შუალედური ლიცენზიის გაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.1997
ძალის დაკარგვა 27.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000112
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 22.04.2016
დოკუმენტის ტექსტი
შუალედური ლიცენზიის გაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ელექტროენერგეტიკის
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2
1997 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
შუალედური ლიცენზიის გაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 41-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა დამტკიცდეს „შუალედური ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები“.
თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი
შუალედური ლიცენზიის გაცემის წესი და პირობები
1. ზოგადი დებულებანი
1.1. შუალედური ლიცენზიის (შემდგომში ლიცენზია) გაცემის წესი და პირობები ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ელქტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან განაწილების ლიცენზიის მიღების მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობისა, აგრეთვე განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ წესებს და პროცედურებს.
1.2. კომისია გასცემს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიებს (შემდგომში ლიცენზია) „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის ნორმატიული აქტების შესაბამისად არცერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია და განაწილება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მწარმოებელი ელექტროენერგიას აწარმოებს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და არ არის მიერთებული გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან.
1.3. შუალედური ლიცენზია არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ნებართვას მასში ნაჩვენებ საქმიანობაზე გარკვეული ვადის განმავლობაში და განსაზღვრავს მისი განხორციელებისათვის აუცილებელ პირობებს.
შუალედურ ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს მომსახურების სახე, მომსახურების საშუალებების ადგილმდებარეობა და ტერიტორია, რომელზეც გავრცელდება ლიცენზიის მოქმედება, ლიცენზიის მოქმედების ვადა, მოთხოვნა სალიცენზიო გადასახდელის დროულად გადახდაზე, ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერების და გაუქმების პირობები.
2. ლიცენზიის გაცემის პირობები
2.1. ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას წარმოუდგინონ:
განაცხადი საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:
- იურიდიული პირებისათვის: ორგანიზაციის დასახელება, საკუთრების ფორმა, იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები (მომსახურე ბანკის დასახელება, მისამართი, ანგარიშის ნომერი და კოდი), ხელმძღვანელის გვარი სახელი, მამის სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
- ფიზიკური პირებისათვის: გვარი სახელი, მამის სახელი, მისამართი და საპასპორტო მონაცემები ( სერია, ნომერი, როდის და ვის მიერ არის გაცემული, რეგისტრაციის ადგილი);
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) დადგენილი წესით დამოწმებული ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბუთების და მისი იურიდიული პირის სახით სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ფიზიკური პირებისათვის - ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ბ) საწარმოს პასპორტი ძირითადი ნახაზებით;
გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციის რაიონული (საქალაქო) განყოფილებიდან;
დ) ბოლო წლის ბალანსი დამტკიცებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ;
ე) ცნობა ბანკიდან (ბანკებიდან), საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
ვ) ლიცენზიის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) საწარმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;
თ) წარმოების საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ი) ელექტრულ ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობები;
კ) შესაბამისი ეკოლოგიური სამსახურის დასკვნა იმის შესახებ, რომ საწარმოს ექსპლუატაცია აკმაყოფილებს გარემოს დაცვის მოთხოვნებს;
ლ)ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიისთვის: ხელშეკრულებები (შეთანხმებები) სახელმწიფო კომპანია „საქენერგოსთან“, რომელშიც ასახული უნდა იყოს ერთიან ენერგოსისტემაში ელექტროსადგურის ჩართვის ტექნიკური პირობები;
„საქენერგოსათვის“ და პირდაპირი ხელშეკრულებით გასაცემი ელექტროენერგიის რაოდენობა თვეების მიხედვით;
- გადაცემა-დისპეჩერიზაციის ლიცენზიისათვის: ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი, ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ელექტროენერგიის შესყიდვაზე (მ.შ. ელექტროსადგურებიდან და იმპორტი), გამანაწილებელ ენერგოკომპანიებთან და პირდაპირ მომხმარებლებთან ელექტროენერგიის მიყიდვაზე;
ელექტროენერგიის გადაცემაზე და დისპეტჩერიზაციაზე, ექსპორტზე.
- განაწილების ლიცენზიისათვის ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ელექტროენერგიის შესყიდვაზე „საქენერგოდან“ და ელექტროსადგურებიდან და ელექტროენერგიის მიყიდვაზე მომხმარებელთათვის.
2.2. 2.1 პუნქტში გათვალისწინებული მონაცემების სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებელია მისი წარმომდგენი საწარმოს ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.3. კომისიას უფლება აქვს შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემები.
2.4. ლიცენზიატი ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნების და კომისიის დადგენილებების და გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2.5. არცერთ ლიცენზიატს არა აქვს უფლება კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ხდება მომსახურების მიმღები სხვა ლიცენზიანტის ან პირდაპირი მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან მომსახურების დამტკიცებული პირობების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზებით. ორივე შემთხვევაში ლიცენზიატი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე. კომისიისგან მომსახურების შეწყვეტაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიატი აბარებს ლიცენზიას.
2.6. ლიცენზიის გაცემისთვის ან შეჩერებული ლიცენზიის გასაახლებლად, კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ფინანსური გარანტია.
3. ლიცენზიის გაცემის წესები და პროცედურები
3.1. კომისია ვალდებულია ლიცენზიის მიღებაზე განაცხადის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში განიხილოს საწარმოს თხოვნა და მიიღოს შემდეგი შესაძლო გადაწყვეტილება:
ა) დააკმაყოფილოს თხოვნა და გასცეს ლიცენზია;
ბ) დააბრუნოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი სრულყოფისათვის;
გ) უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე შესაბამისი დასაბუთებით;
განსაკუთრებულ შემთხვევებში კომისიას უფლება აქვს საწარმოსთან შეთანხმებით გააგრძელოს განაცხადის განხილვის დადგენილი ვადა;
3.2. კომისია ვალდებულია ლიცენზიის მოდიფიცირების, ან გაუქმების შესახებ წინასწარ შეატყობინოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (საჭიროების შემთხვევაში) და ლიცენზიატს და საშუალება მისცეს მათ დაესწრონ კომისიის სხდომას;
3.3. ლიცენზიის მოდიფიცირება ხდება მისი ვადებისა და პირობების შესაბამისად, გაუქმება ან შეჩერება ლიცენზიის ვადებისა და პირობების დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში კომისიას ლიცენზიის მოდიფიცირება, შეჩერება ან გაუქმება შეუძლია მხოლოდ ლიცენზიატთან წინასწარი შეთანხმებით, ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირებისას კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს ლიცენზიანტისგან პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის უფრო გამკაცრებული მოთხოვნების შესრულება;
3.4. ლიცენზიატს უფლება არა აქვს კომისიის ნებართვის გარეშე ფლობდეს ერთზე მეტ ლიცენზიას ან ფლობდეს სხვა ლიცენზიატის აქციებს. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან მართავს წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან განაწილების ლიცენზიატის აქციებს, უფლება არა აქვს, კომისიის ნებართვის გარეშე, ფლობდეს ელექტროენერგეტიკის დარგის სხვა ლიცენზიატის აქციებს;
კომისიის ნებართვის გარეშე აკრძალულია ლიცენზიის გადაცემა სხვა ფიზიკური ან იურიდიულ პირზე.
3.5. კომისიას უფლება აქვს ელექტროენერგეტიკის რეორგანიზაციისა და საბაზრო პრინციპებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით გააგრძელოს, მოდიფიცირება გაუკეთოს ან გააუქმოს ლიცენზია საწარმოს ფუნქციონირების შეუჩერებლად.
3.6. ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს:
ა) ლიცენზიატის გასული წლის საქმიანობის ანგარიში;
ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა;
გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც კომისია მიიჩნევს საჭიროდ.
4. სალიცენზიო გადასახდელი და ფინანსური გარანტიები
4.1. კომისია ლიცენზიატების მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე ადგენს სალიცენზიო გადასახდელს, რომელსაც იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატები და რომელიც ყოველწლიურად კორექტირდება კომისიის ხარჯებისა და ლიცენზიატების საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით.
4.2. წლიური სალიცენზიო გადასახდელი დგინდება კომისიის დადგენილებით ყოველ 1 კვტსთ ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე და განაწილებაზე.
4.3. ელექტროენერგიის დარგის საწარმოები ლიცენზიის მისაღებად იხდიან საგარანტიო თანხას ავანსის სახით, რომელიც შეადგენს დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის არანაკლებ 20%-ს. საგარანტიო თანხა ლიცენზიატებს ეთვლებათ სალიცენზიო გადასახდელში.
4.4. ლიცენზიატი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს წლიური (ან კალენდარული წლის დადგენილი პერიოდის) სალიცენზიო გადასახდელის 30%, ხოლო დარჩენილი 50% ნახევარი წლის (ან კალენდარული წლის დარჩენილი პერიოდის ნახევრის) გასვლიდან ერთი თვის ვადაში.
სალიცენზიო გადასახდელის გადახდის პროცედურა შეიძლება შეიცვალოს კომისიისა და ლიცენზიატის ურთიერთშეთანხმებით.
4.5. ლიცენზიის გაცემისათვის საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა ლიცენზიის მიღებისთვის 2.1. პუნქტში მოყვანილი დოკუმენტების ჩაბარებამდე.
გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხი არ განიხილება.
4.6. ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა დადგენილი საგარანტიო თანხის 50%-ის გადახდის შემდეგ.
5. ლიცენზიის გაცემის წესის და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა
5.1. წინამდებარე წესის და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება კომისიის მიერ, დადგენილი წესით.
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისია
შუალედური ლიცენზია №________
------------------------------------------------------------------------------------------------------
(იურიდიული პირის სრული დასახელება, ფიზიკური პირის გსმ.)
------------------------------------------------------------------------------------------------------
მიეცა უფლება „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განახორციელოს ელექტროენერგიის „ლიცენზიატის“ საქმიანობა.
შუალედური ლიცენზიის პირობები მოცემულია დანართში.
შუალედურ ლიცენზიას დანართის გარეშე ძალა არა აქვს.
შუალედური ლიცენზია ძალაშია 199 წ. „------„ ---------------------- დან
199 წ. „------„ ---------------------- დან
გადაწყვეტილება № --------- 199 წლის „-----„ --------------------
თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი
ბ.ა.
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისია
შუალედური ლიცენზიის №
დ ა ნ ა რ თ ი
შუალედურ ლიცენზიატს -------------------------------------------------------------------
(იურიდიული პირის სრული დასახელება, ფიზიკური პირის გსმ.)
მიეცა უფლება -----------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობის ან ტერიტორიის დასახელება)
განახორციელოს ---------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
შუალედური ლიცენზიატი ვალდებულია ---------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
დამატებითი პირობები:
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
თავმჯდომარე ელიზბარ ერისთავი
199 წ. „ „ ------------------------------------
ლიცენზიის გარეშე დანართს ძალა არა აქვს!