⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.10.1996)
გაუქმებულია:

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდება

მიღების თარიღი 15.08.1996
ძალის დაკარგვა 15.10.1996
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000389.01(2).000.000117
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,094 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.1996 მიღება
15.10.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება 1996 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წ ე ს დ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (შემდგომში – პალატა) არის საქართველოს ნოტარიუსთა პროფესიული, საჯარო-სამართლებრივი გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, უწევს მათ დახმარებას სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზაციას უკეთებს ნოტარიუსობის კანდიდატის სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირებასა და განვითარების პრობლემების გადაწყვეტაში, ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში. 2. პალატა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით "ნოტარიატის შესახებ", ამ წესდებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. პალატა მოქმედებს თვითმმართველობის, თვითდაფინანსების პრინციპებზე, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და თავისი ვალ- დებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს თავისი ქონებით. სახელმწიფო პასუხს არ აგებს პალატის ვალდებულებებზე, პალატა პასუხს არ აგებს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. 4. პალატა არის იურიდიული პირი, აქვს თავისი ბეჭედი, შტამპი და ანგარიში ბანკში. 5. პალატის ურთიერთობები იუსტიციის მინისტრთან განისაზღვრება "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად. II. პალატის ფუნქციები 6. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად პალატას უფლება აქვს: - წარმოადგინოს ნოტარიუსები სახელმწიფო ორგანოებში, მოქალაქეთა გაერთიანებებში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; - მოამზადოს წინადადებები კანონების და სხვა სამართლებრივი აქტების მიღების, მათში ცვლილებების და დამატებების შეტანის მიზნით; - ყოველწლიურად შეიმუშავებს წინადადებებს ნოტარიუსთა თანამდებობის რაოდენობის და სამუშაო უბნების განსაზღვრის შესახებ; - მოითხოვოს ნოტარიუსებისაგან საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათის განმარტებები; - დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახადები პალატისათვის; - შემოიღოს პალატასთან საშტატო თანამდებობები; - აანაზღაუროს იმ ექსპერტიზის ხარჯები, რომლებსაც სასამართლო ნიშნავს ნოტარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებით; - განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით; - განახორციელოს კანონის შესაბამისი სხვა ღონისძიებანი; - განახორციელოს საკონსულტაციო ფუნქციები თავისი კომპეტენციის ფარგლებში; - განიხილოს არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში შიდასაუწყებო დავები, რომლებიც არ ექვემდებარება სასამართლო განხილვას; - მიიღოს მონაწილეობა ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის, საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის, ნოტარიუსის თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების დებულებათა შემუშავებაში; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კონტროლი სანოტარო მოქმედებებისათვის საზღაურის გადახდევინების სისწორეზე; - მიიღოს მონაწილეობა თავისი წარმომადგენლობის მეშვეობით ნოტარიუსის კვალიფიკაციის მისაღებ საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ფორმირებაში და მუშაობაში; - სათათბირო ხმის ულებით მიავლინოს ნებისმიერი საკვალიფიკაციო საგამოცდო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად თავისი წარმომადგენელი; - შეიმუშაოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულება, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი; - დაადგინოს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების პირობები და წესი, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი; - გაუწიოს შუამდგომლობა ორ ან მეტ ნოტარიუსს, რომლებიც დანიშნული არიან ერთ სამუშაო უბანში საერთო ბიუროს გახსნისათვის; - მონაწილეობა მიიღოს სამსახურებრივი დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის მინიმალური ზღვრების შემუშავებაში; - თავისი შეხედულებისამებრ, კანონით დადგენილი წესით, დადოს დამატებითი დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრების მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად; - იუსტიციის მინისტრის წინაშე გამოთქვას მოსაზრება ნოტარიუსის თანამდებობიდან  გათავისუფლების ან გადაყენების საკითხთან დაკავშირებით; - მონაწილეობს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ან გადაყენების საკითხის მომზადებისა და განხილვის წესის შემუშავებაში; - მიიღოს მონაწილეობა ნოტარიუსის შენაცვლების საკითხის გადაწყვეტაში, წარუდგინოს წინადადება იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსის თანამდებობის დროებით ვაკანსიის შემთხვევაში ერთი წლის ვადით შემცვლელი პირის დანიშვნასთან დაკავშირებით; - განსაზღვროს ნოტარიუსის შემცვლელი პირის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა; - აუნაზღაუროს პალატის წინადადებით დანიშნულ ნოტარიუსის შემცვლელ პირს შრომა, რომლის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედების საზღაური შედის ნოტარიუსთა პალატაში; დაფაროს სანოტარო ბიუროს შესანახი ხარჯები; - იკისროს პასუხისმგებლობა პალატის გამგეობის შუამდგომლობით დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირის არასწორი სამსახურებრივი მოქმედებით გამოწვეული ქონებრივი ზიანისათვის და ამავე დროს განახორციელოს ასეთი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება გადახდილი კომპენსაციის ოდენობით; - წარუდგინოს წინადადება იუსტიციის მინისტრს სტაჟირებისათვის ნოტარიუსების კანდიდატის დანიშვნის თაობაზე; - მიამაგროს კანდიდატი სტაჟირებისათვის კონკრეტულ ნოტარიუსს; - შეიმუშაოს ნოტარიუსის კანდიდატის სტაჟირების პროგრამა; - წარუდგინოს წინადადება იუსტიციის მინისტრს სტაჟირების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით; - განსაზღვროს ნოტარიუსობის კანდიდატის შრომის ანაზღაურება; - ითხოვს სტაჟიორისაგან სტაჟირების ანგარიშს; - წარუდგენს წინადადებას იუსტიციის მინისტრის კანდიდატის სტაჟირების შეწყვეტასთან დაკავშირებით; - შეიმუშავებს სანოტარო საქმის წარმოების წესს; - შეიმუშავებს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციას, სანოტარო რეესტრის, სანოტარო დოკუმენტებისა და სანოტარო დოკუმენტებზე დამადასტურებელი წარწერების ფორმებს; III. პალატის ორგანოები, მათი უფლებები და მოვალეობები 7. პალატის უმაღლესი ორგანოა პალატის წევრთა კრება, მისი აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, საკონტროლო-სარევიზიო ორგანო - სარევიზიო კომისია. 8. პალატის წევრთა კრებას იწვევენ წელიწადში ერთხელ. პალატის წევრთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პალატის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა, პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. 9. პალატის წევრთა რიგგარეშე კრება მოიწვევა: ა) პალატის გამგეობის ინიციატივით; ბ) იუსტიციის მინისტრის წინადადებით; გ) პალატის წევრთა საერთო რიცხვის 1/5-ის მოთხოვნით; 10. პალატის წევრთა კრებას იწვევს პალატის გამგეობა, რომელიც ორი კვირით ადრე აუწყებს პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს. 11. პალატის წევრთა კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: - პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; - პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება და პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელის  და მისი ოდენობის დაწესება. - დაამტკიცოს პალატის წევრთა ატესტაციის დებულება; - შექმნას პალატის ფონდები, განსაზღვროს მათი დანიშნულება და ხარჯთაღრიცხვის წესი, განსაზღვროს სავალდებულო საწევრო შენატანის ოდენობა; - მოისმინოს და დაამტკიცოს პალატის წევრთა შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა; - დაამტკიცოს პალატის შრომის შინაგანაწესი; - განიხილოს საჩივრები პალატის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. 12. პალატის წევრთა კრებას უფლება აქვს პალატის გამგეობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დართოს ნება შეიტანოს ცვლილებები ნოტარიუსთა პალატის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება პალატის წევრთა მომდევნო კრებას. 13. ნოტარიუსთა პალატის წევრთა კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც პალატის კომპეტენციაშია. პალატის გამგეობის შემადგენლობა და სხდომები 14. პალატის წევრთა კრება ირჩევს პალატის გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრის შემადგენლობით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნოტარიუსთა პალატების გამგეობის თავმჯდომარეები თანამდებობრივად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეები არიან. გამგეობა აირჩევა ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით. გამგეობის სხდომა ტარდება როგორც წესი თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში თუ გამგეობას გამოაკლდა ერთი წევრი პალატის წევრთა საერთო კრებაზე ტარდება არჩევნები გამოკლებული წევრის ადგილზე, ამ წესდებით დადგენილი წესით. პალატის გამგეობის კომპეტენცია 15. პალატის გამგეობა უზრუნველყოფს ნოტარიუსთა პალატის წესდების შესრულებას და ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების განხორციელებას. პალატის წევრთა კრებებს შორის პერიოდში ასრულებს პალატის ყველა ამოცანის, გარდა „ნოტარიატის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. 16. გამგეობას შეუძლია თავისი ამოცანების შესრულებისას მიიზიდოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნის თავისი საშტატო აპარატი. 17. პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებს და მუშაკებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ უფლება აქვთ ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცვას ექვემდებარება ზემოაღნიშნულ პირთა გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაც. 18. პალატის გამგეობის თავმჯდომარე: - ორგანიზაციას უკეთებს და გეგმავს გამგეობის მუშაობას, ამზადებს საკითხებს გამგეობის სხდომებზე განსახილველად; - ამზადებს და განსახილველად გამოაქვს გამგეობაზე საკითხები პალატის წევრად, სტაჟიორად მიღების და გარიცხვის შესახებ; - ამზადებს და განსახილველად გამოაქვს კანდიდატის სტაჟირების გეგმა საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების თაობაზე; - ორგანიზაციას უკეთებს საჩივრების განხილვას პალატის წევრთა საქმიანობის შესახებ და შეაქვს წინადადებები გამგეობის სხდომაზე ან მასალას გადასცემს საერთო კრებას ღონისძიებების გასატარებლად; - ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს; - სარგებლობს კრედიტების განკარგვის უფლებით; - ახორციელებს კონტროლს პალატის წევრთა საერთო კრებების გადაწყვეტილებების და გამგეობის დადგენილებების შესრულებაზე; 19. სარევიზიო კომისია აირჩევა პალატის წევრთა საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით. სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს პალატის წევრთა კრება. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა. პალატის სახსრები პალატის სახსრები ყალიბდება იმ თანხებიდან, რომლებიც შეადგენენ საწევრო შენატანებს, მოგებას სამეწარმეო საქმიანობიდან და შემოწირულობებს.