„სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.05.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/158
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000121
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 05/09/1996
matsne.gov.ge 2,194 სიტყვა · ~11 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/158 1996 წლის 6 მაისი ქ. თბილისი „სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების მოწესრიგების მიზნით ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესი”. 2. დაევალოს იურიდიულ განყოფილებას გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში აღნიშნული წესი. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბარიძეს. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი                                                    ა. სილაგაძე სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წლის 21 იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ“ დებულების შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესებს (შემდგომში „კონკურსი”), ასევე გამყიდველების, მყიდველებისა და კონკურსის სხვა მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. 1.2. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" კანონის შესაბამისად, კონკურსით გაყიდვის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო”) ან მისი ტერიტორიული ორგანო. 1.3. კონკურსით სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციაში იგულისხმება, კანონის თანახმად მყიდველად მიჩნეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ საწარმოების (გაერთიანებების), მათი ქვედანაყოფების, საწარმოო და არასაწარმოო ფასეულობათა ერთიანი ქონებრივი კომპლექსების, ლიკვიდირებული საწარმოების აქტივების, აგრეთვე სააქციო საზოგადოებაში სხვა საზოგადოებაში) - სახელმწიფოს კუთვნილი აქციათა პაკეტების (წილი, პაი) შეძენა, როდესაც მყიდველებს მოეთხოვებათ გამყიდველის მიერ დადგენილი პირობების შესრულება. 1.4. კონკურსის პირობათა რიცხვს შეიძლება განეკუთვნოს: - საპრივატიზაციო ობიექტის, მათ შორის, აქციათა პაკეტის ფასი (ფასი წარმოადგენს კონკურსის აუცილებელ პირობას); - გამყიდველის მიერ დადგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად საპრივატიზაციო საწარმოში ინვესტიციების დაბანდება; - განსაზღვრული ვადით საქონლის, სამუშაოების, მომსახურების, წარმოების მოცულობისა და პროფილის შენარჩუნება; - ორ წლამდე ვადით არსებული სოციალური გარანტიებისა და (ან) სამუშაო ადგილების მთლიანად ან განსაზღვრული პროცენტით შენარჩუნება; - საპრივატიზაციო ობიექტების ქონებრივ კომპლექსში შემავალი სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტების მოვლის და გამოყენების წესი; საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ გარკვეული ქმედებების აკრძალვა. 1.5. კონკურსით სახელმწიფო ქონების გამყიდველი არის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ ან შუამავლის საშუალებით (შემდგომში „ორგანიზატორი”), რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული ექნება უფლებამოსილება და იმოქმედებს პრივატიზაციის შესახებ რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 1.6. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მყიდველად მიჩნეულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს. 2. კონკურსის სახეები 2.1. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით კონკურსი არის ორი სახის: კომერციული და საინვესტიციო. 2.1.1.კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და ობიექტის შესაძენად მაქსიმალური ფასის გადახდა. 2.1.2. საინვესტიციო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და გამყიდველის მიერ დადგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზაციო ობიექტში ინვესტიციების მაქსიმალური მოცულობა. 2.2. საპრივატიზაციო ობიექტის ან აქციათა პაკეტის გაყიდვისას კონკურსის სახეს ადგენს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. 2.3. საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში გამყიდველი ადგენს ინვესტიციების ოდენობასა და მისი ინვესტირების რეჟიმს. 3. კონკურსის მომზადება და ორგანიზება 3.1.კონკურსის მოწყობის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო კონკურსის ჩატარების ორგანიზატორის ფუნქცია შეიძლება შესრულდეს უშუალოდ მათ მიერ, ან შუამავლის მეშვეობით. 3.2. კონკურსის ჩასატარებლად გამყიდველი გადასცემს ორგანიზატორს: - საკონკურსო ობიექტის პრივატიზების გეგმას (პრივატიზების პროგრამა), რომელიც შეიცავს კონკურსის ჩატარების პირობებს კონკურსის ჩატარების შესახებ საინფორმაციო ცნობის პროექტს; - ლიკვიდირებული ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში - სალიკვიდაციო კომისიის მიერ შედგენილ მასალებს. 3.3. ორგანიზატორი, კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, გამყიდველისაგან მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს, საინფორმაციო ცნობას კონკურსით გასაყიდი ობიექტის შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრესაში. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - გამყიდველის დასახელება; - კონკურსის პირობები და კონკურსის სახე (საინვესტიციო, კომერციული); - ანგარიშსწორების ფორმა; - საპრივატიზებო ობიექტის დასახელება და მისამართი; - საპრივატიზებო ობიექტის ფასი; - საპრივატიზებო ობიექტის და (ან) დოკუმენტაციის წინასწარი გაცნობის წესი; - განაცხადების მიღების საბოლოო ვადა; - ბესა (საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით) და მისაგებლის ოდენობა, გამყიდველის ანგარიშსწორების ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს თანხა; - ორგანიზატორის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი; - მონაწილეთა წინადადების შემცველი კონვერტების გახსნის თარიღი, დრო და ადგილი; - საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი; - საწარმოს პროფილი; - ძირითადი ფონდების საბალანსო ღირებულება; - სახელმწიფოს წილი საწესდებო კაპიტალში; აქციათა პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს : - სააქციო საზოგადოების დასახელებას და იურიდიულ მისამართს; - გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; - ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; - საპრივატიზებო აქციების რაოდენობას და მათ ნომინალური ღირებულებას; 3.4. ლიკვიდირებული საწარმოს აქტივების გაყიდვის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი ძირითადი მახასიათებლები. 3.5. დამატებითი ინფორმაციის ნუსხასა და მიწოდების ფორმას განსაზღვრავს გამყიდველი. 3.6. საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებული ფიზიკურ და იურიდიულ პირს ორგანიზატორი საშუალებას აძლევს წინასწარ გაეცნონ საპრივატიზებო ობიექტს. ობიექტის წინასწარი გაცნობა ხდება ორგანიზატორის მიერ დაწესებული ანაზღაურების საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობისა. ორგანიზატორი ვალდებულია შექმნას ობიექტის წინასწარ გასაცნობად საჭირო პირობები. 3.7.ორგანიზატორი იღებს და დაუყონებლივ ატარებს რეგისტრაციაში პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილგანაცხადებს. 3.8. საპრივატიზებო ობიექტის კონკურსის წესით გაყიდვის მიზნით გამყიდველი ექვსი თვის ვადით ქმნის მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიას 5-9 წევრისაგან. კომისიაში აუცილებლად უნდა შედიოდეს გამყიდველის წარმომადგენელი, ხოლო მუნიციპალური საკუთრების ობიექტის პრივატიზების შემთხვევაში - მმართველობის ადგილობრივი ორგანოს წარმომადგენელიც. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე არის გამყიდველის წარმომადგენელი. 3.9. კონკურსის ჩატარების დღეს ორგანიზატორი საკონკურსოდ მიღებულ მასალებს გადასცემს საკონკურსო კომისიას რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულს. 3.10. საკონკურსო კომისია დამოუკიდებლად შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი მუშაობის რეგლამენტს. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის სულ ცოტა ორი მესამედი. სადავო საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით საკონკურსო კომისიის წევრთა საერთო რიცხვიდან ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. 3.11. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა წევრი კომისიის წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს თავისი განსხვავებული აზრი, ხოლო თავმჯდომარე ვალდებულია დაურთოს იგი ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა. 3.12. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ორგანიზატორი გადასცემს შემაჯამებელ ოქმებს გამყიდველს, რომელიც სამი დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს. 3.13. ორგანიზატორი გამყიდველთან შეთანხმებით აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შედეგების შესახებ. 4. კონკურსში მონაწილეობის პირობები 4.1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად მყიდველად მიჩნეული მოქალაქეები, იურიდიული პირები, უცხოელი ინვესტორები, რომლებიც დროულად წარადგენენ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტებს. ამასთან, საინვესტიციო კონკურსში მონაწილეობის პრეტენდენტთა მიმართ სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაწესდეს დამატებითი მოთხოვნები (მათ შორის, საწარმოო საქმიანობის მოცემული მიმართულებით გამოცდილების არსებობა, გარანტიები პოტენციური ინვესტორის განკარგულებაში კაპიტალის არსებობის შესახებ). 4.2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: - დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი; -წინადადებები გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მყიდველის მიერ; - საინფორმაციო ცნობაში მითითებულ გამყიდველის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ბეს შეტანის დამადასტურებელი საგადასახადო ქვითარი; - მისაგებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; - მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით; იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს. 4.3. განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. 4.4. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით. 4.5. განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან განმცხადებელი იძენს პრეტენდენტის სტატუსს. 4.6. ცნობები, განაცხადის შემომტანთა შესახებ არ ექვემდებარება გამოქვეყნებას. 4.7.კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება იწყება კონკურსის გამოცხადების დღიდან და წყდება 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე კონკურსის ჩატარების თარიღამდე. პრეტენდენტს უფლება აქვს წერილობით გამოითხოვოს თავისი განაცხადი, განაცხადების მიღების ვადის გასვლამდე - ბეს დაუკავებლად, ხოლო განაცხადების მიღების დამთავრებიდან კონკურსის ჩატარების დღემდე - ბეს დაკავებით. ორგანიზატორი ახდენს პრეტენდენტის მიერ განაცხადის გამოთხოვნის რეგისტრაციას. 4.8. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ: - განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნეს საპრივატიზებო ობიექტის მყიდველად; - განაცხადის შემომტანმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა ამ დებულებით გათვალისწინებული დოკუმენტები. 5. კონკურსის ჩატარების წესი 5.1. საკონკურსო კომისია პრეტენდენტთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე. 5.2. კონკურსის პირობები სავალდებულოა ყველა პრეტენდენტისათვის. წინადადება კონკურსის პირობების უკეთესი ხარისხით შესრულების შესახებ კონკურსის მონაწილეს არ აძლევს უპირატესობას სხვა მონაწილეთა მიმართ. 5.3. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება პრეტენდენტი, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და შეიცავს მაქსიმალურ ფასს, ხოლო საინვესტიციო კონკურსის გამარჯვებულად - პრეტენდენტი, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და რომელმაც გამყიდველს შესთავაზა განსაზღვრული დროისათვის ინვესტიციების მაქსიმალური მოცულობა. 5.4 დადგენილ დღესა და საათს საკონკურსო კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. კომისიის მიერ მოწმდება ყველა ფორმალობის დაცვა, დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა, რის შესახებაც დგება ოქმი, სადაც ხდება ყველა შემოსული წინადადებებისა და მათი კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დაფიქსირება. თუ პრეტენდენტის წინადადებები არ პასუხობენ კონკურსის პირობებს, იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირება ოქმში. 5.5. კონკურსის შედეგების შეჯამებისას პრეტენდენტთა განცხადების დაფარვა ან გაუთვალისწინებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხოლო კონკურსის შედეგები ითვლება ბათილად. 5.6 საკონკურსო კომისიის ნებართვით კონვერტების გახსნას შეიძლება დაესწრონ პრეტენდენტები ან მათი წარმომადგენლები, რომელთაც ექნებათ სათანადო მინდობილობა კომისიის სხდომაზე დასასწრებად. 5.7. საკონკურსო კომისია იხილავს პრეტენდენტთა წინადადებებს და თითოეულისათვის ადგენს შესაბამის ოქმს, რის შემდეგაც კომისიის წევრები ცალ-ცალკე ადგენენ წერილობით დასკვნას საკუთარი არჩევანის დასაბუთებით. გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის შესახებ აცხადებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კონვერტის გახსნის დღეს, საკონკურსო კომისიის წევრთა დასკვნების საფუძველზე. 5.8. კონკურსი ითვლება ა შემდგარად, თუ: - განაცხადების წარდგენის დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი; - წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს და ამიტომ საკონკურსო კომისიამ ისინი უარყო; ამ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ადგენს ოქმს კონკურსის არ ჩატარების შესახებ. ოქმი მტკიცდება გამყიდველის მიერ, რომელიც ვალდებულია ერთი თვის ვადაში შეიტანოს საჭირო ცვლილებები ობიექტის პრივატიზაციის გეგმაში. 5.9. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის წინადადებები აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს და მათ მიერ შემოთავაზებულია კომერციული კონკურსის შემთხვევაში ერთნაირი ოდენობის მაქსიმალური თანხა, ხოლო საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში ერთნაირი რაოდენობის ინვესტიციები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად იმართება ფარული კენჭისყრა. 5.10. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დგება შემაჯამებელი ოქმი, რომელიც შეიცავს საკონკურსო კომისიის დასკვნას შემდეგი ფორმით: - საპრივატიზებო ობიექტის დასახელება; - საკონკურსო კომისიის შემადგენლობა; - მონაცემები კონკურსის მონაწილეთა შესახებ; - კონკურსში მონაწილეთა წინადადებები დანართების სახით; - საკონკურსო კომისიის წევრთა წერილობითი დასკვნები მათი არჩევანის დასაბუთებით (დანართების სახით); - კონკურსში გამარჯვებულის დასახელება; - ობიექტის შესყიდვის ფასი და ანგარიშსწორების ფორმა; - ინვესტიციების მოცულობა და ვადები (საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში). ოქმს თან უნდა ერთოდეს გამარჯვებულისათვის განკუთვნილი საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული წერილის პროექტი, რომელიც შეიცავს შეტყობინებას მისი წინადადებების მიღების შესახებ და მოწვევას გამყიდველთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად. - აღნიშნული ოქმი და საბუთები დასამტკიცებლად წარედგინება გამყიდველს. გამყიდველის მიერ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ ოქმის პირი ეგზავნება ყველა პრეტენდენტს. 5.11. კონკურსის პროცედურის დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეცვალოს კომისიის გადაწყვეტილება კონკურსში გამარჯვებულის შესახებ ან გააუქმოს კონკურსის შედეგები (ხელახალი კონკურსის დანიშვნით), კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ორი თვის განმავლობაში. 5.12. კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში (ოქმის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში) და სასამართლოში. 5.13. ორგანიზატორი ვალდებულია 30 კალენდარული დღის განმავლობაში პრესაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ. 6. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და მესაკუთრის უფლებები 6.1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია ათი დღის ვადაში აიღოს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგი გაუქმდება და მას ბე არ დაუბრუნდება. 6.2. ოქმის მიღების დღიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში, გამარჯვებულმა უნდა გადაიხადოს ობიექტის საბოლოო ფასის სულ ცოტა 50%, ხოლო დარჩენილი 50% შემდგომი 30 კალენდარული დღის განმავლობაში გარდა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6.3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ობიექტის საბოლოო ფასის მთლიანად ან „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში 50% გადახდის შემდეგ 15 კალენდარული დღის განმავლობაში. დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და კონკურსის შედეგები უქმდება და ინიშნება ხელახალი კონკურსი შეტანილი ბე მყიდველს არ უბრუნდება. იგი ჯარიმდება გასაყიდი ობიექტის საბოლოო ფასის 10%-ით და ეკრძალება ამავე ობიექტის (აქციათა პაკეტის) პრივატიზაციაში შემდგომში მონაწილეობის მიღება. 6.4. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: - ობიექტის დასახელება და მისამართი; - ცნობები გამყიდველის, მყიდველისა და შუამავლის შესახებ; - ობიექტის (აქციათა პაკეტის) შეძენის ფასი; - ობიექტის აქტივების შემადგენლობა და ღირებულება; - პირობები, რომელთა საფუძველზეც ობიექტი (აქციათა პაკეტი) გაყიდულ იქნა კონკურსით და მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დარღვევის შემთხვევაში; - მიწის ნაკვეთის ფართობი და მისი გამოყენების წესი; - ობიექტის (აქციათა პაკეტის) გადაცემის წესი და ვადები, ანგარიშსწორების ფორმა და ვადები; - უფლება-მემკვიდრეობის საზღვრები; - მხარეთა ურთიერთვალდებულებები ობიექტის (აქციათა პაკეტის) შემდგომი გამოყენების შესახებ; - სხვა პირობები მხარეთა შეთანხმების მიხედვით. 6.5. აქციათა პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ, გამყიდველი შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 6.6. ობიექტის შეძენისას შეტანილი ბე მყიდველს ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. ყველა დანარჩენი პრეტენდენტს კი კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში ბე უბრუნდება იმავე წესით, რა წესითაცაა შემოტანილი 6.7. ობიექტზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი იფარება ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები საერთო თანხიდან. 7. კონკურსზე პრივატიზებიდან ამონაგების განაწილება 7.1. კონკურსზე სახელმწიფო ქონების მყიდველებისგან შემოსული თანხის, დაინტერესებული პირების მიერ საპრივატიზებო ობიექტის გაცნობიდან მიღებული ანაზღაურებისა და დადგენილი წესით დაუბრუნებელი ბეების შემოსული სახსრებიდან იქმნება კონკურსის ამონაგები. 7.2. ამონაგები, მიღებული სახელმწიფო საკუთრების ობიექტებისა და ქონების ცალკეული სახეობების გაყიდვის შედეგად, ჩაირიცხება გამყიდველის სპეციალურ ანგარიშზე და განაწილდება დადგენილი წესით. 7.3. კონკურსის ორგანიზაციისა და ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება გამყიდველის, როგორც კონკურსის უშუალო ორგანიზატორის მიერ მიღებული ამონაგებიდან, იმ შემთხვევაში, როცა კონკურსის ორგანიზატორია შუამავალი, გამყიდველი ღებულობს წმინდა შემოსავალს, რაც განისაზღვრება როგორც სხვაობა ამონაგებსა და შუამავლის ანაზღაურებას შორის. შუამავალს ანაზღაურება ეძლევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 8. მყიდველის (მესაკუთრის) პასუხისმგებლობა 8.1. მყიდველი (მესაკუთრე) ვალდებულია კონკურსით შეძენილი ქონების პრივატიზების შემდეგ გამოყენებისას მკაცრად დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და შესრულებაზე ყოველ თვეში ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს ან ტერიტორიულ ორგანოს. 8.2. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი (მესაკუთრე) ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და გადაიხდება ქონების ღირებულების არა ნაკლებ 10% სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 8.3. საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო აღძრავს სარჩელის უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. 8.4. სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში მყიდველს (მესაკუთრეს) არ აუნაზღაურდება: ა) ქონების ღირებულება; ბ) ობიექტის გაუმჯობესებაზე გაწეული დანახარჯთა ღირებულება, ამასთან ერთად გადახდება საამორტიზაციო ანარიცხები დადგენილი წესის შესაბამისად. 8.5. მყიდველზე (მესაკუთრეზე), რომელიც კონკურსის წესით ქონების შეძენისას ღირებულების გადახდის დროს სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით, ვრცელდება 8.3. და 8.4. პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 9. გარიგებათა ბათილად ცნობა 9.1. კონკურსით სახელმწიფო და მუნიციპალურ საწარმოთა პრივატიზებისას დადებული გარიგებები ბათილად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9.2. კონკურსის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავები განიხილება სასამართლოს მიერ, სამინისტროს ან პროკურატურის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9.3. საპრივატიზაციო გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ წარმოშობილი სადავო საკითხები (მათ შორის, მყიდველისმიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილება სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.