„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №616
1999 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. III თავის მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტს დაემატოს (დეპარტამენტების ჩამონათვალის შემდეგ): საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფი.
2. III თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე მუხლი:
„მუხლი 30. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (შემდგომში _ საგანგებო დავალებათა ელჩი) შედის საგანგებო დავალებათა ელჩების ჯგუფში, მოქმედებს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური დავალებების შესაბამისად და თავისი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
2. საგანგებო დავალებათა ელჩის ამოცანებია:
ა) საგარეო საქმეთა მინისტრის კონკრეტული მითითებებისა და დავალებების შესრულება;
ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცალკეული მიმართულების ხელმძღვანელობა _ კოორდინაცია;
გ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა;
დ) სამსახურებრივი საქმიანობით მოპოვებული სპეციალური ინფორმაციის მიწოდება საგარეო საქმეთა მინისტრისთვის;
ე) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით სამინისტროს წარმოდგენა და საერთაშორისო ურთიერთობებში (ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკება, საერთაშორისო კონფერენცია, კონგრესი);
ვ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით მონაწილეობის მიღება საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფო და სამთავრობო დონის დელეგაციებისთვის გათვალისწინებულ ცალკეულ ღონისძიებებში;
ზ) საზღვარგარეთ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის პროგრამის რეალიზაციის დროს მონაწილეობის მიღება განსახილველი დოკუმენტების პროექტების (ან მათი კერძო დებულებების) შემუშავებასა და დახვეწაში;
თ) საგარეო საქმეთა მინისტრის დავალებით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონკრეტული საქმიანობის კონტროლი;
ი) დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის განსახილველად წარდგენა;
კ) მინისტრის სახელზე შემოსული უცხო ქვეყნების, საქართველოს სამთავრობო უწყებების, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი წინადადებების, დასკვნების, შეთანხმებების პროექტების, სხვა დოკუმენტების დამატებითი ანალიზი, ტექსტის, მათი კომპონენტების დაზუსტება-დახვეწა, შესაძლო შედეგების შეფასება“.
3. III თავის 30-ე, 31-ე, 32-ე მუხლები დაინომროს შესაბამისად 31-ე 32-ე და 33-ე, მუხლებად, ხოლო IV თავის 33-ე და 34-ე მუხლები _ 34-ე და 35-ე მუხლებად.
4. ბრძანებულება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.
ე. შევარდნაძე