საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.05.1998
ძალის დაკარგვა 31.08.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).003.000266 12
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 13/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის
ბრძანება №18
1998 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 7 აპრილის №223 ბრძანებულებისა.
მინისტრი
კ. ზალდასტანიშვილი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი) არის საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს: საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას; საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და უზრუნველყოფს მათ შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტი იქმნება და საქმიანობას წყვეტს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება საქართველოს ბიუჯეტიდან.
5. დეპარტამენტის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. ბერიძის ქ. N6.
თავი II
დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
6. დეპარტამენტის მიზანია:
ა) საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობა, კანონით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) ხელი შეუწყოს საქველმოქმედო ორგანიზაციების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის ამაღლებას, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიის განმტკიცების მიზნით;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოკვლევა და საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევა მათთვის საჭირო საკითხებზე;
ე) ხელი შეუწყოს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის საჯაროობას საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის ფაქტორის განმტკიცების მიზნით;
ვ) იყოს შუამავალი რგოლი სამთავრობო დაწესებულებებისა და საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით;
ზ) საქართველოსათვის ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო წყაროების გამონახვა, მათი რეალიზაციის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
თ) კონტაქტების დამყარება და ურთიერთობა დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო დახმარების საკითხებთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაციების პროგრამების დაფინანსებისათვის ხელის შეწყობა;
ი) ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, სოციალურად დაუცველი ფენებისა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებების შესწავლა, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით იმ სფეროების განსაზღვრა, რომელთა დაკმაყოფილებისათვის შესაძლებელია საერთაშორისო დახმარების მოზიდვა;
კ) საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების უზრუნველყოფა მათი მუშაობისათვის საჭირო ინფორმაციით და რეკომენდაციების გაწევა პროგრამების შედგენისა და მათი რესურსების რაციონალურად გამოყენების მიზნით.
7. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ თავის საქმიანობას ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში:
- ადამიანის უფლებების დაცვის;
- დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების;
- სოციალური დაცვისა და სოციალური ადაპტაციის;
- სოციალური სფეროსა და შესაბამისი ორგანიზაციების განვითარების;
- საომარი კონფლიქტების, ეკოლოგიური და სამრეწველო კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის;
- მშვიდობის განმტკიცების;
- სოციალური, ეროვნული, რელიგიური კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების;
- მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების;
- განათლების;
- გარემოს დაცვის;
- მეცნიერების;
- ჯანმრთელობის დაცვის;
- ფიზიკური კულტურის;
- კულტურისა და ხელოვნების;
- მცირე ბიზნესის განვითარების;
ბ) გაუწიოს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ინფორმაციული და მეთოდოლოგიური მომსახურეობა მენეჯმენტის, დაგეგმარების, რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებში საზოგადოებაში არსებული საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით;
გ) შეისწავლოს და გაუზიაროს საქველმოქმედო ორგანიზაციებს საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება ამ სფეროში;
დ) ითანამშრომლოს დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების პროგრამათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
ე) წარუდგინოს მთავრობას წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციების და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
ვ) მოითხოვოს საერთაშორისო და საქველმოქმედო ორგანიზაციების ” საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) დაადგინოს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოსული ტვირთების ჰუმანიტარული ხასიათი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) აღძრას შუამდგომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დახმარების მისიით ჩამოსული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის ვიზების გასაფორმებლად;
კ) დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაზე.
8. ვაჭრობისა და საგარეო–ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტთან შეიძლება შეიქმნას კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისია წარმოადგენს დეპარტამენტის საკონსულტაციო ორგანოს საქველმოქმედო საქმიანობის, საერთაშორისო დახმარების პოლიტიკის შემუშავებისა და დაგეგმვის საკითხებში. კომისიის ჩამოყალიბება განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
თავი III
დეპარტამენტის მართვა
9. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
10. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
11. დეპარტამენტის უფროსი გამოცემს ბრძანებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც ნორმატიული აქტია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა შესასრულებლად.
12. დეპარტამენტში იქმნება: დირექცია (სამდივნო, ბუღალტერია), ინფორმაციის ანალიზის ცენტრი, ოპერატიული მართვის ცენტრი, იურიდიული სამსახური, ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი.
13. დეპარტამენტის თანამშრომლებს ნიშნავს და ათავისუფლებს უფროსი ბრძანების საფუძველზე.
14. დეპარტამენტს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და კუთხოვანი შტამპი, რომლის ფორმას ამტკიცებს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.
15. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
16. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპარტამენტის სტრუქტურა
უფროსი
1
უფროსის მოადგილე
1
უფროსის თანაშემწე
1
მთავარი ბუღალტერი
1
მასობრივი ინფორმაციის სამსახურის უფროსი
1
ოპერატიული მართვის ცენტრის უფროსი
1
ოპერატიული მართვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი
2
ოპერატიული მართვის ცენტრის უფროსი სპეციალისტი
2
ინფორმაციის ანალიზის ცენტრის უფროსი
1
ინფორმაციის ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი
2
ინფორმაციის ანალიზის ცენტრის უფროსი სპეციალისტი
4
იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1
იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1
ჯამი
19