის ორგანოების დავალებათა შესრულება და საქართველოს მოქალაქეობრივი მგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების მიმართვა დავალებით უცხოეთის იუსტიციის ორგანოებისადმი
საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოები ასრულებენ დადგენილი წესით უცხოეთის იუსტიციის ორგანოებისაგან მიღებულ დავალებებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
I. დავალების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს ან ემუქრება საქართველოს უშიშროებას;
2. დავალების შესრულება არ შედის საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოების კომპეტენციაში.
უცხოეთის იუსტიციის ორგანოთა დავალებანი მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ სრულდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებს შეუძლიათ უცხოეთის იუსტიციის ორგანოებს მიმართონ დავალებით მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის შესახებ.
უცხოეთის იუსტიციის ორგანოებთან საქართველოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებთან ურთიერთობის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო.
6.5. საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი
როდესაც მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წესები, რომლებიც დადგენილია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო, განსხვავდება იმ წესებისაგან, რომლებსაც შეიცავს საქართველოს კანონმდებლობა, მაშინ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის დროს გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით
დადგენილი წესები.
VII. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის გამოყენება საქართველოს მოქალაქეთა მიმართ
7.I. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან ბავშვი, რომლის ორივე მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქედ ითვლება დაბადების ადგილის მიუხედავად.
7.2. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ თუ:
ა) დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) დაიბადა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ მის ერთ-ერთ მშობელს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) ერთ-ერთი მშობელი მისი დაბადების მომენტისათვის /დაბადების ადგილის მიუხედავად/ საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მეორე-მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცნობია.
მშობელთა სხვადასხვა მოქალაქეობისას, თუ ბავშვის დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა და ორივე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი წყდება მშობელთა შეთანხმებლობის შემთხვევაში – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ბავშვი დაიბადა.
იმ ბავშვის მამობის დადგენის შემთხვევაში, რომლის დედა მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მამად მიჩნეულია საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე დაბადების ადგილის მიუხედავად.
7.3. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან
საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბანენ საქართველოს ტერიტორიაზე.
7.4. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხი, რომლის მშობლები სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, წყდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით.
7.5. უცნობ მშობელთა ბავშვის მოქალაქეობა
საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, რომლის ორივე მშობელი უცნობია, ითვლება საქართველოს მოქალაქედ, სანამ სხვა რამ არ დადგინდება.
7.6. ბავშვის მოქალაქეობა მშობლების მოქალაქეობის შეცვლისას
ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა შესაბამისად იწვევს 24 წელს მიუღწეველი ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.
14-დან 18 წლამდე ბავშვის მოქალაქეობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობით.
7.7. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის შეცვლისას
ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლისას ბავშვი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად რჩება.
თუ საქართველოს მოქალაქეობიდან გადის ერთ-ერთი მშობელი და 14 წელს მიუღწეველ ბავშვთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბავშვი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობის დაკარგვა არ იწვევს ბავშვის მოქალაქეობის შეცვლას.
7.8. ბავშვის მოქალაქეობა ერთ-ერთი მშობლის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეძენისას
თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ, მშობელთა ერთობლივი შუამდგომლობით ბავშვი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე.
თუ ერთ-ერთი მშობელი იძენს საქართველოს მოქალაქეობას, ხოლო მეორე რჩება მოქალაქეობის არმქონე პირად, ბავშვი ხდება საქართველოს მოქალაქე.
7.9. სრულწლოვანი პირის მიერ მოქალაქეობის არჩევის შესაძლებლობა
მშობლების სხვადასხვა მოქალაქეობის შემთხვევაში პირი სრულწლოვანების მიღწევისას სურვილისამებრ ირჩევს ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობას.
7.10. ბავშვის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეძენა შვილად აყვანის შემთხვევაში
ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირია, თუ მას შვილად აიყვანენ საქართველოს მოქალაქეები, ხდება საქართველოს მოქალაქე.
ბავშვი, რომელიც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქე ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელთა ერთობლივი შუამდგომლობით საქართველოს მოქალაქე ხდება.
7.11. ბავშვის მოქალაქეობის შენარჩუნება შვილად აყვანის დროს
ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უცხოელი მოქალაქეების ან საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი მოქალაქის მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ შემთხვევაში მშვილებლების შუამდგომლობით ბავშვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ნება ეძლევა.
ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თუ იგი შვილად აიყვანეს მოქალაქეობის არმქონე პირებმა ან საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მეუღლეებმა, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.
7.12. ბავშვის მოქალაქეობა, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა და მზრუნველობა
ბავშვი, რომელსაც დაწესებული აქვს მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი ტოვებს საქართველოს მოქალაქეობას, მეურვის ან მზრუნველის შუამდგომლობით ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.
7.13. არაქმედუნარიან პირთა მოქალაქეობა
არაქმედუნარიან პირთა მოქალაქეობა განისაზღვრება მეურვის მოქალაქეობის შესაბამისად.
7.14. დავა ბავშვების, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე
დავა მშობლების მეურვეებს ან მზრუნველებს შორის ბავშვის, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა მოქალაქეობის თაობაზე განიხილება სასამართლო წესით ბავშვის, არაქმედუნარიან ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირთა ინტერესებიდან გამომდინარე.
7.15. საქართველოს მოქალაქეობა ქორწინების ან განქორწინებისას
საქართველოს მოქალაქეების ქორწინება ან განქორწინება უცხოელ მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან თავისთავად არ იწვევს მეუღლეთა მოქალაქეობის შეცვლას ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოქალაქეობის შეცვლა თავისთავად არ იწვევს მეორე მეუღლის მოქალაქეობის შეცვლას.
მეუღლეთა განქორწინება არ იწვევს მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას.