საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 16.08.1991
ძალის დაკარგვა 31.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №680
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 8, 30/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №680
1991 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
„საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 18 აპრილის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში ენერგეტიკის განვითარებას, ახორციელებს ამ სფეროში კოორდინაციას და კონტროლს, მისი საქმიანობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დარგის, როგორც რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსის შემადგენელი ბაზისური ნაწილის წინმსწრები ტემპით განვითარების მიზნით ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ყოველმხრივი განვითარების უზრუნველყოფა.
2. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს დებულება, ცენტრალური აპარატის სტრუქტურა და მის გამგებლობაში შემავალი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხა №1 და №2 დანართების თანახმად
3. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი რესპუბლიკური ორგანოების, გაერთიანებებისა და საწარმოების ხელმძღვანელთა მონაწილეობით შეიმუშაონ და წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას წინადადებანი საკავშირო და რესპუბლიკური ქონების გამიჯვნის პროცესის განხორციელების კვალობაზე აღნიშნულ გაერთიანებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა მართვის შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად.
4. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა ერთეულით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე), 542,0 ათასი მანეთი წლიური შესანახი ხარჯებით, მათ შორის 365,7 ათასი მანეთი შრომის ანაზღაურების ფონდით.
სამინისტროს აპარატის შენახვა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
5. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა თანამდებობრივი განაკვეთები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1989 წლის 20 ნოემბრის №551 დადგენილებით სამინისტროების ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისათვის დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების მიხედვით.
6. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის მინისტრს: დაამტკიცოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი ხელმძღვანელ მუშაკთა, მთავარ სპეციალისტთა და სპეციალისტთა რიცხოვნობის თანაფარდობისა და დაწესებული ნორმების გაუთვალისწინებლად, აგრეთვე განსაზღვროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები, თანამდებობრივი სარგოების სქემის მიხედვით, საშუალო სარგოების გაუთვალისწინებლად, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებანი სტრუქტურასა და საშტატო განრიგში დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;
დადგენილი წესის შესაბამისად გააუქმოს და შექმნას სამინისტროს გამგებლობაში მოქმედი და მასთან არსებული ორგანიზაციები;
იყოლიოს მინისტრის ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე.
7. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მთავარმა სამეურნეო სამმართველომ გამოუყოს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ორი „ვოლგა“ გაზ-24, ერთი „ნივა“ და ერთი „ჟიგულის“ ვაზ-2106 მარკის მსუბუქი ავტომობილები.
8. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სამინისტროს სამსახურებრივი სარგებლობის ხუთი მსუბუქი ავტომობილის ლიმიტი.
9. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს კოლეგია 11 კაცით, დაწესდეს, რომ კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მინისტრი, მისი მოადგილეები თანამდებობრივად, ზოგიერთი გამგებლობაში მყოფი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აგრეთვე წამყვანი სამმართველოების უფროსები.
კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
10. წინადადება მიეცეთ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ სამინისტროებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებულ სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით შეიტანონ ცვლილებანი საბიუჯეტო, საგეგმო და სხვა შესაბამის მაჩვენებლებში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე
სტრუქტურა
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა
ხელმძღვანელობა
საწარმოო-ტექნიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო
მეცნიერებისა და ენერგეტიკის პერსპექტიული განვითარების სამმართველო
ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის სამმართველო
საგარეო ურთიერთობათა სამმართველო
კაპიტალური მშენებლობისა და კომპლექტაციის სამმართველო
საფინანსო-ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო
კადრების და სოციალური განვითარების სამმართველო
საბუღალტრო აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და კონტროლის სამმართველო
იურიდიული განყოფილება
მეორე განყოფილება
ტექნიკური ინსპექცია
საქმეთა მმართველობა
ნუსხა
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი გაერთიანების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისა
ენერგეტიკული საწარმოო-საექსპლუატაციო გაერთიანება
„საქენერგოექსპლოატაცია“
გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენი“
ტრესტი „კავკაზელექტროქსელმშენი“
ინსტიტუტი „თბილჰიდროპროექტი“
ინსტიტუტი „თბილენერგოქსელპროექტი“
ინსტიტუტი „ორგენერგომშენი“
ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ტრესტი „სპეცრემმშენი“
ტრესტი „საქსოფელექტრომშენი“
ენერგოზედამხედველობა
ლითონკონსტრუქციების ქარხანა
საწარმოო-სავაჭრო გაერთიანება
დებულება
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროსი
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში - „სამინისტრო“) არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში ელექტროენერგეტიკის განვითარებას, ახორციელებს ამ სფეროში კოორდინაციასა და კონტროლს და სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით.
სამინისტრო პასუხს აგებს მმართველობის დაკისრებულ სფეროში საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის.
2. სამინისტრო მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მის გამგებლობაში არსებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციებისათვის.
3. სამინისტროს ამოცანებია:
- საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული დარგის განვითარების პერსპექტიული გეგმის შემუშავება, გრძელვადიანი სახელმწიფო ენერგეტიკული პროგრამის რეალიზაციისათვის პირობების შექმნა;
- რესპუბლიკაში არსებული ადგილობრივი რესურსების ენერგეტიკულ ბალანსში ჩართვის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაცია, საპროექტო სქემების, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და ანგარიშების შესრულება;
- ექსპლუატაციის, მშენებლობისა და პროექტირების სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
- ელექტროენერგეტიკული დარგის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა, მართვის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბება;
- მშენებარე და მოქმედ ელექტროენერგეტიკულ ობიექტებზე ექსპერტიზის ჩატარება (საერთაშორისო ექსპერტიზის ჩათვლით), მათი დადგენილი წესით განხილვა და დამტკიცება;
- ელექტროენერგეტიკული ობიექტების ექსპლუატაციასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული ეკოლოგიური, სოციალური და სხვა პრობლემების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- ელექტროენერგიისა და თბოენერგიის ტარიფების სახელმწიფო რეგულირება;
- არატრადიციული ენერგიის წყაროების შექმნასა და დანერგვაში მაკოორდინირებელი როლის შესრულება, ამ მიმართულებით საჭირო სახელმწიფო ინვესტიციების მიზნობრივი წარმართვა;
- რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსში შემავალ დარგებში სახელმწიფო ენერგეტიკული ზედამხედველობის ხაზით ელექტრომოხმარების პროცესების შესწავლა, კონტროლი საწარმოებში ენერგიის რაციონალურ გამოყენებასა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიით აღჭურვის ღონისძიებათა გატარებისადმი და ამ მიზნით გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტების მიზნობრივი წარმართვა;
- საკუთრების მრავალსახეობის გათვალისწინებით სამრეწველო-სამეურნეო სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა;
- ერთიანი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად გამგებლობაში არსებულ გაერთიანებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში სათანადო წინადადებათა შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობათა გამონახვა, სისტემის ორგანიზაცია საგარეო ეკონომიკური და ტექნოლოგიური საქმიანობის კოორდინაცია, ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული კავშირების დამყარება;
- სახელმწიფო მმართველობის სხვა რესპუბლიკურ ორგანოებთან და სამინისტროებთან ერთად დარგის სოციალური განვითარების პროგრამების შემუშავება;
- ელექტროენერგეტიკული დარგის საწარმოთა საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქმიანობის მომზადების მიზნით, სათანადო საბაზრო ინფრასტრუქტურის (კომერციული ელექტრობანკი, კომერციული ცენტრი, მარკეტინგის სამსახური), საწარმოო ერთეულების საქმიანობის კომერციულ საწყისებზე გადაყვანა და ა. შ.
- დარგის მუშაკების სოციალური პირობების გაუმჯობესება და გარანტიების დაცვა;
- სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი.
4. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს ბრძანებებით, ინსტრუქციებით, მითითებებით, სხვა ნორმატიული აქტებით, თავის საქმიანობაში ითვალისწინებს სხვა ქვეყნების ენერგეტიკული ორგანიზაციების გამოცდილებას.
სამინისტრო ახორციელებს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შეიმუშავებს წინადადებებს მისი სრულყოფის შესახებ და დადგენილი წესით წარუდგენს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
5. სამინისტრო მისთვის დაკისრებული ამოცანების შესაბამისად:
- განიხილავს და ამტკიცებს ენერგოსისტემის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებებს, ახორციელებს კონტროლს მისი შესრულებისადმი;
- უზრუნველყოფს რესპუბლიკის ენერგორესურსების გამოკვლევასა და შესწავლას, ელექტროენერგეტიკის პერსპექტიული განვითარების გეგმების შედგენას;
- შეისწავლის რესპუბლიკის მოთხოვნებს დარგის სპეციალისტებზე, უზრუნველყოფს სპეციალისტების შრომით მოწყობას;
- დადგენილი წესით ახორციელებს სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
6. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს დასახული ამოცანების გადასაწყვეტად და დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად უფლება აქვს:
- განახორციელოს ერთობლივი სამეურნეო საქმიანობა უცხოეთის ფირმებთან პარტნიორობით, შექმნას ერთობლივი და შერეული საწარმოები, ასოციაციები და საშუამავლო ორგანიზაციები;
- შექმნას საექსპლუატაციო, სამრეწველო, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, დამოუკიდებლად ან წილობრივი წესით განახორციელოს საცხოვრებელი სახლების, სპორტული და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობა;
- მიიღოს სამინისტროებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან ინფორმაცია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
- სახელშეკრულებო საწყისებზე შეუკვეთოს სამინისტროებს, უწყებებსა და ორგანიზაციებს ელექტროენერგეტიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული პრობლემების დამუშავება;
- შეადგინოს იმ დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ნუსხა, რომელთა ხელმძღვანელების დანიშვნა წინასწარ უნდა შეუთანხმდეს საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ენერგო-მეურნეობა მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და განიხილოს იგი სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე მათი წარმომადგენლების თანდასწრებით.
7. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.
მინისტრის წარდგენით მის მოადგილეებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის მინისტრი:
- პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;
- ანაწილებს ფუნქციებს მინისტრის მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
- განსაზღვრავს მოადგილეთა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას;
- ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგს, აგრეთვე მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს.
8. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომლის პერსონალურ შემადგენლობას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს რესპუბლიკის მთავრობა.
საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო კოლეგიის სხდომებზე განიხილავს ელექტროენერგეტიკის განვითარების ძირითად საკითხებს, სამინისტროს სისტემაში საქმიანობის ორგანიზაციას, ზემდგომ ორგანოებში წარსადგენი ნორმატიული და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პროექტებს და სამინისტროს მუშაობის სხვა საკითხებს, მსჯელობს კადრების შერჩევის, მომზადების, გამოყენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე, განიხილავს უმნიშვნელოვანესი დადგენილებების, ბრძანებებისა და ინსტრუქციების პროექტებს, მოისმენს დარგში შემავალი გაერთიანებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ანგარიშებს.
კოლეგიის გადაწყვეტილებანი, როგორც წესი, ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში მინისტრი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ამასთან წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ მოახსენებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო კოლეგიის წევრებს, თავის მხრივ შეუძლიათ აცნობონ თავიანთი აზრი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას,
9. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და ინსტრუქციებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების, აგრეთვე გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებებს და ინსტრუქციებს რესპუბლიკის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სხვა სამინისტროებთან, უწყებებთან, ერთად ან მათთან შეთანხმებით.
10. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, საკითხებისა და წინადადებების განსახილველად ენერგეტიკის დარგთაშორისი მართვის პრობლემების გადასაჭრელ რეკომენდაციათა შესამუშავებლად, სამინისტროში საჭიროების კვალობაზე იქმნება საუწყებათაშორისო კომისიები და საექსპერტო ჯგუფები, რომლებშიც შედიან თვალსაჩინო მეცნიერები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, სამეცნიერო-ტექნიკურ საზოგადოებათა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
11. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურას, დებულებას და მუშაკთა რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
12. საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია თავისი დასახელება.