რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე ოქმი
მიღების თარიღი 25.05.2023
ძალაში შესვლა 01.09.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №193/9
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016787
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია "სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
დოკუმენტის ტექსტი
რჩენის ვალდებულების საკითხებზე
გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე ოქმი
ოქმი
რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე
პრეამბულა
წინამდებარე ოქმის ხელმომწერ სახელმწიფოებს,
სურთ რა, შექმნან რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის უნიფიცირებული დებულებები,
სურთ რა, „ბავშვების სასარგებლოდ გადასახდელი საალიმენტო ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ ჰააგის 1956 წლის 24 ოქტომბრისა და „რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ 1973 წლის 2 ოქტომბრის ჰააგის კონვენციების განახლება,
სურთ რა, განავითარონ გამოსაყენებელი სამართლის ის ზოგადი წესები, რომლებმაც შეიძლება შეავსონ „საერთაშორისო დონეზე ალიმენტის გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია,
გადაწყვიტეს წინამდებარე ოქმის შემუშავება და შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე:
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
(1) წინამდებარე ოქმი განსაზღვრავს საოჯახო ურთიერთობიდან, მშობლის მოვალეობიდან, ქორწინების ან ნათესაური კავშირით, მათ შორის, არაოფიციალური ქორწინებიდან დაბადებული ბავშვის მიმართ წარმოშობილ რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელ სამართალს.
(2) წინამდებარე ოქმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ნათესაური კავშირის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗. საყოველთაო გამოყენება
წინამდებარე ოქმი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოსაყენებელ სამართალს არახელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობა წარმოადგენს.
მუხლი 3🔗. ზოგადი წესი გამოსაყენებელ სამართალზე
(1) რჩენის ვალდებულებები რეგულირდება კრედიტორის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით, თუ წინამდებარე ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
(2) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი იცვლის ჩვეულ ადგილსამყოფელს, ამ ცვლილების განხორციელების მომენტიდან გამოიყენება ახალი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობა.
მუხლი 4🔗. კონკრეტულ კრედიტორებზე მოქმედი სპეციალური წესი
(1) შემდეგი დებულებები გამოიყენება რჩენის ვალდებულებების შემთხვევებში:
ა) მშობლების მიმართ შვილების სასარგებლოდ;
ბ) მშობლების გარდა სხვა პირების მიმართ 21 წლამდე ასაკის პირების სასარგებლოდ, გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებისა; და
გ) შვილების მიმართ თავისი მშობლების სასარგებლოდ.
(2) თუ მე-3 მუხლით განსაზღვრული სამართლის მიხედვით კრედიტორს არ შეუძლია მოვალისაგან ალიმენტის მიღება, მაშინ გამოიყენება დავის განმხილველი სასამართლოს ქვეყნის კანონმდებლობა.
(3) მე-3 მუხლის მიუხედავად, თუ კრედიტორმა მიმართა იმ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, სადაც მოვალეს აქვს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, გამოიყენება დავის განმხილველი სასამართლოს ქვეყნის სამართალი. თუმცა, თუ კრედიტორი ამ სამართლის საფუძველზე მოვალისაგან ვერ მიიღებს ალიმენტს, მაშინ დავის განხილვისას გამოიყენება კრედიტორის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობა.
(4) თუ მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული წესის მეშვეობით კრედიტორი ვერ მიიღებს ალიმენტს მოვალისაგან, მაშინ გამოიყენება მათი საერთო მოქალაქეობის სახელმწიფოს სამართალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. სპეციალური წესი მეუღლეებთან და ყოფილ მეუღლეებთან დაკავშირებით
მეუღლეებს, ყოფილ მეუღლეებს ან გაბათილებული ქორწინების მხარეებს შორის რჩენის ვალდებულების მიმართ მე-3 მუხლით გათვალისწინებული სამართალი არ გამოიყენება, თუ ერთ- ერთი მხარე სადავოდ ხდის ამ სამართლის გამოყენებას და თუ მხარეთა ქორწინებას უფრო მჭიდრო კავშირი აქვს მეუღლეთა ბოლო ერთობლივი ჩვეული ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალთან. ამ შემთხვევაში გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელ ქვეყანასთანაც მეუღლეები ერთობლივად ყველაზე მჭიდროდ არიან დაკავშირებულები.
მუხლი 6🔗. სპეციალური წესი დაცვასთან დაკავშირებით
რჩენის ვალდებულებებთან მიმართებით, გარდა მშობელებსა და შვილს შორის ურთიერთობიდან და ასევე, მე-5 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისა, მოვალეს შეუძლია სადავო გახადოს კრედიტორის მოთხოვნა იმ საფუძველით, რომ არც ჩვეული ადგილსამყოფელის და არც მათი საერთო მოქალაქეობის სამართლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული ის ვალდებულება, რომლის შესრულებასაც ითხოვს კრედიტორი.
მუხლი 7🔗. კონკრეტული პროცედურების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა
(1) მე-3-6 მუხლებით განსაზღვრული წესების მიუხედავად, რჩენის ვალდებულების საქმეში კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული საქმის წარმოებისათვის რჩენის ვალდებულებებზე გამოსაყენებელ სამართლად ცალსახად განსაზღვრონ იმ სახელმწიფოს სამართალი, სადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა.
(2) ამგვარი პროცედურების დაწყებამდე მხარეებს შორის სამართლის განსაზღვრის საკითხზე შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული წერილობითი სახით ან ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ და ასევე, წერილობითი სახით შესრულებული ინფორმაცია უნდა იყოს გამოყენებადი შესაბამისი საჭიროებისათვის.
მუხლი 8🔗 გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა
(1) მე-3-6 მუხლებით განსაზღვრული წესების მიუხედავად, კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ ნებისმიერ დროს რჩენის ვალდებულების მიმართ განსაზღვრონ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, როგორც გამოსაყენებელი სამართალი;
ა) ნებისმიერი იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეც არის ერთ-ერთი მხარე სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის;
ბ) ერთ-ერთი მხარის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობა განსაზღვრის მომენტისათვის;
გ) მხარეების მიერ გამოსაყენებელ სამართლად განსაზღვრული კანონმდებლობა, ან ის სამართალი, რომელიც ფაქტიურად უკვე გავრცელდა მათ ქონებრივი რეჟიმზე;
დ) მხარეების მიერ გამოსაყენებელ სამართლად განსაზღვრული კანონმდებლობა, ან ის სამართალი, რომელიც ფაქტობრივად უკვე გავრცელდა მათ ცალ-ცალკე ცხოვრების ან ოფიციალური განქორწინების რეჟიმზე.
(2) ასეთი შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული წერილობითი სახით ან ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი, რომლის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში და ის ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ.
(3) 1-ელი პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება რჩენის ვალდებულებების მიმართ, თუ ის ეხება 18 წლამდე ასაკის ან უფროს პირს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის ან არასაკმარისი პიროვნული შესაძლებლობების გამო არ შეუძლია თავისი ინტერესების დაცვა.
(4) 1-ელი პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიუხედავად, კრედიტორს აქვს თუ არა უფლება რჩენის ვალდებულების გამოყენების უფლებაზე თქვას უარი, განისაზღვრება სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის კრედიტორის ჩვეული ადგილსამყოფელის სახელმწიფო კანონმდებლობით.
(5) მხარეების მიერ განსაზღვრული, გამოსაყენებელი სამართლის ნორმები არ გამოიყენება , თუ სამართლის განსაზღვრის მომენტისათვის მხარეები არ იყვნენ სრულად ინფორმირებულები და არ ჰქონდათ გაცნობიერებული სამართლის განსაზღვრით გამოწვეული შედეგი, და თუ ასეთი გამოსაყენებელი სამართლის ნორმები რომელიმე მხარისათვის გამოიწვევს აშკარად უსამართლო ან არაგონივრულ შედეგს.
მუხლი 9🔗. „დომიცილი“ „მოქალაქეობის“ ნაცვლად
სახელმწიფოს, რომლისთვისაც საოჯახო დავებში „დომიცილი“ წარმოადგენს მთავარ კრიტერიუმს, შეუძლია აცნობოს ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის მუდმივმოქმედ ბიუროს, რომ იმ საქმეების მიზნებისთვის, რომლებიც მის ორგანოებს წარედგინება, მე-4 და მე-6 მუხლებში მოხსენიებული ტერმინი „მოქალაქეობა“ იცვლება ტერმინით „დომიცილი“, როგორც ის განსაზღვრულია ამ სახელმწიფოში.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო ორგანოები
რჩენის სანაცვლოდ კომპენსაციის მოთხოვნის საკითხზე საჯარო ორგანოს მოთხოვნის უფლებას არეგულირებს იმ ქვეყნის სამართალი, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება თავად ეს ორგანო.
მუხლი 11🔗. გამოსაყენებელი სამართლის მოქმედების ფარგლები
რჩენის ვალდებულების მიმართ გამოსაყენებელი სამართლით inter alia უნდა განისაზღვროს:
ა) თუ რა ფარგლებში და ვისგან აქვს კრედიტორს რჩენის მოთხოვნის უფლება;
ბ) რა ფარგლებში შეუძლია კრედიტორს ალიმენტის რეტროაქტიული ანაზღაურების მოთხოვნა;
გ) ინდექსაცია და რჩენის ვალდებულების ოდენობის გაანგარიშების საფუძველი;
დ) ვინ არის უფლებამოსილი, დაიწყოს საქმისწარმოება რჩენის ვალდებულების საკითხზე, გარდა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და წარმომადგენლობის საკითხებისა;
ე) სასარჩელო ხანდაზმულობის ან ხანდაზმულობის ვადები;
ვ) მოვალისადმი საალიმენტო ვალდებულის მოცულობა, როდესაც სახელმწიფო ორგანო, როგორც კრედიტორი ითხოვს მოვალისაგან მის ნაცვლად შესრულებული რჩენის ვალდებულების ანაზღაურებას.
მუხლი 12🔗. უკუმითითების დაუშვებლობა
ოქმში ტერმინი „კანონმდებლობა“ ნიშნავს სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას და არა არჩეული სამართლის ნორმებს.
მუხლი 13🔗. საჯარო წესრიგი
ამ ოქმის შესაბამისად, განსაზღვრული გამოსაყენებელი სამართლის გამოყენებაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ მისი შედეგები წინააღმდეგობაში იქნება დავის განმხილველი სასამართლოს საჯარო წესრიგთან.
მუხლი 14🔗.ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უნდა იქნეს გათვალისწინებული კრედიტორის საჭიროებები და მოვალის ფინანსური შესაძლებლობები, ასევე, ნებისმიერი კომპენსაცია, რომელიც კრედიტორს მიეცა ალიმენტის რეგულარული გადახდების სანაცვლოდ, თუნდაც გამოსაყენებელი სამართალი სხვაგვარად აწესრიგებდეს საკითხს.
მუხლი 15🔗. შიდა კოლიზიური ნორმების მიმართ ოქმის გამოყენების დაუშვებლობა
(1) ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელშიც რჩენის ვალდებულებების მიმართ სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა ან სამართლებრივი ნორმები გამოიყენება, არ არის ვალდებული ოქმის დებულებები გამოიყენოს მხოლოდ ასეთი, სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებს ან სამართლებრივ ნორმებს შორის კოლიზიის აღმოსაფხვრელად.
(2) ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 16🔗. არაუნიფიცირებული სამართლებრივი სისტემები – ტერიტორიული ერთეული
(1) იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემაა ან სამართლის განსხვავებული ნორმები გამოიყენება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში ოქმით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით -
ა) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს კანონმდებლობაზე უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც, მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ კანონმდებლობაზე;
ბ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოზე ან საჯარო დაწესებულებაზე, საჭიროებისამებრ, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება თავად ამ ტერიტორიულ უფლებამოსილ ორგანოებზე, რომელიც მოქმედებს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
გ) ნებისმიერი მითითება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც მითითება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
დ) ნებისმიერი მითითება იმ სახელმწიფოზე, რომლის საერთო მოქალაქეობაც აქვს ორ პირს, უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც მითითება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულზე, ან შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში, იმ ტერიტორიულ ერთეულზე, რომელთანაც რჩენის ვალდებულება ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული;
ე) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის მოქალაქეც არის პირი, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულზე, ან შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში, იმ ტერიტორიულ ერთეულზე, რომელთანაც პირს აქვს ყველაზე მჭიდრო კავშირი.
(2) ოქმის შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიზნით, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც მოქმედებს განსხვავებული სამართლებრივი სისტემა ან გამოიყენება სამართლის სხვადასხვა ნორმები, წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) ტერიტორიულ ერთეულში გამოიყენება ის სამართალი, რომელიც განსაზღვრა სახელმწიფომ კონკრეტულად ამ ტერიტორიულ ერთეულში გამოსაყენებლად, თუ ასეთი კანონი არსებობს;
ბ) თუ არ არსებობს ამგვარი კანონი, თავად ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი კანონი გამოიყენება, როგორც ეს დადგენილია 1-ელ პუნქტში.
(3) ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 17🔗. არაუნიფიცირებული სამართლებრივი სისტემები – პიროვნებათაშორისი კონფლიქტები
სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემა ან სხვადასხვა კატეგორიის პირებზე ოქმით განსაზღვრულ საკითხებზე გამოიყენება განსხვავებული სამართლის ნორმები, მაშინ ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს სამართალზე უნდა განიმარტოს, როგორც მითითება ამ სახელმწიფოს კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ სისტემაზე.
მუხლი 18🔗. ურთიერთმიმართება რჩენის შესახებ ჰააგის უფრო ადრინდელ კონვენციებთან ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში
წინამდებარე ოქმი ანაცვლებს „რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ 1973 წლის 2 ოქტომბრის ჰააგის კონვენციას და „ბავშვთან დაკავშირებით საალიმენტო ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ 1956 წლის 24 ოქტომბრის ჰააგის კონვენციას.
მუხლი 19🔗. ურთიერთმიმართება სხვა ხელშეკრულებებთან
(1) წინამდებარე ოქმი გავლენას არ ახდენს სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე, რომლის მხარეებიც არიან ან გახდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები და რომელიც შეიცავს დებულებებს იმ საკითხებზე, რომლებსაც წინამდებარე ოქმი აწესრიგებს, თუ აღნიშნული ინსტრუმენტების ხელშემკვრელი სახელმწიფოები საპირისპიროს არ განაცხადებენ.
(2) ამ მუხლის 1-ელი პუნქტი ასევე ვრცელდება იმ უნიფიცირებულ კანონებზე, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოებში მიღებულია რეგიონალური ან სხვა ხასიათის განსაკუთრებული კავშირების ფარგლებში.
მუხლი 20🔗. სტანდარტული განმარტება
წინამდებარე ოქმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი საერთაშორისო ბუნება და ერთგვაროვანი გამოყენების ხელშეწყობის საჭიროება.
მუხლი 21🔗. ოქმის პრაქტიკული მოქმედების განხილვა
(1) საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის გენერალური მდივანი საჭიროებისამებრ იწვევს საგანგებო კომისიას ოქმის პრაქტიკული მოქმედების განსახილველად.
(2) ამგვარი განხილვის მიზნებისათვის, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ბიუროს, თანამშრომლობის ფორმატში, უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ოქმის საფუძველზე განხილული იმ საქმეების თაობაზე, რომლებიც ქმნიან პრეცედენტულ სამართალს.
მუხლი 22🔗. გარდამავალი დებულებები
წინამდებარე ოქმი არ ვრცელდება იმ საალიმენტო მოთხოვნებზე, რომლებიც მოითხოვება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წინამდებარე ოქმის ამ სახელმწიფოში ძალაში შესვლამდე პერიოდისთვის.
მუხლი 23🔗. ხელმოწერა, რატიფიკაცია და შეერთება
(1) წინამდებარე ოქმზე ხელმოწერა შეუძლია ყველა სახელმწიფოს.
(2) წინამდებარე ოქმი ექვემდებარება ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას.
(3) ყველა სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე ოქმთან შეერთება.
(4) სარატიფიკაციო სიგელები, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტების დეპონირება უნდა მოხდეს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ოქმის დეპოზიტარს.
მუხლი 24🔗. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები
(1) ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების მიერ და რომელსაც აქვს კომპეტენცია ამ ოქმით დარეგულირებულ ზოგიერთ ან ყველა საკითხზე, უფლება აქვს მსგავსი წესით ხელი მოაწეროს, მიიღოს, დაამტკიცოს ან მიუერთდეს წინამდებარე ოქმს. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას აქვს ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც ხელშემკვრელ სახელმწიფოს, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ორგანიზაციას აქვს კომპეტენცია ამ კონვენციით დარეგულირებულ საკითხებზე.
(2) ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია ამ კონვენციის ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან მასზე შეერთების დროს წერილობითი ფორმით ატყობინებს დეპოზიტარს ამ კონვენციით დარეგულირებული იმ საკითხების თაობაზე, რომლებზეც ამ ორგანიზაციას მიენიჭა კომპეტენცია მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია წერილობითი ფორმით დროულად ატყობინებს დეპოზიტარს მის კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად გაგზავნილ ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მის კომპეტენციას.
(3) ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას შეუძლია 28-ე მუხლის თანახმად განაცხადოს, რომ ის ოქმით განსაზღვრულ ყველა საკითხზე ახორციელებს უფლებამოსილებას და იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას გადასცეს ასეთი კომპეტენცია, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით წარმოეშობათ ამ ოქმით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები, ოქმზე ამ ორგანიზაციის სახელით ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შედეგად.
(4) წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის მიზნებისთვის, ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელი, რომელიც დეპონირებულია ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, არ მიიღება მხედველობაში, თუკი ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია არ გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად.
(5) წინამდებარე ოქმში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის იმ რეგიონალურ ორგანიზაციაზე, რომელიც ამ ოქმის მონაწილეა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გააკეთებს დეკლარაციას მე-3 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ოქმში ნებისმიერი მითითება „ხელშემკვრელ სახელმწიფოსა“ თუ „სახელმწიფოზე“, სადაც ეს საჭიროა, თანაბრად გავრცელდება ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებზე.
მუხლი 25🔗. ძალაში შესვლა
(1) ოქმი ძალაში შედის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ხელმოწერის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების თაობაზე მეორე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
(2) ამის შემდეგ, ოქმი ძალაში შედის -
ა) თითოეული სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ახდენენ 24-ე მუხლით დადგენილი წესით ოქმის ხელმოწერას, მიღებს ან დამტკიცებას, ამ პროცედურების შესაბამისად სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს;
ბ) იმ ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელზეც წინამდებარე ოქმი გავრცელდა 26-ე მუხლის შესაბამისად, ამავე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაციის წარდგენიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 26🔗. დეკლარაცია არაუნიფიცირებულ სამართლებრივ სისტემებთან დაკავშირებით
(1) თუ სახელმწიფოს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც სხვადასხვა სამართლის სისტემა მოქმედებს წინამდებარე ოქმში შემავალ საკითხებთან მიმართებით, მას ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს შეუძლია, 28-ე მუხლის შესაბამისად, განაცხადოს, რომ წინამდებარე ოქმი ვრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანზე და უფლება აქვს დეკლარაციაში ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება სხვა დეკლარაციის წარდგენით.
(2) ნებისმიერი ასეთი დეკლარაცია უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს და მასში გარკვევით უნდა მიეთითოს ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე ოქმი.
(3) თუ სახელმწიფო არ აკეთებს ამ მუხლით განსაზღვრულ დეკლარაციას, წინამდებარე ოქმი გავრცელდება ამ სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.
(4) ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზე.
მუხლი 27🔗.დათქმები
დაუშვებელია წინამდებარე ოქმზე დათქმების გაკეთება.
მუხლი 28🔗. დეკლარაციები
(1) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციები შეიძლება გაკეთდეს ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს და მათში შესწორების შეტანა ან გამოხმობა დასაშვებია ნებისმიერ დროს.
(2) დეკლარაციების, მათი ცვლილებების და მათი გამოხმობის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
(3) ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული დეკლარაცია ძალაში შედის მოცემული სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თანადროულად.
(4) შემდგომ გაკეთებული დეკლარაცია და დეკლარაციაში ნებისმიერი ცვლილება ან მისი უკან გამოხმობა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 29🔗. დენონსაცია
(1) წინამდებარე ოქმის დენონსაცია შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარის მიერ დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. არაუნიფიცირებული სამართლის სისტემის მქონე სახელმწიფოს ტერიტორიული ერთეულების მქონე სახელმწიფოში, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე ოქმი, მისი დენონსაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარკვეული ტერიტორიული ერთეულების მიმართ.
(2) დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან 12 თვის გასვლის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს. თუ შეტყობინებაში მითითებულია დენონსაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, დენონსაცია ძალაში შედის ამ მითითებული ვადის გასვლის მომდევნო დღეს.
მუხლი 30🔗. შეტყობინება
ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრებს, სხვა სახელმწიფოებსა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, რატიფიცირება მოახდინეს, მიიღეს, დაამტკიცეს ან შეუერთდნენ ოქმს 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად, დეპოზიტარმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) 23-ე და 24-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა და შეერთების შესახებ;
ბ)წინამდებარე ოქმის 25-ე მუხლის შესაბამისად ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
გ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 26-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციების შესახებ;
დ) 29-ე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის შესახებ.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, გააჩნიათ რა სათანადო უფლებამოსილება, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია ჰააგაში, 2007 წლის 23 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბარად ავთენტურ ტექსტებად, ერთ ეგზემპლარად, რომელიც შესანახად უნდა ჩაჰბარდეს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის არქივს, ხოლო მისი დამოწმებული ასლი დიპლომატიური არხებით უნდა გაეგზავნოს თითოეულ სახელმწიფოს, რომელიც იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის წევრი მისი ოცდამეერთე სესიის ჩატარების თარიღისათვის, და თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სესიაში.