გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18320-24
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე №330216924009696887

N2/18320-24

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში

მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 2024 წლის აგვისტო  

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზვიად ესებუა

განმცხადებელი – მოვალე – შპს „გუდაური +“

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „გუდაური +“-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2024 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გუდაურის +“-ის წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „გუდაური +“-ის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „გუდაური +“-ი დაფუძნდა 03.07.2017 წელს. მისი ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარესტორნო ბიზნესი და ოპერირებას უწევდა რესტორანს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, დაბა გუდაურში. კომპანიას აღნაგობის უფლებით საკუთრებაში ჰქონდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 74.06.11.735 განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც აღიმართა თავად შპს „გუდაური +“-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავდაპირველად კომპანიის ბიზნესს პრობლემა შეექმნა კოვიდ პანდემიის პირობებში, რის შედეგადაც პრაქტიკულად ყოველდღიურად მუშაობდა ზარალზე და კომპანიის პარტნიორებისათვის არ მოუტანია მოგება. საბოლოოდ კომპანია დარჩა თანამშრომლების და შემოსავლების გარეშე (დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულები არიან მხოლოდ დირექტორები). შემოსავლების გარეშე დარჩენილმა კომპანიამ ვერ შეძლო ვალდებულებების გასტუმრება და დღეს არსებული მდგომარეობით, ჰყავს ოცამდე კრედიტორი. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანიამ ვერ შეძლო სახელმწიფოს მიმართ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რასაც მოჰყვა აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან, აღნაგობის უფლება იყო კომპანიის მთავარი აქტივი. განმცხადებლის განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით 2024 წლის 11 ივლისს პარტნიორთა კრებაზე ხმათა 75%-ით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კომპანიის დირექტორებს დაევალათ დაეწყოთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ვინაიდან არსებულ სიტუაციაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. კომპანიის დირექტორებისათვის ნათელია, რომ არსებულ სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არ დაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „გუდაური +“-ის წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი. განმცხადებელ შპს „გუდაური +“-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა;

2024 წლის 30 ივლისს და 2024 წლის 2 აგვისტოს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (კანცელარიის რეგისტრაციის N9740471; 9758917).

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „გუდაური+“-ის უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, საბანკო ამონაწერები). კომპანიას გააჩნია დავალიანება, თუმცა მისი სახსრებით ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან კომპანიის ერთადერთ აქტივს წარმოადგენდა აღნაგობის უფლება, რომელიც სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შეწყვეტილია, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით №1/1-2848, აღნიშნული ბრძანება კი შპს „გუდაური +“-ის მიერ არ არის გასაჩივრებული.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „გუდაური+“-ის (ს/ნ 405216680) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

   მოსამართლე                                                                                                   ზვიად ესებუა