გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N330216924009696887
საქმე N2/18320-24
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2024 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ზვიად ესებუა
განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – შოთა ფანცულაია
მოვალე – შპს „გუდაური +“ (ს/ნ 405216680)
მოთხოვნა – გაკოტრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გამოარკვია:
2024 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „გუდაურის +“-ის წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „გუდაური +“-ის მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „გუდაური +“ დაფუძნდა 03.07.2017 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარესტორნო ბიზნესი და ოპერირებას უწევდა რესტორანს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, დაბა გუდაურში. კომპანიას აღნაგობის უფლებით საკუთრებაში ჰქონდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 74.06.11.735 განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც აღიმართა თავად შპს „გუდაური +“-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავდაპირველად კომპანიის ბიზნესს პრობლემა შეექმნა კოვიდ პანდემიის პირობებში, რის შედეგადაც პრაქტიკულად ყოველდღიურად მუშაობდა ზარალზე და კომპანიის პარტნიორებისათვის არ მოუტანია მოგება. საბოლოოდ კომპანია დარჩა თანამშრომლების და შემოსავლების გარეშე (დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულები არიან მხოლოდ დირექტორები). შემოსავლების გარეშე დარჩენილმა კომპანიამ ვერ შეძლო ვალდებულებების გასტუმრება და დღეს არსებული მდგომარეობით, ჰყავს ოცამდე კრედიტორი. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანიამ ვერ შეძლო სახელმწიფოს მიმართ აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რასაც მოყვა აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან, აღნაგობის უფლება იყო კომპანიის მთავარი აქტივი. განმცხადებლის განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით 2024 წლის 11 ივლისს პარტნიორთა კრებაზე ხმათა 75%-ით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კომპანიის დირექტორებს დაევალათ დაეწყოთ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ვინაიდან არსებულ სიტუაციაში კომპანიას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. კომპანიის დირექტორებისათვის ნათელია, რომ არსებულ სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არდაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.
სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „გუდაური +“-ის წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი. განმცხადებელ შპს „გუდაური +“-ის განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2024 წლის 30 ივლისს და 2024 წლის 02 აგვისტოს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (კანცელარიის რეგისტრაციის N9740471; 9758917).
სასამართლოს 2024 წლის 09 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა შპს „გუდაური +“-ის (ს/ნ 405216680) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი №64).
ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2024 წლის 12 აგვისტოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 03 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, წარმოდგენილი იქნა განცხადება, სადაც განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შპს „გუდაური +“-ის (ს/ნ 405216680) 2024 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით, ერიცხება საგადასახადო დავალიანება 11842.05 ლარის ოდენობით. შპს „გუდაური +“-ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების საფუძველზე. შპს „გუდაური +“-ის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 22 აპრილს გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება;
შპს „გუდაური +“-ის მიმართ 2024 წლის 20 ივლისს გამოიცა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-4649 ბრძანება, რის საფუძველზეც 2024 წლის 21 აგვისტოს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი და გაიგზავნა ექსპერტიზის სამმართველოში შესაფასებლად. ასევე, შპს „გუდაური +“-ის მიერ წარმოდგენილია საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხა, რომლის აღწერა- დაყადაღების პროცესი მიმდინარეობს.
შემოსავლების სამსახურს, როგორც კრედიტორს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოეშვა უფლება შეიტანოს განცხადება სასამართლოში რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოვალე კომპანიის ქონების მოძიება და ასევე დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის შესწავლა. დღეის მდგომარეობით კი შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იცნობდეს მოვალე საწარმოს საქმიანობის ანგარიშს და მის ფინანსურ მდგომარეობას სრულყოფილად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას წარმოადგენს შპს „გუდაური +“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სსიპ –შემოსავლების სამსახურს დაევალა სასამართლოსთვის წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე მისი მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი). ასევე განმცხადებელს დაევალა მის მიერ წარმოდგენილი განცხადების ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა. განმცხადებელ სსიპ – შემოსავლების სამსახურს განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2024 წლის 11 სექტემბერს.
2024 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა (კანცელარიის რეგისტრაციის N10038701).
სასამართლოს 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაზე შპს „გუდაური +“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე დანიშნულ იქნა ზეპირი მოსმენა 2024 წლის 25 სექტემბერს 12:30 საათზე 44-ე სხდომათა დარბაზში.
სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის გაუქმებული შპს „გუდაური +“-ის აღნაგობის უფლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე საქმეში წარმოდგენილია ინვენტარიზაციის აქტი მოძრავი ქონების აღწერის შესახებ, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „გუდაური +“-ის მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.
2. შპს „გუდაური +“-ის (ს/ნ 405216680) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „გუდაური +“-ის (ს/ნ 405216680) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნატალი ჭუჭულაშვილი (პ/ნ 40001033404, ტელ. 555559558), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ზვიად ესებუა