თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება №2/15488-24
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმე №330210324009524774 №2/15488-24 |
|
განჩინება საქართველოს სახელით |
|
2024 წლის 25 სექტემბერი თბილისი |
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
მოთხოვნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინების უსწორობა/დაზუსტება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „თიბისი ბანკის“ განცხადება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „დუქს ბაკურიანის“ (ს.ნ. 405262200) რეაბილიტაციის მმართველად/ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578, ტელ. 577 777-627), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
2024 წლის 23 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა რეაბილიტაციის მმართველის/ზედამხედველის ნანა ამისულაშვილისათვის, როგორც შპს „დუქსი ბაკურიანის“ – „ერთპიროვნული“ მმართველისათვის ფუნქციების გაწერა, კერძოდ, ნაცვლად რეაბილიტაციის მმართველი/ზედამხედველისა მითითებული იქნეს რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციები.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე, 75-ე, 81-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თიბისი ბანკის“ განცხადება დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება შესწორდეს და შპს „დუქს ბაკურიანის“ (ს.ნ. 405262200) რეაბილიტაციის მმართველად დანიშნული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის – ნანა ამისულაშვილის (პ/ნ 13001006578, ტელ. 577 777-627), უფლებამოსილებები ჩამოყალიბდეს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კნონის 75-ე მუხლის მიხედვით, კერძოდ: რეაბილიტაციის მმართველს მოვალის კრედიტორების მიმართ აკისრია ფიდუციური მოვალეობა, რაც გულისხმობს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მოვალეობას. რეაბილიტაციის მმართველს რეაბილიტაციის მიზნების მისაღწევად და ვალდებულებების შესასრულებლად აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება და ყველა შესაბამისი ვალდებულება.
2. მოვალის დასაქმებული, დირექტორი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირები ვალდებული არიან უფლებამოსილებების განხორციელებისას ითანამშრომლონ რეაბილიტაციის მმართველთან და დაეხმარონ მას.
3. რეაბილიტაციის მმართველის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული უფლებამოსილებები არ ზღუდავს ამ მუხლის პირველი პუნქტით მისთვის მინიჭებულ ზოგად უფლებამოსილებებს.
4. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია:
ა) მიიღოს ზომები მოვალის წარმოების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად;
ბ) მოვალის სახელით განახორციელოს ყველა შესაბამისი ქმედება და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს;
გ) გადაიბაროს და პირად განკარგულებაში მიიღოს მოვალის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, საბუღალტრო ჩანაწერი და წიგნი, მათ შორის, ელექტრონულად ან სხვა ფორმით;
დ) მოიპოვოს ან აღიდგინოს მფლობელობა მოვალის კუთვნილ ქონებაზე, თავი მოუყაროს მოვალის ქონებას და ამ მიზნით გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების უფლება ან განახორციელოს სხვა ქმედება, ან აწარმოოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც რეაბილიტაციის მიზნებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს;
ე) მოიწონოს ან შეწყვიტოს მოქმედი ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ვ) გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს მოვალის ქონება აუქციონზე ან ხელშეკრულების საფუძველზე. მოვალესთან დაკავშირებულ პირთან ნასყიდობის, ლიზინგის ან იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალის ქონება განიკარგება, შეიძლება დაიდოს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში − კრედიტორთა კრების თანხმობით;
ზ) სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ან სხვაგვარად მოიზიდოს ფულადი სახსრები და ამ მიზნით მოვალის ქონების მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები;
თ) მიიღოს საჭირო საკადრო გადაწყვეტილებები − შეინარჩუნოს არსებული თანამშრომლები, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით დადოს ახალი შრომითი ხელშეკრულებები ან შეწყვიტოს არსებული შრომითი ხელშეკრულებები;
ი) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე სასამართლოს ან კრედიტორების თანხმობის გარეშე განკარგოს მოვალის ქონება, გარდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონებისა და პირობადებული საკუთრებისა;
კ) დანიშნოს იურისტი, ბუღალტერი ან სხვა პროფესიის/კვალიფიკაციის მქონე პირი, რომლის ჩართულობაც აუცილებელია რეაბილიტაციის მმართველის მიერ თავისი ფუნქციების წარმატებით შესრულებისთვის;
ლ) გამოვიდეს მოვალის წარმომადგენლად სასამართლოში, წამოიწყოს ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი ან წარმოება;
მ) მოიპოვოს ან შეინარჩუნოს დაზღვევა მოვალის ეკონომიკურ საქმიანობასა და ქონებასთან დაკავშირებით;
ნ) მოვალის სახელით აითვისოს, მიიღოს, შექმნას ან ინდოსამენტით დაადასტუროს ნებისმიერი ჩეკი ან თამასუქი;
ო) დანიშნოს წარმომადგენელი ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლის განხორციელებაც მიზანშეწონილია წარმომადგენლის მეშვეობით;
პ) განახორციელოს მოვალის ქონების რეალიზაციისთვის საჭირო ყველა ქმედება;
ჟ) განახორციელოს რეაბილიტაციის მმართველის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო გადახდები;
რ) დააფუძნოს მოვალის შვილობილი კომპანიები;
ს) მოვალის შვილობილ კომპანიებს კანონით დადგენილი წესით მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მოვალის საწარმო ან/და ქონება;
ტ) იჯარით (ქირავნობით) გასცეს ან მიიღოს ნებისმიერი ქონება, რომელიც საჭიროა ან ხელსაყრელია მოვალის ეკონომიკური საქმიანობისთვის;
უ) შეწყვიტოს მოვალის ქონებაზე დადებული იჯარის ხელშეკრულება ან თანხმობა განაცხადოს მის შეწყვეტაზე და აღიდგინოს მფლობელობა იჯარისგან გამოთავისუფლებულ ქონებაზე;
ფ) მოვალის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ხელშეკრულება მოვალის ნებისმიერი ვალის ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის შესახებ, მათ შორის, ურთიერთკომპრომისული შეთანხმების ან ვალის მოვალის სასარგებლოდ ცალმხრივად ჩამოწერის ან რესტრუქტურიზაციის სახით;
ქ) პარტნიორებისგან მოითხოვოს მოვალის საწესდებო კაპიტალში შეუტანელი შენატანების განხორციელება, თუ ეს გათვალისწინებულია კორპორაციული დოკუმენტებით;
ღ) იმ პირის გაკოტრების ან რეაბილიტაციის პროცესში, რომელსაც მოვალის მიმართ აქვს დავალიანება, წარადგინოს მოთხოვნა, როგორც შესაბამისი რიგის კრედიტორმა, და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განაწილებაში;
ყ) სასამართლოში შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მოვალის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით;
შ) განახორციელოს ცვლილება მოვალის რეგისტრირებულ მისამართსა და სხვა მონაცემებში, რომელთა რეგისტრაციაც სავალდებულოა;
ჩ) მოიწვიოს მოვალის პარტნიორთა კრება და მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება;
ც) კრედიტორებისგან მოითხოვოს მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რაც არ გულისხმობს კრედიტორთა კრების ჩატარებას;
ძ) კრედიტორებზე გაანაწილოს ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები. ამ დროს იგი ვალდებულია გაითვალისწინოს პრეფერენციული მოთხოვნები;
წ) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ჭ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა ქმედებები.
5. გარიგებას, რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, რეაბილიტაციის მმართველი დებს კრედიტორთა კრების თანხმობით. კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
6. მოვალის არცერთ პარტნიორს, დასაქმებულს ან დირექტორს არ აქვს უფლება, რეაბილიტაციის მმართველის თანხმობის გარეშე განახორციელოს მოვალის ხელმძღვანელობა ან წარმომადგენლობა. რეაბილიტაციის მმართველის მიერ გაცემული თანხმობა შეიძლება იყოს ზოგადი ან სპეციალური.
7. რეაბილიტაციის მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
8. რეაბილიტაციის მმართველმა დანიშვნისთანავე უნდა მოიპოვოს მოვალის იმ აქტივებისა და ქონების კონტროლისა და მოვლა-პატრონობის უფლება, რომლებზედაც, მისი მოსაზრებით, მოვალეს შესაბამისი უფლებები აქვს.
9. რეაბილიტაციის მმართველი საქმიანობის განხორციელებისას მოლაპარაკებებს აწარმოებს კრედიტორებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად.
10. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს განჩინებებში ასახული მითითებები, რათა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს მოვალის საქმიანობისა და ქონების მართვა.
11. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” შესახებ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის საქმიანობასა და ქონებას მართავს რეაბილიტაციის მმართველი – დამოუკიდებლად, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
12. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 72.1. მუხლის მიხედვით, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, რეაბილიტაციის მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული ოდენობის გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს რეაბილიტაციის მმართველთან და მონაწილეობა მიიღოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადებაში და ამ გეგმის შესრულებაში; (72.2. მუხლი) რეაბილიტაციის მმართველი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს და ფუნქციებს ასრულებს ამ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში.
13. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის 1-ელი პუნქტით, რეაბილიტაციის მმართველი მოვალის საქმიანობის ანგარიშისა და კრედიტორთა რეესტრის მონაცემების საფუძველზე, ამზადებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს და მას კრედიტორებს წარუდგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.
14. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge);
15. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე