„საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 18.08.2022
ძალაში შესვლა 18.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №22-08-18 (GE-AZ-TK)
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016784
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2024
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| შეთანხმება | შეთანხმება |
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება შეთანხმება სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება) საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ“
საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“ და ცალ-ცალკე, როგორც „მხარე“);
რომლებიც ითვალისწინებენ რა, მხარეთა შორის დამკვიდრებულ ახლო ურთიერთობებს, ისევე როგორც მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის გულწრფელ თანამშრომლობას,
ხაზგასმით აღნიშნავენ 2007 წლის 7 თებერვალს ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო კავშირის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებისათვის.
სურთ რა, გაამარტივონ მხარეთა ტერიტორიებზე საქონლისა და მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი საერთაშორისო გადაადგილება სარკინიგზო ტრანსპორტით მხარეების სახელმწიფოებს შორის.
აღნიშნავენ რა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საყოველთაო პოტენციურ სარგებელს რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობისათვის,
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილ წესებს და სტანდარტებს, მათ შორის, და არა მხოლოდ, საქონლის სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციას და მის მე-9 დანართს „საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვისათვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივების თაობაზე“, რომლის ხელშემკვრელ მხარეებსაც წარმოადგენენ ამ შეთანხმების მხარეები, რომელიმე მხარის მიერ გაკეთებული დათქმების გათვალისწინებით.
ხაზს უსვამენ რა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას მხარეთა ყველა შესაბამის ადმინისტრაციას შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შეუფერხებელი, ეფექტიანი და ქმედითი ფუნქციონირებისათვის,
სურთ რა, უზრუნველყონ სატვირთო გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, შემდეგი განსაზღვრებები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) „საქონელი“, ტვირთი, მათ შორის ცხოველი/შინაური ცხოველი და ამანათები, ნებისმიერი პროდუქტები და სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ძვირფასეულობა, რაც გაწერილია სამართლებრივ საბაჟო დებულებებში, საზღვრებს შორის რკინიგზით გადაადგილებული;
ბ) „სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება: ნებისმიერი დატვირთული ან დაუტვირთავი სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა, რომელიც მოძრაობს ლიანდაგზე, რომელიც გამოიყენება მგზავრების ან / და ტვირთის გადასაზიდად;
გ) „საბაჟო სასაზღვრო გამშვები პუნქტები“: ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლი, რაც დაკავშირებულია ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის სასაზღვრო გადაადგილებასთან;
დ) „საბაჟო კონტროლი“: ქმედებები, რომელიც ხორციელდება საბაჟო უწყებების მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მხარეების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა;
ე) „მონაცემთა წინასწარი გაცვლა“: მხარეებს შორის სტრუქტურული მონაცემების წინასწარი გადაცემა, მიღებული შეტყობინების სტანდარტებით, კომპიუტერიზებული სისტემით;
ვ) „ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლები“: დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს და პრინციპებს, ელექტრონული ინფორმაციის სტრუქტურის შესახებ, სია და ინფორმაციის უსაფრთხოების საფუძველზე მონაცემების ფორმატი, აგრეთვე ორგანიზაციული თანამშრომლობის პროცედურები;
ზ) „იდენტიფიკაციის საშუალებები“: საბაჟო ლუქი და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რომელიც აღიარებულია საბაჟო უწყებების მიერ საბაჟო კონტროლისა ან გაფორმების შედეგად;
მუხლი 2🔗
მიზანი და სფერო
1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია უზრუნველყოს დებულებები თანამშრომლობისთვის, რათა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში, მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე საბაჟო პროცედურები გამარტივდეს.
2. ამ შეთანხმების მიზნის შესრულებისათვის მხარეებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ საქონლისა და ტრანსპორტის საბაჟო კონტროლის პროცედურის დაჩქარების მიზნით.
3. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიებზე სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე.
4. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ყველა სატრანზიტო ოპერაციაზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ტრანსპორტის ფარგლებში მონაწილე მხარეთა სახელმწიფოებს შორის ან მის გავლით ხდება.
მუხლი 3🔗
კომპეტენტური ორგანოები
1. ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოსათვის: შემოსავლების სამსახური;
ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკისათვის: სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი;
გ) თურქეთის რესპუბლიკისათვის: ვაჭრობის სამინისტრო.
2. კომპეტენტურ ორგანოს/ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ მხარეებმა დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობონ დეპოზიტარს, რომელიც საპასუხოდ მოახდენს კომუნიკაციას ყველა დანარჩენ მხარესთან.
მუხლი 4🔗
თანამშრომლობა სარკინიგზო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე
1. მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ მათი სახელმწიფოების საზღვრის კვეთისას საქონლის საბაჟო კონტროლის და სხვა შემოწმებების დროის შემცირების მიზნით, გარდა საბაჟო სამართალდარღვევების კონტრაბანდისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებისა.
2. მხარეები შეეცდებიან გაამარტივონ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლის პროცედურები წინასწარი ელექტრონული მონაცემთა გაცვლის სისტემის გამოყენებით, მაშინ როდესაც ისინი ახდენენ საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებას და ორგანიზებას მხარეების სახელმწიფოების კანონმდებლობისა და ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით.
3. მხარეებმა უნდა გასწიონ ძალისხმევა, რათა შემოწმებისას უპირატესობა მიენიჭოს და სპეციალური ყურადღება მიექცეს მალფუჭებადი საქონლის, შინაური პირუტყვისა და სხვა საქონლის მიერ საზღვრის შეუფერხებელ და გამარტივებულ კვეთას, რომელთა სწრაფი ტრანსპორტირება აუცილებლობას წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომლებშიც მხარეების სახელმწიფოები მონაწილეობენ და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად.
4. როგორც წესი, საერთაშორისო ტრანზიტის დროს საქონელი არ უნდა დაექვემდებაროს ფიზიკურ შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განსაზღვრულია მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით რისკების ანალიზის სისტემების შესაბამისად.
5. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უნდა დაეხმარონ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან საქონლის მიერ რკინიგზის საშუალებით საზღვრის კვეთის შეუფერხებელი პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით.
6. მხარეთა მებაჟე ოფიცრებმა სარკინიგზო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად.
7. როგორც წესი, მხარეები აღიარებენ სხვა მხარის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამის მხარეს საჭიროდ მიაჩნია საბაჟო კონტროლის განხორციელება. თუ ერთ-ერთი მხარე ახორციელებს დამატებით საბაჟო კონტროლს, მან უნდა გამოიყენოს მისი საბაჟო ლუქი.
8. საჭიროების შემთხვევაში მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ სპეციალურად დანიშნულ ადგილზე ერთობლივი ქმედებების განხორციელებაზე.
9. მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ სარკინიგზო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განსახორციელებელ საბაჟოს სამუშაო პროცესთან ჰარმონიზებისა და ურთიერთშეთანხმების მიღწევისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის.
10. მხარეებმა შესაძლებელია გაცვალონ x-ray სურათები, რათა დაჩქარდეს საბაჟო სასაზღვრო კვეთის პროცედურები.
მუხლი 5🔗
ინფორმაციის გაცვლა და იმპლემენტაცია
1. მხარეები ორგანიზებას გაუწევენ და განახორციელებენ მუდმივ რეჟიმში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ტრანსპორტის ფარგლებში მხარე სახელმწიფოების ტერიტორიებს შორის ან გავლით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას.
2. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი საბაჟო თანამდებობის პირების ნუსხა, რომლებსაც უფლებამოსილება ექნება, აწარმოონ კომუნიკაცია შესაბამის საკონტაქტო პირებთან შემდეგი მიზნებისთვის:
ა) შეიმუშაონ და შეათანხმონ ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტი, ინფორმაციის გაცვლისა და მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ტექნოლოგიები, ასევე, მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) გადაწყვიტონ ამ შეთანხმების იმპლემენტაციისას წარმოშობილი ტექნიკური პრობლემები.
3. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგიების შემუშავებისათვის, მხარეებმა უნდა მოამზადონ და განახორციელონ საცდელი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 6 (ექვს) თვეს. ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
საცდელი პროექტის პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში მხარეები თანხმდებიან:
ა) ინფორმაციის გაცვლის ტექნიკურ მახასიათებლებზე;
ბ) გასაცვლელი მონაცემების ნუსხაზე, სტრუქტურასა და ფორმატზე;
გ) ინფორმაციის უსაფრთხოების მოთხოვნებზე;
დ) მხარეთა შორის თანამშრომლობის განხორციელების პროცედურაზე.
4. საბაჟო ორგანოების მიერ მათი იმ შესაბამისი ადმინისტრაციების განსაზღვრა, რომლებშიც განხორციელდება საბაჟო ოპერაციები იმ საქონელთან დაკავშირებით, რომლის ტრანსპორტირება ხდება ამ შეთანხმების შესაბამისად:
ა) მხარეები წერილობით აცნობებენ ერთმანეთს საცდელი პროექტის განხორციელებისათვის მზადყოფნისა და ამ პროექტში მონაწილე საბაჟო ადმინისტრაციების შესახებ;
ბ) შემდეგი 3 (სამი) თვის განმავლობაში, მხარეები განახორციელებენ ამ შეთანხმების პრაქტიკულ რეალიზაციას;
გ) ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ინფორმაციის გამოყენება და დაცვა
1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის გამოყენება გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნებისათვის, მხარეთა სახელმწიფოებს შორის გადაადგილებულ საქონელთან დაკავშირებით.
2. მხარეთა მიერ მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის და დაუშვებელია, მიეწოდოს მესამე მხარეებს, ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
მუხლი 7🔗
სამმხრივი თანამშრომლობის კომისია
1. მხარეები ქმნიან სამმხრივი თანამშრომლობის კომისიას (შემდგომში – სთკ).
2. სთკ-ს შემადგენლობაში შეყვანილი უნდა იქნენ მხარეთა საბაჟო ადმინისტრაციების თანამდებობის პირები.
3. საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მხარე უფლებამოსილია, მოიწვიოს სხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
4. მხარეებმა დადგენილი წესით უნდა განსაზღვრონ სთკ-ის წევრები მათი მხრიდან და დროულად აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
5. სთკ-მ უნდა უზრუნველყოს:
ა) ამ შეთანხმების იმპლემენტაცია და გამართულად ფუნქციონირება;
ბ) მხარეთა სარკინიგზო-საბაჟო ფორმალობების შეუფერხებელი იმპლემენტაცია;
გ) ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეთათვის ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების პლატფორმის შექმნა.
6. სთკ უნდა შეიკრიბოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ და სხდომებს მხარეებმა უნდა უმასპინძლონ მონაცვლეობით.
7. კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაფორმდეს ოქმის სახით და სხდომის დასრულებისას ხელმოწერილ იქნეს მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელები პირების მიერ.
მუხლი 8🔗
სხვა საერთაშორისო შეთანხმებები
ამ შეთანხმების დებულებები გავლენას არ იქონიებს მხარეთა მონაწილეობით დადებულ, სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე, მათ უფლებებსა და ვალდებულებებზე.
მუხლი 9🔗
დავების გადაწყვეტა
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ამ შეთანხმების ინტერპრეტაციიდან ან იმპლემენტაციიდან გამომდინარე, შემდგომი განხილვისა და მოგვარების მიზნით უნდა გადაეცეს სთკ-ს.
2. სთკ-ს მიერ მოუგვარებელი საკითხები უნდა გადაწყდეს მხარეების მიერ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 10🔗
დამატებები და ცვლილებები
შეთანხმებაში ნებისმიერი დამატება და ცვლილება შესაძლოა განხორციელდეს მხარეების მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამგვარი დამატებები და ცვლილებები შესრულდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც იქნება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-12 მუხლის დებულებების შესაბამისად. ამასთან, ინფორმაციის გაცვლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტში ცვლილებები შევა მხოლოდ მხარეების საბაჟო უწყებების მიერ წერილობითი თანხმობით.
მუხლი 11🔗
დეპოზიტარი
წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტარი იქნება თურქეთის რესპუბლიკა. დეპოზიტარმა მხარეები უნდა უზრუნველყოს შეთანხმების სერტიფიცირებული ასლებით. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტები ინახება დეპოზიტართან.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა და შეწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მხარეების მიერ დიპლომატიური არხებით დეპოზიტარისთვის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე (30) დღეს.
დეპოზიტარმა დანარჩენ მხარეებს უნდა აცნობოს შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.
წინამდებარე შეთანხმება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით და ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ეს შეთანხმება, მისი შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხებით დეპოზიტარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამგვარი შემთხვევის დროს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა მოხდება ამგვარი შეტყობინების თარიღიდან სამ თვეში.
დასტურად ამისა, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. ბაქოში, 2022 წლის 18 აგვისტოს, თითო დედნად, ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)