📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.1999
ძალის დაკარგვა 19.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №687
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1, 04/01/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
3,113 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.1999 მიღება
19.10.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №687 1999 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის  №531 ბრძანებულება; ბ) „საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს  დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის № 71 ბრძანებულება.                                                                                                                               ე. შევარდნაძე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულება 1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტრო (შემდგომში - სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელი­სუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც შეიმუშავებს თავისი გამგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი ბაზის პროექტებს და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  ამ პოლიტიკას და უზრუნველყოფს შესაბამისი კანონების დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2. სამინისტრო შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს კონ­სტი­ტუციის 81-ე მუხლისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების გან­საზ­ღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. 3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართვე­ლოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთან­ხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორ­მატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით. 5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს ცენტრალური აპარა­ტისაგან, რომელიც იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, და სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან, რაც განსაზღვრულია ამ დებულებით. 7. სამინისტროს სისტემის შემადგენელი ნაწილების კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესა­ბამისად ამტკიცებს მინისტრი. 8. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი 380060, გამსახურდიას გამზირი N 30. II. სამინისტროს ამოცანები და ფუნქციები 9. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუ­შავებული სახელმწიფო სამედიცინო-სანიტარიული, სოციალურ-ეკონო­მიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოლიტიკის განხორციელება; ბ) პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, მათი განხორ­ციელებისათვის გამიზნული საქმიანობის  კოორდინაცია და კონტროლი; გ) განვითარების სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექ­ნიკური კონცეფციის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზირებისა და ინდიკატური გეგმის შემუშავების საფუძველზე; დ) სტრატეგიულ-პროფილაქტიკურ მიმართულებათა განვითარება; ე) სახელმწიფო ჯანდაცვისა და სამედიცინო პროგრამების შემუ­შავება და განხორციელება; ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში პრიორიტეტულ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; ზ) დადგენილი წესით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია, აკრედიტაცია და ლიცენზირება; თ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების ერთიანი წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების შემუშავება და დანერ­გვა; კ) სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა დადგენილი წესით დამტკიცებული სათანადო სტანდარტების ფარგლებში; ლ) დადგენილი წესით სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო სა­დაზ­ღვევო, აგრეთვე მუნიციპალური ჯანდაცვითი პროგრამების სავალდებულო მინიმუმის შემუშავება; მ) ჯანდაცვის მართვის ტერიტორიალური ორგანოების მუშაობის კოორდინაცია; ნ)  ჯანდაცვის სამხარეო და საუწყებო პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაცია და კონტროლი; ო) ნებაყოფლობითი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების რეგის­ტრაცია და ექსპერტიზა, მათი შესრულების კოორდინაცია; პ) მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარანტირებული კვალიფიციური ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა; ჟ) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, შრომის, ყოფა-ცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაც­ვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა, ნედლეულის, პროდუქციისა და მათი მწარმოებელ-მარეალიზებელი ობიექტების სახელმწიფო-ჰიგიენური რეგისტრაცია, სერტიფიცირება და ექსპერტიზა; რ) ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე სამკურნალწამლო საშუ­ალებათა წარმოებისათვის ხელშეწყობა და მათი ინტეგრირება შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; ს) სამედიცინო განათლების, მედიცინის მეცნიერების განვითარების კოორ­დინირება და სტიმულირება; ტ) საქართველოში სამკურნალწამლო საშუალებების, სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დანიშნულების სხვა პროდუქციის წარ­მოების განვითარების პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა; უ) საქართველოში შემოტანილ სამკურნალწამლო საშუალებათა ხარისხის სისტემატური ზედამხედველობა; ფ) სამედიცინო დაწესებულებათა სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საქმიანობის კონტროლი; ქ) სამედიცინო კადრების მომზადების სათანადო დონის, კვალი­ფიკაციისა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესის სრულყოფის უზრუნველყოფა. 10. დასაქმების სფეროში: ა) მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის გან­ხორციელება; ბ) დაინტერესებული სამთავრობო და სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწე­სებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მონაწი­ლეობით დასაქმების ეროვნული, რეგიონალური და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავების კოორდინაცია და მისი განხორციელების კონტროლი; გ) დასაქმების სისტემის რეგულირება და კოორდინაცია; დ) დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუ­შავება და მათში ცვლილებების, დამატებების შესატანად რეკომენ­დაციებისა და წინადადებების მომზადება; ე) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად პროფესიული ორიენტაციის, კადრების მომზადების, გადამზადების, კვა­ლიფიკაციის ამაღლების მიზნით ერთობლივ ღონისძიებათა განხორ­ცი­ელებაში მონაწილეობა; ვ) შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება. 11. შრომითი ურთიერთობების სფეროში: ა) შრომითი ურთიერთობების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) შრომის ორგანიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექ­ტების შემუშავება, მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკო­მენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადება; გ) სახელმწიფო, სამხარეო, საქალაქო, რაიონულ, დარგობრივ, აგრეთვე საწარმოების და ორგანიზაციების დონეზე შრომითი ურთი­ერთობების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება; დ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საბიუჯეტო სფეროს მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებათა წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში; ე) მეწარმეთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან ერთად სამმხრივი გენერალური შეთანხმებისა და დარგობრივ შეთანხმებათა  დადების ორგანიზაციულ-მეთოდური აქტების შემუშავება და ამ შეთანხმებათა შესრულების მიმდინარეობის შემოწმება; ვ) კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგება; 12. შრომის დაცვის სფეროში: ა) დაინტერესებულ სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა, შრომისა და შრომის დაცვის სფეროში სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შეთანხმება; გ) გამოვლენილი დარღვევების აღსაკვეთად სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ორგანიზაციების და საწარმოების ხელმძღვანელობისათვის შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობების გაცემა, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა განხორციელება ადმინისტრაციული სახდელების სფეროში, საჭიროების შემთხვევაში წერილობითი წარდგინება გამოვლენილ დარღვევებზე სამართალდაცვის ორგანოებში; დ) შრომისა და შრომის დაცვის სფეროს მაკონტროლებელი ორგა­ნოების კოორდინაცია; ე) შრომის ინსპექციის საქმიანობის ხელმძღვანელობა და მართვა. 13. მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში: ა) მხარეების (ქალაქებისა და რაიონების) მიხედვით მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასება და მისი ამაღლებისა და განვითარების ღონისძიებათა შემუშავება, ადგილობრივ თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცვის ტერიტორიული პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზაცია; ბ) მოსახლეობის ცხოვრების დონეზე დაკვირვების მიზნით განმა­ზოგადებელი სოციალური ნორმატივის - საარსებო მინიმუმის დადგენის მეთოდიკის შემუშავება და მისი მუდმივი სრულყოფა; გ) მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით მიზნობრივ-სოციალური დახმარების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავება; დ) სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი და გადახდისუნარიანი მოთხოვნის წარმოქმნისათვის აუცილებელი კომპენსაციების ზომის განსაზღვრა; ე) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინდივი­დუალური წერილების რეგისტრაცია და მათი დაცვის ოპტიმალურ ღონისძიებათა  განხორციელება არსებულ საშუალებათა ფარგლებში; ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში ნორმატიული აქტე­ბის პროექტების შემუშავება, მათი განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი; ზ) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამებისა და პროგ­ნოზების შედგენა-შემუშავება, შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად მათი განხორციელება; თ) პენსიონერების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის სოციალური დახმარების გაწევის პროგრა­მების შემუშავება-განხორციელება შესაბამის სამთავრობო და სახელ­მწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად; ი) ინვალიდთა სოციალურ-შრომითი რეაბილიტაციის საჭირო ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის გაწევა; კ) საცხოვრებელი სახლების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების, კულტურულ-სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობის, რეკონ­სტრუქციის, საპროექტო სამუშაოების შესრულების, აგრეთვე ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს ინვალიდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით შესაბამის სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარება და სათანადო რეკომენდაციების მომზადება; ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრთა ან ბრძოლაში დაინვალიდებულთა, დაჭრილთა და დაავადებულთა, აგრეთვე ყველა კატეგორიის ინვალიდთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის, საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; მ) ინვალიდთა პროფესიული სწავლებისა და შრომითი მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებათა შემუშავება და შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან ერთად მათი განხორციელება; ნ) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სახელმწიფო სოციალური და კერძო, ნებაყოფლობითი, ასევე სავალ­დებულო დაზღვევის განვითარებისა და სადაზღვევო კომპანიების ქსელის ფორმირებისათვის ხელშეწყობა. 14. დემოგრაფიის სფეროში: ა) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სახელმწიფოს ერთიანი დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელებისათვის სახელ­მწიფო ცენტრალური და ტერიტორიული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ბ) ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პროცესების ინფორ­მაციული ბანკის შექმნა; გ) დემოგრაფიული საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. 15. საგარეო ურთიერთობათა სფეროში: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირურთიერთობისა და საქ­მიანი კონტაქტების დამყარება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი პროფილის სამინის­ტროებთან და სამსახურებთან თანამშრომლობა, მათთან ინფორმაციის გაცვლისათვის საჭირო მასალების მომზადება და მათი გამოცდილების გაზიარება; გ) სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო და ნორმა­ტიული აქტების მოძიება და დამუშავება; დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უცხოელ პარტნი­ორებთან წინასწარი მოლაპარაკების ორგანიზაცია, შესაბამისი ხელ­შეკრულებების მომზადება და გაფორმება. 16. სამინისტროს ფუნქციებია: ა) საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურის სისტემატური მონი­ტორინგი და ცვლილების პროგნოზირება; ბ) დაინტერესებულ სამინისტროებთან და სამთავრობო სტრუქ­ურებთან ერთად მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი და შრომითი დასაქმების, აგრეთვე მათი ყოფაცხოვრების პირობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საარსებოდ აუცილებელი მოთხოვნილებების სისტემატური შესწავლისა და სახელმწიფოს შესაძლებლობების გათვალისწინებით მისი სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სახელმწიფო პაკეტის პროექტის განსაზღვრა; დ) სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის მიზნებისათვის განკუთვნილი სახსრების აკუმულაციისა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია; ე) ქვეყნის მოსახლეობის რაციონალური დასაქმების უზრუნ­ველსაყოფად შრომითი რესურსების ბალანსისა და ინფორმაციული ბანკის შექმნა და ანგარიშგების სისტემის სრულყოფის შესახებ სათანადო წინადადებების მომზადება; ვ) შრომითი ანაზღაურების მინიმალური დონის განსაზღვრა და მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ცხოვრების დონის მიმდინარე ცვლილებათა შესაბამისად მის შესაცვლელად წინადადებების მომზადება; ზ) სახელმწიფო არასაბიუჯეტო და არასახელმწიფო სექტორში შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; თ) სოციალურად დაუცველი და ნაკლებად დაცული მოსახლეობის განსაზღვრა და მისი კომპენსაციის წესებისა და ზომების შესახებ წინადადებების მომზადება; ი) ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ნორმატივების, შრომის დაცვის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის, შრომის ანაზღაურებისა და შეღავათების კომპენსაციის გაცემისადმი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ორგანიზაცია; კ) საწარმოო დანიშნულების ახალი და რეკონსტრუირებული ობიექ­ტების მიმღებ სამუშაოებში მონაწილეობა; ლ) საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეს­წავლა, დაავადებათა პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების შემუშავება და დანერგვა; მ) დაავადებათა და არამართვად ინფექციათა მიმართულებით პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელება, დადგენილი წესით ქვეყნის საზღვრებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა. ქვეყნის ტერიტო­რიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ტვირთის საკარანტინო შემოტანის აღკვეთა; ნ) ეფექტიანი, უსაფრთხო და მაღალხარისხიანი სიცოცხლისათვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით მოსახლეობისა და სამედიცინო დაწესებულებების უზრუნ­ველყოფის ორგანიზაცია; ო) მოსახლეობისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაცია და მკურნალობის ხარისხის კონტროლის განხორციელება; პ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოწყობაში მონა­წილეობა; ჟ) სოციალური და ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარებისათვის ხელ­შეწყობა; რ) საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანი­ზაცი­ებთან თანამშრომლობა. III. სამინისტროს უფლებამოსილებანი 17. სამინისტროს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გამგებლობის სფეროში მოქმედი სამართალსუბიექტების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების ორგანიზაცია; ბ) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები; გ) შეიმუშაოს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების პროექტები და დადგენილი წესით წარადგინოს დასამტკიცებლად; დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს თავისი გამგებლობის სფეროში მოქმედი სტანდარტები, პირობები, წესები, ნორმები და ნორმატივები; ე) მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან, ქალაქების და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან; ვ) დადგენილი წესით დააფუძნოს საწარმოები ან მიიღოს მონაწილეობა დაფუძნებაში; ზ) მისცეს არასახელმწიფო სამსახურებს საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების ლიცენზიები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ; თ) დადგენილი წესით  დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულებანი როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მიიღოს მათი წარმომადგენლები და მიავლინოს სამინისტროს თანამშრომლები; ი) დადგენილი წესით შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები; კ) დადგენილი წესით გადაწყვიტოს დაქვემდებარებული საწარ­მოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების საკითხები, აწარმოოს სტატისტიკური, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება, სამინისტროს სისტემაში მოაწყოს საბუღალტრო რევიზიები; ლ) გამოსცეს და გამოაქვეყნოს მის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტები, სტატისტიკური ანგარიშების კრებულები, მეთოდური ბიულეტენები და სხვა ლიტერატურა, ჰქონდეს საკუთარი ბეჭდვითი სიტყვის ორგანო; მ) გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. IV. სამინისტროს მართვა 18. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სამინისტროს მთელი საქმიანობისათვის. 19. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება; დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით; ე) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებს; ვ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ზ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; თ) აწარმოებს მოქალაქეების მიღებას; ი) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; კ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, აგრეთვე ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი დადგენილია უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტებით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს; ლ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის; მ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები შესაბამის ორგანოებში გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს არ განეკუთვნება; ნ) საქართველოს პრეზიდენტს აბარებს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ო) ასრულებს მისთვის საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს; პ) პასუხს აგებს მისთვის დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის; რ) ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ს) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნოს აღნიშნული თანამდებობის პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით. 20. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს. 21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით. 22. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას. 23. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები: ა) ხელმძღვანლობენ იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მათ დაქვემდებარებაშია გადაცემული; ბ) ხელმძღვანელობენ სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევენ სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას. 24. ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 25. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია. 26. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს საბჭო, რომლის შემადგენლბაში შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვ მინისტრის მიერ შერჩეული სამინისტროს აპარატისა და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამდებობის პირები. საბჭოში შეიძლება შეყვანილ იქნენ სამეცნიერო და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა, აგრეთვე შესაბამისი პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. საბჭოს საქმიანობის წესს, წევრთა რიცხვსა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. საბჭოს რეკომენდაციები ფორმდება მინისტრის ბრძანებით. V. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურა 27. სამინისტროს სისტემაში შედიან: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატი; ბ) სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებანი; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო; დ) აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო; ე) სამხარეო, საქალაქო და რაიონული სამსახურები. 28. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტი; ბ) სამხედრო სამობილიზაციო დეპარტამენტი; გ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტი; დ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი. 29. აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი სამინისტროები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში დასახული ძირითადი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით და საკუთარი დებულებებით. 30. შესაბამისი სამხარეო და საქალაქო სამსახურები წარმოადგენენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული მართვის ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თავიანთ ტერიტორიაზე შესაბამისი ცენტრალური სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციას და სათანადო კანონების, კანონქვემდებარე აქტების, სახელმწიფო ნორმებისა და ნორმატივების დაცვის უზრუნველყოფას მათდამი დაქვემდებარებული რეგიონის ფარგლებში. 31. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო და რაიონული სამსახურები წარმოადგენენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერია, გამგეობა) სტრუქტურულ განყოფილებებს და ახორციელებენ მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამის სამუშაოებს ცალკეული პროგრამებისა და მიმართულებების მიხედვით, აგრეთვე შეიმუშავებენ შესაბამისი მიმართულების ადგილობრივ (მუნიციპალურ) დამატებით პროგრამებს და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ მათი შესრულების ორგანიზაციას. 32. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შედიან: ა) მინისტრის აპარატი; ბ) დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტი; გ) სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი; დ) დემოგრაფიის დეპარტამენტი; ე) დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტი; ვ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტი; ზ) სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტი; თ) ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი; ი) რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი; კ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი; ლ) იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი; მ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი; ნ) სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი; ო) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი; პ) სოციალური სფეროს სტრატეგიული ეკონომიკისა და ბიუჯეტის ფორმირების დეპარტამენტი; ჟ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი. 33. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში შესული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, მინისტრის განკარგულებებისა და მითითებების შესრულების კონტროლი, აგრეთვე მინისტრის საბჭოებისა და კომისიების, მინისტრის თათბირების მუშაობის ორგანიზაცია და აქ მიღებულ დავალებათა რეგისტრაცია და შესრულების კონტროლის დაწესება. 34. დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი მიზანი და ამოცანაა საქართველოს შრომითი რესურსების აღრიცხვა და პროგნოზირება, მათი დასაქმების სტრუქტურის შესწავლა და ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად საჭირო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება, დასაქმების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება. დასაქმების რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისათვის უმთავრესი კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების მომზადება, აგრეთვე  შრომითი ურთიერთობებისა და შრომის ანაზღაურების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მომზადების უზრუნველყოფა. 35. დემოგრაფიის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების სისტემატურ შესწავლასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას ერთიანი დემოგრაფიულ პოლიტიკის განსახორციელებლად. 36. სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სახელმწიფო წლიური და მიზნობრივი პერსპექტიული პროგრამების შედგენის ორგანიზაციას, აღნიშნულ სფეროში სხვა უწყებრივი და ტერიტორიული, აგრეთვე არასახელმწიფო პროგრამების შეთანხმებას; სახელმწიფო სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის საჭირო უმთავრესი კრიტერიუმების, პრიორიტეტებისა და მიმართულებების განსაზღვრას; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას; დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციასა და ანალიზს. 37. სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტი ახორციელებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრას, მათი განხორციელებისათვის გამიზნული სამუშაოების კოორდინაციასა და მართვას; სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ოპტიმიზაციას; სამედიცინო დაწესებულებისადმი საორგანიზაციო-მეთოდურ დახმარებას. 38. დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი მიზანია დედათა და ბავშვთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო სამედიცინო სანიტარიული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება და მისთვის გამიზნულ სამუშაოთა კოორდინაცია. 39. სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი მიზანია პენსიონერთა, მარტოხელა, შრომისუუნარო მოხუცთა, მარტოხელა ინვალიდთა და სოციალური დაცვის თვალსაზრისით მოსახლეობის სხვა პრიორიტეტული ფენების მატერიალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ორგანიზაცია და განხორციელება ტერიტორიალური ორგანოების მეშვეობით. 40. ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტი განსაზღვრავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების მიმართულებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო გრანტული დაკვეთის სახით შესაბამისი კონკურსის შედეგად, აგრეთვე  უზრუნველყოფს დარგის მუშაკთა მომზადების შესახებ წინადადებებისა და ინსტრუქციების მომზადებას. 41. რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს კადრების აღრიცხვას, დარგის მუშაკთა გადამზადების ორგანიზაციას, ხელმძღვანელობს რგიონალურ სტრუქტურებს და ამზადებს საჭირო საორგანიზაციო-მეთოდური დოკუმენტაციის პროექტებს. 42. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსახლეობის შრომისა და ყოფის, მისი მკურნალობისათვის საჭირო სახელმწიფო სტანდარტებს, ნორმებს, ნორმატივების პროექტებს, აწარმოებს მათ სახელმწიფო რეესტრს; ახორციელებს სპეციფიკური საქმიანობისათვის აუცილებელი ნებართვების (ლიცენზიების) გაცემისათვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებს; შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ, მეთოდურ და ინსტრუქციულ დოკუმენტებს. 43. იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას, წინადადებების შემუშავებას მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით და ახალი კანონების პროექტების მომზადების ორგანიზაციას. 44. სოციალური სფეროს სტრატეგიული ეკონომიკისა და ბიუჯეტის ფორმირების დეპარტამენტი შეისწავლის ქვეყნის მაკროეკონომიკურ პრობლემებს, შრომითი რესურსების მართვისა და განლაგების საკითხებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში შრომით და სამედიცინო ბაზარზე მარკეტინგულ მონიტორინგს და შეიმუშავებს წინადადებებს მისი სახელმწიფო რეგულირების სრულყოფის შესახებ, აგრეთვე ახორციელებს სათანადო სამუშაოებს ქვეყნის „სოციალური ბიუჯეტის“ ფორმირებისათვის, სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის და აწარმოებს დადგენილი წესით პროგრამების შესრულების მიმდინარეობის საფინანსო ანგარიშს. 45. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს განკარგულებაში არსებული სახსრების ხარჯვის საგეგმო, საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვის კოორდინაციასა და საფინანსო კონტროლს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. დეპარტამენტის უფროსი წარმოადგენს სამინისტროს მთავარ ბუღალტერს. 46. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი ერთიან კოორდინირებულ ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს სამედიცინო დახმარების ხარისხს, შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას, ფარმაცევტული პროდუქციის უსაფრთხოების ხარისხს და სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმების დაცვას მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროსადმი სამართავად გადმოცემული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 47. წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და ახორციელებს ფარმაცევტული საქმიანობის კოორდინაციას მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 48. საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საოქმო ურთირთობებს, კავშირებს და ხელს უწყობს მათში ინტეგრაციას. VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.