მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმის № 330211924009255792 N2/11172-24
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2024 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი / მოვალე – შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ს.ნ. 229326869)
წარმომადგენელი – მედეა მხეიძე
მოთხოვნა – მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს.ნ. 229326869) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 13 მაისს განცხადებით მომართა შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ წარმომადგენელმა მედეა მხეიძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გაკოტრების რეჟიმის გახსნით.
2024 წლის 14 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა კრედიტორების მოთხოვნებისა და საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს.ნ. 229326869) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2024 წლის 17 ივნისს (11:09 წთ-ზე). ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 24 ივნისს. განჩინების გამოქვეყნებიდან, ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ს.ნ. 229326869) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და, შესაბამისად, გაუქმდეს შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ (ს.ნ. 229326869) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „დუშეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს.ნ. 229326869) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე