სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/5/1507
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016942
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2024
matsne.gov.ge 2,816 სიტყვა · ~14 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 20.05.2020 ჯონი ფირცხელავა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 08.10.2025 გიორგი ჩიტიძე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 12.07.2024 ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 12.11.2020 საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 30.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №3/5/1507 2024 წლის 12 ივლისი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა : მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე ; ევა გოცირიძე – წევრი ; გიორგი თევდორაშვილი – წევრი ; ირინე იმერლიშვილი – წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი ; ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი ; მანანა კობახიძე – წევრი ; ვასილ როინიშვილი – წევრი ; თეიმურაზ ტუღუში – წევრი . სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა . საქმის დასახელება : სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო “ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ . დავის საგანი : „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -14 და 34-ე მუხლებთან მიმართებით . I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1507) მომართეს სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ “ და ელსევარ აგაევმა . №1507 კონსტიტუციური სარჩელი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2020 წლის 3 ივნისს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2024 წლის 12 ივლისს . 2. №1507 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი , 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი . 3. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლი ადგენს დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულებას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ და დარღვევის შემთხვევაში , ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით , ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით . ამასთანავე , სადავო ნორმის საფუძველზე , ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ფიზიკური პირებისთვის , ხოლო იურიდიული პირებისთვის – ჯარიმა , საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა . 4. საქართველოს კონსტიტუციის მე -14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს , რომ ყველას , ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში , აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის , საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება . აღნიშნული მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით კი , „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად , დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის , ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით “. ამავე მუხლის მე -3 პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას , თავისუფლად შემოვიდნენ საქართველოში . საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით , ადამიანის ძირითადი უფლებები , მათი შინაარსის გათვალისწინებით , ვრცელდება იურიდიულ პირებზეც . ამავე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების შესაბამისად , ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები . ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას , რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება . 5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით , მოსარჩელე ელსევარ აგაევს , 2020 წლის 14 აპრილს , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ , დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით , ბოლნისის რაიონებში მოქმედი კარანტინის წესის დარღვევისთვის . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრა არა კანონის , არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე , რაც განაპირობებს მის საქართველოს კონსტიტუციის მე -14 მუხლით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების ძირითადი უფლების დარღვევას . 6. მოსარჩელე მხარე მიუთითებს , რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად , ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და ამ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დადგენა უნდა მოხდეს კანონით . მოცემულ შემთხვევაში კი , როგორც დასჯადი ქმედება , აგრეთვე პასუხისმგებლობა დადგენილია არა კანონით , არამედ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით , რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს . 7. მოსარჩელე მხარის განმარტებით , საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს კონკრეტული უფლებების ჩამონათვალს , რომელთა შეზღუდვა /შეჩერება დასაშვებია პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს . მიუხედავად ამისა , საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაწესების უფლებამოსილებას . საგანგებო მდგომარეობის დროს , საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება არ ჩერდება , სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება კი სწორედ ისეთი საკითხია , რომელზეც საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს . 8. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია , ასევე , ის გარემოება , რომ , დეკრეტის საფუძველზე , საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმის განსაზღვრის დროს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უფლებამოსილი პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას , საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით , შეარჩიონ პასუხისმგებლობის პროპორციული ზომა . ნებისმიერ შემთხვევაში , ფიზიკურ პირებს ეკისრებათ ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით , ხოლო იურიდიულ პირებს – 15 000 ლარის ოდენობით . ამასთანავე , ადმინისტრაციულსახდელდადებული ფიზიკური პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა , თავისუფლების აღკვეთის სახით , 3 წლამდე ვადით , იურიდიული პირების შემთხვევაში კი – ჯარიმა , საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა . შესაბამისად , სადავო რეგულირებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს . 9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -14 და 34-ე მუხლებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი . 10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე -5 პუნქტზე დაყრდნობით , მოსარჩელე მხარე , საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე , შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე . მოსარჩელეების განმარტებით , სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აუცილებელია , რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებამ უზრუნველყოს მათი უფლებრივი ინტერესების ეფექტიანად დაცვა . II სამოტივაციო ნაწილი 1. №1507 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ , სადავო ნორმამ ძალა დაკარგა . კერძოდ , „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტმა ძალა დაკარგა 2020 წლის 23 მაისს . აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის სადავო ნორმა ძალადაკარგულია . ამასთანავე , სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე . 2. გასათვალისწინებელია , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე , სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას , თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი , ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-10). 3. აღნიშნული პრაქტიკა მიემართება ისეთ შემთხვევებს , როდესაც , ერთი მხრივ , კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად , მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა , რომელსაც , სადავო ნორმის მსგავსად , გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი , ხოლო , მეორე მხრივ , მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს , საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით . 4. თუმცაღა იმ შემთხვევაში , როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას , მიუხედავად იმისა , არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური /მსგავსი შინაარსის მქონე დებულება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „№3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას . ბუნებრივია , აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით , იმ პირობებში , როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით , არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა (ა )იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , მათ შორის , შეაფასებს , რამდენად არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი . 5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . ამავე დროს , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და , შესაბამისად , არ მიიღება არსებითად განსახილველად . 6. №1507 კონსტიტუციური სარჩელით , მოსარჩელე მხარე , „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს , მათ შორის , საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით . აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე , მათი შინაარსის გათვალისწინებით . ამავე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით კი დადგენილია , რომ ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები . ამასთანავე , ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას , რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება . 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს . აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას , ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს . შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს არ გააჩნია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი ხასიათი , რომელთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა “ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). 8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1507 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები . 9. იმავდროულად , განსახილველ საქმეზე , სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -14 მუხლთან მიმართებით . 10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , სადავო ნორმით დაწესებული სანქციები – ჯარიმა 3 000/15 000 ლარის ოდენობით , ისევე , როგორც თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით /ჯარიმა , საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან ლიკვიდაცია და ჯარიმა წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს . 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს , რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე , ნინო კვეტენაძე , ნინო ოდიშარია , დაჩი ჯანელიძე , თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12). ამასთანავე , „ბუნებრივია , ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა , კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე , როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს ) ერთმანეთს . თუმცა , კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება , უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა , ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-11). 12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს , რომ ამა თუ იმ სასჯელის პროპორციულობის საკითხი შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით , რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას , არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს , რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს , არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი , არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან , არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-25). აღნიშნულიდან გამომდინარე , სანქციები /სასჯელები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დარღვევისათვის , მათ შორის , საკითხი იმის თაობაზე , თუ რამდენად პროპორციულია სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი , შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის ფარგლებში . შესაბამისად , საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მე -14 მუხლთან მიმართებით ვერ შეაფასებს დაწესებული სანქციების /სასჯელების პროპორციულობას . ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1507 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია . 13. იმავდროულად , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს . ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის თანახმად , კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება , თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ , გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . 14. №1507 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს , რომ დასჯადი ქმედება და მისი ჩადენისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვროს მხოლოდ კანონის საფუძველზე . მოსარჩელის მოსაზრებით , განსახილველ შემთხვევაში , აღნიშნული განხორციელდა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე , რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს . 15. აღსანიშნავია , რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის სიტყვების „ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს : 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით “ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “. 16. ხსენებულ გადაწყვეტილებაში , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაწესების საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა , რომ „ქცევის ახალი წესის შემოღება , განსაკუთრებით კი , საგანგებო მდგომარეობის დროს , როდესაც წესრიგის დაუცველობას თუ რეგულაციათა შეუსრულებლობას შესაძლოა , მძიმე შედეგები მოჰყვეს , ყოველთვის თან უნდა ახლდეს მისი აღსრულების შესაძლებლობა . პრეზიდენტის მიერ დეკრეტით უფლებათა შეზღუდვა ვერ იქნება თვითმიზანი , დეკრეტის არსი აღსრულებადი წესრიგის შექმნაა , რომლის დარღვევასაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი შედეგები . აქედან გამომდინარე , პრეზიდენტის უფლებამოსილება , დეკრეტის საფუძველზე შეზღუდოს ძირითადი უფლებები , ვერ იქნება ეფექტური საშუალება კრიზისთან გასამკლავებლად , თუკი რეგულაციის აღსრულება დამოკიდებული იქნება პირთა კეთილ ნებაზე . ... დეკრეტის გამოცემის გზით ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა კი გულისხმობს ამ შეზღუდვათა აღსრულებისათვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრას , მათ შორის კი , საგანგებო რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დადგენის უფლებამოსილებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-125,127). შესაბამისად , სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში №1502 და №1503 კონსტიტუციური სარჩელები არ დაკმაყოფილდა . 17. ამდენად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით , საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლების განსაზღვრა ავტომატურად არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევას . ამასთანავე , №1507 კონსტიტუციურ სარჩელში , მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით , არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა , რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში . შესაბამისად , განსახილველ სადავო ნორმასთან მიმართებით კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ ყველა შესაძლო პრობლემურ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოსარჩელის მიერ მითითებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია . ამასთანავე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას . 18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე -8 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -14 მუხლთან მიმართებით , №1507 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „დ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები . 19. ამავდროულად , რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე , №1507 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს . III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის პირველი პუნქტის , 27​1 მუხლის მე -2 პუნქტის , 29-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 31-ე მუხლის , 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​2 მუხლის მე -8 პუნქტის , 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „დ “ ქვეპუნქტების , 31​5 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 31​6 მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს : 1. შეწყდეს საქმე №1507 კონსტიტუციურ სარჩელზე („სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო “ და ელსევარ აგაევი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “. პლენუმის შემადგენლობა : მერაბ ტურავა ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე ხვიჩა კიკილაშვილი მანანა კობახიძე ვასილ როინიშვილი თეიმურაზ ტუღუში