სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა „A“ გაცემის წესის შესახებ
მიღების თარიღი 14.07.1998
გამომცემი ორგანო თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).003.000324 12
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/07/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.1998 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა „A“ გაცემის წესის შესახებ
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების
მინისტრის
ბრძანება №33
1998 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა „A“ გაცემის წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №72 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (სერტიფიკატი ფორმა „A“ გაცემის სრულყოფის მიზნით
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
დამტკიცდეს თანდართული დებულება საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა „A“-ს გაცემის წესის შესახებ.
დანართი : 3 ფურცელი
მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებისათვის საექსპორტო საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი ცნობის (წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა „A“ გაცემის წესის შესახებ
1. მოცემული დებულება განსაზღვრავს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა „A“-ს გაცემის წესს იმ საქონელზე, რომლის ექსპორტიც ხდება ევროკავშირის ქვეყნებსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც საქართველოს მიანიჭეს პრეფერენციათა გენერალიზებული სისტემის (GSP) ბენეფიციარის სტატუსი.
2. სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.
3. სერტიფიკატის გაფორმება ხდება სპეციალურ ბლანკზე.
4. სერტიფიკატის მიღებისათვის ექსპორტიორი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სახელზე;
ბ) მხარეთა შორის კონტრაქტს (ორიგინალი და ასლი);
გ) ანგარიშ-ფაქტურას (ორიგინალი და ასლი);
დ) საქონლის კუთვნილების ცნობას (ორიგინალი);
ე) ექსპერტიზის აქტს საქონლის წარმოშობის შესახებ (ორიგინალი);
ვ) სატრანსპორტო ზედნადებს აღნიშნულ რაოდენობაზე (ორიგინალი და ასლი);
ზ) წარმოშობის სერტიფიკატ ფორმა „A“-ს გაცემისათვის მომსახურეობის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (ორიგინალი);
თ) საექსპორტო ლიცენზიის ასლს (იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ექსპორტი ლიცენზირებადია).
5. სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ დოკუმენტაციის სრული პაკეტის წარმოდგენის შემთხვევაში.
6. ექსპორტიორზე სერტიფიკატი გაიცემა ერთ ეგზემპლარად, ამასთან ერთ სერტიფიკატში შეიძლება ჩამოითვალოს სხვადასხვა დასახელების საქონელი, თუ ისინი იგზავნება ერთდროულად.
7. სერტიფიკატის ცარიელი ადგილები უნდა გადაიხაზოს ხელით მასში დამტკიცების შემდეგ რაიმე ჩამატების თავიდან ასაცილებლად.
8. ყოველგვარი შესწორებები და დამატებები სერტიფიკატში დაუშვებელია;
სერტიფიკატში შეცდომის ან მონაცემების შეცვლისას, ახალი სერტიფიკატი გაიცემა ადრე გაცემული სერტიფიკატის დაბრუნების შემდეგ. ანულირებული სერტიფიკატი ინახება წინამდებარე დებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად.
9. ექსპორტიორი განცხადებასა და მის დანართებში მოყვანილი ცნობების სინამდვილეზე პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. განცხადების რეგისტრაცია წარმოებს წინამდებარე დებულების მე-4 პუნქტში მოცემული დოკუმენტაციის სრული პაკეტის წარმოდგენის შემდეგ სპეციალურ ზონარგაყრილ, ბეჭდით დამოწმებულ რეესტრის წიგნში, რომლის ყოველი გვერდი უნდა იყო დანომრილი, იგივე წიგნში წარმოებს გაცემული სერტიფიკატების რეგისტრაცია სათანადო ჩანაწერით.
11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A“ გაიცემა კონტრაქტში დაფიქსირებული ვადების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 10 თვის ვადისა.
12. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა „A“ გაიცემა არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა განცხადების რეგისტრაციიდან. უარი საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით), ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გადასახადის ქვითარში აღნიშნული თანხა.
13. სერტიფიკატი სრულდება ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე დამკვეთის სურვილისამებრ.
14. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო წარმოდგენილი ყველა საბუთი ინახება საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროში 3 წლის განმავლობაში.