საქართველოს ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა და პატიმრობაში მყოფ პირთა რკინიგზით ბადრაგირების შესახებ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 30.04.1997
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №232/2
სარეგისტრაციო კოდი 000000370.01(2).003.000014 17
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 30/04/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1997 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა და პატიმრობაში მყოფ პირთა რკინიგზით ბადრაგირების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №232/2
1997 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა და პატიმრობაში მყოფ პირთა რკინიგზით ბადრაგირების შესახებ
იმის გამო, რომ ვერ ხერხდება პატიმრობაში მყოფი პირების დროული გადაყვანა საგამოძიებო იზოლატორებიდან შესაბამის რაიონებსა და ქალაქებში, სასამართლოებში გაიზარდა განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების ოდენობა, რაც მოსამართლეთა და პროცესის მონაწილე პირთა კანონიერი უკმაყოფილებას იწვევს.
ასევე გაძნელდა საპყრობილეებიდან შრომაგასწორებითი დაწესებულებებში და უკუმიმართულებით მსჯავრდებულ პირთა გადაყვანა.
საგამოძიებო იზოლატორებიდან და საპყრობილეებიდან სასამართლოებში, ასევე შრომა-გასწორების დაწესებულებებში უკუმიმართულებით პატიმრობაში მყოფ პირთა დროული ბადრაგირების მიზნით.
ვბრძანებთ:
1. დადგინდეს პატიმრობაში მყოფ პირთა რკინიგზით ბადრაგირების შემდეგი მარშრუტები.
-თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
გასვლა ქ. თბილისიდან ყოველი თვის 5 რიცხვში.
სპეცკონტიგენტის მიღება-ჩაბარება მოხდება მცხეთის, კასპის გორის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის და ქუთაისის რკინიგზის სადგურებში.
-თბილისი-ბათუმი-თბილისი
გასვლა ქ. თბილისიდან ყოველი თვის 15 რიცხვში.
სპეცკონტიგენტის მიღება-ჩაბარება მოხდება მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ნატანების და ბათუმის რკინიგზის სადგურებში.
-თბილისი-ზუგდიდი-სოხუმი-ზუგდიდი-თბილისი.
გასვლა ქ. თბილისიდან ყოველი თვის 25 რიცხვში.
სპეცკონტიგენტის მიღება-ჩაბარება მოხდება მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ინგირის, გალის, ოჩამჩირის და სოხუმის რკინიგზის სადგურებში.
-თბილისი-გურჯაანი-თელავი-გურჯაანი-თბილისი.
გასვლა ქ. თბილისიდან ყოველი თვის 10 რიცხვში.
სპეცკონტიგენტის მიღება-ჩაბარება მოხდება საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რკინიგზის სადგურებში.
-თბილისი-ხაშური-ახალციხე-თბილისი.
გასვლა ქ. თბილისიდან ყოველი თვის 30 რიცხვში.
სპეცკონტიგენტის მიღება-ჩაბარება მოხდება მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის და ახალციხის რკინიგზის სადგურებში.
2. სასამართლოებმა შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონულ განყოფილებებს ერთი კვირით ადრე წარუდგინონ მოთხოვნები სარკინიგზო მარშრუტებით განსასჯელთა ან მსჯავრდებულთა ეტაპირებისათვის.
3. დაწესებულებების უფროსებმა განაცხადები, ამ ბრძანებით გათვალისწინებულ სარკინიგზო მარშრუტებით განსასჯელთა ან მსჯავრდებულთა ეტაპირებაზე, წარუდგინონ სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს, ეტაპის გასვლამდე 4 დღით ადრე ან გადასცენ ტელეფონოგრამა ამავე სამმართველოს სამორიგეო ნაწილს.
4. სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისი სათანადო დაწესებულებების სპეცგანყოფილებამ, დროულად გადასცეს განაცხადი შინაგანი ჯარების N2055 სამხედრო ნაწილის მეთაურს გადასაყვანი სპეცკონტიგენტის რაოდენობის შესახებ, სადაც ნაჩვენები იქნება თუ რომელი რკინიგზის სადგურში რამდენი პირი იქნება გადასაცემი.
5. შინაგანი ჯარების N2055 სამხედრო ნაწილის მეთაურმა თავისი ბრძანებით დანიშნოს სარკინიგზო მარშრუტის ორივე მხარის სპეცკონტიგენტის გადაყვანის უზრუნველსაყოფად ბადრაგის შემადგენლობა და მისი უფროსი, შეატყობინოს საჭირო რაოდენობის ვაგონების გამოყოფის შესახებ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის სპეცგადაზიდვის განყოფილებას.
6. რკინიგზის სადგურებიდან ყველა იზოლატორში, ხონის კოლონიაში, საგარეჯოსა და გეგუთის საერთო რეჟიმის კოლონიებში სპეცკონტიგენტის გადაყვანა და უკან წამოყვანა განხორციელდება შინაგანი ჯარების საშუალებით.
7. რუსთავის №1 და №2, თბილისის №5, ავჭალის №6 და №7, ქსნის №8 და №9 კოლონიებში სპეცკონტიგენტის გადაყვანას და უკან დაბრუნებას ახორციელებს შინაგანი ჯარი ავტომანქანების საშუალებით.
8. ფსიქიურად დაავადებულ მსჯავრდებულთა ეტაპირება განხორციელდეს თბილისი-ქუთაისის სარკინიგზო მარშრუტით, ქუთაისიდან ქ. ფოთის სპეცდაწესებულებაში და უკან ქ. ქუთაისში მათი ეტაპირება მოხდეს ქ. ფოთის სპეცდაწესებულების ძალებითა და ტრანსპორტით.
9. ქ. ქუთაისიდან ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ლენტეხის, ცაგერის რაიონებში, აგრეთვე ქ. ზუგდიდიდან მესტიის რაიონში და ამ რაიონებიდან უკან, პატიმრობაში მყოფი პირების, ბადრაგირებას განახორციელებს შინაგანი ჯარის მთავარი სამმართველო, შესაბამის სამხარეო შს სამმართველოებთან ერთად, რისთვისაც შსს ზურგის მთავარმა სამმართველომ შ/ჯარების მთავარი სამმართველოს ბალანსიდან ბალანსზე გადასცეს იმერეთის, სამეგრელოს და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო შს სამმართველოს სპეციალური საბადრაგო ავტომანქანები გამართულ მდგომარეობაში.
10. N2055 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ ყოველწლიურად მოახდინოს ბადრაგირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალების გაანგარიშება და ამის თაობაზე განაცხადი წარუდგინოს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს.
11. შინაგანი ჯარების და სასჯელთა აღმასრულებელმა მთავარმა სამმართველოებმა ერთობლივად შეიმუშაონ სპეცკონტიგენტის რკინიგზით ეტაპირების გრაფიკი.
12. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეტაპის გაგზავნის შემთხვევაში საბადრაგო სამსახურის განხორციელება და სპეციალური ვაგონის გამოყოფა დაევალოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს და ეტაპირება სპეცგადაზიდვის განყოფილების ხელმძღვანელობას.
13. ბადრაგირების 'შესრულებაზე რაიმე დაბრკოლების შემთხვევაში N2055 სამხედრო ნაწილის მეთაური ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ წერილობით შეატყობინოს შინაგანი ჯარებისა და სასჯელთა აღმასრულებელ მთავარ სამმართველოებს.
14. შსს სატრანსპორტო პოლიციის სამმართველომ ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინოს სპეცკონტიგენტის გადაყვანისას საბადრაგო განწესებას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პატიმრების მიღება-ჩაბარებისას სადგურებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
15. შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონული განყოფილების უფროსებმა უზრუნველყონ მათზე რიცხული პატიმრების სადგურებიდან მიღება-ჩაბარება და უსაფრთხოდ გადაყვანა.
16. უზენაესი სასამართლოს და სამხედრო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმართა ბადრაგირებას ახორციელებს შინაგანი ჯარების N2055 სამხედრო ნაწილი, არსებული ინსტრუქციის შესაბამისად.
17. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს უფროსებს და იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
18. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 4 აპრილის N366 ბრძანება.
ბრძანება დაიგზავნოს ქვემდებარეობისამებრ.
კ. თარგამაძე
თ. ნინიძე