ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია
მიღების თარიღი 25.05.2023
ძალაში შესვლა 01.09.2024
გამომცემი ორგანო 2. საკონტაქტო პირი თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში
ნომერი №ე. ენა(ები)
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016786
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2024
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1. თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო | 2. საკონტაქტო პირი თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში |
| ა. მისამართი | ა. მისამართი (თუ განსხვავებულია) |
| ბ. ტელეფონის ნომერი | ბ. ტელეფონის ნომერი (თუ განსხვავებულია) |
| გ. ფაქსის ნომერი | გ. ფაქსის ნომერი (თუ განსხვავებულია) |
| დ. ელფოსტა | დ. ელფოსტა (თუ განსხვავებულია) |
| ე. დამოწმების ნომერი | ე. ენა(ები) |
| 1. თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო | 2. საკონტაქტო პირი თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში |
| დ. ელექტრონული ფოსტა | დ. ელექტრონული ფოსტა (თუ განსხვავებულია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
"სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ კონვენცია „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“
დოკუმენტის ტექსტი
ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია
კონვენცია
ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები,
გამოთქვამენ რა სურვილს გააუმჯობესონ სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმებთან დაკავშირებით,
აცნობიერებენ რა იმ პროცედურების საჭიროებას, რომლებსაც მოაქვთ შედეგები და რომლებიც ხელმისაწვდომი, ოპერატიული, ეფექტიანი, ხარჯეფექტიანი, საპასუხისმგებლო და სამართლიანია,
სურთ რა უფრო მეტად განავითარონ ჰააგის არსებული კონვენციებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების, კერძოდ, „საზღვარგარეთ ალიმენტის გადახდევინების“ გაეროს 1956 წლის 20 ივნისის კონვენციის საუკეთესო მახასიათებლები,
ცდილობენ რა ისარგებლონ ტექნოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებით და შექმნან ის მოქნილი სისტემა, რომლის განახლება შესაძლებელია საჭიროებებისა და შემდგომი ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად შექმნილი შესაძლებლობების შესაბამისად,
მხედველობაში იღებენ რა „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 და 27-ე მუხლების დანაწესებს, რომ
- ბავშვთა მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს,
- ყველა ბავშვს აქვს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობების შექმნის უფლება,
- მშობელს (მშობლებს) ან ბავშვზე პასუხისმგებელ სხვა პირებს აკისრიათ უპირატესი ვალდებულება, საკუთარი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის შესაფერისი პირობები, და
- ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების ჩათვლით, რათა უზრუნველყონ მშობლ(ებ)ის ან სხვა პასუხისმგებელი პირების მიერ ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირები ცხოვრობენ იმ სახელმწიფოში, რომელიც არ არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილი,
გადაწყვიტეს მიეღოთ წინამდებარე კონვენცია და შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე -
თავი I. მიზანი, მოქმედების ფარგლები და ტერმინთა განმარტება
მუხლი 1🔗
მიზანი
წინამდებარე კონვენციის მიზანია ბავშვის სასარგებლოდ და ოჯახის რჩენის სხვა შემთხვევებისათვის საერთაშორისო ფარგლებში ალიმენტის ეფექტიანი გადახდევინების უზრუნველყოფა; კერძოდ, შემდეგი საშუალებებით:
ა) ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნით;
ბ) რჩენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით მიმართვის განხორციელების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
გ) რჩენის თაობაზე გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უზრუნველყოფით; და
დ) რჩენის თაობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ეფექტიანი ზომების მიღებით.
მუხლი 2🔗
მოქმედების ფარგლები
1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება -
ა) რჩენის ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიშობა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 21 წელი;
ბ) მეუღლისათვის ალიმენტის გადახდის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე ან აღსრულებაზე – როდესაც მომართვა ხორციელდება ა) ქვეპუნქტში მითითებული პირობის ფარგლებში; და
გ) მეუღლის რჩენის საკითხზე, გარდა კონვენციის II და III თავებისა.
2. 62-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა 1-ელი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დანაწესზე, რომ კონვენციის დებულებები გამოიყენება მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებზე. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელიც აკეთებს ამგვარ დათქმას, არ აქვს უფლება დააყენოს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის მიმართ და მოითხოვოს კონვენციის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომელთა ასაკიც არ ექცევა მის მიერ გაკეთებული დათქმის ფარგლებში.
3. 63-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს განაცხადოს, რომ კონვენციის ყველა დებულება ან მისი დებულებების ნაწილი გავრცელდება საოჯახო, მშობლობის, ქორწინების ან ნათესაობის საფუძველზე წარმოშობილ რჩენის ვალდებულებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით, მოწყვლადი პირის მიმართ არსებულ ვალდებულებებზე. ნებისმიერი ამ ტიპის დეკლარაცია წარმოშობს ვალდებულებებს ორ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის, იმ შემთხვევაში, თუ მათი დეკლარაციების შინაარსი ემთხვევა ერთსა და იმავე ტიპის საალიმენტო ვალდებულებებს და კონვენციის ერთსა და იმავე ფარგლებს მოიცავს.
4. წინამდებარე კონვენციის დებულებები ვრცელდება ყველა ბავშვზე, მიუხედავად მისი მშობლების ქორწინების სტატუსისა.
მუხლი 3🔗
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის -
ა) „კრედიტორი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომლის მიმართაც არსებობს ან სავარაუდოდ არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
ბ) „მოვალე“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ვალდებულია ან სავარაუდოდ ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი;
გ) „იურიდიული დახმარება“ ნიშნავს - საჭირო დახმარებას, რომლის მეშვეობით განმცხადებელს მიეცემა საშუალება გაეცნოს და დაიცვას თავისი უფლებები და რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება მისი განცხადების სრულყოფილი და ეფექტიანი განხილვა თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში. იურიდიული დახმარების საშუალებები, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოიცავდეს: იურიდიულ კონსულტაციას, საქმის შესაბამის სახელმწიფო უწყებაში წარდგენის მიზნით დახმარების გაწევას, იურიდიულ წარმომადგენლობას და პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯებისაგან გათავისუფლებას.
დ) „წერილობითი შეთანხმება“ ნიშნავს ნებისმიერი საშუალებით შესრულებულ წერილობით შეთანხმებას, რომელში მოცემული ინფორმაციაც ხელმისაწვდომი იქნება შემდგომი გამოყენებისათვის საჭიროების შემთხვევაში.
ე) „რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება“ ნიშნავს ალიმენტის (სარჩოს) გადახდასთან დაკავშირებულ წერილობით შეთანხმებას, რომელიც -
i) ოფიციალურად გაფორმებულია ან დარეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, როგორც ავთენტური ინსტრუმენტი/დოკუმენტი; ან
ii) დამოწმებულია, შედგენილია, დარეგისტრირებულია ან წარდგენილია უფლებამოსილ ორგანოში და შესაძლებელია მისი გადასინჯვა და მასში ცვლილების შეტანა (მოდიფიკაცია) უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ვ) „მოწყვლადი პირი“ ნიშნავს პირს, რომელსაც საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა.
თავი II. ადმინისტრაციული თანამშრომლობა
მუხლი 4🔗
ცენტრალური ორგანოების განსაზღვრა
1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ცენტრალური ორგანო, ამ ორგანოსათვის კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების დაკისრების მიზნით.
2. ფედერალურ სახელმწიფოებს, ერთზე მეტი სამართლის სისტემის მქონე სახელმწიფოებს, ან ავტონომიური ტერიტორიული ერთეულების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ, განსაზღვრონ ერთზე მეტი ცენტრალური ორგანო და დაადგინონ ტერიტორიული და კონკრეტული ფუნქციების ფარგლები. სახელმწიფოს მიერ ერთზე მეტი ცენტრალური ორგანოს განსაზღვრის შემთხვევაში მან უნდა დაადგინოს ერთი ძირითადი ცენტრალური ორგანო, რომელშიც გაიგზავნება ნებისმიერი ტიპის მიმართვები ამავე სახელმწიფოს შესაბამის ცენტრალურ ორგანოში გადამისამართების მიზნით.
3. კონვენციის სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირებისას ან 61-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარაციის წარდგენისას ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიეწოდოს ცენტრალური ორგანოს ან ორგანოების დადგენის თაობაზე ინფორმაცია, მათი საკონტაქტო მონაცემები და, საჭიროებისამებრ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისას, ამ ცენტრალური ორგანოების მოქმედების ფარგლების თაობაზე ინფორმაცია. ხსენებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ხელშემკვრელმა მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის თაობაზე მუდმივმოქმედ ბიუროს.
მუხლი 5🔗
ცენტრალური ორგანოების ზოგადი ფუნქციები
ხელისუფლების ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა -
ა) ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ასევე ხელი შეუწყონ საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, კონვენციით გათვალისიწინებული მიზნების მისაღწევად;
ბ) მოახდინონ კონვენციის პრაქტიკაში გამოყენებისას წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაძლებლობების ფარგლებში მათი გადაჭრის უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
ცენტრალური ორგანოების სპეციალური ფუნქციები
1. ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მე-3 თავით განსაზღვრულ წერილობით შუამდგომლობებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების გაწევა. კერძოდ, მათ უნდა -
ა) გადააგზავნონ და მიიღონ ამგვარი წერილობითი შუამდგომლობები;
ბ) დაიწყონ საქმისწარმოება ან ხელი შეუწყონ საქმისწარმოების დაწყებას ამგვარი შუამდგომლობების საფუძველზე.
2. ამგვარ წერილობით შუამდგომლობებთან დაკავშირებით, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა -
ა) სამართლებრივი დახმარების გაწევა ან ხელშეწყობა, როდესაც ამას გარემოება მოითხოვს;
ბ) მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის დადგენაში დახმარების გაწევა;
გ) მოვალის ან კრედიტორის შემოსავლების და, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური მდგომარეობის, მათ შორის, ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებაში დახმარების გაწევა;
დ) ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის მიზნით, მხარეებს შორის დავის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, როდესაც ეს შესაძლებელია მედიაციის, მორიგების თუ სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებით;
ე) ალიმენტის, ასევე დავალიანების გადახდის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცედურების წარმართვისათვის ხელშეწყობა;
ვ) საალიმენტო თანხის ამოღებისა და კრედიტორისათვის მისი დროული გადარიცხვის პროცედურების ხელშეწყობა;
ზ) დოკუმენტების ან სხვა მტკიცებულებების მოპოვებაში დახმარების გაწევა;
თ) მშობლის/მამობის დადგენის მიზნით, შესაბამისი პროცედურების განხორციელებაში სამართლებრივი დახმარების გაწევა, როდესაც ეს ზომები საჭიროა ალიმენტის გადახდევინებისათვის;
ი) ტერიტორიული იურისდიქციიდან გამომდინარე იმ წინასწარი და დროებითი ღონისძიებების განსახორციელებლად საქმისწარმოების დაწყება ან დაწყებაში ხელშეწყობა, რომლებიც ემსახურება გადასახდელი საალიმენტო თანხის წინასწარ უზრუნველყოფას;
კ) დოკუმენტის ჩაბარების ხელშეწყობა.
3. ცენტრალური ორგანოს ის ფუნქციები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლით, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება განახორციელონ სახელისუფლებო ან სხვა ორგანოებმა, რომლებზე ზედამხედველობასაც განახორციელებენ ამ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი სახელისუფლებო ან სხვა ორგანოების განსაზღვრის, ასევე მათი საკონტაქტო მონაცემების და უფლებამოსილების ფარგლების თაობაზე ინფორმაცია. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მუდმივმოქმედ ბიუროს დროულად უნდა აცნობონ ამ მონაცემების ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებაც.
4. ამ მუხლის ან მე-7 მუხლით განსაზღვრული პირობები არ უნდა იყოს განმარტებული ისე, თითქოს ის ვალდებულებას აკისრებს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს განახორციელოს ის მოქმედებები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ორგანოებმა განახორციელონ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც ეგზავნება მოთხოვნა.
მუხლი 7🔗
თხოვნები სპეციალური ზომების მიღების თაობაზე
1. დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ერთი ქვეყნის ცენტრალურმა ორგანომ შეუძლია მიმართოს მეორე ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს სპეციალური ზომების მიღების თხოვნით მე-6 მუხლის (2) ბ), გ), ზ), თ), ი) და კ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები არ არის განხილვის პროცესში. შუამდგომლობის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები, თუ ის დარწმუნებულია, რომ ეს ზომები აუცილებელია პოტენციური განმცხადებლის დასახმარებლად მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენისათვის, ან იმისთვის, რომ განისაზღვროს - აქვს თუ არა აზრი განცხადების განხილვის პროცესის დაწყებას.
2. ცენტრალურ ორგანოს, ასევე, შეუძლია მიიღოს სპეციფიკური ზომები, უცხო ქვეყნის ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო ალიმენტის შემცველ დავასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებიც ალიმენტის დაკისრების საკითხს ეხება და განხილვის პროცესშია თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში.
მუხლი 8🔗
ცენტრალური ორგანოს ხარჯები
1. ცენტრალური ორგანო თავად დაფარავს ხარჯებს, რომლებიც მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმეების განხილვის ფარგლებში წარმოიშობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შესრულებისას.
2. ცენტრალურ ორგანოებს უფლება არ აქვთ რამე საფასური დაუწესონ განმცხადებელს კონვენციის ფარგლებში გაწეული მომსახურებისათვის, გარდა იმ გამონაკლისი ხარჯებისა, რომლებიც წარმოიშობა მე-7 მუხლით გათვალისწინებული სპეციფიკური ზომების მოთხოვნის საფუძველზე.
3. თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს არ აქვს უფლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის განმცხადებელს დააკისროს ხარჯები ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თავი III. შუამდგომლობები ცენტრალური ორგანოების მეშვეობით
მუხლი 9🔗
შუამდგომლობები ცენტრალური ორგანოების მეშვეობით
ამ თავით გათვალისწინებული დებულებების მიხედვით, თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს განმცხადებელი. ამ დებულების მიზნებისათვის, ბინადრობა არ ნიშნავს ამ ტერიტორიაზე დროებით ყოფნას.
მუხლი 10🔗
შუამდგომლობის სახეები
1. კრედიტორს, ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით, კონვენციის ფარგლებში, თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოში შეუძლია წარადგინოს შემდეგი ტიპის განცხადებები -
ა) გადაწყვეტილების ცნობა ან ცნობა და აღსრულება;
ბ) შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ან ცნობილი გადაწყვეტილების აღსრულება;
გ) თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ამ საკითხზე ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება და როდესაც საჭიროა მშობლის/მამობის დადგენა;
დ) თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღება, როდესაც შეუძლებელია უკვე არსებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ან როდესაც მე-20 მუხლის შესაბამისად, ცნობისა და აღსრულების საფუძვლის არარსებობის გამო, ან 22-ე მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლებით ამ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული;
ე) გადაწყვეტილების მოდიფიკაცია, რომელიც მიღებულია იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
ვ) ცვლილების შეტანა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნაში, გარდა თხოვნის მიმღები ქვეყნისა.
2. მოვალეს, რომლის მიმართაც ალიმენტის დაკისრების საკითხზე გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია შუამდგომლობის გამგზავნ სახელმწიფოში წარადგინოს:
ა) გადაწყვეტილების ცნობის ან სხვა მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე განცხადება, რომელიც იწვევს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში წინა გადაწყვეტილების შეჩერებას ან მისი აღსრულების ფარგლების შეზღუდვას;
ბ) განცხადება ცვლილების შეტანის თაობაზე იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოტანილია ამავე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
გ) გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე განცხადება, რომელიც მიღებულია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.
3. თუ წინამდებარე კონვენცია ურთიერთობის სხვაგვარ წესს არ ადგენს, 1-ელ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული განცხადებები შედგენილი უნდა იყოს შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის გ)-დან ვ) ქვეპუნქტამდე და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების ფარგლებში წარდგენილი განცხადებები ექვემდებარება იმ სახელმწიფოში არსებული იურისდიქციის წესებს, რომელსაც წარედგინება ეს შუამდგომლობები.
მუხლი 11🔗
განცხადების შინაარსი
1. მე-10 მუხლის ფარგლებში წარმოდგენილი განცხადებები უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) განცხადების ან განცხადებების მოკლე შინაარსი;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისამართი და დაბადების თარიღი;
გ) მოპასუხის სახელი, გვარი და, თუ ცნობილია, მისამართი და დაბადების თარიღი;
დ) სახელი, გვარი და დაბადების თარიღი ყველა იმ პირის, ვის მიმართაც გათვალისწინებულია ალიმენტის გადახდა;
ე) შუამდგომლობის დაყენების საფუძვლები;
ვ) კრედიტორის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაში ინფორმაცია – თუ სად უნდა ჩაირიცხოს ამოღებული თანხა ან გადარიცხვისათვის საჭირო ელექტრონული მონაცემები;
ზ) გარდა მე-10 მუხლის (1) „ა“ და (2) „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებებისა, ის დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც 63-ე მუხლის შესაბამისად, მითითებულია დეკლარაციაში იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
თ) იმ პირის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია ან ცენტრალური ორგანოს ქვედანაყოფის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები, რომელიც აყენებს შუამდგომლობას და პასუხისმგებელია განცხადების დამუშავებაზე.
2. საჭიროების მიხედვით, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ცნობილია ეს ინფორმაცია, განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგს:
ა) კრედიტორის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;
ბ) მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, მისი დამსაქმებლის დასახელებას და მისამართს, აქტივების/ ქონების ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციას;
გ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენაში.
3. განცხადებაში უნდა იყოს მითითებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია ან მას ახლდეს საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განმცხადებელს უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. მე-10 მუხლის (1) „ა“ და (2) „ა“ ქვეპუნქტების ფარგლებში წარდგენილ განცხადებას უნდა ახლდეს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც მოცემულია 25-ე მუხლში.
4. მე-10 მუხლით გათვალისწინებული განცხადება შეიძლება გაფორმდეს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ფორმებით.
მუხლი 12🔗
ცენტრალური ორგანოების მეშვეობით განცხადების გადაცემა, მიღება და დამუშავება
1. თხოვნის გამგზავნი მხარის ცენტრალური ორგანო განმცხადებელს აღმოუჩენს დახმარებას იმისთვის, რომ მისი განცხადება შეიცავდეს კონვენციით დადგენილ ყველა იმ ინფორმაციასა და ასევე დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა ამ განცხადების განსახილველად შუამდგომლობის მიმღებ ქვეყანაში.
2. თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო, როდესაც ის დარწმუნდება, რომ შედგენილი განცხადება აკმაყოფილებს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელითა და თანხმობით გადაუგზავნის შუამდგომლობას თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს. განცხადებას უნდა ახლდეს კონვენციის „დანართ 1“-ში მოცემული შაბლონური ფორმა. თხოვნის გამგზავნმა ცენტრალურმა ორგანომ თხოვნის მიმღებ მხარეს უნდა წარუდგინოს მე-16 (3), 25-ე (1) „ა“ „ბ“ და „დ“ და (3) „ბ“ და 30-ე (3) მუხლებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებული იქნება მისი გამცემი კომპეტენტური ორგანოს მიერ, თუ ამას მოითხოვს თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო.
3. თხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ, განცხადების მიღებიდან ექვსი კვირის ვადაში კონვენციის „დანართ 2“-ით წარმოდგენილი ფორმის მეშვეობით უნდა აცნობოს/დაუდასტუროს შუამდგომლობის მიღება თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს და ასევე, აცნობოს, თუ რა თავდაპირველი ზომები იქნა ან იქნება მიღებული განცხადებაზე რეაგირებისათვის და ამავე დროს, უფლება აქვს თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოსგან მოითხოვოს საქმისათვის საჭირო ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი და ინფორმაცია. იმავე ექვსკვირიან პერიოდში, ცენტრალურმა ორგანომ, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა, თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა მიაწოდოს იმ პირის ან სტრუქტურული ერთეულის სახელი/დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც პასუხისმგებელია განცხადების წარმოების პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე.
4. შუამდგომლობის მიღების თაობაზე დასტურის გაცემიდან სამი თვის ვადაში, ცენტრალურმა ორგანომ, რომელსაც გაეგზავნა შუამდგომლობა, თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა მიაწოდოს განცხადების სტატუსის თაობაზე ინფორმაცია.
5. თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების ცენტრალურმა ორგანოებმა, ერთმანეთს უნდა აცნობონ -
ა) კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი პირის ან სტრუქტურული ერთეულის თაობაზე ინფორმაცია;
ბ) საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და უზრუნველყონ კითხვებზე პასუხების დროული გაცემა.
6. ცენტრალურმა ორგანოებმა საქმე უნდა განიხილონ იმ უმოკლეს ვადაში, რომელიც საჭიროა საქმის სათანადო განხილვისათვის.
7. ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველაზე ოპერატიული და ეფექტიანი საკომუნიკაციო საშუალებები ერთმანეთთან ურთიერთობისას.
8. თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს უარი თქვას განცხადების განხილვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ განცხადება არ შეესაბამება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღებმა ცენტრალურმა ორგანომ თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზები.
9. თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს არ აქვს უფლება უარი თქვას განცხადების განხილვაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაციაა საჭირო. თხოვნის მიმღები ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს შეუძლია თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს სთხოვოს ამ დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოწოდება. თუ თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო არ უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა თუ დოკუმენტის თხოვნის მიმღები მხარისათვის მიწოდებას სამი თვის ვადაში ან თავად თხოვნის მიმღები მხარის მიერ დაწესებულ უფრო ხანგრძლივ ვადაში, მაშინ თხოვნის მიმღებ ცენტრალურ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამ შემთხვევაში მან თხოვნის გამომგზავნ ცენტრალურ ორგანოს უნდა აცნობოს ამ გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 13🔗
კომუნიკაციის საშუალებები
ამ თავით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ცენტრალური ორგანოების მიერ წარდგენილი ნებისმიერი შუამდგომლობა ან ასეთ შუამდგომლობაზე თანდართული ნებისმიერი დოკუმენტი თუ ინფორმაცია არ შეიძლება ცენტრალურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის საშუალებებისა და ხერხების გამო სადავო გახადოს მოპასუხე მხარემ, თავად ამ კომუნიკაციის გზების გამო, რომლებიც გამოყენებული იქნება ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ცენტრალური ორგანოების მიერ.
მუხლი 14🔗
მართლმსაჯულების პროცედურებზე ეფექტური წვდომა
1. თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განმცხადებლისათვის იმ სამართლებრივი საშუალებების ეფექტური ხელმისაწვდომობა, მათ შორის აღსრულებისა და გასაჩივრების პროცედურები, რომლებიც ამ თავით გათვალისწინებული განცხადების განხილვის პროცესში შეიძლება გახდეს საჭირო.
2. სამართლებრივი საშუალებების ეფექტური წვდომის მიზნით, თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო სამართლებრივი დახმარება მე-14-17 მუხლების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თხოვნის მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული უზრუნველყოს ასეთი უფასო სამართლებრივი დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი საშუალებების ფარგლებში განმცხადებელს შეუძლია წარმართოს საქმე ასეთი დახმარების გარეშეც და ამავე დროს, თუ ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს საჭირო მომსახურების უფასოდ გაწევას.
4. უფლება უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევაზე არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს ხელმისაწვდომია ადგილობრივი საქმეების განხილვისათვის.
5. არ მოითხოვება არანაირი უზრუნველყოფა, თავდებობა ან საგარანტიო დეპოზიტი, რა დასახელებითაც არ უნდა იყოს ეს ცნობილი, კონვენციის ფარგლებში განხორციელებული საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 15🔗
უფასო იურიდიული დახმარება ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებულ განცხადებებთან მიმართებით
1. თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარება ამ თავით გათვალისწინებული კრედიტორის მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იმ საალიმენტო ვალდებულებებს, რომლებიც წარმოიშობა 21 წელს მიუღწეველი პირის მიმართ მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე.
2. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის მიუხედავად, თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია მე-10 მუხლის (1) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-20 (4) მუხლით გათვალისწინებული განცხადებების გარდა სხვა შუამდგომლობების განხილვასთან მიმართებით, უარი თქვას უფასო იურიდიულ დახმარებაზე, თუ ის მიიჩნევს, რომ საქმის არსებითი გარემოებიდან გამომდინარე, განცხადება ან ნებისმიერი საჩივარი აშკარად უსაფუძვლოა.
მუხლი 16🔗
ბავშვზე ორიენტირებული საჭიროებების შეფასების ტესტის გამოყენების ნებართვის შესახებ დეკლარაცია
1. მე-15(1) მუხლით განსაზღვრული პირობების მიუხედავად, 63-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დეკლარაცია, რომ ის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას ყველა შუამდგომლობაზე, ბავშვის საჭიროებების შეფასებაზე დამყარებული ტესტის საფუძველზე, გარდა მე-10 მუხლის (1) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადებებისა და ასევე მე-20 (4) მუხლით გათვალისწინებულ საქმეებთან მიმართებით.
2. ამგვარი დეკლარაციის გაკეთების შემთხვევაში სახელმწიფომ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა სახით განხორციელდება ბავშვის საჭიროებების შეფასება, მათ შორის, იმ ფინანსური კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა ამ ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
3. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული განცხადებები უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ფორმალურ დასტურს, რომ ბავშვის საჭიროებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ბავშვის საჭიროებების ტესტის იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დეკლარაციით აქვთ განსაზღვრული თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს. თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულება ბავშვის საჭიროებების შესახებ, თუ მას გააჩნია გონივრული საფუძვლები, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არაზუსტია.
4. თუ თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ამ თავით გათვალისწინებულ იმ განცხადებებთან მიმართებით, რომლებიც ეხება მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან ბავშვის მიმართ წარმოშობილ საალიმენტო ვალდებულებებს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 1-3 პუნქტებით, მაშინ სამართლებრივი დახმარებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ყველაზე ხელსაყრელი პირობები.
მუხლი 17🔗
განცხადებები, რომლებიც არ ექცევიან მე-15 ან მე-16 მუხლის მოქმედების ფარგლებში
წინამდებარე კონვენციის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა სახის განცხადების შემთხვევაში, გარდა მე-15 ან მე-16 მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა -
ა) უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეიძლება დაექვემდებაროს საჭიროებებისა და გარემოებების ტესტს;
ბ) განმცხადებელს, რომელმაც გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში ისარგებლა უფასო იურიდიული დახმარებით, უფლება აქვს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების ნებისმიერი პროცედურის წარმოებისას ისარგებლოს სულ მცირე იგივე მოცულობის უფასო იურიდიული დახმარებით, რა მოცულობითაც იგივე გარემოებებში ეს უზრუნველყოფილია თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
თავი IV. საქმისწარმოების დაწყებაზე დაწესებული შეზღუდვები
მუხლი 18🔗
შეზღუდვები პროცედურებზე
1. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობს კრედიტორი, დაუშვებელია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმისწარმოების დაწყება, მანამ, სანამ კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ ქვეყანაში, სადაც მიღებულია ეს გადაწყვეტილება.
2. 1-ელი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც -
ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი ფორმის შეთანხმება სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დავა ეხება ბავშვების რჩენის ვალდებულებას;
ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;
გ) გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე გადაწყვეტილებაში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად;
დ) ვერ მოხდება ამ სახელმწიფოში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა ან ის არ ექვემდებარება აღსრულებას იმ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურების დაწყება.
თავი V. ცნობა და აღსრულება
მუხლი 19🔗
წინამდებარე თავის მოქმედების ფარგლები
1. ეს თავი ვრცელდება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ალიმენტის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებით. ტერმინი „გადაწყვეტილება“ ასევე მოიცავს მორიგების აქტს ან შეთანხმებას, რომელიც გაფორმებულია ან დამოწმებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გადაწყვეტილება შეიძლება მოიცავდეს ავტომატურ რეგულირებას ინდექსაციით და მოთხოვნებს დავალიანების გადახდის საკითხზე, რეტროაქტიული ალიმენტის ან პროცენტის გადახდის მოთხოვნას და ხარჯების ან საფასურის დადგენას.
2. თუ გადაწყვეტილება მხოლოდ საალიმენტო ვალდებულებას არ ეხება, მაშინ ამ თავის მოქმედება ვრცელდება გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება ალიმენტის გადახდის ვალდებულებებს.
3. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, „ადმინისტრაციული ორგანო“ ნიშნავს საჯარო ხელისუფლების ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებები იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის არის დაფუძნებული -
ა) შეიძლება დაექვემდებაროს აპელაციას ან გადახედვას სასამართლო ორგანოს მიერ; და
ბ) აქვს იგივე ძალა და მოქმედება, რაც გააჩნია იმავე საკითხზე სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილებას.
4. ეს თავი ასევე ვრცელდება 30-ე მუხლით გათვალისწინებულ რჩენის ვალდებულებების შეთანხმებებზე.
5. ამ თავის დებულებები ასევე ვრცელდება 37-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ განცხადებაზე, რომელიც განმცხადებლის მიერ წარედგინება უშუალოდ კომპეტენტურ ორგანოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე.
მუხლი 20🔗
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საფუძვლები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფო ცნობს და აღასრულებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას („გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო“), თუ -
ა) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა მოპასუხის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;
ბ) მოპასუხე აშკარად ეთანხმება იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;
გ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა კრედიტორის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;
დ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა იმ ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელს, რომლის სასარგებლოდაც არის საალიმენტო ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილება გამოტანილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ცხოვრობდა ბავშვთან ერთად იმავე სახელმწიფოში და უზრუნველყოფდა ბავშვის რჩენას;
ე) იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო წერილობითი შეთანხმება, გარდა ბავშვის რჩენის ვალდებულების საკითხთან დაკავშირებული დავებისა; ან
ვ) გადაწყვეტილება მიიღო იმ ორგანომ, რომელიც ახორციელებდა იურისდიქციას პირადი სტატუსის/ქორწინების სტატუსის ან მშობლის პასუხისმგებლობის საკითხზე, თუკი ეს იურისდიქცია არ ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობას.
2. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა 62-ე მუხლის შესაბამისად.
3. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელიც აკეთებს დათქმას მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა ცნოს და აღასრულოს გადაწყვეტილება, თუ მისი კანონმდებლობით, მსგავს ფაქტობრივ გარემოებებში, ასეთი გადაწყვეტილების მიღების იურისდიქცია გადაეცა ან გადაეცემოდა მის ორგანოებს.
4. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დათქმის გაკეთების შედეგად, თუ გადაწყვეტილების ცნობა შეუძლებელია და მოვალე ცხოვრობს ამ სახელმწიფოში, მაშინ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა კრედიტორის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული არ ვრცელდება მე-19 (5) მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე კომპეტენტური ორგანოსათვის უშუალო მიმართვის შემთხვევებზე და მე-2 მუხლის (1) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მხარდაჭერის მოთხოვნაზე.
5. 18 წლამდე ასაკის ბავშვის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის ცნობაც ვერ მოხდება თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში, მხოლოდ ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით წარმოდგენილი დათქმის გამო, მიღებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ადგენდეს აღნიშნული ბავშვის უფლებას ალიმენტის მიღებაზე იმ სახელმწიფოში, რომელსაც გაეგზავნა ასეთი მოთხოვნა.
6. გადაწყვეტილების ცნობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შესულია კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში და ის აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება აღსრულებას თავად ამ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში.
მუხლი 21🔗
ვალდებულების შესრულების განაწილვადება და გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობა და აღსრულება
1. თუ თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში შეუძლებელია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სრული მოცულობით ცნობა ან აღსრულება, მაშინ მან უნდა მოახდინოს ამ გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება იმ ნაწილში რა ნაწილშიც ეს შესაძლებელია.
2. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობის ან აღსრულების შესახებ მიმართვა დასაშვებია ნებისმიერ დროს.
მუხლი 22🔗
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები
გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს უარყოფითი გადაწყვეტილება თუ -
ა) ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება აშკარად ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს საჯარო წესრიგს;
ბ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპროცესო მოქმედებების დარღვევის ფონზე, მათ შორის საპროცესო მოქმედებების მიმართ არაკეთილსინდისიერი მიდგომით;
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით მიმდინარეობს საქმის განხილვა თხოვნის მიმღებ სახელმწიფო ორგანოში და ამ სახელმწიფოში საქმისწარმოების პროცესი დაწყებულია უფრო ადრე ვიდრე თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში;
დ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთსა და იმავე მხარეებს შორის იგივე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით არის მიღებული თხოვნის მიმღებ ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში და იმ პირობით, რომ ეს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ცნობისა და აღსრულების პირობებს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში;
ე) მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე ან იგი არ იყო წარმოდგენილი იმ სხდომაზე, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება -
i) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შეტყობინებას საქმისწარმოების შესახებ, მოპასუხეს კი არ ჰქონდა მიღებული სათანადო შეტყობინება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე და არ მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა; ან
ii) როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმისწარმოების შესახებ შეტყობინების გაკეთებას, მოპასუხე არ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ და არ ჰქონდა მისი გაპროტესტების ან გასაჩივრების შესაძლებლობა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველზე; ან
ვ) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მე-18 მუხლის დარღვევით.
მუხლი 23🔗
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის წესი
1. კონვენციის დებულებების მიხედვით, გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების წესი განისაზღვრება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.
2. თუ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიმართვა წარდგენილია ცენტრალური ორგანოს მიერ III თავის შესაბამისად, თხოვნის მიმღები მხარის ცენტრალურმა ორგანომ უნდა:
ა) გადაამისამართოს განცხადება უფლებამოსილ ორგანოში, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ცნობის საკითხზე ან დაარეგისტრიროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად; ან ბ) თავად მიიღოს აღნიშნული ზომები, თუ ის ამ საკითხთან მიმართებით უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს.
3. როდესაც კონვენციის მე-19 (5) მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობა გადაგზავნილია უშუალოდ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოში, ის დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას ცნობის საკითხთან დაკავშირებით ან მიიღებს რეგისტრაციაში მისი აღსრულების მიზნით.
4. გადაწყვეტილების ცნობაზე ან რეგისტრაციაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ 22-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული საფუძვლის შესაბამისად. საქმის განხილვის ამ სტადიაზე, არც შუამდგომლობის ავტორს და არც მოპასუხეს არ აქვს უფლება წარადგინოს რაიმე სახის განცხადება.
5. შუამდგომლობის ავტორს და მოპასუხეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების ცნობის ან რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც განხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ან მასზე უარის შესახებ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათ უფლება აქვთ წარადგინონ საჩივარი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე.
6. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა უნდა მოხდეს შეტყობინებიდან 30 დღის ვადაში ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. თუ მოდავე მხარე არ ცხოვრობს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ცნობის ან მისი დარეგისტრირების თაობაზე, ან უარი ეთქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაშინ ადმინისტრაციული საჩივრის ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა დასაშვებია შეტყობინებიდან 60 დღის ვადაში.
7. პრეტენზია ან საჩივარი შეიძლება დაემყაროს მხოლოდ შემდეგს -
ა) 22-ე მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს;
ბ) მე-20 მუხლში წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საფუძვლებს;
გ) 25-ე მუხლის (1) „ა“, „ბ“ ან „დ“, ან (3) „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტის ნამდვილობის ან განსაზღვრული დოკუმენტის სრული პაკეტის არწარმოდგენის საფუძველს.
8. მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივარი ან სასამართლოში საჩივრის წარდგენა ასევე შეიძლება დაემყაროს ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტს, როდესაც მოვალის მიერ დავალიანება გადახდილია იმ ფარგლებში, რა ფარგლებსაც ეხება გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, და ეს დავალიანება უნდა გასტუმრებულიყო წარსულში.
9. შუამდგომლობის ავტორს და მოპასუხეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ ადმინისტარციული საჩივრის ან სასამართლოში წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგები.
10. შემდგომი გასაჩივრება, თუ ასეთი რამ არის დასაშვები თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, თუკი არ არსებობს გამონაკლისი გარემოებები.
11. უფლებამოსილმა ორგანომ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორც გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე, ასევე ამ საკითხზე წარმოდგენილ საჩივართან მიმართებით.
მუხლი 24🔗
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე ალტერნატიული მიმართვის პროცედურების შესახებ
1. მიუხედავად 23-ე მუხლის მე-2-11 პუნქტებით განსაზღვრული წესისა, სახელმწიფოს უფლება აქვს გააკეთოს დეკლარაცია 63-ე მუხლის შესაბამისად, რომ ის გამოიყენებს ამ მუხლით განსაზღვრულ წესებს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე.
2. როდესაც გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობა დაყენებულია ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, III თავის შესაბამისად, თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო დაუყოვნებლივ განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას -
ა) შუამდგომლობას გადასცემს მისი განხილვისათვის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ცნობისა და აღსრულების საკითხზე; ან
ბ) თუ ის თავად წარმოადგენს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს თავად.
3. ცნობისა და აღსრულების საკითხზე გადაწყვეტილება უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს მას შემდეგ, რაც მოპასუხეს სათანადოდ და ოპერატიულად ეცნობება მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ და ორივე მხარეს მიეცემა სამართალწარმოების პროცესზე სათანადო წარმომადგენლობის შესაძლებლობა.
4. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია 22-ე მუხლის ა), გ) და დ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ცნობისა და აღსრულების საკითხზე დადგენილ უარის თქმის საფუძვლებს გადახედოს საკუთარი ინიციატივით. მას შეუძლია განიხილოს ნებისმიერი საფუძველი, რომელიც ჩამოთვლილია მე-20, 22-ე მუხლებსა და 23-ე მუხლის (7) გ) ქვეპუნქტში, თუ ამას მოითხოვს მოპასუხე ან თუ ეს საფუძვლები წარმოიშობა 25-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ნიადაგზე.
5. უარი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულების მოთხოვნაზე შეიძლება ასევე დაეფუძნოს ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტს, როდესაც დავალიანება უკვე გადახდილია, აღნიშნული ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ფარგლებში, და რომლის მიხედვითაც ეს საალიმენტო დავალიანება უნდა გასტუმრებულიყო წარსულში.
6. არცერთი სახის საჩივარი, თუ ასეთი რამე დაშვებულია თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, თუკი არ არსებობს გამონაკლისი გარემოებები.
7. გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება და, ასევე, მათ შორის ნებისმიერი საჩივრის საკითზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
მუხლი 25🔗
დოკუმენტები
1. 23-ე ან 24-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მოთხოვნას უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) გადაწყვეტილების სრული ტექსტი;
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, სადაც ის არის გამოტანილი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუკი ამ სახელმწიფოს 57-ე მუხლის შესაბამისად არ აქვს მითითებული, რომ მისი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები ყოველთვის აკმაყოფილებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) თუ მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ იყო წარმოდგენილი სამართალწარმოების პროცესში იმ ქვეყანაში, სადაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, მაშინ, შესაბამისად, დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მოპასუხე მხარე იყო სათანადო წესით გაფრთხილებული სასამართლო სხდომის გამართვისა და სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში, ან დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს სათანადოდ ეცნობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარედგინა საჩივარი ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე;
დ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თანხა, რომელიც მართებს მოვალეს და ასევე ამ თანხის დაანგარიშების თარიღი;
ე) საჭიროებისას, იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ შესწორებას ინდექსაციით, დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესაბამისი დაანგარიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაცია;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ის დოკუმენტაცია, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფარგლებში მიიღო უფასო იურიდიული დახმარება განმცხადებელმა სახელმწიფოში, სადაც გადაწყვეტილებაა მიღებული.
2. 23-ე მუხლის (7) გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ან სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, ან შუამდგომლობის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი სრული სახით დაუყოვნებლივ უნდა იყოს წარდგენილი -
ა) თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობა შედგენილია III თავის შესაბამისად;
ბ) განმცხადებლის მიერ, იმ შემთხვევაში, როდესაც მან მოთხოვნა პირდაპირ წარადგინა თხოვნის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოში.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს 57-ე მუხლის შესაბამისად, დაადგინოს -
ა) რომ განცხადებას თან უნდა ახლდეს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომელიც დამოწმებული იქნება მისი გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ბ) გარემოებები, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სრული ტექსტის ნაცვლად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების ამონაწერის ან რეზიუმეს მომზადება, რომელიც შეიძლება მომზადდეს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ რეკომენდებული და გამოქვეყნებული ფორმით; ან
გ) რომ მის სახელმწიფოში არ არის საჭირო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს მე-19 (3) მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მუხლი 26🔗
გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების პროცედურები
ეს თავი გამოიყენება mutatis mutandis გადაწყვეტილებების ცნობის თაობაზე შუამდგომლობების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ იმ დოკუმენტის ნაცვლად, რომელიც ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანაში, მოითხოვება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მუხლი 27🔗
ფაქტის დადგენა
თხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ არ უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც დააფუძნა თავისი იურისდიქცია გადაწყვეტილების მიმღებმა სახელმწიფომ.
მუხლი 28🔗
გადაწყვეტილების არსებითად განხილვის დაუშვებლობა
დაუშვებელია თხოვნის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების არსებითად განხილვა.
მუხლი 29🔗
ბავშვის ან განმცხადებლის ფიზიკური დასწრების, როგორც აუცილებელი მოთხოვნის არარსებობა
ამ თავის ფარგლებში გათვალისწინებული წარმოების პროცესზე, რომელიც წარიმართება თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში, არ არის აუცილებელი ბავშვის ან განმცხადებლის ფიზიკური დასწრება.
მუხლი 30🔗
რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაფორმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას, ისე როგორც ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილება იმ პირობით, თუ ის აღსრულებადია, როგორც გადაწვეტილება იმ ქვეყანაში, სადაც ის გაფორმდა.
2. მე-10 (1) მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-10 (2) მუხლის ა) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი „გადაწყვეტილება“ მოიცავს ასევე რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმებასაც.
3. ცნობისა და აღსრულების საკითხზე წარდგენილი რჩენის ვალდებულების შესახებ შეთანხმებას უნდა ახლდეს:
ა) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების სრული ტექსტი; და
ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ კონკრეტული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ის არის შესრულებული.
4. რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება მიღებული იყოს უარყოფითი გადაწყვეტილება, თუ –
ა) მისი ცნობა და აღსრულება აშკარად ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს საჯარო წესრიგს;
ბ) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება შესრულებულია თაღლითური გზით ან გაყალბების გზით;
გ) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები მხარის ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოტანილ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ცნობისა და აღსრულებისათვის საჭირო მოთხოვნებს თხოვნის მიმღებ ქვეყანაში.
5. ამ თავის დებულებები, გარდა მე-20, 22-ე და 23-ე (7), 25-ე (1) და 25-ე (3) მუხლებისა, გამოიყენება mutatis mutandis რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების პროცედურებზე, გარდა -
ა) 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განცხადებასა და რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული საფუძვლით;
ბ) 23-ე (6) მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ შემდეგს -
i) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს;
ii) ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების ავთენტურობასა და საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის არსებობის საკითხს.
გ) 24-ე (4) მუხლით გათვალისწინებულ პროცედურასთან დაკავშირებით, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით განიხილოს ცნობისა და აღსრულებაზე უარის თქმის ის საფუძვლები, რომლებიც მოცემულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტში. მას უფლება აქვს განიხილოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ყველა საფუძველი და მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხი ან საქმისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარმოდგენის საკითხი, თუ ამას მოითხოვს მოპასუხე, ან თუ ამ საფუძვლებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშობა თავად დოკუმენტების ფორმიდან გამომდინარე.
6. რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების საკითხზე საქმისწარმოების პროცესი შეჩერდება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოში მიმდინარეობს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა.
7. სახელმწიფოს უფლება აქვს 63-ე მუხლის შესაბამისად გააკეთოს დეკლარაცია, რომ რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების შესახებ მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ცენტრალური ორგანოების მეშვეობით.
8. ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, 62-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დათქმის მეშვეობით დაიტოვოს უფლება, არ განახორციელოს რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულება.
მუხლი 31🔗
გადაწყვეტილებები რომლებიც გამომდინარეობს შუალედური და დამადასტურებელი გადაწყვეტილებების ერთობლივი მოქმედების შედეგად
როდესაც გადაწყვეტილება გამომდინარეობს ერთ სახელმწიფოში მიღებული შუალედური გადაწყვეტილებისა და მეორე სახელმწიფოში („თანხმობის გამცემ სახელმწიფოში“) მიღებული გადაწყვეტილების ერთობლივი მოქმედების შედეგად –
ა) თითოეული ეს სახელმწიფო, წინამდებარე თავის მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოდ;
ბ) 22-ე მუხლის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ჩაითვლება დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს სათანადოდ ეცნობა პროცესის თაობაზე დამადასტურებელ სახელმწიფოში და მიეცა შესაძლებლობა შეწინააღმდეგებოდა შუალედური გადაწყვეტილების დადასტურებას;
გ) მე-20 (6) მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს აღსრულებას, დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, რომელმაც მიიღო დროებითი ზომების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება; და
დ) მე-18 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ხელს არ უშლის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე პროცედურების დაწყებას რომელიმე ამ ქვეყანაში.
თავი VI. თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულება
მუხლი 32🔗
აღსრულება შიდა კანონმდებლობის მიხედვით
1. ამ თავის დებულებების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს შესაძლოდ მოკლე ვადაში.
3. ცენტრალური ორგანოს მეშვეობით მომართვის განხორციელების შემთხვევაში, V თავის მიხედვით, როდესაც მოხდება თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ან სააღსრულებო პროცედურების დაწყების მიზნით გადაწყვეტილების დარეგისტრირება, ამ შემთხვევაში სააღსრულებო პროცედურები უნდა დაიწყოს კრედიტორის დამატებითი მომართვის საჭიროების გარეშე.
4. საალიმენტო ვალდებულების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
5. ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება დავალიანების გადახდევინება, უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ან რომლისთვისაც ხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართვა, იქიდან გამომდინარე, თუ რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადას.
მუხლი 33🔗
დისკრიმინაციის აკრძალვა
თხოვნის მიმღები სახელმწიფო კონვენციის ფარგლებში განსახილველი საქმეებისათვის აღსრულების პროცედურების წარმოებისას გამოიყენებს მინიმუმ ისეთი საშუალებას, რომელსაც საშინაო საქმეების განხილვისას გამოიყენებდა.
მუხლი 34🔗
სააღსრულებო ზომები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული ეფექტური ზომები წინამდებარე კონვენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
2. ეს ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ა) ხელფასის დაკავება;
ბ) საბანკო ანგარიშებზე და სხვა ფინანსურ წყაროებზე ყადაღის დადება;
გ) სოციალური უზრუნველყოფის გადასახადიდან დაქვითვა;
დ) ქონების დაყადაღების ან იძულებითი რეალიზაციის უფლების გამოყენება;
ე) დღგ-ს დაბრუნებული თანხის დაკავება;
ვ) საპენსიო შემწეობის დაკავება ან დაყადაღება;
ზ) საკრედიტო ანგარიშების ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება;
თ) სხვადასხვა ლიცენზიის (მაგალითად, მართვის მოწმობის) ჩამორთმევა, შეჩერება ან გაუქმება;
ი) ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით მედიაციის, მორიგების ან მსგავსი პროცესების გამოყენება.
მუხლი 35🔗
ფულადი სახსრების გადარიცხვა
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, მათ შორის საერთაშორისო შეთანხმების მეშვეობით, ხელი შეუწყონ არსებული ყველაზე ხარჯეფექტური და ეფექტიანი მეთოდების გამოყენებას ალიმენტის სახით გადასახდელი ფინანსური სახსრების გადარიცხვის მიზნით.
2. იმ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომლის კანონმდებლობითაც ფულადი სახსრების გადარიცხვა იზღუდება, წინამდებარე კონვენციის ფარგლებში ამოღებული ფულადი სახსრების გადარიცხვას უნდა მიანიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა.
თავი VII. ადმინისტრაციული ორგანოები
მუხლი 36🔗
საჯარო ორგანოები, როგორც განმცხადებლები
1. მე-10 (1) მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებითა და მე-20 (4) მუხლით გათვალისწინებული საქმეების მიზნებისათვის, გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობისათვის ტერმინი „კრედიტორი“ მოიცავს იმ საჯარო ორგანოს, რომელიც მოქმედებს იმ პირის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს საალიმენტო ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო გასწია ხარჯი.
2. საჯარო ორგანოს მიმართ, რომელიც მოქმედებს იმ პირის ნაცვლად, რომლის სასარგებლოდაც არსებობს საალიმენტო ვალდებულება, ან რომელსაც სურს ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება, გამოიყენება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება ეს ორგანო.
3. საჯარო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი სახის გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება:
ა) გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მოვალის წინააღმდეგ იმ საჯარო ორგანოს სარჩელის საფუძველზე, რომელმაც კრედიტორზე ალიმენტის გადაუხდელობის გამო გასწია ხარჯი.
ბ) კრედიტორსა და მოვალეს შორის მიღებული გადაწყვეტილება ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაწეული ხარჯების ფარგლებში იმ მოცულობით, რა ოდენობის ხარჯიც იქნა გაწეული კრედიტორზე ალიმენტის გადაუხდელობის გამო.
4. საჯარო ორგანომ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების ცნობას ან აღსრულებას, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარადგინოს ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მისი უფლების განხორციელებისთვის და იმის დასადასტურებლად, რომ კრედიტორზე გაწეულ იქნა ხარჯი.
თავი VIII. ზოგადი დებულებები
მუხლი 37🔗
უფლებამოსილი ორგანოსადმი პირდაპირი მიმართვა
1. რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ან გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მოთხოვნის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, კონვენცია არ კრძალავს პირის მიერ იმ საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც ამ პირს აქვს უფლება, ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის თანახმად, მიმართოს უშუალოდ უფლებამოსილ ორგანოს კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის მე-18 მუხლში მოხსენიებულ საკითხებზე.
2. გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსათვის პირდაპირ, უშუალოდ მიმართვის შემთხვევაში, გამოიყენება კონვენციის მე-14 (5) მუხლი და მე-17 მუხლის ბ) ქვეპუნქტი, ასევე V, VI, VII თავები და ამ თავით გათვალისწინებული დებულებები, გარდა მე-40(2), 42-ე, 43-ე (3), 44-ე (3), 45-ე და 55-ე მუხლებისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, მე-2 (1) ა) ქვეპუნქტი გამოიყენება ალიმენტის გადახდის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ეხება მოცემული ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკზე უფროს, მოწყვლად პირს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებულია მანამ, სანამ ამ პირს შეუსრულდებოდა განსაზღვრული ასაკი და ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებდა ალიმენტის გადახდას მისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო განსაზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგაც.
მუხლი 38🔗
პერსონალური მონაცემების დაცვა
პერსონალური მონაცემები, რომლებიც შეგროვდა ან გადაიგზავნა ამ კონვენციის ფარგლებში, გამოიყენება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებისთვისაც ის შეგროვდა და გადაიგზავნა უფლებამოსილ ორგანოში.
მუხლი 39🔗
კონფიდენციალობა
ნებისმიერი ორგანო, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას, უნდა უზრუნველყოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 40🔗
ინფორმაციის გამჟღავნების დაუშვებლობა
1. ორგანომ არ უნდა გაასაჯაროოს ან დაადასტუროს წინამდებარე კონვენციის გამოყენების პროცესში შეკრებილი ან გადაგზავნილი ინფორმაცია, თუ თვლის, რომ ამგვარმა ქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან თავისუფლებას.
2. ცენტრალური ორგანოს მიერ ასეთი საფრთხის არსებობის დადგენის შემთხვევაში, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა მიიღოს სხვა სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომაც, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის საქმეებთან მიმართებაში.
ამ მუხლში მოცემულმა არცერთმა დებულებამ არ უნდა შეაფერხოს ინფორმაციის შეგროვებისა და გადაგზავნის პროცესი ორგანოების მიერ და ორგანოებს შორის იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 41🔗
ლეგალიზაციისაგან გათავისუფლება
წინამდებარე კონვენციის ფარგლებში დაუშვებელია ლეგალიზაციის ან მსგავსი ფორმალობების მოთხოვნა.
მუხლი 42🔗
მინდობილობა
თხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლისაგან მოითხოვოს მინდობილობის წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური ორგანო განმცხადებელს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში ან სხვა ორგანოების წინაშე, ან იმ წარმომადგენლის დასანიშნად, რომელიც ამ ფუნქციას შეასრულებს.
მუხლი 43🔗
ხარჯების ანაზღაურება
1. კონვენციის ვალდებულებების შესრულებისას წარმოშობილი ნებისმიერი ტიპის ხარჯების გადახდა წინასწარ, საალიმენტო ვალდებულების ამოღებამდე, არ მოითხოვება.
2. სახელმწიფოს შეუძლია ამოიღოს ხარჯები წაგებული მხარისაგან.
3. მე-10 მუხლის (1) ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წაგებული მხარისგან ხარჯების ანაზღაურებაში, მე-10 (1) მუხლით დადგენილ ტერმინში „კრედიტორი“ ასევე მოიაზრება სახელმწიფოც.
4. ამ მუხლის დებულებებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს.
მუხლი 44🔗
ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ნებისმიერი განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი მშობლიურ ენაზე და თან ახლდეს თარგმანი იმ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, რომელსაც ეგზავნება თხოვნა, ან იმ ენაზე, რომელიც აქვს მითითებული ამ სახელმწიფოს 63-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით, თუ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო არ მიუთითებს, რომ ის არ ითხოვს თარგმანს.
2. იმ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ოფიციალური ენა და რომელსაც, შიდა კანონმდებლობის გამო, არ შეუძლია თავის მთელ ტერიტორიაზე მიიღოს დოკუმენტები მხოლოდ ერთ ენაზე, 63-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დეკლარაციის მეშვეობით, უნდა განსაზღვროს ის ენები, რომელზეც ეს დოკუმენტები ან მათი თარგმანები უნდა შედგეს მისი ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილებში წარსადგენად.
3. თუკი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია ამ ორგანოებს შორის უნდა იყოს იმ სახელმწიფოს ენაზე, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა, ან ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. თუმცა, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, 62-ე მუხლის შესაბამისად დათქმის საფუძველზე, უარი განაცხადოს ან ინგლისური ფრანგული ენის გამოყენებაზე.
მუხლი 45🔗
თარგმნის საშუალებები და ხარჯები
1. მე-3 თავით გათვალისწინებული განცხადებების გაკეთებისას, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, როგორც ცალკეულ შემთხვევებში, ისე ზოგადად, შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ თხოვნის მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმანი შეიძლება შესრულდეს თავად იმ სახელმწიფოში, რომელსაც ეგზავნება მოთხოვნა, ორიგინალი დოკუმენტის ენიდან ან ნებისმიერი სხვა შეთანხმებული ენიდან. თუ შეთანხმება არ არსებობს და თხოვნის გამგზავნ ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოს არ შეუძლია შეასრულოს 44-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მაშინ განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეიძლება გადაიგზავნოს თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ინგლისური ან ფრანგული თარგმანით, თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე შემდგომი თარგმნის მიზნით.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას თარგმანის ხარჯი უნდა გაიღოს თხოვნის გამომგზავნმა სახელმწიფომ, თუკი დაინტერესებული სახელმწიფოების ცენტრალური ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
3. მე-8 მუხლის მიუხედავად, თხოვნის გამგზავნ ცენტრალურ ორგანოს შეუძლია განმცხადებელს დააკისროს განცხადების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნის ხარჯები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ხარჯები შეიძლება დაიფაროს სამართლებრივი დახმარების სისტემის ფარგლებში.
მუხლი 46🔗
არაუნიფიცირებული სამართლის სისტემები – ინტერპრეტაცია
1. რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის მქონე სახელმწიფოების მიმართ, რომლებშიც გამოიყენება ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა ან სხვადასხვა კანონი, ამ კონვენციით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში -
ა) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს კანონმდებლობაზე ან პროცედურაზე უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ კანონსა თუ პროცედურაზე;
ბ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცნობაზე, ცნობასა და აღსრულებაზე, აღსრულებაზე თუ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანაზე, უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცნობასა და აღსრულებაზე, აღსრულებაზე თუ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანაზე;
გ) ნებისმიერი მითითება სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, თავად ამ ტერიტორიული ერთეულის ორგანოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოზე;
დ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებზე, საჯარო დაწესებულებაზე და ამ სახელმწიფოში არსებულ სხვა ორგანოებზე, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების გარდა, საჭიროებისამებრ, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება, თავად ამ ტერიტორიულ უფლებამოსილ ორგანოზე, რომელიც მოქმედებს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
ე) ნებისმიერი მითითება საცხოვრებელ ადგილზე ან ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე, ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, საცხოვრებელ ადგილზე ან ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
ვ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოში აქტივების ადგილმდებარეობაზე უნდა განიმარტოს საჭიროებისამებრ, როგორც მითითება, აქტივების ადგილმდებარეობაზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
ზ) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოში მოქმედ ნაცვალგების შეთანხმებაზე ამ სახელმწიფოში, საჭიროებისამებრ უნდა განიმარტოს, როგორც მითითება, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ ნაცვალგების შეთანხმებაზე;
თ) ნებისმიერი მითითება უფასო იურიდიულ დახმარებაზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს როგორც მითითება, საჭიროებისამებრ, უფასო იურიდიულ დახმარებაზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
ი) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოში შედგენილ რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმებაზე უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
კ) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს მიერ ხარჯების ამოღებაზე უნდა განიმარტოს როგორც მითითება, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მიერ ხარჯების ამოღებაზე.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 47🔗
არაუნიფიცირებული სამართლის სისტემები – მატერიალური სამართლებრივი ნორმები
1. ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის მქონე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელშიც გამოიყენება სხვადასხვა სამართლის სისტემა, არ ეკისრება წინამდებარე კონვენციის გამოყენების ვალდებულება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ურთიერთობაში მონაწილეობენ მხოლოდ ეს ტერიტორიული ერთეულები.
2. სახელმწიფო, რომელიც შედგება ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულისაგან და მის ტერიტორიაზე გამოიყენება სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები, მის რომელიმე ტერიტორიული ერთეულის კომპეტენტურ ორგანოს არ ეკისრება ვალდებულება, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოდან მიღებული გადაწყვეტილება ცნოს ან აღასრულოს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე გადაწყვეტილება ამ კონვენციის ფარგლებში ცნო და აღასრულა ამავე სახელმწიფოს სხვა ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილმა ორგანომ.
3. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 48🔗
ალიმენტის საკითხზე არსებული ჰააგის კონვენციების ურთიერთმიმართება
„ალიმენტის ვალდებულებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ჰააგის 1973 წლის 2 ოქტომბრის კონვენციისა და „ბავშვების მიმართ ალიმენტის ვალდებულებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ჰააგის 1958 წლის 15 აპრილის კონვენციის ნაცვლად, წინამდებარე კონვენციის 56-ე (2) მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოთა მიერ გამოიყენება ეს კონვენცია იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამ სახელმწიფოთა შორის შეეხება იგი ერთსა და იმავე საკითხს.
მუხლი 49🔗
1956 წლის ნიუ-იორკის კონვენციასთან ურთიერთმიმართება
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში წინამდებარე კონვენცია ანაცვლებს „საზღვარგარეთ ალიმენტის გადახდევინების შესახებ“ გაეროს 1956 წლის 20 ივნისის კონვენციას, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ამ სახელმწიფოთა შორის შეეხება იგი ერთსა და იმავე საკითხს.
მუხლი 50🔗
დოკუმენტების ჩაბარების და მტკიცებულების მოპოვების შესახებ ჰააგის კონვენციასთან ურთიერთმიმართება
წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს „სამოქალაქო საპროცესო მოქმედებების შესახებ“ ჰააგის 1954 წლის 1 მარტის კონვენციაზე, „სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციაზე და „სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე საზღვარგარეთ მტკიცებულებების მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის 18 მარტის კონვენციაზე.
მუხლი 51🔗
ხელშეკრულებებსა და დამატებით შეთანხმებებს შორის ურთიერთმიმართება
1. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფორმებულია წინამდებარე კონვენციამდე, რომლის მხარეებიც არიან იგივე ხელშემკვრელი სახელმწიფოები და შეიცავენ წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ მსგავს საკითხებს.
2. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ერთ ან მეტ სახელმწიფოსთან გააფორმოს შეთანხმებები, რომლებიც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებით რეგულირებულ საკითხებს, რომელთა მიზანია წინამდებარე კონვენციის გამოყენების პირობების გაუმჯობესება, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმებები შესაბამისობაში მოვა წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან, და თუ ეს ხელს არ შეუშლის წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენებას სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ასეთი შეთანხმება, მისი ასლი უნდა გადაუგზავნონ წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარს.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ასევე ვრცელდება ნაცვალგების შეთანხმებებზე და სპეციალური კავშირის მქონე სახელმწიფოების მიერ შექმნილ უნიფიცირებულ კანონებზე.
4. წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს ამ კონვენციის ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებაზე, რომლებიც მიღებულია წინამდებარე კონვენციის გაფორმების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე ასეთი ორგანიზაციის საერთაშორისო ინსტრუმენტი გავლენას არ ახდენს ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისა და წინამდებარე კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე წინამდებარე კონვენციის დებულებების გამოყენების ფარგლებში. რაც შეეხება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის გადაწყვეტილებების ცნობის ან აღსრულების საკითხს, წინამდებარე კონვენცია გავლენას არ ახდენს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წესებზე, იმის მიუხედავად, ისინი კონვენციის გაფორმებამდეა მიღებული თუ მის შემდეგ.
მუხლი 52🔗
ყველაზე ეფექტური სამართლებრივი ჩარჩოს გამოყენება
1. წინამდებარე კონვენციით ხელი არ უნდა შეეშალოს თხოვნის ინიციატორ სახელმწიფოსა და თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შორის მოქმედი ხელშეკრულების, შეთანხმების ან საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებას, ან იმ ნაცვალგების შეთანხმებას, რომელიც მოქმედებს მათ შორის და თუ ის ითვალისწინებს -
ა) ალიმენტის შესახებ გადაწყვეტილებების ცნობისათვის უფრო ფართო საფუძვლებს, კონვენციის 22-ე მუხლის ვ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობებისათვის ზიანის მიუყენებლად;
ბ) გამარტივებულ, უფრო დაჩქარებულ პროცედურებს რჩენის ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილებების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხებს;
გ) მე-14-17 მუხლებით გათვალისწინებულზე უფრო ხელსაყრელ იურიდიულ დახმარებას; ან
დ) ისეთ წესებს, რომელთა მეშვეობითაც თხოვნის ინიციატორი სახელმწიფოდან განმცხადებელს უფლება ეძლევა, მოთხოვნა წარადგინოს უშუალოდ, პირდაპირ იმ სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოში, რომელმაც უნდა განიხილოს შუამდგომლობა.
2. წინამდებარე კონვენცია ხელს არ უშლის თხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, გამოიყენოს შიდა კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის ა) – გ) ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებთან შედარებით უფრო ეფექტურ საშუალებას. თუმცა, რაც შეეხება ამ მუხლის 1-ელი პუნქტის ბ) ქვეპუნქტში მითითებულ გამარტივებულ, უფრო დაჩქარებულ პროცედურებს, ისინი უნდა შეესაბამებოდეს 23-ე და 24-ე მუხლებით გარანტირებულ უფლებებს, კერძოდ, მხარეთა უფლებას, იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები სასამართლო პროცესის თაობაზე და სათანადო წესით წარმოდგენილი ამ სასამართლო პროცესზე, და ასევე ადმინისტრაციული საჩივრისა თუ სააპელაციო საჩივარზე განხილვის შედეგების მიწოდება იყოს უზრუნველყოფილი.
მუხლი 53🔗
სტანდარტული განმარტება
წინამდებარე კონვენციის განმარტებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი საერთაშორისო ბუნება და მისი ერთგვაროვანი გამოყენებისათვის ხელშეწყობის საჭიროება.
მუხლი 54🔗
კონვენციის პრაქტიკული გამოყენების მიმოხილვა
1. ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის გენერალურმა მდივანმა გარკვეული პერიოდულობით უნდა მოიწვიოს სპეციალური კომისია კონვენციის პრაქტიკული ფუნქციონირების შესაფასებლად და კონვენციის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკების შემუშავების ხელშესაწყობად.
2. ასეთი განხილვისათვის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია კონვენციის ფარგლებში განხორციელებული პრაქტიკული სამუშაოების შესახებ, მათ შორის სტატისტიკური და პრეცედენტული სამართლის თაობაზე ინფორმაცია.
მუხლი 55🔗
ფორმებში შესწორების შეტანა
1. წინამდებარე კონვენციაზე თანდართულ ფორმებში შესწორების შეტანა დასაშვებია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კონფერენციის გენერალური მდივნის მიერ მოწვეული სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით. კომისიაზე მოწვეული იქნება წინამდებარე კონვენციის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო და კონფერენციის ყველა წევრი. სტანდარტულ ფორმებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე წინადადება გათვალისწინებული უნდა იყოს სესიის დღის წესრიგში.
2. სპეციალურ კომისიაზე დამსწრე ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული შესწორებები ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის, დეპოზიტარისათვის, მათ მიერ დოკუმენტის დეპონირებიდან/ ჩაბარებიდან მეშვიდე კალენდარული თვის პირველ რიცხვში.
3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, დეპოზიტარის მიმართ წერილობითი შეტყობინებით შეუძლია, 62-ე მუხლის შესაბამისად, მოამზადოს დათქმა შესწორებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო, რომელიც ამ დათქმას გააკეთებს, მიიჩნევა წინამდებარე კონვენციის არახელშემკვრელ სახელმწიფოდ ხსენებულ შესწორებულ დებულებასთან მიმართებით ამ დათქმის გამოხმობამდე.
მუხლი 56🔗
გარდამავალი დებულებები
1. კონვენცია გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც -
ა) თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომ შუამდგომლობა მიიღო მე-7 მუხლის ან III თავის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც თხოვნის გამომგზავნ და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოებს შორის ეს კონვენცია შევიდა ძალაში;
ბ) თხოვნის შემსრულებელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე მიიღო თხოვნა უშუალოდ განმცხადებელი პირისგან მას შემდეგ, რაც ეს კონვენცია ძალაში შევიდა გადაწყვეტილების მიმღებ და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოებს შორის.
2. ამ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ასევე არიან 48-ე მუხლში მოხსენიებული რომელიმე ალიმენტის საკითხთან დაკავშირებული კონვენციის წევრები, და თუ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ცნობისა და აღსრულების პირობების თანახმად, ვერ ხორციელდება გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება იმ მიზეზით, რომ ეს გადაწყვეტილება გამოტანილია წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე, თუმცა ეს გადაწყვეტილება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე დაექვემდებარებოდა ცნობასა და აღსრულებას მისი გამოტანის პერიოდისათვის ამ ქვეყანაში მოქმედი წინარე ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით მიღებული კონვენციის დებულებების მიხედვით, მაშინ ამ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხთან მიმართებით გამოიყენება გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდისათვის, 48-ე მუხლში მოხსენიებული ალიმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებული, ძალაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულების დებულებები.
3. თხოვნის მიმღები სახელმწიფო ამ კონვენციის ფარგლებში არ არის ვალდებული ცნოს და აღასრულოს გადაწყვეტილება ან რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება, რომელთა მიხედვით ვალდებულების შესრულების ვადა დადგა ამ თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოსა და თხოვნის შემსრულებელ სახელმწიფოთა შორის კონვენციის ძალაში შესვლამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ალიმენტის გადახდა წარმოიშობა მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ 21 წელი.
მუხლი 57🔗
კანონების, პროცედურებისა და მომსახურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
1. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, კონვენციის 61-ე მუხლის მიხედვით, რატიფიცირების ან შეერთების დოკუმენტის ჩაბარების ან დეკლარაციის წარდგენისას, ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს ასევე უნდა მიაწოდოს -
ა) რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებით საკუთარი კანონმდებლობისა და პროცედურების თაობაზე მიმოხილვა;
ბ) იმ ზომების აღწერა, რომლებსაც ის მიიღებს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
გ) იმის აღწერა, თუ როგორ უზრუნველყოფს მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად განმცხადებლებისთვის პროცედურებზე ეფექტურ წვდომას;
დ) აღსრულების წესების და პროცედურების აღწერა, აღსრულებაზე ნებისმიერი შეზღუდვის ჩათვლით, კერძოდ, მოვალის დაცვის მექანიზმებსა და ხანდაზმულობის ვადებზე;
ე) 25-ე მუხლის (1) (ბ) ქვეპუნქტსა და (3) პუნქტში მითითებული ნებისმიერი დამატებითი, სპეციალური მოთხოვნების თაობაზე ინფორმაცია.
2. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას, შეუძლიათ გამოიყენონ „ქვეყანაში არსებული პროცედურების თაობაზე მოკლე ინფორმაციის სპეციალური ფორმა“, რომელიც გამოქვეყნებულია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მიერ.
3. ინფორმაცია პერიოდულად უნდა განაახლონ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა.
თავი IX. დასკვნითი დებულებები
მუხლი 58🔗
ხელმოწერა, რატიფიკაცია, და შეერთება
1. კონვენციის ხელმოწერა შეუძლიათ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იყვნენ ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრები მისი ოცდამეერთე სხდომის დროს, ასევე იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სესიაში.
2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, და სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება უნდა მოხდეს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს კონვენციის დეპოზიტარს.
3. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია მიუერთდეს კონვენციას მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. შეერთების შესახებ დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს დეპოზიტარს.
5. ასეთი შეერთება ძალაში შედის მხოლოდ შეერთების მსურველ სახელმწიფოსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი მის შეერთებასთან დაკავშირებით, 65-ე მუხლის მიხედვით შეტყობინების დღიდან 12 თვის ვადაში. ასეთი წინააღმდეგობა შეიძლება ასევე გამოთქვან სახელმწიფოებმა იმ დროს, როდესაც ისინი მოახდენენ კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ამგვარი შეერთების შემდეგ. ნებისმიერი ასეთი წინააღმდეგობის შესახებ უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
მუხლი 59🔗
ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები
1. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ ზოგიერთ ან ყველა საკითხზე, უფლება აქვს მსგავსი წესით ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ან მიუერთდეს წინამდებარე კონვენციას. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასზე შეერთების დროს წერილობითი ფორმით ატყობინებს დეპოზიტარს ამ კონვენციით დარეგულირებული იმ საკითხების თაობაზე, რომლებზეც კომპეტენცია გადაეცა მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია წერილობითი ფორმით დროულად აწვდის ინფორმაციას დეპოზიტარს მის კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მის კომპეტენციას.
3. ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია, 63-ე მუხლის თანახმად განაცხადოს, რომ ის კონვენციით განსაზღვრულ ყველა საკითხზე ახორციელებს უფლებამოსილებას და იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას გადასცეს ასეთი კომპეტენცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოეშობათ ამ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები კონვენციაზე ამ ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შედეგად.
4. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის მიზნებისთვის, ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელი, რომელიც დეპონირებულია ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ მიიღება მხედველობაში, თუკი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია არ გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. წინამდებარე კონვენციაში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე, რომელიც ამ კონვენციის მხარეა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციაში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად გავრცელდება ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებზე.
მუხლი 60🔗
ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 58-ე მუხლით განსაზღვრული ხელმოწერის, მიღების ან დამტკიცების თაობაზე მეორე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. ამის შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის -
ა) თითოეული სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ახდენენ 59-ე (1) მუხლით დადგენილი წესით კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს;
ბ) 58-ე (3) მუხლის შესაბამისად, თითოეული სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისთვის, იმ პერიოდის დასრულების მომდევნო დღეს, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა წინააღმდეგობის გამოთქმა 58-ე (5) მუხლის შესაბამისად;
გ) იმ ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელზეც წინამდებარე კონვენცია გავრცელდა 61-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლში მითითებული შეტყობინებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 61🔗
დეკლარაციები არაუნიფიცირებულ სამართლებრივ სისტემებთან დაკავშირებით
1. თუ სახელმწიფოს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც სხვადასხვა სამართლის სისტემა მოქმედებს წინამდებარე კონვენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, მას ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს შეუძლია, 63-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანზე და უფლება აქვს ნებისმიერ დროს ამ დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება სხვა დეკლარაციის წარდგენით.
2. ნებისმიერი ასეთი დეკლარაცია უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს და მასში გარკვევით უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.
3. თუ სახელმწიფო არ აკეთებს ამ მუხლით განსაზღვრულ დეკლარაციას, წინამდებარე კონვენცია გავრცელდება ამ სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.
4. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 62🔗
დათქმები
1. არაუგვიანეს კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთებისა, ან 61-ე მუხლის შესაბამისად დეკლარაციის გაკეთებისას, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა მე-2(2), მე-20(2), 30-ე(8), 44-ე(3) და 55-ე(3) მუხლებთან მიმართებით. დაუშვებელია სხვა სახის დათქმების გაკეთება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს შეუძლია მის მიერ გაკეთებული დათქმის უკან გამოხმობა. უკან გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
3. დათქმა კარგავს იურიდიულ ძალას მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესის მიხედვით შეტყობინების გაგზავნიდან სამი თვის გასვლის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.
4. ამ მუხლის მიხედვით გაკეთებულ დათქმებს არ აქვთ ნაცვალგების ძალა, გარდა მე-2 (2) მუხლით გათვალისწინებული დათქმისა.
მუხლი 63🔗
დეკლარაციები
1. მე-2(3), მე-11(1) „ზ“, მე-16(1), 24-ე(1), 30-ე(7), 44-ე(1) და (2), 59-ე(3) და 61-ე(1) მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს, ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს, და მათში შესწორების შეტანა ან მათი გამოხმობა დასაშვებია ნებისმიერ დროს.
2. დეკლარაციების, მათი ცვლილებების და გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
3. ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული დეკლარაცია ძალაში შედის მოცემული სახელმწიფოსთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თანადროულად.
4. შემდგომ გაკეთებული დეკლარაცია და დეკლარაციაში ნებისმიერი ცვლილება ან მისი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდგომ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 64🔗
დენონსაცია
1. წინამდებარე კონვენციის დენონსაცია შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარის მიერ დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის მქონე სახელმწიფოში, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია, მისი დენონსაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარკვეული ტერიტორიული ერთეულის მიმართ.
2. დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში მითითებულია დენონსაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, დენონსაცია ძალაში შედის ამ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
მუხლი 65🔗
შეტყობინება
ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრებს, სხვა სახელმწიფოებს და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რატიფიცირება მოახდინეს, დაამტკიცეს ან შეუერთდნენ კონვენციას 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, დეპოზიტარმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია -
ა) 58-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების და დამტკიცების შესახებ;
ბ) 58-ე მუხლის (3) და (5) პუქტებითა და 59-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეერთების და შეერთებაზე წინააღმდეგობის გამოთქმის შესახებ;
გ) წინამდებარე კონვენციის მე-60 მუხლის შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
დ) მე-2 (3), მე-11 (1) „ზ“, მე-16 (1), 24-ე (1), 30-ე (7), 44-ე (1) და (2), 59-ე (3) და 61-ე (1) მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციების შესახებ;
ე) 51-ე (2) მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებების შესახებ;
ვ) მე-2 (2), მე-20 (2), 30-ე (8), 44-ე (3) მუხლებში მითითებული დათქმების შესახებ და 62-ე (2) მუხლის შესაბამისად მათი უკან გამოხმობის შესახებ;
ზ) 64-ე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის შესახებ;
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, გააჩნიათ რა სათანადო უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ჰააგაში, 2007 წლის 23 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბრად ავთენტურ ტექსტებად, ერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად უნდა ჩაჰბარდეს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის არქივს, ხოლო მისი დამოწმებული ასლი დიპლომატიური არხებით უნდა გაეგზავნოს თითოეულ სახელმწიფოს, რომელიც იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრი მისი ოცდამეერთე სესიის ჩატარების თარიღისთვის და თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სესიაში.
დანართი 1
12(2) მუხლით გათვალისწინებული გადაცემის ფორმა
კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეტყობინება
კონვენციის ფარგლებში შეგროვებული ან გადაცემული პერსონალური მონაცემები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი შეგროვდა ან გადაიცა. ამგვარი მონაცემების დამუშავებისას ნებისმიერმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს მისი კონფიდენციალურობა მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უწყება არ გასცემს ან დაადასტურებს ინფორმაციას, რომელიც შეგროვებული და გადაცემულია კონვენციის ფარგლებში, თუ ის დაადგენს, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს პირის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება ან თავისუფლება მე-40 მუხლის შესაბამისად.
□
მე-40 მუხლის შესაბამისად ცენტრალურმა ორგანომ დაადგინა გაუმჟღავნებლობა.
1. თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო
2. საკონტაქტო პირი თხოვნის გამომგზავნ სახელმწიფოში
ა. მისამართი
ა. მისამართი (თუ განსხვავებულია)
ბ. ტელეფონის ნომერი
ბ. ტელეფონის ნომერი (თუ განსხვავებულია)
გ. ფაქსის ნომერი
გ. ფაქსის ნომერი (თუ განსხვავებულია)
დ. ელფოსტა
დ. ელფოსტა (თუ განსხვავებულია)
ე. დამოწმების ნომერი
ე. ენა(ები)
3. თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო _____________________________
მისამართი _____________________________
______________________________
4. განმცხადებლის მონაცემები
ა. გვარ(ებ)ი: __________________________________________
ბ. სახელ(ებ)ი: ________________________________________
გ. დაბადების თარიღი: ________________________________
(დდ/თთ/წწ)
ან
ა. საჯარო ორგანოს სახელწოდება: __________________________
__________________________
5. იმ პირ(ებ)ის მონაცემები, ვისთვისაც მოითხოვება ან გადასახდელია სარჩო
ა. □
პირი მე-4 პუნქტში დასახელებული განმცხადებელია
ბ. i. გვარ(ებ)ი: ____________________________________________
სახელ(ებ)ი: _________________________________________
დაბადების თარიღი: __________________________________ (დდ/თთ/წწ)
ii. გვარ(ებ)ი: _____________________________________________
სახელ(ებ)ი: ____________________________________________
დაბადების თარიღი: _____________________________________ (დდ/თთ/წწ)
iii. გვარ(ებ)ი: _____________________________________
სახელ(ებ)ი: _____________________________________
დაბადების თარიღი: _____________________________________ (დდ/თთ/წწ)
6. მოვალის მონაცემები[1]
ა. □
პირი მე-4 პუნქტში დასახელებული განმცხადებელია
ბ. i. გვარ(ებ)ი: _____________________________________
სახელ(ებ)ი: _____________________________________
დაბადების თარიღი: _________________________________ (დდ/თთ/წწ)
7. გადაცემის ეს ფორმა შეეხება და თან ახლავს განცხადებას, რომელიც გაკეთებულია შემდეგი მუხლის შესაბამისად:
□
მუხლი 10🔗(1) ა)
□
მუხლი 10🔗(1) ბ)
□
მუხლი 10🔗(1) გ)
□
მუხლი 10🔗(1) დ)
□
მუხლი 10🔗(1) ე)
□
მუხლი 10🔗(1) ვ)
□
მუხლი 10🔗(2) ა)
□
მუხლი 10🔗(2) ბ)
□
მუხლი 10🔗(2) გ)
8. განაცხადს თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
ა. 10(1) „ა“ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების მიზნისთვის და:
25-ე მუხლის შესაბამისად:
□
გადაწყვეტილების სრული ტექსტი (მუხლი 25🔗(1)„ა“)
□
გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ამონაწერი ან რეზიუმე; (მუხლი 25🔗(3)„ბ“) (შესაძლებლობის შემთხვევაში)
□
დოკუმენტი, რომელიც ადგენს, რომ გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, სადაც ის არის გამოტანილი, ხოლო ადმინისტარციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს 19(3) მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, თუკი ამ სახელმწიფოს 57-ე მუხლის შესაბამისად არ აქვს მითითებული, რომ მისი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები ყოველთვის აკმაყოფილებენ აღნიშნულ პირობებს (მუხლი 25🔗(1) ბ)) ან 25(3) გ) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
□
იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ იყო წარმოდგენილი სამართალწარმოების პროცესში იმ ქვეყანაში, სადაც ეს გადაწყვეტილებაა მიღებული, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე იყო სათანადო წესით გაფრთხილებული სასამართლო სხდომის გამართვისა და სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესში, ან დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარეს სათანადოდ ეცნობა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა საჩივარი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე (მუხლი 25🔗 (1)„გ“)
□
საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული თანხა, რომელიც მართებს მოვალეს და ასევე ამ თანხის დაანგარიშების თარიღი (მუხლი 25🔗(1) „დ“)
□
საჭიროებისას, იმ გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ითვალისწინებს ავტომატურ შესწორებას ინდექსაციით, დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია შესაბამისი დაანგარიშებისათვის აუცილებელი ინფორმაცია (მუხლი 25🔗(1) „ე“)
□
საჭიროების შემთხვევაში, ის დოკუმენტაცია, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, თუ რა ფარგლებში მიიღო უფასო იურიდიული დახმარება განმცხადებელმა სახელმწიფოში, სადაც მიღებულია გადაწყვეტილება (მუხლი 25🔗(1) „ვ“)
30(3) მუხლის შესაბამისად:
□
რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების სრული ტექსტი (მუხლი 30🔗(3) „ა“)
□
დოკუმენტი რომელიც ადგენს, რომ კონკრეტული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ის არის შესრულებული (მუხლი 30🔗(3) „ბ“)
□
განაცხადის თანმხლები სხვა ნებისმიერი დოკუმენტი (მაგ. მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტი 36(4) მუხლის მიზნისთვის)
ბ. 10(1) „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და (2) „ა“, „ბ“ ან „გ“ მუხლების შესაბამისად წარმოდგენილი განცხადების მიზნებისთვის, დამხმარე დოკუმენტების შემდეგი რაოდენობა (გადაცემის ფორმის და განცხადების გარდა) 11(3) მუხლის შესაბამისად:
□
მუხლი 10🔗(1) „ბ“
□
მუხლი 10🔗(1) „გ“
□
მუხლი 10🔗(1) „დ“
□
მუხლი 10🔗(1) „ე“
□
მუხლი 10🔗(1) „ვ“
□
მუხლი 10🔗(2) „ა“
□
მუხლი 10🔗(2) „ბ“
□
მუხლი 10🔗(2) „გ“
სახელი: (დიდი ბეჭდური ასოებით) თარიღი:
ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილი (დდ/თთ/წწ)
წარმომადგენელი
დანართი 2
12(3) მუხლით გათვალისწინებული მიღების დადასტურების ფორმა
კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეტყობინება
კონვენციის ფარგლებში შეგროვებული ან გადაცემული პერსონალური მონაცემები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც იგი შეგროვდა ან გადაიცა. ამგვარი მონაცემების დამუშავებისას ნებისმიერმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს მისი კონფიდენციალურობა მისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
უწყება არ გასცემს ან დაადასტურებს ინფორმაციას, რომელიც შეგროვებული და გადაცემულია კონვენციის ფარგლებში, თუ ის დაადგენს, რომ ამ ქმედებამ შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს პირის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება ან თავისუფლება მე-40 მუხლის შესაბამისად.
მე-40 მუხლის შესაბამისად ცენტრალურმა ორგანომ დაადგინა გაუმჟღავნებლობა
1. თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო
2. საკონტაქტო პირი თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში
ა. მისამართი
ა. მისამართი (თუ განსხვავებულია)
ბ. ტელეფონის ნომერი
ბ. ტელეფონის ნომერი (თუ განსხვავებულია)
გ. ფაქსის ნომერი
გ. ფაქსის ნომერი (თუ განსხვავებულია)
დ. ელექტრონული ფოსტა
დ. ელექტრონული ფოსტა (თუ განსხვავებულია)
ე. დამოწმების ნომერი
ე. ენა(ები)
3. თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო _________________________
მისამართი _________________________
_________________________
4. მოთხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო ადასტურებს თხოვნის გამგზავნი ცენტრალური ორგანოსგან (დამოწმების ნომერი ; დათარიღებული (დდ/თთ/წწ)) გადაცემის ფორმის მიღებას (დდ/თთ/წწ), რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემული მუხლის ფარგლებში:
□
მუხლი 10🔗(1) ა)
□
მუხლი 10🔗(1) ბ)
□
მუხლი 10🔗(1) გ)
□
მუხლი 10🔗(1) დ)
□
მუხლი 10🔗(1) ე)
□
მუხლი 10🔗(1) ვ)
□
მუხლი 10🔗(2) ა)
□
მუხლი 10🔗(2) ბ)
□
მუხლი 10🔗(2) გ)
განმცხადებლის გვარ(ებ)ი: _________________________
იმ პირ(ებ)ის გვარ(ებ)ი, ვისთვისაც _________________________
მოითხოვება ან გადასახდელია სარჩო: _________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
მოვალის გვარ(ებ)ი: __________________________________________________
5. მოთხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანოს მიერ განხორციელებული საწყისი ეტაპები:
□
დოკუმენტი სრულია და მიმდინარეობს განხილვა
□
იხილეთ თანდართული განაცხადის ანგარიშის სტატუსი
□
განაცხადის ანგარიშის სტატუსი გამოიგზავნება მოგვიანებით
□
გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი დამატებითი ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია:
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
□
მოთხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო უარს ამბობს ამ განაცხადის განხილვაზე, რადგან აშკარაა, რომ კონვენციის მოთხოვნები არ არის შესრულებული (მუხლი 12🔗(8)). მიზეზები:
□
მითითებულია თანდართულ დოკუმენტში
□
მიეთითება მოგვიანებით გამოგზავნილ დოკუმენტებში
მოთხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო ითხოვს, რომ მოთხოვნის გამომგზავნმა ცენტრალურმა ორგანომ აცნობოს მას განაცხადის სტატუსის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
სახელი:_________________________(დიდი ბეჭდური ასოებით) თარიღი:_________________________
ცენტრალური ორგანოს უფლებამოსილი (დდ/თთ/წწ)
წარმომადგენელი
[1] კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, „მოვალე“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც ვალდებულია ან სავარაუდოდ ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი.