კერძო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #330210324009524774
N2/15488-24
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
2024 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
კერძო საჩივრის ავტორი – კრედიტორი – სს „თიბისი ბანკი“ (ს.ნ. 204854595)
წარმომადგენელი – სალომე იაშაღაშვილი
მოვალე – შპს „დუქს ბაკურიანი“ (ს.ნ. 405262200)
მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 აგვისტოს განჩინების გაუქმება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი 2024 წლის 02 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს „თიბისი ბანკის“ (ს.ნ. 204854595) წარმომადგენელმა შპს „დუქს ბაკურიანის“ (ს.ნ. 405262200) მიმართ და მოითხოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების მიხედვით რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა და ამავე კანონის 64-ე მუხლის თანახმად რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნა.
2024 წლის 25 ივნისს წარმოდგენილ განცხადებაზე სს „თიბისი ბანკს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული დოკუმენტები. კერძოდ:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა და იმის დასაბუთება, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში კრედიტორს შეაქვს, მან გარდა ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს მოვალისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას ხარვეზის არსებობის თაობაზე და განმცხადებელს შესაბამისი ხარვეზის გამოსასწორებლად მისცემს 5 სამუშაო დღეს. თუ განმცხადებელი ამ ვადაში გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს და სასამართლო დაადგენს მოვალის გადახდისუუნარობას ან მოსალოდნელ გადახდისუუნარობას, სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე.
სწორედ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ სასამართლო იმსჯელებდა შპს „დუქს ბაკურიანის“ მიმართ დასაშვებობის საკითხზე. 2024 წლის 01 აგვისტოს სს „თიბისი ბანკის“ მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, რაც სასამართლომ არ მიიჩნია დასაბუთებულად და თბილისი საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 აგვისტოს განჩინებით სს „თიბისი ბანკს“ (ს/ნ 204854595) უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე;
2024 წლის 07 და 08 აგვისტოს კანონით დადგენილ ვადაში სს „თიბისი ბანკის“ მიერ წარმოდგენილი იქნა კერძო საჩივარი, სადაც განმარტავს, რომ 02.08.2024 წელს მიღებული განჩინებას არ ეთანხმება და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ: სადავო განჩინებით, სასამართლო უთითებს, რომ სს „თიბისი ბანკმა“ არ შეავსო ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში, რაც გახდა განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი. კერძოდ: სადავო განჩინების მეოთხე გვერდზე სასამართლო მიუთითებს გადახდისუუნარობის შესახებ და ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა დაგვიანებით 2024 წლის 29 ივლისს“. აღნიშნული მითითება არ შეესაბამება რეალობას და ქმნის განცდას, რომ სასამართლომ განჩინება მიიღე საქმის დეტალურად გაცნობის გარეშე. 27.06.2024 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზით მოთხოვნილი იქნა მოვალისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენა. ბანკმა ხარვეზი შეავსო დადგენილ ვადაში (5 სამუშაო დღის ვადაში), 04.07.2024 წელს. აღნიშნული განცხადების მე-4 პუნქტში მითითებულია „წარმოგიდგენთ მოვალისთვის განცხადების და თანდართული მასალის ჩაბარების დასტურს. განცხადება და თანდართული მასალა, ჩაიბარა შპს „დუქს ბაკურიანის“ დირექტორმა ირაკლი ლომიძემ (პ/ნ 01025019733)“ და განცხადებას დავურთეთ აღნიშნული ხელწერილი (01.07.2024 წელს მოვალე კომპანიის დირექტორის ირაკლი ლომიძის მიერ შედგენილი), დანართი 3, განცხადების მე-6 გვერდი. შესაბამისად ბანკმა დადგენილ ვადაში ნამდვილად შეავსო აღნიშნული ხარვეზი, რასაც სადავო განჩინების მიღებისას სასამართლომ არ მიაქცია სათანადო ყურადღება. მითითებას იმის თაობაზე, რომ ბანკმა 29.07.2024 წელს ხარვეზის შესავსებად წარადგინა მოვალისათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებისა და თანდართული ინფორმაციის/დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეესაბამება სინამდვილედ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით დაგვავალა მოვალისთვის განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარება, რაც წარვადგინეთ 04.07.2024 წელს, 16.07.2024 წელს ბანკის წარმომადგენელს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და განუმარტა, რომ 1 თვის ვადაში ბანკს განცხადება თანდართული დოკუმენტებით უნდა ჩაებარებინა მოვალისათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე სატელეფონო საუბრისას, რომელიც შედგა ჩემს, როგორც ბანკის წარმომადგენელს და მოსამართლის თანაშემწეს, გიორგი თარიძეს შორის, თანაშემწეს განვუმარტე, რომ აღნიშნული ჩაბარების დასტური უკვე წარდგენილი მქონდა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია _ ამოღებული იქნეს სატელეფონო საუბარი სასამართლო სისტემიდან, სადაც უნდა ხდებოდეს საუბრის ჩანაწერის შენახვა). შესაბამისად, 29.07.2024 წელს ჩვენს მიერ დამატებით წარმოდგენილი ჩაბარების დასტური შეეხებოდა სწორედ 16.07.2024 წელს სასამართლოს აქტით დავალების შესრულებას და არა ხარვეზის შევსებას, რომელიც უკვე შევსებული გვქონდა 04.07.2024 წელს. (2) განჩინების მეხუთ გვერდზე სასამართლო მიუთითებს რომ – „მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა“. აღნიშნული შაბლონური მითითება ასევე ქმნის განცდას, რომ სადავო განჩინება მიღებული საქმის დეტალური შესწავლის გარეშე: ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში მითითებულია, რომ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის მიღწევა (კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილება. კანონის მიზნიდან ნათლად იკვეთება კანონმდებლის სურვილი უპირატესობა მიენიჭოს რეაბილიტაციის გზით გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას. მოცემულ შემთხვევაში, მოვალე წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომლის არსებული აქტივების ღირებულება არ არის საკმარისი დავალიანების დასაფარად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კომპანია არის გადახდისუუნარო (იხ. თავდაპრველი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია). კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ს/კ 64.30.04.571, მდებარე: რაიონი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, "დიდველი" მიმდინარე მშენებლობა არ არის დასრულებული, რომლის დასრულებისთვისაც კომპანიას არ გააჩნია სახსრები, ხოლო მისი დასრულების შემთხვევაში ცხადია, აქტივის ღირებულება გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას დაფაროს მიმდინარე დავალიანება და განაგრძოს სამომავლოდ საქმიანობა. სს „თიბისი ბანკს“ და მოვალეს შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში ჩანს კომპანიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, ბაკის მხრიდან დამატებითი დაფინანსების მიცემის შემთხვევაში, თუმცა რეაბილიტაციის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საწარმოს სწორ მართვას, რისთვისაც აუცილებელია კვალიფიციური რეაბილიტაციის მმართველის ჩართულობა, მოზიდული ფინანსების რაციონალური მართვა და განაწილება. სწორედ აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფი კომპანიების რეაბილიტაციისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს კანონმდებლის მიზანს. რეაბილიტაციის რეჟიმში კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს მისი ჩვეული საქმიანობა და გამოვიდეს კრიზისიდან.
შესაბამისად არსებობს ორი გზა, მოვალის გაკოტრების ან რეაბილიტაციის. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში განვმარტეთ, სწორედ ის, რომ კანონის მთავარი მიზანი არის კომპანიის რეაბილიტაცია და არა გაკოტრება. მოვალე კომპანიასთან არსებული მოლაპარაკებები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია რეაბილიტაცია, ვინაიდან კომპანიას გააჩნია მშენებარე აქტივი, რომლის დასრულების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება ვალდებულების დაფარვა. ბუნდოვანია, თუ არა აღნიშნული სხვა რა შეიძლება უქმნიდეს სასამართლოს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა არის საუკეთესო ინტერესის დაცვა. ცხადია განცხადების შეტანის ეტაპზე ბანკი ვერ წარმოადგენდა პირველად რეაბილიტაციის გეგმას და ეს არც არის კანონის მიზანი. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის და მმართველის დანიშვნის მიზანია სწორედ აღნიშნული.
სადავო განჩინების მეხუთე გვერდზე სასამართლო მიუთითებს „ვინაიდან განმცხადებელის მიერ 2024 წლის 25 ივნისის განცხადების მე-11 გვერდზე მითითებულია, რომ განცხადების წარმოდგენის მომენტში ბანკისთვის უცნობია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. თუ კი კრედიტორისთვის უცნობია მოვალის ფინანსური მდგომარეობა, ვერც ის იქნება ცნობილი რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა. გაურკვეველია სასამართლოს აღნიშნული მითითება. ცხადია კრედიტორისთვის დეტალურად უცნობია მოვალის ფინანსური მდგომარეობა, ხოლო ის რაც ჩვენთვის ცნობილია იძლევა რეაბილიტაციის მიღწევის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორს აქვს დეტალური ინფორმაცია და წვდომა მოვალის ფინანსებზე, აღარც იარსებებდა სასამართლოს წესით რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საჭიროება. სწორედ ამიტომ დაადგინა კანონმდებელმა სასამართლოს წესით რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა და საჭიროდ ჩათვალა საქმეში ლიცენზირებული გადახდისუუნარო პრაქტიკოსის ჩართვის აუცილებლობა. სასამართლომ განმარტება გაუკეთა სიტყვებს „მომენტში ბანკისთვის უცნობია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ“, რაც ცხადია დეტალურად ვერ იქნებოდა ცნობილი კრედიტორისთვის, ხოლო რაც ცნობილი იყო სრულად აისახა განცხადებაში, მაგრამ სრულიად შეფასების გარეშე დატოვა განცხადებაში მითითებული TBC BANK გარემოება, რომ კომპანიის კუთვნილი მშენებარე ობიექტი (ს/კ 64.30.04.571), რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე სათანადო სახსრების არარსებობის გამო შეჩერებულია, დასრულდება რეაბილიტაციის რეჟიმში ბანკის მიერ დამატებითი სახსრების გაცემის შემთხვევაში და შესაძლებელი იქნება დავალიანების დაფარვა. ბუნდოვანია აღნიშნული რატომ არ ქმნის ვარაუდს, რომ რეაბილიტაცია მიღწევადია. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა მოითხოვს მხოლოდ ალბათობის არსებობას. მოვალემ წარმოადგინა პოზიცია, რომ ის ეთანხმება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, რაც კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო სასამართლოს მოტივაცია გაეხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი, თუმცა სასამართლოს განჩინებაში არც კი უხსენებია და შეუფასებია მოვალის აღნიშნული პოზიცია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თიბისი ბანკი“ ითხოვს გააუქმდეს 02.08.2024 წლის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და სასამართლოს მიიღოს განჩინება კომპანიის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე.
სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. ამავე კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და რომლის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სადავო არაა, რომ კრედიტორის ინტერესი ყოველთვის არის მოთხოვნის დროული და სრული დაკმაყოფილება, მაგრამ რთულია მოვალის რეალური მიზნების დადგენა და ინტერესების განსაზღვრა. ნორმალურ პირობებში, კეთილსინდისიერი მოვალის მიზანი შეიძლება იყოს: ვადამოსული ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულების ვადის გადავადება; ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გონივრული შეღავათების დადგენა და სხვა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის სს „თიბისი ბანკის“ მოთხოვნა, გაუქმდეს 02.08.2024 წლის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და სასამართლომ მიიღოს განჩინება კომპანიის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, მოვალისა და კრედიტორის ინტერესების თანაზომიერად დაცვის გათვალისწინებით, პრიორიტეტულია, კომპანიის რეაბილიტაციის მოთხოვნა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოვალემ წარმოადგინა პოზიცია, რომ ის ეთანხმება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, რომ კომპანია იმყოფება გადახდისუუნარობის პირობებში და მისი გადარჩენის მიზნით პრიორიტეტულია რეაბილიტაცია, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძვლით.
რეაბილიტაციისა და კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მთავარი და უპირატესი მიზანია „კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. შესაბამისად კანონის პრინციპების ამოსავალი წერტილია „ა) გადახდისუუნარო მოვალის საქმიანობისა და გადახდისუუნარობის მასის სწორი მართვა;ბ) გადახდისუუნარო მოვალის ფინანსური სირთულეების სწრაფი და თანამიმდევრული გადაწყვეტა; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის გამჭვირვალობა და განჭვრეტადობა; დ) გადახდისუუნარობის მასისა და ბიზნესის ღირებულების შეძლებისდაგვარად შენარჩუნება და გაზრდა; ე) გადახდისუუნარო მოვალის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ვ) მსგავსი უფლებების მქონე კრედიტორების მიმართ თანაბარი მოპყრობა.“ ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მიზნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე მოცემულ შემთხვევაში კრედიტორისა და მოვალის ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის შესწავლის შემდგომ, უპრიანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა და კომპანიის გადარჩენა, მითუმეტეს იმ მოცემულობით, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის მიუღწევლობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი კონვერსია და გაკოტრების რეჟიმის გახსნა. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა „გადარჩეს“, რასაც იძლევა საქართველოს კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ და შპს „დუქსი ბაკურიანის“ მიმართ უნდა გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11,43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თიბისი ბანკის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 აგვისტოს განჩინება და შპს „დუქს ბაკურიანის“ (ს.ნ. 405262200) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი;
2. რეაბილიტაციის მმართველად/ზედამხედველი დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578, ტელ. 577 777-627), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47- მუხლის მე6 პუნქტის საფუძველზე;
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:
ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;
ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
5. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით; ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას; ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება; ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;
გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს; დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად; ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;
თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
3. მმართველის მიერ ზემო ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.
6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
7. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.
8. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.
10. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე; დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით; თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე; ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.
12. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ECOURT.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე