საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 30.10.1996
ძალის დაკარგვა 31.12.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №695
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 10, 30/10/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 22.12.1997
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 695
1996 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 12 მარტის № 217 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ივნისის № 491 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს
დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო (შემდგომში — „სამინისტრო“) არის აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ეკონომიკური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს მის რეალიზაციას, იგი შექმნილია „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.
1.3. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკებში, მათ შორის უცხოური ვალუტით.
1.4. სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის შესაბამისი ეკონომიკური ორგანოები, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქების მერიების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფები, ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი, მრეწველობის დეპარტამენტი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიურების დეპარტამენტი და ფასების სახელმწიფო ინსპექცია შეადგენენ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის განხორციელების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური დაგეგმვების, მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, ფასწარმოქმნის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გატარების, ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და რეგიონალური პოლიტიკის შემუშავების ერთიან სახელმწიფო სისტემას.
1.5. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისათვის, ხელისუფლების სამხარეო და ადგილობრივი ორგანოებისათვის, წარმოების სუბიექტებისათვის საკუთრების ფორმის მიუხედავად, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ღონისძიებათა რეალიზაციისათვის ეკონომიკის სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების, უწყებათაშორისი და საუწყებო (თუ იგი უწყების კომპეტენციის ფარგლებში სცილდება) გადაწყვეტილების მიღება ხდება ეკონომიკის სამინისტროსთან აუცილებელი შეთანხმებით. საჭიროების შემთხვევაში სხვა ორგანოებთან ერთად ან მათთან შეთანხმებით.
1.6. სამინისტრო თავის საქმიანობაში ემყარება კონცეპტუალურ, პროგნოზულ-ანალიტიკურ და რეგულირების მექანიზმზე აგებულ, მართვის ყველა დონეზე ერთიან მეთოდურ ბაზასა და ორგანიზაციულ პრინციპებზე დაფუძნებულ ინდიკატურ დაგეგმვას, რომლის მიზანია სექტორული, რეგიონთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური და საფინანსო კავშირურთიერთობის რეგულირება, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება.
1.7. სამინისტროს აპარატის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
2. ძირითადი ამოცანები
სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
2.1. ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის წინადადებათა შემუშავება.
2.2. ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად საჭირო წინადადებათა მომზადება და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მისი რეალიზაციის გზების დასახვა.
2.3. საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისათვის ეკონომიკური რეფორმის ისეთი პრინციპებისა და მოდელების შემუშავება და რეალიზება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის ამოქმედების, მის გაფართოებასა და საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში ჩაბმას.
2.4. ისეთი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომლის დროსაც დაცული იქნება მომხმარებელთა ინტერესები და შეიქმნება სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირების მექანიზმების ამოქმედების პირობები, რაც საქართველოს მოქალაქეთა დასაქმებისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესების საფუძველზე გახდება.
3. ფუნქციები
სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
3.1. ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის შესამუშავებლად სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების კოორდინაცია.
3.2. ქვეყანაში ინდიკატური დაგეგმვის ორგანიზება და მისი მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირების დამუშავება, ხოლო დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე სათანადო ინდიკატური გეგმის პროექტის მომზადება და მთავრობისა და პრეზიდენტისათვის წარდგენა. მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის გზების დასახვა და მათი შესრულების კონტროლის განხორციელება.
3.3. ეკონომიკური რეფორმის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიურობის უზრუნველსაყოფად ეკონომიკურ პროცესებზე სახელმწიფო ზეგავლენის ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა, საკუთრების ყველა ფორმის თავისუფალი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა და საბაზრო სტრუქტურების მხარდაჭერა, საჭირო საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება.
3.4. ანტიმონოპოლიური პოლიტიკის შემუშავება, მეწარმეობის მხარდამჭერი და კონკურენციის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა, მონოპოლიზმის, ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის შეზღუდვისა და თავიდან აცილების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღმოფხვრისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
3.5. ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ღონისძიებათა კოორდინაცია, მონოპოლისტი საწარმოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრში შეყვანილი ორგანიზაციებისათვის ფასებისა და ტარიფების ისეთი რეგულირება, რომლის მეშვეობით იქმნება კონკურენტული გარემო; ფასების დინამიკის მონიტორინგი, ფასების სახელმწიფო დისციპლინის დაცვის კონტროლი.
3.6. ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვეყნის სამრეწველო კომპლექსის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნას, ეკონომიკური ახალი დარგთაშორისი პროპორციების ჩამოყალიბებას, სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმის განვითარების, საქართველოს მრეწველობის ჩაბმას მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში, სამამულო სამრეწველო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
3.7. სტრუქტურული, ინოვაციური და ინვესტიციური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ცენტრალიზებული საფინანსო რესურსების განსაზღვრა, მათი გამოყენების ძირითად მიმართულებათა პროგნოზირება, ინვესტიციური საქმიანობის განხორციელების შესახებ წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ბიუჯეტის, ცენტრალიზებული საინვესტიციო ფონდების, უცხოური ინვესტორებისა და სხვა წყაროების ხარჯზე, ბიუჯეტის გარეშე ფონდების მეშვეობით განსახორციელებელი საინვესტიციო საქმიანობის ეკონომიკური რეგულირება და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3.8. დასკვნების მომზადება საწარმოო ძალებისა და უმნიშვნელოვანესი ობიექტების განლაგების და ქვეყნების რეგიონების მიხედვით მსხვილი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ დარგობრივ სამინისტროებთან და უწყებებთან, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
3.9. კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფოთაშორისი პროგრამების (რომლებშიც მონაწილეობს საქართველო) და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზების მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სოციალურ-ეკონომიკური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე, სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროგრამების პროექტების განხილვა, დაზუსტება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.
3.10. ძირითად სახეობათა მატერიალური რესურსების კრებსითი ბალანსების დამუშავება და ამის საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო რესურსების დადგენა, შესაბამისად ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად ექსპორტისა და იმპორტის მოცულობათა პროგნოზირება და მათი რეალიზების უზრუნველსაყოფად საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების მექანიზმების ამოქმედება.
3.11. მონაწილეობა საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად. ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო-სატარიფო საქმიანობის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.
3.12. მონაწილეობა ეკოლოგიური უსაფრთხოების, რაციონალური ბუნებათსარგებლობისა და მყარი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში, გარემოს დაცვითი საქმიანობისა და ბუნებათსარგებლობის მართვის ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.
3.13. მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში საკრედიტო რესურსების მოზიდვისა და გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, კრედიტების გამოყენების პრიორიტეტების განსაზღვრა, უცხოეთის კრედიტების დასაქონლების შესახებ წინადადებათა მომზადება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის პროგნოზირება.
3.14. სახალხო-სამეურნეო კომპლექსების, რეგიონებისა და საწარმოების ეკონომიკური და საფინანსო მდგომარეობის ანალიზი, არაეფექტიანი საწარმოების სანაციის, მრეწველობის რესტრუქტურიზაციისა და განვითარების, თავდაცვითი მრეწველობის კონვერსიის პოლიტიკის შესახებ წინადადებათა შემუშავება.
3.15. საინვესტიციო პროგრამების განხილვისა და ექსპერტიზის ორგანიზება, ინვესტიციების მიმართულებათა პრიორიტეტების განსაზღვრა, საზღვარგარეთის ინვესტორებისა და საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის ინვესტიციების მოზიდვის სფეროში მაკოორდინირებელი ფუნქციის განხორციელება.
3.16. სახელმწიფო ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა საერთო მოცულობების და მათი გამოყენების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან ერთად და ინდიკატურ გეგმაში ეკონომიკის სექტორების მიხედვით გათვალისწინება.
3.17. საერთო-სახელმწიფო ინტერესებისა და ეკონომიკის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ცენტრალიზებულ კაპიტალურ დაბანდებათა განაწილება სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ დადგენილი წესით წარმოდგენილ წინადადებათა საფუძველზე.
3.18. შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საფუძველზე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყოფის ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა.
3.19. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შესახებ დასკვნების მომზადება და დადგენილი წესით წარდგენა.
3.20. ეკონომიკურ საკითხებზე სამინისტროებსა და უწყებების მიერ მომზადებული ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შეთანხმება.
3.21. საქართველოს სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიულ მართვაში მონაწილება, მოსახლეობის მოთხოვნილებათა პროგნოზების გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად სოციალურ-კულტურული სფეროს დარგების მიხედვით.
3.22. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპეციალისტებზე მოთხოვნილების შესწავლა და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე სახელმწიფო დაკვეთით უმაღლესი და საშუალო-სპეციალური განათლების მქონე სპეციალისტთა მომზადების ნორმატიული აქტების შემუშავება-დამტკიცება.
3.23. ერთიანი სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და განხორციელება, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების ეკონომიკური მექანიზმის სრულყოფა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
3.24. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პოლიტიკის შესამუშავებლად წინადადებათა მომზადება და მათი რეალიზების მექანიზმების ამოქმედება. აფხაზეთის, აჭარის, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქების მერიებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ეკონომიკური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის მეთოდური და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობის გაწევა რეგიონალური ეკონომიკური პროგრამების შემუშავებაში. მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3.25. სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებისათვის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე რეგიონალური მასშტაბით.
3.26. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი ცალკეული დარგების, სფეროების, კომპლექსების, რეგიონებისა და საწარმოების მიხედვით და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების უზრუნველსაყოფად გზების დასახვა.
4. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
სამინისტროს უფლება-მოვალეობებია:
4.1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის დეპარტამენტისაგან, ეროვნული ბანკისაგან, აფხაზეთისა და აჭარის მინისტრთა საბჭოებისაგან, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქების მერიების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისაგან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მიზნით შესაბამისი მოხსენებების, ინდიკატური გეგმების, საინცესტიციო პროგრამების და სხვა წინადადებების შემუშავებისათვის.
4.2. უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით დაამუშაოს ინდიკატური გეგმის შედგენისათვის საჭირო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები, მაჩვენებლები და ფორმები, განახორციელოს ქვეყანაში მმართველობის ყველა დონეზე ამ სამუშაოთა ორგანიზება, მეთოდური და მეთოდოლოგიური კოორდინაცია და ხელმძღვანელობა.
4.3. დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები, ჩააბას მათ საქმიანობაში სამინისტროები და უწყებები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები, საპროექტო და საპროექტო-ტექნოლოგიური ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ცალკეული სპეციალისტები (მათ შორის უცხოელები) საკონკურსო და საკონტაქტო ფორმით.
4.4. გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
4.5. დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და ნებისმიერ სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად.
4.6. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოამზადოს წინადადებანი სამინისტროებისა და უწყებების, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, არასახელმწიფო ორგანიზაციების არამართლზომიერი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ და დადგენილი წესით წარადგინოს დანიშნულებისამებრ.
4.7. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცოს სავალდებულო სარეკომენდაციო ნორმატიული დოკუმენტები და მეთოდური მითითებანი.
4.8. მიიღოს საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებანი და შუამდგომლობანი, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და წერილობითი პასუხი გასცეს მათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.
4.9. არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადოს მათთან ხელშეკრულებები სახელმწიფოს სახელით.
4.10. უხელმძღვანელოს სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა.
4.11. სისტემატურად მოახსენოს საქართველოს პრეზიდენტს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა.
4.12. უზრუნველყოს სისტემური ურთიერთობა საზოგადოებასთან უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4.13. უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით მიღებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯზე.
4.14. გამოვიდეს მხარედ სასამართლოში.
4.15. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
5. საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
5.1. სამინისტრო შედგება თანამდებობის პირებისაგან, სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამსახური, დეპარტამენტი, მთავარი სამმართველო, სამმართველო, განყოფილება, სააგენტო), მის დაქვემდებარებაში მყოფი დამოუკიდებელი დეპარტამენტების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისაგან. სამინისტრო ახორციელებს აფხაზეთის, აჭარის, სამხარეო ადმინისტრაციების, ქალაქებისა და მერიების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ეკონომიკური სამსახურების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას.
5.2. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს მინისტრი თანამდებობიდან.
5.3. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, რომლებიც იმავდროულად ითვლებიან მინისტრის მოადგილეებად, აგრეთვე მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. მინისტრის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5.4. მინისტრის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს მინისტრი.
5.5. მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები, მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
5.6. კოლეგიის წევრობის რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს მინისტრი.
6. მინისტრი
— წარმოადგენს სამინისტროს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
— წარმართავს სამინისტროსა და მის გამგებლობაში მყოფი დეპარტამენტები, სამსხურებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;
— უშუალოდ და მოადგილეების, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მეშვეობით წყვეტს სამინისტროს ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს;
— განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;
— დამტკიცებული სტრუქტურის, ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა რიცხოვნობის ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხას;
— ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამსახურებისა და ორგანიზაციების დებულებებს, სამინისტროს უშუალო გამგებლობაში მყოფი ორგანიზაციების წესდებებს, ითანხმებს აფხაზეთის, აჭარის, სამხარეო, რაიონული (საქალაქო) აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს, ამ ქვედანაყოფების დებულებებს;
— თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს, დეპარტამენტების, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ითანხმებს მათი მოადგილეების კანდიდატურებს;
— დადგენილი წესით ნიშნავს სახაზინო საწარმოების ხელმძღვანელებს, სააქციო საზოგადოებების საზედამხედველო ორგანოების წევრებსა და წარმომადგენლებს იმ მმართველობის ორგანოებში, რომლებშიც აქციათა სახელმწიფოს წილის გამგებლობა დაკისრებული აქვს სამინისტროს; დებს შრომით ხელშეკრულებებს;
— ახორციელებს სამინისტროს გამგებლობაში მყოფი დეპარტამენტების, სამსახურების, ორგანიზაციებისა და საწარმოების რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას, ქმნის ახალ ქვედანაყოფებს და ახორციელებს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით და ამ დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
7. სამინისტროს კოლეგია
7.1. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომაზე განიხილავს სამინისტროსათვის მინდობილი სფეროს საკვანძო საკითხებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების წესდებებს, მათ სტრუქტურას, სამუშაო პროგრამებსა და სამეცნიერო თემატიკას, სამინისტროს ქვედანაყოფების დებულებებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს.
7.2. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრისა და კოლეგიის წევრთა უთანხმოების შემთხვევაში ხორციელდება მინისტრის გადაწყვეტილება. კოლეგიის წევრებს უფლება აქვთ საკუთარი აზრი აცნობონ საქართველოს პრეზიდენტს.
7.3. კოლეგიის საქმისწარმოებას და მის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს კოლეგიის მდივანი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ცენტრალური ეკონომიკური ორგანოების კოლეგიებთან გამართული ერთობლივი სხდომების დროსაც კოლეგიის მდივნის მოვალეობას ასრულებს.
8. სამინისტროს თანამდებობის პირები
8.1. მინისტრის პირველი მოადგილე ცვლის მინისტრს მის ადგილზე არყოფნის დროს და მინისტრის დავალებით ახორციელებს მის ცალკეულ უფლებამოსილებებს მინისტრთან შეთანხმებით; დამოუკიდებლად წყვეტს მისი ფუნქციური მოვალეობებით განსაზღვრულ საკითხებს;
8.2. მინისტრის მოადგილეები ხელმძღვანელობენ მინისტრის მიერ განსაზღვრულ საკურორტო სფეროს და ცვლიან მინისტრს მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის სპეციალური ბრძანების საფუძველზე.
8.3. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ ამ ქვედანაყოფების საქმიანობას მათი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად.
9. სამინისტროს ქონება
9.1. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.
10. დასკვნითი დებულებანი
10.1. სამინისტროს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
10.2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს
სტრუქტურა
ანტიმონოპოლიური სამსახური
მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტი
მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი სამმართველო
მატერიალური რესურსებისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობათა მთავარი სამმართველო
რეგიონალური ეკონომიკის მთავარი სამმართველო
ეკონომიკური რეფორმის პოლიტიკის სამმართველო
მეწარმეობის განვითარების სამმართველო
ფასწარმოქმნის პოლიტიკის სამმართველო
შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამმართველო
მრეწველობის ეკონომიკის სამმართველო
სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ეკონომიკის სამმართველო
აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის სამმართველო
სამომხმარებლო სექტორისა და კომუნიკაციების ეკონომიკის სამმართველო
მშენებლობის ეკონომიკის სამმართველო
სოციალური ინფრასტრუქტურის ეკონომიკის სამმართველო
სამხედრო-სამობილიზაციო ეკონომიკის სამმართველო
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო
საქმეთამმართველობა
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაციები
მრეწველობის დეპარტამენტი
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ფასების სახელმწიფო ინსპექცია
ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია
სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ტექინფორმი)
ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
მართვის ინსტიტუტი
ეკონომიკური პროგნოზირების სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ცენტრი
მცირე ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ფონდი
ჟურნალი „ეკონომიკა“.