საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანება №219/ო
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 12.06.1996
ძალის დაკარგვა 28.12.2006
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №219/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).000.000159
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/11/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანება №219/ო
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
ბრძანება №219/ო
1996 წლის 12 ივნისი
თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №377 ბრძანებულების შესასრულებლად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
დამტკიცდეს დებულებები:
1. საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების შესახებ. დანართი №1
2.ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის შესახებ. დანართი №2
3. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის შესახებ. დანართი №3.
4. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ინსპექციის ტიპური დებულების შესახებ. დანართი №4
მინისტრი
ა. ჯორბენაძე
დანართი №1
დებულება
საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების შესახებ
I. ზოგადი დებულება
1. საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების ძირითად მიზანს წარმოადგენს: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების შრომის, ყოფაცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელება ნედლეულის, პროდუქციის და მათი მწარმოებელ-მარეალიზებელი ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური სერტიფიცირება და ექსპერტიზა, საერთო დაავადებათა და არამართვადი ინფექციების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) გატარება ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობის განხორციელება ტერიტორიის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედობის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის, საკარანტინო დაავადებათა შემოტანის აღკვეთის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს ჰიგიენის დაცვის მიზნით. ქვეყანაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების შემუშავება და დამტკიცება.
2. საქართველოში სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობასა და ჰიგიენურ ნორმირებას მართავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი),ხოლო უშუალოდ ახორციელებს დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექცია;
დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შედიან:
- დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექცია -
- დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ და აჭარის ა/რ, რესპუბლიკური საქართველოს ქალაქებისა და რაიონების საქალაქო, რაიონული და სპეციალიზირებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციები (შემდგომში ინსპექცია) ჰიგიენური პროფილის ს/კ ინსტიტუტები.
3. დეპარტამენტის, მისი ორგანოებისა და დაწესებულებების საქმიანობა რეგლამენტირებულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №377 ბრძანებულებით, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 12 ივნისის №219/ო ბრძანებით.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა და სახელმწიფოებრივი მიკუთვნებისა, ვალდებულია შეასრულოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური წესები, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ორგანოების ინსტრუქციები, ბრძანებები, დადგენილებები, მითითებები, სამთავრობო გადაწყვეტილებები სანიტარულ-ჰიგიენურ და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ საკითხებზე.
II. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა
და ჰიგიენური ნორმირების განმხორციელებელი
თანამდებობის პირები და სპეციალისტები
ა.) თანამდებობის პირები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობას და ჰიგიენურ ნორმირებას:
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილე.
ბ). თანამდებობის პირები, რომლებიც ანხორციელებენ სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობას.
1. დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე -საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილე.
2. დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ინსპექციების უფროსები - ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები;
3. დეპარტამენტის ცენტრალური, ა/რ რესპუბლიკური, საქალაქო, რაიონული, აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ, საქალაქო და რაიონული ინსპექციის უფროსები ტერიტორიის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები;
4. დეპარტამენტის და დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის, აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ რესპუბლიკური, საქალაქო და რაიონული ინსპექციების დარგობრივი განყოფილებების უფროსები, მთავარი სპეციალისტები, ექიმი–ინსპექტორები.
5. მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმებს აქვთ პერსონალური მრგვალი ღერბიანი ბეჭედი წარწერით - საქართველოს, ა/რ, ქალაქის, რაიონის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი;
III. საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა
და ჰიგიენური ნორმირების განმხორციელებელ თანამდებობრივ
პირთა დანიშვნა და გათავისუფლება
1. დეპარტამენტის თავმჯდომარე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ინიშნება და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ;
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპარტამენტის ცენტრალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე - საქართველოს მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
3. აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ, რესპუბლიკური ინსპექციის უფროსები ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.
4. დეპარტამენტის თბილისის საქალაქო ინსპექციის უფროსი - ქალაქის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ინიშნება და თავისუფლდება თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ქალაქ თბილისის მერთან შეთანხმებით.
5. თბილისის საქალაქო ინსპექციის ზონალური განყოფილების უფროსები - ქალაქ თბილისის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით.
6. დეპარტამენტის საქალაქო, რაიონული და სპეციალიზირებული ინსპექციების უფროსები, მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები ინიშნებიან და თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით მერებთან, გამგებლებთან შეთანხმებით.
7. აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ, საქალაქო და რაიონული ინსპექციების უფროსები - მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან აფხაზეთის ა/რ, აჭარის ა/რ რესპუბლიკური ინსპექციის უფროსის მიერ მერებთან, გამგებლებთან შეთანხმებით.
8. სამეცნიერო კვლევითი და სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან თანამდებობიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
ამავე დროს ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობებზე შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ უმაღლესი პროფილური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, რომელთაც აქვთ სპეციალობით მუშაობის სტაჟი არანაკლებ 5 წლისა.
9. მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმებს და სხვა თანამდებობრივ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო სანიტარულ ზედამხედველობას იცავს სახელმწიფო. ისინი დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში და ხელმძღვანელობენ მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე აქტებით.
IV. საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების განმხორციელებელ თანამდებობის პირთა და სპეციალისტთა უფლება-მოვალეობანი
ა) საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოების და დაწესებულებების თანამდებობის პირები და სპეციალისტები მოვალენი არიან:
1. განახორციელონ საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობა შესაბამის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა, ნორმატივების, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე, სანიტარულ-ჰიგიენური, სანიტარულ–ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე.
2. განიხილონ მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის, დასახლებული პუნქტების დაგეგმარების და განაშენიანების, სამრეწველო ზონის პერსპექტიული დაგეგმარების, საწარმოთა დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა, წარმოების პროფილისა და ტექნოლოგიის პროფილის შეცვლის. აგრეთვე საცხოვრებელი სახლების, კულტურულ - საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობების პროექტები და გასცენ მათზე სანიტარულ-ჰიგიენური დასკვნები.
3. მონაწილეობა მიიღონ მშენებლობა და რეკონსტრუქცია დამთავრებული ობიექტების, წარმოებისა და ტექნოლოგიის შეცვლის შემდეგ მათ საექსპლუატაციოდ გადაცემაში.
4. განსაზღვრონ მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და დაავადებათა პროფილაქტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებასთან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტთან ერთად/.
5. ინფორმაცია რეგულარულად მიაწოდონ მოსახლეობას გარემოს სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობის და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების ობიექტური მდგომარეობის შესახებ.
6. განახორციელონ ღონისძიებები ტერიტორიის საკარანტინო დაავადებების შემოტანა-გავრცელებისაგან დასაცავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტთან ერთად.
7.განახორციელონ საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობა, ქვეყნის ტერიტორიის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედობის, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის შემოტანის აღკვეთის მიზნით.
8. განახორციელონ რადიაციულ ნივთიერებათა და მაიონიზირებელი წყაროების, ქიმიური ნივთიერებების, მცენარეთა დაცვის, ქიმიური საშუალებების შემოტანის, წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების და ჩამარხვის დროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობა.
9. შეიმუშაონ და დაამტკიცონ დადგენილი წესით ქვეყნის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური წესები.
10. განსაზღვრონ ტერიტორია, რომლებზედაც ცხოვრება საშიშროებას უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომელზედაც დაუშვებელია სოფლის მეურნეობის და სხვა სამეურნეო საქმიანობის წარმოება.
11. განიხილონ და შეითანხმონ ახალ სახეობათა ნედლეულის, კვების პროდუქტების, ბავშვთა მოხმარების საგნების, სამრეწველო ნაწარმის, საშენი მასალების, მათი ნაკეთობების, კოსმეტიკურ პარფიუმერული, სადეზინფექციო საშუალებების, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების, მცენარეებისა და ცხოველების ზრდის სტიმულატორების და რეგულატორების სტანდარტებისა და ტექნიკური პირობები, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიური პროცესების, ახალ სახეობათა მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და სამუშაოთა ინსტრუმენტების პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ მავნე გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
12. ჩაატარონ ნედლეულის პროდუქციის მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების პასპორტიზაცია კვლევის ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით /ჰიგიენური სერტიფიცირება/ 2წ-ში ერთხელ.
13. უზრუნველყონ როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული, ასევე მის საზღვრებს გარედან შემოტანილი ნედლეულისა და პროდუქციის ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიცირება.
14. უზრუნველყონ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობა და კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ლაბორატორიების, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, მუშაობაზე, რომლებიც აწარმოებენ ნედლეულის, პროდუქციის და სხვათა კვლევას მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის დადგენის მიზნით.
15. განახორციელონ სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობა კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე, მოსახლეობის სრულფასოვან კვებაზე.
16. განახორციელონ სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობა საბავშვო, სასწავლო-შრომითი დატვირთვის, კვების, ყოფა-ცხოვრების, მეცადინეობის და დასვენების ჰიგიენურ რეჟიმზე.
17.განახორციელონ სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობა მოსახლეობის ხარისხიანი სასმელ-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფაზე.
18. განახორციელონ სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობა მოსახლეობის სასმელი, სამეურნეო, სარეკრეაციო და სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოყენებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მავნე სამრეწველო გამონაბოლქვებითა და სამეურნეო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ნიადაგისა და ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებელი და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე.
19.განახორციელონ სახელმწიფო სანიტარულ–ჰიგიენური ზედამხედველობა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის სტატუსის მქონე ობიექტებში დასაქმებულ მუშაკთა შრომის პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვაზე.
20. განახორციელონ პროფესიული დაავადებების, კვებითი მოშხამვების, ინფექციურ, არაინფექციურ, პარაზიტულ და ზოონოზურ დაავადებათა შემთხვევების აღმოცენების გარემოებათა გამოკვლევა და ლიკვიდაცია.
ბ. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დეპარტამენტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოებისა და დაწესებულებების თანამდებობის პირები და სპეციალისტები უფლებამოსილი არიან:
1. მოსთხოვონ სახელმწიფო მართვის ორგანოებს, საწარმოებს, საზოგადოებრივ-ერთობლივ და კერძო ორგანიზაციებს, თანამდებობრივ პირებსა და ცალკეულ მოქალაქეებს აღმოფხვრან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტები.
2.სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელების მიზნით დაუბრკოლებრივ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სათანადო პირადობის მოწმობის წარდგენით დაათვალიერონ ნებისმიერი დანიშნულების ობიექტები და დააფიქსირონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის ფაქტები.
3. მოსთხოვონ თანამდებობრივ პირებსა და ცალკეულ მოქალაქეებს დოკუმენტები და მონაცემები, რომლებიც საჭირო გახდება ობიექტების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და სიტუაციის დასადგენად.
4. მოახდინონ კვების პროდუქტების, პარფიუმერულ–კოსმეტიკური საშუალებების, ნაკეთობების, საგნებისა და მასალების ნიმუშების ამოღება (დადგენილი წესით)ლაბორატორიული ანალიზებისა და ჰიგიენური ექსპერტიზის ჩასატარებლად, აგრეთვე უშუალოდ ობიექტებზე ჩაატარონ საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები.
5. მოითხოვონ იმ პირთა სამუშაოდან გადაყენება, რომელებიც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობისა ან წარმოების ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებების გამო წარმოადგენენ საშიშროებას ინფექციური დაავადებების გავრცელების მხრივ.
6. საჭიროების შემთხვევაში დაავალონ და მოიწვიონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, ლაბორატორიების, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვა დაწესებულებათა, ორგანიზაციების სპეციალისტები, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, სპეციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად.
7. აკრძალონ ან შეაჩერონ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევების აღმოფხვრამდე მრეწველობის ობიექტების, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, ცალკეული სამუშაოების, ტექნოლოგიური პროცესების, დანადგარების, ინსტრუმენტების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების საწარმოების, ვაჭრობის, სკოლების, საბავშვო და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების, სანატორიუმების, კულტურულ–საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და სხვა ობიექტების ექსპლუატაცია,
აგრეთვე გემების, მოძრავი შემადგენლობისა და თვითმფრინავების გამოყენება მათი არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობის ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.
8. შეაჩერონ დასახელებული პუნქტების განაშენიანების მიზნით შენობებისა და სხვა ნაგებობების მიმდინარე მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ცალკეული სამუშაოები, თუ აღნიშნული სრულდება სანიტარულ-ჰიგიენური ზედამხედველობის სამსახურთან შეუთანხმებლად.
9. აკრძალონ ადამიანთა საქმიანობა /ან საცხოვრებლად გამოყენება/ სოფლის მეურნეობის ან სხვა სამეურნეო სამუშაოების წარმოება გარკვეულ ტერიტორიაზე, თუ ამ ტერიტორიაზე საშიშროება ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
10.აკრძალონ კვების პროდუქტების, მანქანების, დანადგარების და სახალხო მოხმარების სხვა საქონლის წარმოება და რეალიზაცია, თუ ისინი ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიშად იქნენ მიჩნეული.
11.აკრძალონ სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების პრაქტიკაში, კვების პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში იმ ქიმიური ნივთიერებების საშუალებებისა და მეთოდების გამოყენება, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მცენარეებისა და ცხოველების ზრდის სტიმულატორების, პოლიმერული და პლასტიკური მასალის, სხვა ქიმიური ნივთიერებების, საპარფიუმერიო-კოსმეტიკური პროდუქციის გამოყენება, რომლებზედაც არ არის გაცემული ჰიგიენური სერტიფიკატები.
12. აკრძალონ სასმელი და სამეურნეო წყლის მოხმარება, თუ იგი არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.
13. აკრძალონ გამწმენდ ნაგებობათა მშენებლობა დაუმთავრებელი საწარმოების ექსპლუატაციაში შეყვანა.
14. აკრძალონ საერთო საცხოვრებელში, ბავშვთა, მოზარდთა, სტუდენტთა, სკოლებისა და პროფსასწავლებლების მოსწავლეთა საზაფხულო–გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესახლება სათანადო საქმიანობისათვის აუცილებელი დოკუმენტების გაუცემლობის შემთხვევაში.
15. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევაში მხილებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ გამოიყენონ ადმინისტრაციული სასჯელი ჯარიმის სახით, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსისა.
16. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელების შედეგად მოპოვებული მასალები მოქმედი კანონმდებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევების (თუ აღნიშნულმა ზიანი მიაყენა მოსახლეობის ჯანმრთელობას ან თუ ქმნის ამის საშიშროებას) შესახებ დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის მიზნით გადასცენ სამართალდამცავ ორგანოებს.
აღნიშნული აღმკვეთი ზომები მიიღება მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმებისა და მათი მოადგილეების მიერ მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.
მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმები და მათი მოადგილეები წარდგინებით შედიან ზემდგომ საფინანსო–საკრედიტო ორგანოებში ფინანსირების შეწყვეტისა ან შეჩერების მიზნით; საფინანსო საკრედიტო ორგანოები ვალდებულნი არიან შეწყვიტონ ობიექტის სამშენებლო სამუშაოთა სახეობების დაფინანსება სათანადო წარდგინებისთანავე. პირებს, რომლებიც თვითნებურად განაახლებენ ობიექტის ექსპლუატაციას, სამუშაოთა სახეობების შესრულებას, პროდუქტების, საქონლის, აღჭურვილობის და ნედლეულის გამოყენება რეალიზაციას, ეკისრებათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მიყენებული ზარალის ანაზღაურებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ობიექტების ექსპლუატაციის და სამშენებლო სამუშაოთა სახეების აკრძალვა ან შეჩერება უნდა განხორციელდეს ენერგიის წყაროს, ნედლეულის, სათავსოების, აგრეგატ-მექანიზმების, სატრანსპორტო საშუალებების დალუქვით.
IV თავში გათვალისწინებული ამკრძალავი და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების უფლება ეძლევათ საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქებისა და რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმებს და მათ მოადგილეებს, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განმხორციელებელი სხვა თანამდებობის პირთა და სპეციალისტთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამსახურებრივი ინსტრუქციებით.
V. მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმებისა და მათი მოადგილეების მოქმედებათა გასაჩივრება
- მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმებისა და მათი მოადგილეების მიერ ადმინისტრაციული აღმკვეთი ზომების გამოყენების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრებული იქნეს ერთი თვის ვადაში სასამართლოში დადგენილი წესით.
- ადმინისტრაციულ აღმკვეთი ზომების შესახებ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
- სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.
VI. უწყებრივი სანიტარული კონტროლი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე
სამინისტროებისა და სხვა უწყებების დაქვემდებარებაში შემავალი სანიტარული კონტროლის სამსახურების უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან შეთანხმებული დებულებით.
უწყებრივი სანიტარული კონტროლის სამსახურის შექმნა, ხელმძღვანელების დანიშვნა თანხმდება სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან.
VII. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და
ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ურთიერთობა
სხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან
სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებული დებულებებით.
VIII. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების ფინანსური საფუძვლები
1. საქართველოში სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დაფინანსება ხორციელდება დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე. ამ პროგრამის და საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა მტკიცდება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებთან ერთად დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის დამატებით საფინანსო წყაროს წარმოადგენს:
- საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმირებისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმების ნაწილი.
სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის დაწესებულებათა მიერ სამეურნეო ანგარიშზე ხელშეკრულებებით შესრულებული სამუშაოების საზღაური დადგენილი წესით.
IX. საერთაშორისო ხელშეკრულებები
თუ საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებენ საქართველოს სანიტარულ კანონმდებლობაში შემავალი წესებისაგან განსხვავებულ სხვა წესებს, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.