საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

1998 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი 1997 წლის 17 ნოემბრის №672 ბრძანებულებიდან “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” გამომდინარე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულება (თან ერთვის)

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროებმა, ქ. თბილისისა და სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებმა ადგილებზე ორგანიზაცია გაუკეთონ წინამდებარე დებულების შესწავლას და მისი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1994 წლის 22 სექტემბრის № 599 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ”.

4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველოს

 

დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო (შემდგომში მთ. სამმართველო) შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტში, ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე.

2. მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საკონსტიტუციო კანონები, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ და სხვა ორგანული კანონები, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები, საქართველოს შს სამინისტროს დებულება, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, სხვა ნორმატიული აქტები და წინამდებარე დებულება.

3. მთავარი სამმართველოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს, ფუნქციებს, თანამდებობების შესაბამის სპეციალურ წოდებებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის თანამდებობრივი დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობათა ნომენკლატურის შესახებ ბრძანების შესაბამისად.

4. მთავარი სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან, სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამინისტროებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან მჭიდრო კონტაქტში, ითვალისწინებს აგრეთვე გარემოს დაცვის ორგანოების რეკომენდაციებს.

5. მთავარ სამმართველოს გააჩნია საკუთარი ბეჭედი და შესაბამისი შტამპები, საქმისწარმოება ხდება დამოუკიდებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

თავი II

მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

6. მთავარი სამმართველოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.

7. მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) ტყეებისა და მწვანე საფარის უკანონოდ მოპოვებისა და დაზიანების წინააღმდეგ ბრძოლა;

ბ) მიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა;

გ) წიაღისეულის და სხვა ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებისა და დაზიანების წინააღმდეგ ბრძოლა;

დ) უკანონო თევზჭერისა და ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა;

ე) შავი ზღვის ტერიტორიულ წლებში ბუნებრივი რესურსების (მათ შორის თევზის) უკანონო მოპოვების, დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, მოკვლევა, აღკვეთა-აცილება;

ვ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა და ნივთიერებათა (ძლიერმოქმედ, შხამიან და რადიაქტიურ ნივთიერებათა, მცენარეთა დაცვის საშუალებათა და სხვა) და ნარჩენების უკანონო ბრუნვის, აგრეთვე პროდუქციის უკანონო წარმოებისა და რეალიზაციის (გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო საშიში ზემოქმედების აღსაკვეთად) წინააღმდეგ ბრძოლა;

8. მთავარი სამმართველო საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად ახორციელებს ეპიდემიის, ეპიზოოტიის და სხვა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ საკარანტინო და სხვა ღონისძიებებს;

9. მთავარი სამმართველო მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, თავის კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და ნორმატიული აქტების ცხოვრებაში გატარებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას.

შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ და წარუდგენს მათ სამინისტროს ხელმძვანელობას;

ბ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ეკოლოგიის პოლიციის ადგილობრივ სამსახურებს ინფორმაციულ-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზებაში, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების დანერგვას და გამოყენებაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში;

გ) ეკოლოგიის სფეროში ჩადენილი დანაშაულის ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე საზღვრავს დანაშაულის ახალ სახეებს, ხერხებს, მეთოდებს, იღებს სათანადო ღონისძიებებს მათი პროფილაქტიკისა და აღკვეთა-აცილების მიზნით;

დ) სწავლობს და აანალიზებს ადგილობრივი პოლიციის ორგანოების მიერ ეკოლოგიურ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ გაწეული მუშაობას, შეიმუშავებს წინადადებებს და შედის ინიციატივით შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის, ა/რ შს სამინისტროს, ქ. თბილისისა და სამხარეო შს მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელობის წინაშე ეკოლოგიის სფეროში დანაშაულის ბრძოლის საქმეში პოლიციის უბნის ინსპექტორების, საგზაო პოლიციის და სხვა სამსახურების ურთიერთ შეთანხმებული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.

ე) ეხმარება ბუნების დაცვის სამსახურებს მათი კანონიერები საქმიანობის განხორციელებაში.

ვ) მონაწილეობს კადრების შერჩევაში, განაწილებასა და აღზრდაში, მათი კვალიფიკაციის ამაღლების საქმიანობაში პროფილიდან გამომდინარე ითვალისწინებს მათდამი სპეციალურ მოთხოვნებს. მონაწილეობს მთავარ სამმართველოსა და მასზედ უშუალოდ დაქვემდებარებული დანაყოფების თანამშრომლებს ატესტაციის ჩატარებაში. არ შს სამინისტროებთან, ქ. თბილისისა და სამხარეო მთ. სამმართველოებთან ერთად მონაწილეობას იღებს ეკოპოლიციის ადგილობრივ სამსახურების თანამშრომელთა შერჩევასა და დანიშვნაში, შს სამინისტროს სათანადო ბრძანების შესაბამისად.

თავი III

მთავარი სამმართველოს მოვალეობები და უფლებები

10. მთავარი სამმართველო:

ა) ორგანიზაციას უწევს ქვეყანაში ეკოლოგიის სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას;

გ) აწესებს კონტროლს ადგილობრივი სამსახურების მუშაობაზე ეკოლოგიის სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სახით, აანალიზებს მათ მუშაობას გარემოს ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) იღებს ზომებს, რათა შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამსახურების მუშაკებმა თავისი საქმიანობით ხელი შეუწყონ გარემოს დაცვის საქმეში სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას;

დ) ადგენს ეკოლოგიის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და ხელშემწყობ პირობებს, იღებს ზომებს მათი გამოვლინებისა და აღმოფხვრისათვის;

ე) შემოსული ინფორმაციისა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შს ადგილობრივ სამსახურებთან ერთობლივად, საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად სახავს და ახორციელებს ოპერატიულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთისათვის;

ვ) სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ვეტერინალური მედიცინის შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად ახორციელებს საკარანტინო და სხვა საზედამხედველო ღონისძიებებს ადამიანის ინფექციური დაავადებების, ცხოველთა ინფექციური დაავადებების, ცხოველთა და ადამიანის საერთო ინფექციური დაავადებების აღსაკვეთად;

ზ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება სახელმწიფო ვეტერინალური მედიცინის სამსახურის მუშაკებს საავტომობილო ტრასებზე, ცხოველური ნედლეულზე, ფურაჟსა და ვეტერინალურ კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთებზე ვეტერინალურ-სანიტარული კონტროლის განხორციელებაში;

თ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს შს სისტემაში ეკოლოგიის სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის საქმეების წარმოებას, სს დანაშაულზე მასალების დროულ და ხარისხიან მოკვლევას;

ი) სწავლობს სამხარეო და რაიონული(საქალაქო) შს სამსახურებში ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის და მოკვლ კაში არსებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას, აანალიზებს მათ სისწორეს, იღებს ზომებს მუშაობის სწორი წარმართვისათვის;

კ) აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილი წესით გამოითხოვს და წარმოებაში იღებს რეზონანსის მქონე საქმეებს და აწარმოებს მათზე მოკვლევას;

ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პერიოდულად ატარებს ეკოლოგიის პოლიციის ადგილობრივი სამსახურების უფროსების და სხვა თანამშრომლების თათბირებს, სემინარებსა და შეკრებებს მუშაობის შედეგებზე, სამსახურებრივი საქმიანობის აქტუალური საკითხების განხილვის, გაანალიზებისა და მოწინავე გამოცდილების გაზიარების მიზნით;

შ) ამზადებს და გააქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე და ოპერატიულ თათბირებზე პოლიციის ადგილობრივ ორგანოებში ეკოლოგიურ დანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობის მიმდინარეობა, მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემატური საკითხები:

ნ) ახორციელებს მოსახლეობის განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამასთანავე შინაგან საქმეთა სამხარეო და რაიონულ აპარატებში პერიოდულად ამოწმებს აღნიშნულ საკითხს და ღებულობს ზომების დარღვევების აღმოფხვრის მიზნით;

ო) მოითხოვს ინფორმაციებს ავტონომიური რესპუბლიკის შს სამინისტროს, შს სამხარეო სამმართველოების, შს რაიონული (საქალაქო) სამმართველოებისა და განყოფილებებისაგან ეკოლოგიის სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ, ეკოლოგიის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირების შესახებ (საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად), მთავარი სამმართველოს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აბარებს კონტაქტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან, შედის მათთან წინადადებით სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.

თავი IV

მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული სტრუქტურა

11. მთავარი სამმართველოს სტრუქტურა და შტატები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ.

12. მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) შტაბი, რომელშიც შედის სამორიგეო ნაწილი და პრესცენტრი;

ბ) ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება;

გ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება;

დ) წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება;

ე) გარემოს გაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება;

ვ) თევზის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლის სამმართველო, რომლშიც შედის საზღვაო ინსპექცია, ბრაკონიერობის წინააღმდეგ მებრძოლი ინსპექცია, ზონალური ინსპექტორების ქვეგანყოფილება და თბილისის ზღვის დაცვის ჯგუფი;

ზ) მოკვლევის ქვეგანყოფილება;

თ) ეპიზოოტიის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური;

ი) კადრების ჯგუფი;

კ) სამეურნეო ნაწილი;

ლ) კანცელარია.

თავი V

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

13. შტაბი: - სტრუქტურაში შემავალი სამსახურების მუშაობის საქმიანობის ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება, საშემსრულებლო დისციპლინის, მთავრობის დადგენილებების, მინისტრის ბრძანებების და მთ. სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი.

14. თევზის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლის სამმართველო:

ბრაკონიერობის (თევზჭერა-ნადირობა) წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია; შავ ზღვაზე ეკოლოგიის სფეროში დანაშაულის გამოვლინება, მოკვლევა, აღკვეთა.

15. ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება: - „ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია.

16. ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება; - პროდუქციის უკანონო წარმოება-რეალიზაციით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის შესაძლოა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია.

17. წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება:

- წიაღისეულის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.

18. გარემოს გაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება: - გარემოს გაბინძურების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი, დასახლებული ადგილების, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენებით); გარემოში საშიშ ნივთიერებათა (ტოქსიკური, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების, ძლიერმოქმედ, შხამიან და რადიაქტიულ ნივთიერებათა და სხვა) და ნარჩენების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია.

19. ეპიზოოტიის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური: - სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

20. მოკვლევის ქვეგანყოფილება: შს სამინისტროს სისტემაში ეკოლოგიის სფეროში სისხლის სამართლის საქმეების მოკვლევაზე და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევების წარმოებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირების რეგისტრაცია, მოკვლევის ჩატარება;

21. კადრების ჯგუფი: - პირად შემადგენლობასთან მუშაობა, მათი სპეციალური სწავლების ორგანიზება, საატესტაციო კომისიაში მონაწილეობა, დასჯა-წახალისების პრაქტიკა, რიგითი და ნებით დაქირავებულ თანამდებობაზე მისაღებ კანდიდატთა შესწავლა;

22. სამეურნეო ნაწილი: -მთავარ სამმართველოში რიცხული ინვენტარის შენახვაზე კონტროლი; უმნიშვნელო სარემონტო სამუშაოების შესრულება; დასუფთავება და მომარაგება.

23. კანცელარია: - საქმისწარმოების ორგანიზაცია.

თავი VI

მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებები

24. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე.

25. მთავარ სამმართველოს უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ თავიანთი საკურატორო სამსახურების საქმიანობას მათ წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად და პასუხს აგებენ მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე მინდობილ უბანზე მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის.

26. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს მუშაობას და ახორციელებს კონტროლს დასახული ღონისძიებების შესრულებაზე, ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების ფუნქციონალურ განაწილებას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რიგითი შემადგენლობის პირებს;

გ) ახორციელებს კადრების შერჩევის, მომზადების, განლაგების, ასევე მათი მხრიდან კანონიერებისა და სამსახურეობრივი დისციპლინის განუხრელად შესრულების ღონისძიებებს;

დ) დადგენილი წესით პირად შემადგენლობას აკისრებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას და წაახალისებს მათ;

ე) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, მისი საშტატო ერთეულების შესახებ;

ვ) ითანხმებს შსს სისტემაში ეკოლოგიის პოლიციის თანამშრომელთა მიღების, გადაადგილების და განთავისუფლების ყოველ კონკრეტულ ფაქტს.

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათი შესრულების მიმდინარეობაზე, განსაზღვრავს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციონალურ მოვალეობებს;

თავი VII

მთავარი სამმართველოს თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობანი

27. მთავარი სამმართველოს თანამდებობის პირები (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები, სამმართველოს უფროსი, შტაბის უფროსი, განყოფილების უფროსები, ინსპექციის უფროსები, მოკვლევის ქვეგანყოფილების უფროსი, სამსახურის უფროსი.

ა) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად (ზონალურად) ეკოლოგიის სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გასაუმჯობესებლად;

ბ) ადგენენ სამსახურების (განყოფილებების) სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურების (განყოფილებების) მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;

ახორციელებენ სამსახურების (განყოფილებების) პირადი შემადგენლობის შერჩევას მათი სწორი განლაგებას და აღზრდას, უზრუნველყოფენ ხელქვეითების მხრიდან კანონიერების და პირადი დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ პროფესიული მომზადების დონის ამაღლებაში;

დ) აწვდიან ინფორმაციას ეკოლოგიის პოლიციის ადგილობრივ სამსახურებს ეკოლოგიის სფეროში დანაშაულის ახალი ხერხების და მეთოდების შესახებ და აძლევს მითითებებს. ამ მიმართულებით ბრძოლის გააქტიურების შესახებ, კონვენციის ფარგლებში ითხოვენ დავალების შესრულების მდგომარეობას;

ე) ორგანიზაციას უწევენ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დროულ და ხარისხიანად შესრულებას, აწესებენ კონტროლს შს ორგანოებში გზავნილ საჩივარ - განცხადებების შესრულებაზე;

ვ) საჭიროების შემთხვევაში წარმოებაში არსებულ მასალებზე აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და აწარმოებენ მოკვლევას.

ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო