რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თავდაცვის კოდექსი „სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის და კადეტის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №69
2024 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
თავდაცვის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗
რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების პროცესს.
მუხლი 2🔗
წესის მიზანია პროგრამის ორგანიზებულად განხორციელება და ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა მათი კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
მუხლი 3🔗
1. პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება აკადემიაში.
2. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 (ორი) წლის ვადით.
3. პროგრამას და პროგრამაზე ჩარიცხულ კანდიდატთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ.
4. პროგრამაზე პირთა ჩარიცხვა/ამორიცხვა ხორციელდება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4🔗
პროგრამაზე მისაღები პირების რაოდენობა და ჩარიცხვისთვის პრიორიტეტულ სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗
1. პროგრამაზე მიღება ცხადდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
2. პროგრამაზე, საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, მიიღება 30 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტუდენტი (გარდა საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა) ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
მუხლი 6🔗
1. პროგრამაზე მიღებამდე პირები გადიან შერჩევას.
2. შერჩევის მიზნებისათვის აკადემიაში იქმნება კანდიდატთა მიღების კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5. კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის შეფასებით.
6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგები აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
7. კანდიდატის შეფასების საფუძველზე, კომისია იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაზე მისი მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე.
8. კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები კანდიდატის შემოწმების პროცესში მონაწილეობისათვის.
9. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 7🔗
1. კანდიდატმა კომისიას უნდა წარუდგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. კომისია უზრუნველყოფს განცხადების პირველად განხილვას და კანდიდატების შერჩევას.
3. პროგრამაზე მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ, შემდეგი ოთხი კომპონენტის შესაბამისად:
ა) ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება;
ბ) ფსიქოლოგიური შემოწმება;
გ) სამედიცინო შემოწმება;
დ) სპეციალური შემოწმება.
4. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი ფიზიკური მომზადების დონის დასადგენ ტესტირებას გაივლის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანების შესაბამისად და დადებით შეფასებად ჩაითვლება თითოეულ ნორმატივში არანაკლებ 40 ქულის მიღება.
5. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი გაივლის ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სპეციალურ შემოწმებას, მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანდიდატების ჩარიცხვა მათი სიჭარბის შემთხვევაში ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული სპეცილობებისა და მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე.
მუხლი 9🔗
1. პროგრამაზე მიღებულ პირთა სასწავლო დღედ (დღეებად) განისაზღვრება შაბათი ან/და კვირა დღე. შესაძლებელია, პროგრამით გათვალისწინებული მიზნებისა და აქტივობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გეგმა-კალენდრით განისაზღვროს შაბათი ან კვირა დღის გარდა სხვა დღეები, გარდა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
2. პროგრამაზე მიღებულმა პირმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიძლება გაიაროს სამხედრო შეკრება.
3. პროგრამაზე მიღებულ პირზე/მისი ოჯახის წევრზე (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), ამ პირის სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში, ვრცელდება თავდაცვის კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.
მუხლი 10🔗
1. პროგრამაზე მიღებული პირი პროგრამის გავლის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება:
ა) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში კვებითა და შესაბამისი სანივთე ქონებით.
2. პროგრამაზე მიღებულ პირს სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაუწესდეს:
ა) სტიპენდია, რომლის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სამხედრო მოსამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შეღავათები.
3. პროგრამაზე მისაღებ კანდიდატს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ უფორმდება კონტრაქტი.
მუხლი 11🔗
1. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება.
2. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების არმქონე პირებს მიენიჭებათ „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდება, ხოლო პროგრამის დამთავრებიდან 5 წლის ვადაში ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მიენიჭებათ „ლეიტენანტის“ სამხედრო წოდება, 35 წლის ასაკის მიღწევამდე.
3. პროგრამის გავლის და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება და იგი მოიხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.
4. პროგრამის გავლის და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში, ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.
5. პირს, რომელმაც პროგრამა ვერ დაასრულა, სათანადო სამხედრო წოდება არ მიენიჭება, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და აყვანილი იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე.
მუხლი 12🔗
პროგრამაზე არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი ისეთი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა;
ბ) იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა:
ბ.ა) დისციპლინური გადაცდომისათვის;
ბ.ბ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის;
ბ.გ) ღირსების შემლახველი საქციელისთვის;
გ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური საშუალების მოხმარების ფაქტს ექიმის დანიშნულების გარეშე;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) ვერ დააკმაყოფილა ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის რომელიმე კომპონენტი.
მუხლი 13🔗
1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანია პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ აკადემიაში არსებული რეგულაციებისა და დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თავიდან აცილება და მისთვის მოტივაციის ამაღლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, ეს წესი განსაზღვრავს:
ა) წახალისების სახეებს;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებს;
გ) წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვის წესებს.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს არ ათავისუფლებს იმ მოვალეობის შესრულებისგან, რომლის შეუსრულებლობისთვისაც მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
4. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში მინიჭებული აქვს 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 14🔗
1. დისციპლინური წარმოება ეფუძნება კანონიერების, სამართლიანობის, თანასწორობის, ობიექტურობის, ყოველმხრივობის, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობისა და კორექტულობის პრინციპებს.
2. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ერთისა და იმავე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის.
3. პროგრამაზე ჩარიცხული პირი არ ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირად მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მუხლი 15🔗
1. პროგრამაზე ჩარიცხული პირის წახალისება შესაძლებელია აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახისა.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი წახალისება, პირს მიეცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, აკადემიის რექტორის მიმართვის/შუამდგომლობის საფუძველზე.
3. წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელის მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა;
დ) ფულადი წახალისება.
4. პროგრამაზე ჩარიცხული პირის წახალისების საფუძვლებია:
ა) პროგრამით განსაზღვრული აქტივობების მაღალხარისხოვნად და კეთილსინდისიერად შესრულება;
ბ) პროგრამით განსაზღვრული აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულება;
გ) სამხედრო სამსახურის რეპუტაციის ამაღლებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით წარმატებით განხორციელებული საქმიანობა;
დ) სამეცნიერო საქმიანობაში, სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებაში წარმატების მიღწევა;
ე) პროგრამაზე ჩარიცხული პირის მიერ სხვა ისეთი ქმედების ჩადენა, რაც საზოგადოებაში მის მკვეთრად დადებით შეფასებას იწვევს.
4. მადლობის გამოცხადება და საპატიო სიგელის მიცემა შესაძლებელია პროგრამაზე ჩარიცხული ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ, აგრეთვე სრული შემადგენლობის მიმართ.
5. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს. ფასიანი საჩუქარი არ შეიძლება იყოს იარაღი ან სხვა ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თავისუფალი ბრუნვის საგანი არ არის.
6. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე სახე.
მუხლი 16🔗
1. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს დისციპლინური სახის პასუხისმგებლობა ეკისრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებია:
ა) სადისციპლინო ქულის დაკლება;
ბ) პროგრამიდან ამორიცხვა.
3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის პროგრამაზე ჩარიცხულ პირს ეკისრება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე.
მუხლი 17🔗
1. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – არაუმეტეს 50 სადისციპლინო ქულის დაკლება, დაეკისრება შემდეგი ქმედების ჩადენის შემთხვევაში:
ა) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დავალების ან აქტივობების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა;
ბ) ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება;
გ) სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ლექტორისთვის/ინსტრუქტორისთვის/ მასწავლებლისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება;
დ) ოფიციალურ დოკუმენტში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მცდარი მონაცემების შეტანა;
ე) არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება (საპატიოდ ითვლება წლის განმავლობაში სამჯერ, ლექციაზე არაუმეტეს 5 წუთით დაგვიანება);
ვ) აუდიტორული ან/და დისტანციური სასწავლო რეჟიმის დროს ლექციაზე/სემინარზე/გამოცდაზე/მეცადინეობაზე დაგვიანებით გამოცხადება;
ზ) არაეთიკური ქცევა, რომელიც ამ მუხლში სახელდებით არ არის მოხსენებული, მაგრამ მიმართულია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ;
თ) თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა;
ი) სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დარღვევა;
კ) აკადემიის ქონების მოვლის, შენახვის და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ასევე პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მიღმა გამოყენება;
ლ) დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა;
მ) ცეცხლსასროლი იარაღიდან არადანიშნულებისამებრ ან გაუფრთხილებლობით გასროლა;
ნ) დისტანციური სასწავლო პროცესისათვის განსაზღვრული წესების შეუსრულებლობა;
ო) ლექციაზე/სემინარზე/პრაქტიკულ მეცადინეობაზე/თვითმომზადებაზე დადგენილი ქცევის წესების შეუსრულებლობა;
პ) სამსახურებრივი პირადობის მოწმობის/საშვის (პლასტიკური ბარათის), იარაღის ტარების მოწმობის, იარაღის შემცვლელი ბარათის, ლუქის ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება;
ჟ) პროგრამის გავლის დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
2. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – პროგრამიდან ამორიცხვა, დაეკისრება შემდეგი ქმედების ჩადენის შემთხვევაში:
ა) პროგრამის გასავლელად საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა ან პროგრამის გავლის ადგილის თვითნებური მიტოვება;
ბ) პროგრამის გავლისას ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ქონებრივი ზიანის მიყენება ან არაეთიკური ქცევა;
გ) პროგრამის გავლის ადგილზე ალკოჰოლური სასმელის შეტანა;
დ) ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება;
ე) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის) უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენა;
ვ) პროგრამის გავლის ადგილზე ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში მონაწილეობა, თუ იგი ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით;
ზ) აკადემიის ინფორმაციის (მათ შორის, ნახატი, მაკეტი, რუკა, გეგმა, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო/აუდიოჩანაწერები და სხვა) ან/და სხვისი პერსონალური მონაცემით სარგებლობა საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
თ) სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედიასაშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით სამინისტროს სისტემის ან სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება;
ი) პირის სექსუალური შევიწროება;
კ) აკადემიის გამოცდის მიმდინარეობისას გადაწერა ან გადასაწერი საშუალების/ინფორმაციის ქონა;
ლ) პროგრამის გავლის ადგილზე ჩხუბში ან სხვაგვარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება, თუ იგი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
მუხლი 18🔗
1. ამ წესის მიზნებისთვის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს პროგრამაზე ჩარიცხული პირის ან მისი ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც პროგრამაზე ჩარიცხულ პირს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს, მათ შორის, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუალედური ან დასკვნითი გამოცდის დანიშვნა. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია.
2. პროგრამიდან ამორიცხვაზე უფლებამოსილი პირია მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
მუხლი 19🔗
1. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მან დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა:
ა) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, როდესაც სხვა დააზიანა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც თვითონ ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს ემუქრებოდა, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით არ შეიძლებოდა და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე;
ბ) დროებითი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, როდესაც არ შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა;
გ) სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც მართლზომიერების პირობებს აკმაყოფილებს.
2. პროგრამაზე ჩარიცხულ პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში დისციპლინური წარმოება არ დაწყებულა.
მუხლი 20🔗
1. პროგრამიდან ამორიცხვის საფუძველია:
ა) კონტრაქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვა;
ბ) კონტრაქტის პირობების დარღვევა;
გ) მხარეთა შეთანხმება;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობა (სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე), რომელიც თავსებადი არ არის სამხედრო სამსახურთან;
ე) ამ წესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
ვ) 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვა;
ზ) აკადემიური მოუსწრებლობა;
თ) პირადი განცხადება;
ი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
კ) განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
ლ) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან/და ფსიქოაქტიური ნივთიერების (საშუალების) მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
მ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ.
ნ) გარდაცვალება;
ო) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
2. პროგრამიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასათავისუფლებელი პირი იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მისი სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის დასადგენად.
3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ პროგრამაზე ჩარიცხული პირი პროგრამიდან ამოირიცხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომდევნო დღეს. თუ შესაბამისი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პირი ასრულებდა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს, იგი პროგრამიდან ამოირიცხება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მე-2 დღიდან.