N საჩივარი N საქმის დასახელება წარდგენილია (თარიღი) მომჩივანი დაბადების თარიღი საცხოვრებელი ადგილი მოქალაქეობა წარმომადგენელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მეორე სექციის
საჩივარი N 16053/10
საქმე „მ.კ. და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“
და სხვა 19 საჩივარი
(იხ. თანდართული სია)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეორე სექცია) პალატამ 2024 წლის 12 მარტის სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით:
იოვან ილიევსკი, თავმჯდომარე,
ლორეინ სქემბრი ორლანდი,
დანა სარკუ, მოსამართლეები,
და დოროთე ფონ არნიმი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივრები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე შეტანილია მომჩივანთა მიერ, რომელთა სია მოცემულია თანდართულ ცხრილში (შემდგომში „მომჩივნები“), ცხრილში მითითებულ თარიღებში;
გადაწყვეტილება მომჩივნის სახელის არგამჟღავნების შესახებ საჩივარში N 16053/10;
განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
საქმეების არსი
1. დანართში ჩამოთვლილი საჩივრები ეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტს. მისი ქრონოლოგია აღწერილია სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახელმწიფოთაშორის საქმეზე Georgia v. Russia (II) ([GC] (არსებითი მხარე), no. 38263/08, §§ 32-44, 2021 წლის 21 იანვარი). ყველა მომჩივანი ცხოვრობს საქართველოს არასადავო ტერიტორიაზე.
A. საჩივარი N 16053/10
2. კონვენციის მე-3, მე-8 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით მომჩივანი ჩიოდა, რომ 2008 წლის 13 აგვისტოს ის გააუპატიურა ორმა სამხრეთ ოსმა მებრძოლმა და გაურკვეველი წარმოშობის ორმა შეიარაღებულმა პირმა და, რომ ამ საკითხზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. კონვენციის 1-ელ მუხლსა და 1-ელი ოქმის 1-ელ მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ მისი ქონება განადგურდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
3. 2009 წლის 16 თებერვალს მომჩივანმა მიმართა ცენტრ „ემპათიას“ (ფსიქო‑რეაბილიტაციის ცენტრი წამების, ძალადობისა და მძიმე სტრესის მსხვერპლთათვის) ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლევისა და მკურნალობისათვის. სამედიცინო ცნობა გაიცა 2009 წლის 21 აპრილს. მას დაუდგინდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის დაზიანების ნარჩენი ნიშნები, მენჯის/ვაგინალური ქრონიკული ანთება და მხედველობის პრობლემები.
4. 2009 წლის 5 მაისს ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს მომჩივანს, წერილი გაუგზავნა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მოთხოვნას, როგორც ჩანს, თანდართული არ ჰქონდა უფლებამოსილების ფორმა, რომელიც უფლებას აძლევს ორგანიზაციას, წარმოადგინოს მომჩივნის ინტერესები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მომჩივნის სამედიცინო დასკვნა. წერილი უპასუხოდ დარჩა. 2009 წლის 27 მაისს, 15 ივნისსა და 25 სექტემბერს ამ ორგანიზაციამ ხელისუფლების ორგანოებს გაუგზავნა იმავე სიტყვებით ფორმულირებით წერილები. ბოლო თარიღში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ რაღაც სახის პასუხი (სავარაუდოდ, 2009 წლის 15 ივნისით დათარიღებულ წერილზე) მიღებული იქნა 2009 წლის 8 სექტემბერს. ამ პასუხის ასლი სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. საჩივარი არ წარუდგენიათ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებში.
B. დანარჩენი საჩივრები
5. მომჩივანი ეყრდნობოდა კონვენციის 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-13 მუხლებს, კონვენციის დამატებითი 1-ელი ოქმის 1-ელ მუხლს ან/და მე-12 ოქმის 1-ელ მუხლს. მომჩივნები საჩივრებში N 42646/10 და 42651/10 ჩიოდნენ, რომ მათი ნათესავები მოკლული იქნენ 2008 წლის 18 და, შესაბამისად, 19 აგვისტოს. დანარჩენი მომჩივნები ჩიოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში[1] განხორციელებულმა სამხედრო მოქმედებებმა 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამიდან 12 აგვისტოს ჩათვლით და საქართველოს ხელისუფლების ორგანოების წარუმატებლობამ, თავიდან აეცილებინათ ეს მოვლენები ან შეემცირებინათ მათი შედეგები, გამოიწვია მათი დაზიანებები, მათი ნათესავების გარდაცვალება ან/და მათი სიცოცხლე რეალური და უშუალო საფრთხის ქვეშ დააყენა, გამოიწვია მათში შფოთვა და მათი ქონების დაზიანება. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მოპასუხე მთავრობებმა ვერ მოახერხეს ამ მოვლენების ეფექტურად გამოძიება.
6. 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის სხვადასხვა თარიღში მომჩივნების უმეტესობა გამოიკითხა და მიენიჭა დაზარალებულის პროცედურული სტატუსი საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
7. 2009 წლის 22 ივნისს ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენდა ყველა მომჩივნის ინტერესებს (მათ შორის, მომჩივნისა საჩივარში N 16053/10) ეროვნულ დონეზე, დაინტერესდა მიმდინარე გამოძიების მიმდინარეობით და იკითხა, თანამშრომლობდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების ორგანოები რუს კოლეგებთან ამ გამოძიების კონტექსტში.
8. 2009 წლის 30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ უპასუხა 2009 წლის 22 ივნისით დათარიღებულ მოთხოვნას დაზარალებულების დაკითხვის შესახებ. რაც შეეხება სხვა საგამოძიებო მოქმედებებსა და ამ ღონისძიებების შედეგად დადგენილ ფაქტებს, ეს არ იყო საჯარო ინფორმაცია. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ტრანსნაციონალური თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებში რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ „გართულებული“ იყო. შემდგომ კითხვებზე, თუ რას ნიშნავდა ტერმინი „გართულებული“, პასუხი არ ყოფილა.
9. 2010 წლის აპრილსა და მაისში მომჩივნების წარმომადგენლებმა გაუგზავნეს მოკლე წერილები რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტს. ისინი ფორმულირებული იყო როგორც კითხვები იმის შესახებ, დაიწყო თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნების საქმეებზე. მათ თანდართული არ ჰქონდა უფლებამოსილების ფორმები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გარდაცვალების მოწმობები ან სხვა დოკუმენტები. სხვადასხვა თარიღში მიღებული იქნა სხვადასხვა პასუხი.
სასამართლოს შეფასება
A. საჩივრების გაერთიანება
10. საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი გაერთიანებულად ერთ გადაწყვეტილებაში.
B. მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა 7-8 აგვისტოს ღამიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით
11. ვინაიდან წინამდებარე საჩივრები ეხება მოვლენებს, რომლებიც მოხდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამიდან 12 აგვისტოს ჩათვლით, ანუ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის განმავლობაში, სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ეს მოვლენები არ ხვდება მოპასუხე მთავრობების იურისდიქციაში კონვენციის 1-ელი მუხლის მიზნებისათვის (იხ. საქმე Georgia v. Russia (II), ციტირებული ზემოთ, §§ 125-44; საქმე Bekoyeva and Others v. Georgia (dec.), nos. 48347/08 და 3 სხვა, §§ 32-40, 2021 წლის 5 ოქტომბერი; საქმე Shavlokhova and Others v. Georgia (dec.), nos. 45431/08 და 4 სხვა, §§ 27-35, 2021 წლის 5 ოქტომბერი; და საქმე Jioshvili and Others v. Russia (dec.), nos. 8090/09 და 58 სხვა, § 18, 2021 წლის 19 ოქტომბერი). ამიტომ საჩივრების ეს ნაწილი უნდა გამოცხადდეს მიუღებლად კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
C. მომჩივანთა საჩივრების დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრები N 16053/10, 42646/10 და 42651/10 ეხება ინციდენტებს, რომლებსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა აქტიური საომარი მოქმედებების ზემოაღნიშნული პერიოდის შემდეგ. გარდა ამისა, ყველა საჩივარში მოცემულია საკითხი დაღუპულთა და დაშავებულთა საქმეების გამოძიების არაეფექტურობის შესახებ, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის განმავლობაში (შეადარეთ საქმე Georgia v. Russia (II), ციტირებული ზემოთ, § 330).
13. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა ეს საჩივარი მას დიდი დაგვიანებით წარედგინა სადავო მოვლენების შემდეგ. ამიტომ მან უნდა განიხილოს, იყო თუ არა ისინი წარდგენილი საჭირო გულისხმიერებით და კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის დაცვით.
1. ექვსთვიან ვადასთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
14. კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა ემსახურება რამდენიმე მიზანს. მისი მთავარი მიზანია სამართლებრივი განსაზღვრულობის შენარჩუნება კონვენციის საკითხებთან დაკავშირებული საქმეების გონივრულ ვადებში განხილვის უზრუნველსაყოფად და ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაურკვევლობაში დარჩენის თავიდან აცილება (იხ. საქმე Sabri Güneş v. Turkey [GC], no. 27396/06, § 39, 2012 წლის 29 ივნისი, და საქმე El Masri v. “the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, § 135, ECHR 2012).
15. ჩვეულებრივ, ექვსთვიანი ვადა აითვლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის პროცესში. თუმცა, როცა თავიდანვე ცხადია, რომ მომჩივანს არ აქვს წვდომა სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებებზე, ვადა აითვლება სადავო ქმედებების ან ზომების განხორციელების თარიღიდან ან იმ თარიღიდან, როდესაც მომჩივანმა შეიტყო ამ ქმედებების ან მათი შედეგების, ან მისთვის მიყენებული ზიანის შესახებ (იხ. საქმე Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90 და 8 სხვა, § 157, ECHR 2009). თუ მომჩივანი სარგებლობს აშკარად არსებული დაცვის საშუალებით და მხოლოდ შემდგომში იგებს გარემოებებს, რომლებიც ამ საშუალებას არაეფექტურს ხდის, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის, რომ ექვსთვიანი ვადა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც მომჩივანმა პირველად გაიგო ან უნდა გაეგო ამ გარემოებების შესახებ (იხ. საქმე Keenan v. the United Kingdom (dec.), no. 27229/95, 1998 წლის 22 მაისი, და საქმე Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09, 45886/07 და 32431/08, §§ 259-60, ECHR 2014 (ამონარიდები)).
16. როდესაც საქმის საკითხების განსაზღვრა დამოკიდებულია დროზე, მომჩივანს ეკისრება ტვირთი, აუცილებელი სისწრაფით უზრუნველყოს მისი საჩივრის წარდგენა როგორც შესაბამის ეროვნულ ორგანოებში, ასევე სასამართლოში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი სწორად და სამართლიანად გადაწყვეტა (იხ., მატ შორის, საქმე Bulut and Yavuz v. Turkey (dec.), no. 73065/01, 2002 წლის 28 მაისი; საქმე Aydin and Others v. Turkey (dec.), no. 46231/99, 2005 წლის 26 მაისი; და საქმე Akhvlediani and Others v. Georgia (dec.), no. 22026/10, § 24, 2013 წლის 9 აპრილი). მართლაც, რაც დრო გადის, მოწმეთა მეხსიერება თანდათანობით ქრება, მოწმეები შეიძლება გარდაიცვალონ ან მიუკვლევადი გახდნენ, მტკიცებულებები უარესდება ან აღარ არსებობს და ეფექტური გამოძიების პერსპექტივები სულ უფრო მცირდება, ხოლო სასამართლოს მიერ განხილვა და გადაწყვეტილება შეიძლება აზრს მოკლებული და არაეფექტური გახდეს (იხ. საქმე Varnava and Others, ციტირებული ზემოთ, § 161).
2. ექვსთვიანი ვადის წესთან შესაბამისობა
(a) საჩივარი N 16053/10
17. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანს არასოდეს შეუტანია სისხლის სამართლის საჩივარი რუსეთის ხელისუფლების ორგანოებში. თუ ის მიიჩნევდა, რომ რუსეთში მას არ გააჩნდა წვდომა სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე, მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის სავარაუდო ინციდენტიდან ექვსი თვის განმავლობაში, ანუ არაუგვიანეს 2009 წლის 13 თებერვლისა.
18. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მომჩივანმა მიმართა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა არ შეიცავდა საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი რომელიმე პირის წინააღმდეგ მიმართულ საჩივარს, მომჩივანს, როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ ასეთი მოთხოვნა მისთვის უზრუნველყოფდა შესაბამის კომპენსაციას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ საჩივრებთან დაკავშირებით.
19. ამ მიმართებით, სასამართლო იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იდგა გარკვეული სირთულეების წინაშე ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, როდესაც პოტენციური ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთში, ტერიტორიაზე, რომელიც რჩება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ (იხ. საქმე Georgia v. Russia (II), ციტირებული ზემოთ, § 331 in fine; იხ. ასევე საქმე Bekoyeva and Others, ციტირებული ზემოთ, § 45).
20. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, მიუხედავად ზემოაღნიშნული აშკარა შეზღუდვისა, რომ მომჩივანს შეეძლო გონივრულად დაეჯერებინა, სულ მცირე, თავდაპირველად, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ ეფექტური გამოძიების ჩატარება მის საჩივრებზე, მათ შორის, რუს კოლეგებთან შესაძლო თანამშრომლობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის, როცა მომჩივანმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა წერილით და არა დასაბუთებული სისხლის სამართლის საჩივრის მეშვეობით, ინციდენტიდან თითქმის ცხრა თვე იყო გასული, რაც ძირს უთხრის ნებისმიერი გამოძიების ეფექტურობას, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს მომავალში (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ). მომჩივანს არ განუმარტია დაგვიანების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, მომჩივანს არ მიუთითებია, რომ ხელისუფლების ორგანოებს უნდა სცოდნოდათ მისი გარემოებების შესახებ შესაბამისი საჩივრის არარსებობისას (შეადარეთ საქმე Mamasakhlisi and Others v. Georgia and Russia, nos. 29999/04 და 41424/04, § 261, 2023 წლის 7 მარტი).
21. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეუძლია იმ ფაქტის უგულებელყოფა, რომ მომჩივანს არ მიუღია პასუხი 2009 წლის 5 მაისის წერილზე. რაც მთავარია, 2009 წლის 30 ივნისს – სავარაუდო ინციდენტიდან ათ თვეზე მეტი ხნის შემდეგ და მასზე რაიმე გამოძიების აშკარა არარსებობისას – საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა აცნობეს მომჩივნის წარმომადგენელ ორგანიზაციას, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარებოდა რომელიმე დაზარალებულისთვის მიწოდებას, და რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა პრობლემური იყო შეიარაღებული კონფლიქტის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ თარიღისთვის აშკარა უნდა გამხდარიყო მომჩივნის საჩივრის ეფექტური გამოძიების რაიმე პერსპექტივის არარსებობა.
22. მაგრამ საჩივარი წარდგენილი იქნა 2010 წლის 10 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი შესაძლოა გარკვეულწილად მოწყვლად მდგომარეობაში ყოფილიყო, მისი საჩივრების ხასიათის გამო, ის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ჰქონდა წვდომა იურიდიულ მომსახურებებზე. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ არსებობდა რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ამართლებდა დაგვიანებას (შეადარეთ საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 271-277).
23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საჩივარი წარდგენილი იყო ვადის დარღვევით. ამიტომ ის უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
(b) დანარჩენი საჩივრები
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ, როდესაც მომჩივნებმა პირველად მიმართეს რუსეთის ხელისუფლების ორგანოებს – სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით და არა დასაბუთებული სისხლისსამართლებრივი საჩივრებით – წინამდებარე საჩივრის სასამართლოში წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე, სადავო ინციდენტებიდან თითქმის ორი წელი იყო გასული (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). ამ კონტექსტში, თუ მომჩივნებს სჯეროდათ, რომ რუსეთში მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება, მათ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის სავარაუდო ინციდენტებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ანუ არაუგვიანეს 2009 წლის 8-19 თებერვლისა, სადავო ინციდენტების თარიღიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფი 5 ზემოთ).
25. რაც შეეხება საქართველოს მიერ დაწყებულ სისხლის სამართლის გამოძიებას, სასამართლო იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოები იმყოფებოდნენ გარკვეული სირთულეების წინაშე, რომ ჩაეტარებინათ ეფექტური გამოძიება, როდესაც პოტენციური ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ სამხრეთ ოსეთში, ტერიტორიაზე, რომელიც რჩება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ).
26. მაშინაც კი, თუ ზემოაღნიშნული აშკარა შეზღუდვის მიუხედავად ვივარაუდებთ, რომ მომჩივანთა თავდაპირველი ვარაუდი საქართველოს მიერ დაწყებული გამოძიების ეფექტურობის შესახებ შეიძლება ყოფილიყო გონივრული, მათ შორის, მოპასუხე ქვეყნების მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ), მომჩივნებს 2009 წლის 30 ივნისისთვის უნდა სცოდნოდათ მისი არაეფექტურობის შესახებ მათი წარმომადგენელი ორგანიზაციის მეშვეობით. კერძოდ, ამ თარიღში აცნობა საქართველოს ხელისუფლებამ ორგანიზაციას, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთის ფედერაციასთან სისხლის სამართლის საკითხებში თანამშრომლობა გართულებული იყო. უფრო მეტიც, იმ დროისთვის, სადავო მოვლენებიდან ათ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, არანაირ განვითარებას არ ჰქონია ადგილი გარდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე დაზარალებულთა მტკიცებულებების თავდაპირველი შეგროვებისა. ფაქტობრივად, ხელისუფლების ორგანოებმა ცალსახად გამორიცხეს მომჩივნებისთვის მომავალში სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი განვითარების შეტყობინების შესაძლებლობა, იმის გამო, რომ ასეთი ინფორმაცია არ იყო საჯარო (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ თარიღისთვის აშკარა უნდა გამხდარიყო მომჩივნებისთვის ეფექტური გამოძიების რაიმე პერსპექტივის არარსებობა.
27. თუმცა, მომჩივნებმა წინამდებარე საჩივრების წარდგენამდე კიდევ ერთი წელი, ზოგი შემთხვევაში კი გაცილებით მეტ ხანს დაიცადეს. სასამართლო არ მიიჩნევს, რომ არსებობდა რაიმე განსაკუთრებული გარემოება, რომელიც ამართლებდა დაგვიანებას (შეადარეთ საქმე Mamasakhlisi and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 271-77).
28. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ საჩივრები წარდგენილი იყო ვადის დარღვევით. ამიტომ ისინი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
იღებს გადაწყვეტილებას, რომ გააერთიანოს საჩივრები;
აცხადებს საჩივრებს მიუღებლად.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2024 წლის 11 აპრილს.
დოროთე ფონ არნიმი იოვან ილიევსკი
განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე
დანართი
საქმეების სია:
N
საჩივარი N
საქმის დასახელება
წარდგენილია (თარიღი)
მომჩივანი
დაბადების თარიღი
საცხოვრებელი ადგილი
მოქალაქეობა
წარმომადგენელი
1.
16053/10
მ.კ. საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
10/03/2010
მ.კ.
1959
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
2.
42630/10
გოგიძე საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
19/06/2010
ლია გოგიძე
1973
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
3.
42646/10
რაზმაძეები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
19/06/2010
ელიკო რაზმაძე
1948
გორი
საქართველო
აკაკი რაზმაძე
1950
გორი
საქართველო
მანანა რაზმაძე
1957
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
4.
42651/10
მიდოდაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
19/06/2010
ლალი მიდოდაშვილი
1975
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
5.
42653/10
მელითაური საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
19/06/2010
ლავრენტი მელითაური
1968
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
6.
42656/10
კოპაძე საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
01/07/2010
ვარდო კოპაძე
1929
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
7.
42664/10
მელითაურები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
19/06/2010
გულნარა მელითაური
1934
გორი
საქართველო
ბაგრატ მელითაური
1959
გორი
საქართველო
ეკა მელითაური
1966
გორი
საქართველო
გულნარა მელითაური
1934
გორი
საქართველო
თამილა მელითაური
1956
თბილისი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
8.
42668/10
ანიაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
09/07/2010
მედიკო ანიაშვილი
1945
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
9.
70344/10
მიხეილ ხიზანიშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
მიხეილ ხიზანიშვილი
1962
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
10.
70350/10
ადუაშვილები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
ილია ადუაშვილი
1977
სოფელი ვარიანი
საქართველო
თეიმურაზ ადუაშვილი
1981
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
11.
70366/10
გიორგიშვილები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
დავით გიორგიშვილი
1970
სოფელი ვარიანი
საქართველო
ხათუნა გიორგიშვილი
1972
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
12.
70376/10
ურჯუმელაშვილი და ადუაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
დიმიტრი ურჯუმელაშვილი
1977
სოფელი ვარიანი
საქართველო
ნათია ადუაშვილი
1977
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
13.
70396/10
კახაბერ ადუაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
კახაბერ ადუაშვილი
1965
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
14.
70404/10
ნიკოლოზ ხიზანიშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
ნიკოლოზ ხიზანიშვილი
1965
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
15.
70411/10
აკოპოვი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
დავით აკოპოვი
1977
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
16.
70416/10
ივანე ხიზანიშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
18/11/2010
ივანე ხიზანიშვილი
1944
სოფელი ვარიანი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
17.
10338/11
ბიძინაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
11/02/2011
გაიოზ (ფირუზ) ბიძინაშვილი
1944
სოფელი კარბი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
18.
28628/11
თევდორაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
11/02/2011
თენგიზ თევდორაშვილი
1939
სოფელი კარბი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
19.
28679/11
გურამ თევდორაშვილი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
10/12/2010
გურამ თევდორაშვილი
1961
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
20.
28700/11
ციმაკურიძე საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ
10/12/2010
ავთანდილ ციმაკურიძე
1952
გორი
საქართველო
ქ-ნი ლ. მუხაშავრია
[1] ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ აღნიშნავს საქართველოს რეგიონს, რომელიც ამჟამად იმყოფება საქართველოს მთავრობის დე ფაქტო კონტროლს მიღმა.