საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.02.1993
ძალის დაკარგვა 29.11.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 2, 10/02/1993
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება № 78
1993 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსში დარგების მართვის სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდის, მეურნეობისა და მოსახლეობის სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 დეკემბრის № 1105 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა: ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის დეპარტამენტი „საქენერგო“, ნავთობის დეპარტამენტი „საქნავთობი“, გაზის დეპარტამენტი „საქგაზი“, ქვანახშირის დეპარტამენტი „საქნახშირი“ და აღნიშნული დეპარტამენტების დაქვემდებარებაში გაერთიანდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი დარგების ორგანიზაციები და დაწესებულებანი.
2. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს დებულება, სტრუქტურა და მასში გაერთიანებული ორგანიზაციების ნუსხა.
3. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 80 ერთეულით.
4. დაწესდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა 1993 წლის 1 იანვრიდან ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს და გაითვალისწინოს 1993 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესანახი ხარჯები.
5. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისათვის თანამდებობრივი სარგოები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის № 610 დადგენილების შესაბამისად.
6. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს იყოლიოს მინისტრის სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი.
7. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის შემადგენლობაში 11 კაცით.
8. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრს:
– დაამტკიცოს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო განრიგი ხელმძღვანელ მუშაკთა, მთავარ სპეციალისტთა და სპეციალისტთა რიცხოვნობის თანაფარდობისა და დაწესებული ნორმების გაუთვალისწინებლად, აგრეთვე განსაზღვროს ცენტრალური აპარატის თანამდებობრივი სარგოები, თანამდებობრივი სარგოების სქემის მიხედვით საშუალო სარგოების გაუთვალისწინებლად, ამასთან აუცილებლობის შემთხვევაში, შეიტანოს ცვლილებანი სტრუქტურასა და საშტატო განრიგში დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში.
9.საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტმა და სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და მასში გაერთიანებული ორგანიზაციების დამტკიცებული ნუსხის თანახმად შეიტანონ ცვლილებანი შესაბამის მაჩვენებლებში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა.
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს შემადგენლობაში გაერთიანებული დეპარტამენტების, საწარმოებისა და ორგანიზაციების
ნუსხა
– ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის დეპარტამენტი „საქენერგო“
– ნავთობის დეპარტამენტი „საქნავთობი“
– გაზის დეპარტამენტი „საქგაზი“
– ქვანახშირის დეპარტამენტი „საქნახშირი“
– სახელმწიფო კონცერნი „საქნავთობპროდუქტი“
– ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
– ინსტიტუტი „ენერგოქსელპროექტი“
– ინსტიტუტი „ჰიდროპროექტი“
– ინსტიტუტი ორგენერგომშენი“
– სამშენებლო-საწარმოო-სამონტაჟო გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენი“
– ტრესტი „კავკასელექტოქსელმშენი“
– თბილისის სამშენებლო კონსტრუქციების ქარხანა
– ამიერკავკასიის ენერგოსისტემათა გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველო
– ტრესტ „კავკასელექტომონტაჟის“ საქართველოს სამონტაჟო სამმართველო
– ტრესტ „სპეცჰიდროენერგომონტაჟის“ ამიერკავკასიის სამმართველო
– გაერთიანება „ჰიდროსპეცმშენის“ ენგურის სპეციალიზებული სამმართველო.
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
ხელმძღვანელობა
ეკონომიკური რეფორმების განყოფილება
საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება
ინფორმაციის განყოფილება
პერსპექტიული განვითარების განყოფილება
კაპიტალური მშენებლობისა და ინვესტიციების განყოფილება
უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება
მეცნიერებისა და ახალი ტექნიკის განყოფილება
მრჩეველთა ჯგუფი
სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება
კადრების, სოციალური განვითარებისა და იურიდიული განყოფილება
საერთოო განყოფილება
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულება
1.1. საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) არის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ფუნქციონალური ორგანო.
საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტრო კოორდინაციას და ორგანიზაციას უწევს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების საქმიანობას, განსაზღვრავს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, რესპუბლიკაში სათბობისა და ენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტურობის ამაღლების გზებს, აგრეთვე კოორდინაციას უწევს და არეგულირებს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დარგების ურთიერთკავშირებს, ახორციელებს ენერგეტიკის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას.
სამინისტრო ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
1.2. სამინისტრო არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში, ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით.
1.3. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ცენტრალური აპარატის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნობასა და მისი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
II. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
2.1. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ერთიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მასში შემავალი დარგების განვითარების მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
2.2. რესპუბლიკის ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე კომპლექსის განვითარების პროგნოზებისა და სათბობ-ენერგეტიკული ბალანსების დამუშავება და მათი ოპტიმიზაციის გზების განსაზღვრა.
2.3. ქვეყანაში არსებული სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მაქსიმალური გამოყენებისა და მათი ენერგეტიკულ ბალანსში ჩართვის მიმართულებების დამუშავება.
2.4. სათბობისა და ენერგიის მოპოვების, წარმოებისა და მოხმარების ეფექტურობის ამაღლება, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების რაციონალურად გამოყენება, არსებული სიმძლავრეების მაქსიმალური ამოქმედება, რესპუბლიკის მეურნეობაში ენერგიადამზოგი ღონისძიებების დამუშავებისა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
2.5. კომპლექსი შემავალ დარგებში ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისათვის ხელის შეწყობა.
2.6.პროგრესული საწარმო სტრუქტურების განვითარების, წარმოების დეცენტრალიზაციის, კონკურენციის განვითარებისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარება.
2.7. საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებათა განსაზღვრა სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
სამინისტრო დასახული ამოცანების გადასაწყვეტად ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
2.8. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მაკროეკონომიკური პროგნოზირება, მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისათვის, პერსპექტიული სათბობ-ენერგეტიკული ბალანსების დამუშავება და მათი სისტემური კორექტირება.
2.9. კომპლექსის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია და დადგენილი წესით წარდგენა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში.
2.10. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსში შემავალი დარგების ნორმატიული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა (პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციის, უსაფრთხოების წესები, ეკოლოგიური ნორმატივები და სხვა).
2.11. კომპლექსში შემავალ დარგებში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარებისა და პრივატიზების სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება და დადგენილი წესით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში წარდგენა.
2.12. სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში ინოვაციური ბანკის, ინფორმაციული სისტემების შექმნა და განვითარების ორგანიზაცია.
2.13. კომპლექსში შემავალი დარგების იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურების ორგანიზაცია.
2.14. საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა, ამ სფეროში საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური ფუნქციების შესრულება.
2.15. კომპლექსში უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის ღონისძიებათა შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.
2.16. სათბობ-ენერგეტიკის სფეროში მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრამებისა და პროექტების კომპლექსური ექსპერტიზის უზრუნველყოფა.
2.17. ადგილობრივი მმართველობისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძო და კოოპერატიულ სექტორებში შემავალ სათბობ-ენერგეტიკული პროფილის საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა.
2.18. რესპუბლიკის ეროვნულ მეურნეობაში და მასში შემავალ დარგებში ენერგიის გამოყენებისადმი ეფექტურობის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება.
2.19. კომპლექსში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და ტექნიკური პროგრესის ღონისძიებათა კოორდინაცია.
2.20. ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებაში მაკოორდინირებელი როლის შესრულება.
2.21. სამინისტროში შემავალ დეპარტამენტებში და სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებსა და ორგანიზაციებში ანგარიშგების სათანადო დონის უზრუნველყოფა საწარმოებიდან კვარტალური და წლიური საბუღალტრო ანგარიშგების მიღება, გაანალიზება და გამოყენება დარგების მართვის ორგანიზაციის ამოცანების შესაბამისად.
III. სამინისტროს უფლებამოსილებანი
სამინისტროს უფლება აქვს:
3.1. ხელი შეუწყოს სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი დეპარტამენტებისა და სხვა საწარმოების მიერ საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესრულებას.
3.2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად წარადგინოს დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები.
3.3. განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის პერსპექტიული განვითარების, ენერგეტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და სხვა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა დეპარტამენტისა და ორგანიზაციისათვის.
3.4. წინადადებით შევიდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში სამინისტროში შემავალი დეპარტამენტების თავმჯდომარეების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ. დეპარტამენტების თავმჯდომარეების წინადადებებით დაამტკიცოს დეპარტამენტის თავმჯომარეთა მოადგილეები. დადგენილი წესით (საკონტრაქტო საფუძველზე) დანიშნოს სამინისტროს უშუალოდ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და გაათავისუფლოს ისინი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3.5. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებანი როგორც რესპუბლიკის, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
3.6. განიხილოს და წარადგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში დასამტკიცებლად სამინისტროში შემავალი დეპარტამენტების სტრუქტურა და დებულება.
3.7. შეაქვს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში სამინისტროს სტრუქტურაში ცალკეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.
IV. სამინისტროს მართვა
4.1. საქართველოს რესპუბლიკის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს სათავეში უდგას მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს პარლამენტის შემდგომი დამტკიცებით.
მინისტრი პერსონალურად პასუხისმგებელია სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
4.2. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, რასაც შემდგომში ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეზიდიუმი.
4.3. ფუნქციებს მინისტრის მოადგილეებს შორის ანაწილებს მინისტრი.
4.4. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომელშიც შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების თავმჯდომარეები, აგრეთვე სამინისტროს აპარატისა და მისი საქვეუწყებო მსხვილი ორგანიზაციების (საჭიროების მიხედვით) ხელმძღვანელი მუშაკები და სხვა დარგებიდან მოწვეული აღიარებული სპეციალისტები. სამინისტროს კოლეგიის წევრების რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
4.5. მინისტრი განსაზღვრავს მინისტრის მოადგილეების, სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვეგანყოფილებების ხელმძღვანელების პერსონალურ პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის შესაბამის სფეროში.
4.6. მინისტრი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს.
4.7. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომაზე იხილავს რესპუბლიკის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის პერსპექტიული განვითარების, ენერგეტიკის ეფექტიანობის ამაღლების პრობლემებს, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ და სხვა საკითხებს.
4.8. სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ სამინისტროს აპარატის მუშაკთა რაოდენობის. სტრუქტურისა და შენახვის ხარჯების ფარგლებში.
4.9. სამმართველოების, განყოფილებებისა და სხვა ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს სამინსიტროს კოლეგია.
V. სამინისტროს ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
5.1. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.
5.2. საბაზრო ურთიერთობის განვითარებასთან დაკვშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს სამინისტროს დებულებაში შეაქვს შესაბამისი ცვლილებანი.